თბილისური მოიერიშეებითა და თურქული „ჭკვიანი“ ბომბებით აზერბაიჯანელები 100 კმ-მდეც ზუსტად მისწვდებიან... - კვირის პალიტრა

თბილისური მოიერიშეებითა და თურქული „ჭკვიანი“ ბომბებით აზერბაიჯანელები 100 კმ-მდეც ზუსტად მისწვდებიან...

მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების შორი მანძილიდან ზუსტად დაზიანების შესაძლებლობა ნებისმიერი ქვეყნის არმიას დიდ უპირატესობას მისცემს საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე.

ამის მისაღწევად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საბრძოლო საშუალებას ავიაცია წარმოადგენს, მაგრამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ბოლო პერიოდში ისე გაიზარდა, რომ მათი მოქმედების ზონაში შესვლა, პილოტისთვის და მისი თვითმფრინავისთვის თითქმის უცილობელი ჩამოგდების ტოლფასი ხდება.

ამიტომაც, მოწინააღმდეგის სამიზნეზე უშუალო გასვლას და მის თავზე უმართავი ბომბების ჩამოყრას, მთელი რიგი ქვეყნების ჭკვიანი გენერლები შორი მანძილიდან პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებას ამჯობინებენ - ბომბიც მიზანში მოხვდება და ვერც მტრის საზენიტო რაკეტა მისწვდება თვითმფრინავს...

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მის შეიარაღებაში არსებული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზაცია თურქული „ჰაერი-მიწა“ კლასის მართვადი იარაღის გამოსაყენებლად.

თურქეთის კონიეს პოლიგონზე აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ აზერბაიჯანული მოიერიშეს მიერ თურქული მართვადი ბომბების მიზანში ზუსტად მოხვედრის საცდელ დაბომბვას.

თურქულმა კომპანიამ TUBITAK-SAGE ორ აზერბაიჯანულ Су-25-ზე დაამონტაჟა KGK და Teber ტიპების მართვადი ბომბების გამოყენებისთვის აუცილებელი აპარატურა.

KGK-83 არის Mk 83 ტიპის უმართავი საავიაციო ბომბის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელზეც დამატებით დაყენებულია აეროდინამიკური მართვის ორგანოები და INS/GPS სახის დამიზნების სისტემები, რაც ამ მართვადი ბომბის არანაკლებ 100 კმ სიშორეზე მიზანში ზუსტად მოხვედრას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანულმა Су-25-ებმა რამდენჯერმე წარმატებით გამოიყენეს თურქული კომპანია ASELSAN -ის მიერ მოდერნიზებული და ლაზერის სხივით მართვადი QFAB-250LG ტიპის საავიაციო ბომბები.

2-moi-1688805576.png
KGK-83 ტიპის პლანირებად მართვად საავიაციო ბომბებს თურქეთი უკვე იყენებს ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთში

პირველი Су-25 ტიპის მოიერიშე აზერბაიჯანის განკარგულებაში ჯერ კიდევ 1992 წლის აპრილში გამოჩნდა, როდესაც აზერბაიჯანელი ეროვნების სამხედრო მფრინავი უფროსი ლეიტენანტი ვაგიფ კურბანოვი სიტალჩაის აეროდრომიდან (სადაც მსახურობდა, ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსულ მე-80 მოირიშეთა ცალკეულ საავიაციო პოლკში) ერთი თვის განმავლობაში ყარაბაღში სომხების პოზიციებს ბომბავდა. მის ჩამოსაგდებად რუსეთის გენშტაბს ვაზიანის აეროდრომზე საბრძოლო მორიგეობაზე გამზადებული ჰყავდა МиГ-23 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი, თუმცა ივნისში ის სომეხმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს.

ამის შემდეგ აზერბაიჯანმა საქართველოსგან ჯერ ექვსი ასეთი მოირიშე თვითმფრინავი შეიძინა, შემდეგ კი თბილისის საავიაციო ქარხანაში არანაკლებ 15 მოირიშეს კომპლექტი იყიდა, ძრავების გარეშე.

გარდა ამისა ათი წლის წინ ალიევ-ლუკაშენკოს მეგობრული ურთიერთობების გავლენით, ბელორუსმა 11 ასეთი მოირიშე მიაწოდა აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში დღეს შეიძლება ოთხ ათეულამდე Су-25 ტიპის მოიერიშეც კი იყოს.

თუკი თურქების მიერ მოდერნიზებულ აზერბაიჯანულ Су-25-ებს შეეძლებათ ასიოდე კმ-ში მართვადი ბომბით წერტილოვნად დააზიანონ სამიზნე, ისე, რომ თავად მოიერიშე თვითმფრინავები არ შევიდნენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში, ეს აზერბაიჯანის საჰაერო ძალებს უდიდეს უპირატესობას მისცემს მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და პირველ რიგში სომხეთთან მიმართებაში.