"კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ ..." - კვირის პალიტრა

"კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ ..."

ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი 11-12 ივლისს ნატოს მორიგ სამიტს უმასპინძლებს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან "სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატოსთან დაახლოებას შეუწყობს ხელს". "პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად; მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა; მესამე - მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ერთიანობას გამოიჩენენ იმ საკითხში, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა თავის მიზანს", - განაგრძო მან. რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით? - ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბოლო ხანს ნატოსთან დაკავშირებულ სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებს, სამიტს არ დაესწრება, ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. სამიტამდე ორიოდე დღით ადრე "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ გაავრცელა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს "ურყევ პარტნიორად" და, იმავდროულად, თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრებას მხარს უჭერს. "შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრებისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. სწორედ ამ განცხადებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradzee.jpg

- შტატების ეს განცხადება აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროპისა და ამერიკისთვის სასურველი პარტნიორი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი და ამას საჯაროდაც ამბობენ, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი აშკარად გაუგებარი პოზიციისა, განსაკუთრებით ნატოს შესახებ. ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ თურმე ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და მერე ვიფიქროთ ნატოზე. საინტერესოა, როგორ აღადგენენ მთლიანობას? ეს ხომ პოლიტიკური პროცესია, რომელიც თანდათან უნდა განვითარდეს? რა და როგორ მოხდება, ჩვენს ხელისუფლებას წარმოდგენა არა აქვს, და ჩემი აზრით, ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

როდესაც 10 წლის წინ "ქართული ოცნება" განუხრელად ლაპარაკობდა ქვეყნის ნატოში გაწევრებაზე და ინტენსიურად იყო ჩართული ნატოსთან დაახლოების პროცესებში, მაშინ ტერიტორიული მთლიანობა არ გვქონდა აღსადგენი? იგივე ხელისუფლება გვყავდა, პრემიერიც იგივე იყო, მაშინ რატომ აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს? როდესაც "ქართული ოცნება" გაიძახის, პრიორიტეტები და ორიენტირები არ შეგვიცვლიაო, ჩნდება კითხვა, აბა, რას ნიშნავს დღევანდელი განცხადებები? აგვიხსნან და დაგვისაბუთონ, რატომ მაშინ არ კეთდებოდა ასეთი განცხადებები და რა შეიცვალა დღეს?

ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს ვამბობ, რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, არამც და არამც, მე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი პროცესი - ჩვენ ნატოსკენ უნდა მივდიოდეთ, ალიანსთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ და პარალელურად ყველაფერი გავაკეთოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ნატოსთან ურთიერთობა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გზა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენი ხელისუფლება რაღაც გადაწყვეტილებებზე ბოლომდე არ ლაპარაკობს და ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ისე მოიქცეს, რომ არც რუსები გაღიზიანდნენ მაინცდამაინც და არც პარტნიორები. თუმცა ბოლო ხანს პარტნიორების მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უარესდება, ვიდრე ოკუპანტი რუსეთის მიმართ. ვერ გავიგეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთს როგორ მოექცევი, როცა დასჭირდება იქ და ისე დაგარტყამს, სულ რომ არ ელი და ამ დროს შეიძლება დამცველი და მხარდამჭერი მეგობარი აღარ შეგვრჩეს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ნატომაც დააგვიანა ნაბიჯის გადადგმა საქართველოს და უკრაინის საკითხში?

- კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფად განვითარებულიყო, მაგრამ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, ასე არ მუშაობენ. 2008 წელს შეიძლებოდა მიგვეღო მაპ-ი, მაგრამ ვერ მივიღეთ, ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს ამ სტატუსის მონიჭება. იქ ამ პროცესს ცოტა სხვაგვარად უყურებენ, უფრო ფართოდ. დასავლური ქვეყნები მკაფიო გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ კრიტიკულ ვითარებაში. დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღება, იქ საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ, განსხვავებით ავტორიტარული ქვეყნებისგან. დასავლეთი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომით შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც იმოქმედოს გონივრულად, არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ფრთხილობს და გადამწყვეტ ნაბიჯს, თუნდაც უკრაინის ნატოში მისაღებად, არ დგამს. მოგეხსენებათ, ითქვა, რომ შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის საშუალებითაც უკრაინას ნატოსთან დასაახლოებლად და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად უფრო მეტი ბერკეტი ექნება. წესით, დღეს ჩვენც უნდა ვითხოვდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან, მეტად ვმუშაობდეთ, საკუთარ დღის წესრიგს წარვადგენდეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, სამწუხაროდ...

