მეტოქეებიც ვიცით და მწვრთნელიც - კვირის პალიტრა

მეტოქეებიც ვიცით და მწვრთნელიც

კოკოშკოვს კონტრაქტი გაუგრძელეს

გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ფრეისინგში ჩატარებულმა წილისყრამ 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ქართველი კალათბურთელების მეტოქე გუნდები გამოავლინა. პირველ კალათში განთესილ საქართველოს ნაკრებთან ერთად D ჯგუფში ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი მოხვდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების სერბ მწვრთნელთან - იგორ კოკოშკოვთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, ისტორიაში პირველად კი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულისთვის ქართველიც იბრძვის... ამ საკითხებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ქართველ მოთამაშეებსა და ეროვნულ ჩემპიონატში მომრავლებულ ლეგიონერებზეც ვესაუბრეთ:

- ბატონო ბესიკ, წილისყრამდე, საქართველოს ნაკრები პირველ კალათში იყო განთესილი. გასაგებია, რომ ამის მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შედეგებია, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე თამაშიც კი საოცნებოდ გვქონდა და უცებ - პირველი კალათი...

- განთესვა წლევანდელი ევრობასკეტის შედეგების მიხედვით მოხდა და საქართველოს ნაკრები პირველ კალათში რომ იქნებოდა, "ლიტვა-2011"-ის დასრულებიდან ორიოდ კვირაში შევიტყვეთ. ძლიერ ნაკრებებთან ერთად განთესვას დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ მაინც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგალითად, სერბეთის ნაცვლად რომ არ მოვხვდით A ჯგუფში, -  მეტოქეებად ისრაელი და ჩერნოგორია რომ შეგვხვედროდა, ქვეჯგუფიდან გასვლა რთული ამოცანა იქნებოდა. კარგია, რომ ასეთ ძლიერ ნაკრებებს ავცდით.

- ჩვენს ჯგუფზე რას იტყვით?

- როგორც ცნობილია, შესარჩევი ქვეჯგუფებიდან გადიან 1-2 ადგილზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი. ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო ბოსნიელთა გუნდია. წლევანდელ ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლაში მათ მაკედონიამ შეუშალა ხელი, მაგრამ, ჩემი აზრით, მაკედონიელთა ნაცვლად ბოსნია რომ გასულიყო, მასაც იგივე შედეგი ექნებოდა, რადგან ამ ნაკრებში არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა. სავარაუდოდ, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტი სწორედ ბოსნია იქნება.

- ლატვიის ნაკრები ბოსნიელებს ბევრად ჩამორჩება?

- ლატვიას ახალგაზრდული, მებრძოლი ნაკრები ჰყავს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, სადაც მათი დამარცხება იტალიამ და გერმანიამაც კი გაჭირვებით მოახერხეს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, ნაკრებში დააბრუნონ ის კალათბურთელები, რომლებმაც ევრობასკეტი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს და სავარაუდოდ, მომავალ წელს კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლებათ.

- თანაც ლატვიას აინარს ბაგატსკისი წვრთნის, რომელიც ცოტა ხნის წინ "სოხუმში" მუშაობდა.

- ბაგატსკისი მაღალი დონის მწვრთნელია, ქართულ კალათბურთსაც კარგად იცნობს. ასე რომ, ლატვიასთან რთული მატჩები გველის.

- ბოლო წლებში, ჰოლანდიის ნაკრებს რამდენჯერმე ვეთამაშეთ...

- მართლაც ხშირად ვხვდებით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. წელსაც ვეთამაშეთ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრებისას. ბოსნიისა და ლატვიის ნაკრებებს ამ გუნდს ნამდვილად ვერ შევადარებთ, ისინი ჰოლანდიაზე მაღალი კლასის გუნდები არიან, მაგრამ ნიდერლანდელებთან იოლ გასეირნებას არავინ უნდა ელოდოს. რაც შეეხება რუმინეთს, მათთან თამაშის გამოცდილებაც გვაქვს, კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს რუმინელების დამარცხება სტუმრადაც შეუძლია. უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს ნაკრები ლიტვაში შემთხვევით არ მოხვედრილა და შევეცადოთ, შესარჩევ ქვეჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს - ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საკმაოდ გაიზარდნენ და მეტი გამოცდილებაც დაუგროვდათ.

- ქვეჯგუფის შემადგენლობისა არ იყოს, ვერც კალენდარს დავიწუნებთ.

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესარჩევი ეტაპის საწყის და ბოლო მატჩებს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. პირველი წრის ბოლო მატჩიც და მეორე წრის პირველი შეხვედრაც სტუმრად უნდა ჩავატაროთ, მაგრამ ამ შეხვედრებს შორის ერთ ტურს ვტოვებთ და ბიჭები დასვენებას შეძლებენ.