მოკლედ, იმის გაგება გვჭირდება, რომ დასავლეთს გადაწყვეტილების მისაღებად იმაზე დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება. ამის მაგალითად გამოდგება რუსეთი, თუნდაც დღევანდელი საქართველო თუ ჩვენი სამეზობლო. ავტორიტარულ რეჟიმებს საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ. საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის აზრი მართლაც რომ აინტერესებდეს, როდესაც იცის, რომ 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, სულ ცოტა, იმ რიტორიკაზე მაინც იტყოდა უარს, რაც ბოლო ხანს გვესმის. სამწუხაროდ, ეს არის ავტორიტარიზმის ერთ-ერთ ფუნქციონალური გამოვლინება.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება შესთავაზა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მან დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაჰკავშირებოდა საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოეხატა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შეეთავაზებინა მისთვის უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციების გასამართავად. საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა. საქართველოს ხელისუფლებაში უკრაინის გადაწყვეტილება "გაუგებრად, შეურაცხმყოფლად და საფუძველს მოკლებულად" შეაფასეს. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ელჩი კიევში აღარ დაბრუნდება, თუმცა ჩვენი საელჩო მუშაობას გააგრძელებს.

- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველოს ხელისუფლების ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რამაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები გაანაწყენა და მას მერე ვითარება სულ უფრო და უფრო არასასურველი ხდება. გახსოვთ, ალბათ, ღარიბაშვილის ნათქვამი, ომი უკრაინაშია და ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვსო. მეგობრები ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, არ აკეთებენ. იქიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის არც სწორი და არც მისაღები. საქართველოს ხელისუფლებას ამ ვითარებაში მართლაც მართებდა სიფრთხილე, სანქციებს, ალბათ, ვერ შევუერთდებოდით, მაგრამ არ შეიძლებოდა იმგვარი განცხადებების გაკეთება. რიტორიკა იყო ისეთი კონფრონტაციული, რომ თავისთავად მივიდა ყველაფერი აქამდე.

გაიძახიან, სააკაშვილი და ადეიშვილი არ გადმოგვცესო. კი, მაგრამ, რას აკეთებდნენ საგამოძიებო უწყებები, მოახერხეს ამ ხალხის დანაშაულის დასაბუთება ისე, რომ მათთვის უცხოელ კოლეგებს დაეჯერებინათ? როგორც მახსოვს, საფრანგეთში დააკავეს კეზერაშვილი, მაგრამ ვერ შეძლეს იმგვარი დასაბუთების გაგზავნა ფრანგ კოლეგებთან, რომ კეზერაშვილი გადმოეცათ. ამიტომ სულ სხვას ნუ დაადანაშაულებენ. ამასთანავე, არა მარტო უკრაინაში, საზოგადოდ, დასავლეთშიც მთლად სწორად არ არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება. არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფსონის დადება "ნაციონალურ მოძრაობაზე" კვლავაც შეიძლება, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა.

უკრაინის გადაწყვეტილება შეიძლება დიდწილად სააკაშვილს არც უკავშირდებოდა და სხვა წყენა აქვს ზელენსკის, მაგრამ ეს რომც არ იყოს, როდესაც შენს მოქალაქეზე ასეთი ჩანაწერი ვრცელდება და არ იცი, რომ ის ციხეში კი არა, საავადმყოფოშია და მშვენიერი პირობები აქვს შექმნილი, ეს ბუნებრივად გიბიძგებს პოლიტიკურად არასწორი განცხადებებისკენ. სააკაშვილისადმი ჩვენს მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და ისე შემოვიდა საქართველოში. ამიტომ, როდესაც ცდილობენ პოლიტიკური წონა შესძინონ სააკაშვილს, ვფიქრობ, ტყუილად ხარჯავენ დროს, ეს აღარ გამოვა.

ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი პარტნიორები ცდებიან, რადგან მათთან კომუნიკაცია უფრო მეტად აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან დაკავშირებულ წვრილ პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ჩააქვთ სხვა ინფორმაცია, ხელისუფლება კი ამის შესაცვლელად ვერაფერს აკეთებს. არადა, ეს კაცი ხან კვდება და ხან პოლიტიკაში ისე აპირებს ჩართვას, რომ საქართველო და უკრაინა, ორივე უნდა გაათავისუფლოს. იქნებ როგორმე ჩამოყალიბდეს, კვდება თუ პოლიტიკაში მოდის.

- ბოლო დროს გახშირდა ფიზიკური დაპირისპირება ქუჩაში. ვნახეთ, რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხელისუფლების ადგილობრივი მხარდამჭერები როგორ დაუპირისპირდნენ, იყო შეხლა-შემოხლა და ქვების სროლა... ჯერ არჩევნებამდე კარგა ხანია, ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ამან ისეთი მასშტაბი მიიღოს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშეც კი დავდგეთ?