- წილისყრით სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც კმაყოფილნი დარჩნენ?

- ჩვენი ჯგუფის ყველა წარმომადგენელი გახარებული იყო  A ჯგუფს რომ აცდა, არც  F ჯგუფი იყო სახარბიელო - იტალიასა და თურქეთთან თამაში ვის უნდა? დანარჩენი ქვეჯგუფები კი მეტ-ნაკლებად თანაბრად არის დაკომპლექტებული. მოვილაპარაკებთ, მოსამზადებელი ეტაპისას რომელი ნაკრები ვის მიიწვევს, ვინ სად ითამაშებს და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს მზადების გეგმა ჩვენც გვექნება.

- უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ნაკრებს ისევ იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს.

- ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ორივე მხარეს დრო გვჭირდებოდა, რომ განვლილი პერიოდი შეგვეფასებინა. ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ და გადავწყვიტეთ, კოკოშკოვთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. პრობლემები ყველა გუნდშია, იგორმა კი სიტუაციის "დალაგება" შეძლო. გარდა იმისა, რომ კარგი მწვრთნელია, კარგი ფსიქოლოგიც არის. თანაც, მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დაცვაში თამაში ისწავლა, ევრობასკეტზე ითამაშა, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. რაც მთავარია, იგორს შეუძლია, ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზეც გაიყვანოს. ნაკრების წევრებს კლუბებში თამაშითაც ეტყობათ, რომ გაიზარდნენ ევრობასკეტის შემდეგ, ამიტომ მათთან მუშაობა კიდევ უფრო იოლი იქნება.

- წილისყრის შედეგებით ისიც კმაყოფილია?

- რა თქმა უნდა. დაველოდებით, ვინ მიგვიწვევს და მწვრთნელიც ამის შემდეგ დაგეგმავს მოსამზადებელ ეტაპს. შემოთავაზებები უკვე გვაქვს, მაგრამ გვინდა, რაც შეიძლება დიდი არჩევანი იყოს და მერე გადავწყვეტთ, რომელ ტურნირში ვითამაშოთ.

- დასასრულ საქართველოს პირველობაზეც ვთქვათ: წელს მართლაც განსაკუთრებული ჩემპიონატია, რადგან ლეგიონერების მომრავლებამ სუპერლიგა უფრო დაძაბული და სანახაობრივი გახადა. თანამედროვე სპორტში ძლიერი ლეგიონერების გარეშე წარმატების მიღწევა რომ ურთულესი საქმეა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, თუ ქართული კლუბის ძირითადი ხუთეულის ყველა წევრი უცხოელი იქნება, ამით ქართული კალათბურთი განვითარდება?

- რაც უნდა მტკივნეული იყოს, ყველგან ასეა. ბოლო წლებში, რამდენიმე სანაკრებო მატჩს თუ არ ჩავთვლით, ქართული კალათბურთი მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის ამარა იყო დარჩენილი. შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია, ევროთასებზე წელს ორი ქართული კლუბი რომ მონაწილეობდა. გულწრფელად ვთქვათ, ლეგიონერები რომ არა, "არმია" ან "სოხუმი" ამის ნახევარს მაინც მიაღწევდნენ? მაგრამ თუ სხვა ქართული კლუბებიც ითამაშებენ ევროტურნირებზე და ნორმალური პირობების შექმნას შეძლებენ, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეროვნულ ჩემპიონატს საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი კალათბურთელებიც დაუბრუნდებიან.

- ქართული კალათბურთისთვის 2011 წელი განსაკუთრებული იყო და ნიშანდობლივია, რომ დასასრულიც ასეთივე აქვს: ისტორიაში პირველად ქართველი კალათბურთელი (თორნიკე შენგელია. - ავტ.) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის.

- თორნიკემ ეს ნომინაცია დაიმსახურა. ევროპის ჩემპიონატზეც ხომ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მანამდე, 20-წლამდელთა პირველობაზე ფურორი მოახდინა, -  საოცარი სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა და ფაქტობრივად, მარტომ გადაიყვანა ნაკრები A დივიზიონში. ამ კალათბურთელს დიდი მომავალი აქვს და მინდა წარმატება ვუსურვო, მკითხველს კი მოვუწოდებ, ხმა მისცეს თორნიკეს - მან ეს ნამდვილად დაიმსახურა!

P.S. თორნიკე შენგელიასთვის ხმის მიცემა ყოველდღიურად შეიძლება ფიბა-ევროპას ვებგვერდზე: http://www.fibaeurope.com/cid-xomKo3xWH M2Kq1C8NQLzi2.html