- ის, რაც დღეს ხდება, ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისთვის უცხო არ არის. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები დიდწილად ასე იქცეოდნენ. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება. გაიხსენეთ 2011 წელი, როდესაც ანალოგიური რამ ხდებოდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, იმჟამინდელი ხელისუფლებაც ხომ დღევანდელივით იქცეოდა. ხელისუფლების განცხადებები მაშინ და დღეს ზედმიწევნით ჰგავს ერთმანეთს. ცოტა შეიძლება ფრაზეოლოგია იყოს შეცვლილი, მაგრამ არსობრივად ერთი და იგივეა. ყველა, ვის აზრსაც არ იზიარებენ, მონათლულია მოღალატედ და რადიკალად. ისე, საქართველოში ოპოზიცია ყველა ხელისუფლების დროს მოღალატედ ცხადდებოდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია მოღალატეებად და ქვეყნის დამაქცევლად არ მოენათლა. იმავეს აკეთებს "ქართული ოცნებაც". რაიმე ახალია მათ მოქმედებაში? აბსოლუტურად, არაფერი.

იკითხავთ, "ქართული ოცნება" აქამდე რატომ არ იქცეოდა ასეო, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა და ამგვარი დაპირისპირებების ინსპირირება და ქვის სროლა არ სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, რომ მოიგებდა არჩევნებს, ახლა კი აშკარად ვერ არის დარწმუნებული. "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ძველებური მხარდაჭერა, ყველა გამოკითხვით მოსახლეობის 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი. ამიტომ მას სჭირდება უკვე იმ მექანიზმების შემოტანა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. როდესაც ხელისუფლებას ძალა აქვს და მართლაც მოსახლეობა წარმოადგენს მის საყრდენს, მას ასეთი რამეები არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ეს ძალა არა აქვს, მაშინ იწყებს ასეთ ქმედებებს.

გამოვიდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მოძალადეებს მოუძებნა გამართლება, თურმე ნაწყენები არიან "ნაციონალურ მოძრაობაზე", ქვის სროლა კიდევ "სამოქალაქო აქტივიზმი" ყოფილა, უკაცრავად და, ეს ხალხი ამ 11 წლის განმავლობაში სად იყო, ამდენი არჩევნები ჩატარდა, ახლა გაახსენდათ, რომ ნაწყენები არიან "ნაციონალურ მოძრაობაზე"? აშკარაა, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას.

მომავალი არჩევნების კონტექსტში ცოტა ადრე კი დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე ის არის, რომ თუ პოლიტიკური გარემო ორპოლუსიანი დარჩა, ანუ ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" ძალაუფლებას შეინარჩუნებს მომავალ არჩევნებზეც, ამიტომ ხელისუფლებას სურს ამგვარი ინციდენტებითა და "ნაციონალებთან" დაპირისპირებით შეავსოს მთლიანად პოლიტიკური მედიასივრცე, რათა არ დარჩეს ადგილი სხვა პოლიტიკური ძალებისთვის და მაქსიმალურად შეზღუდოს მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ეს შესაძლოა "ნაციონალების" ინტერესებშიც იყოს.

- გასული კვირის მთავარ სკანდალად იქცა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წაყენებული ბრალდება, რომლის თანახმადაც, მას ივანიშვილის კუთვნილი, 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2 მილიონ 500 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც…

- ამ საქმის სამართლებრივ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, მართლაც კრიმინალთან უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე პოლიტიკურ მოტივთან. ხომ გახსოვთ გამონათქვამი, ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს როგორმე მე თვითონ მოვუვლიო. ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდა ძალიან დაახლოებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და მეგობრობდა ირაკლი ღარიბაშვილთანაც. როგორც წესი, ამხელა თანხებზე ახლობელ-მეგობრებს მიუწვდებათ ხოლმე ხელი ყველაზე მეტად, იმათ, ვისაც ენდობიან. უცნობსა და უცხოს დიდ ფულს არავინ ანდობს. ღარიბაშვილთან კავშირზე მოვისმინე რამდენიმე განცხადება, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილის მოხსნის პრობლემა რომ ჰქონდეს, ვიფიქრებდით, რომ მისი ახლობლის საშუალებით ცდილობს ღარიბაშვილზე გასვლას და მის მოშორებას, მაგრამ ივანიშვილს ეს პრობლემა არა აქვს, როცა კი მოუნდება, მაშინ დარეკავს და საკუთარი ნებით წავა ღარიბაშვილი. ხომ გახსოვთ ლეგენდასავით ამბავი, რომლის ფაბულის თანახმად, ივანიშვილმა საკუთარ ქვისლსაც არ აპატია ქურდობა და ციხეში ჩასვა. როგორც ჩანს, ივანიშვილს აქვს რაღაც მარჟა და თუ ამ მარჟის ფარგლებში იპარავენ, მაშინ თვალს ხუჭავს, მაგრამ თუ დაუკრეფავში გადადიან, ამის საშუალებას აღარ იძლევა.