რამდენად პასუხობს „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს?!
"თავდაცვის კოდექსის" განხილვა, რომელიც ამ პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმადვე, "ახლებურად არეგულირებს თავდაცვის სისტემას", პარლამენტში ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს, რომ მეორე მოსმენაზეც კი, რაც რეგლამენტით კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, თავების მიხედვით განიხილეს. არადა, ამ კანონპროექტზე სპეციალისტებს ბევრი შენიშვნა ჰქონდათ და აქვთ კიდეც, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კრიტიკას.
შეგახსენებთ, რომ "თავდაცვის კოდექსის" პროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები: ახლებურად განისაზღვრა სამხედრო სამსახურის არსი და სახეები - რეგულარული სამხედრო სამსახური, რომელიც მოიცავს პროფესიულ სამხედრო სამსახურს და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. თავდაცვის ძალების რეზერვი მოიცავს აქტიურ რეზერვს და სამობილიზაციო რეზერვს. თავის მხრივ, აქტიური რეზერვი შედგება ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტთა რეზერვისგან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი - მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის და ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისაგან. ამასთან, სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება 6 თვემდე, 8 და 11 თვემდე, ქვედანაყოფების და უმცროს სამეთაურო თანამდებობის სპეციალობების მიხედვით; გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პაკეტები; სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ და "გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით"; წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე; 2024 წლის 1-ლი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას "შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, "საკუთარი სურვილით" შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც სწავლასთან თავსებადი იქნება.
რას ცვლის "თავდაცვის კოდექსი" რიგითი მოქალაქისთვის, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში და რამდენად პასუხობს ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს, ამ საკითხებზე პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ვესაუბრეთ:
- როდესაც სიტუაცია რთულია და თავდაცვას ესაჭიროება რადიკალური ცვლილებები, ამას კოდექსები კი არა, მუშაობა სჭირდება. "თავდაცვის კოდექსში", რა თქმა უნდა, არის პოზიტიური მომენტები და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული სამსახურის შექმნა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იგრძნობა, ამის უკან არ დგას სამხედრო გეგმა - ანუ როგორ უნდა შევასრულოთ ეს ეროვნული სამსახური. თავისთავად ეს ძალიან კარგია, ამის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მხოლოდ კოდექსი ამას ვერ უშველის. ქვეყნის თავდაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მოვამზადოთ ისინი თავდაცვისთვის, მაგრამ ძალზე არაორგანიზებულად არის გაწერილი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ტერმინებიც კი არეულია, უფრო კოპი-პეისტი იგრძნობა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯი.
ამ კანონპროექტში ძალიან არ მომწონს: პირველი - პოლიციური კანონი. მოქალაქეებს ძალდატანებით აკეთებინებ რაღაცებს და ეს ძალიან ცუდია. ამასთან, სამხედრო პოლიციას ისეთი ფუნქციები ენიჭება, მგონი, თავად შსს-საც კი არა აქვს. თავდაცვა არ არის პოლიციური სისტემა, ამ კანონით კი მისი გაპოლიციურება ხდება; მეორე - ძალიან არ მომწონს, რომ მდიდრებზე მორგებული კანონია. მოკლედ, არის მოსაწონიც, მაგრამ მთლიანობაში უარყოფითი უფრო ბევრია.
- მთავარი დადებითი ცვლილება რა არის, როგორ შეუწყობს ხელს სამხედრო სისტემის გაუმჯობესებას და რა არის მთავარი ხელის შემშლელი?
- მხოლოდ კანონი სამხედრო სისტემის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. ეს აბსურდია. კანონი არის იმისთვის, რომ ნორმები დარეგულირდეს, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრომ ხალხი არ მოამზადა, წვრთნები არ ჩაატარა, კანონი რას ცვლის? არაფერს. კი, ეროვნული სამსახურის იდეას მივესალმები, მაგრამ ისეთი კომპონენტები აქვს დამატებული, რაც მიუღებელია დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში.
- კონკრეტულად რომელ კომპონენტებს გულისხმობთ?
- ეროვნული სამსახური არის მსოფლიოში დანერგილი სისტემა, მაგალითად, ფინეთში, ისრაელში, ახლა არაბულმა ქვეყნებმაც დაიწყეს დანერგვა - 4 წელი ამაზე ვმუშაობდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეროვნული სისტემა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის ისეთ სისტემას, როდესაც ქვეყნის დაცვა არა მარტო ჯარის, არამედ, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ყველას ამზადებენ ამისთვის, მათი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ თავდაცვა. საქართველოსთვის ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ეს კანონი არ არის ისეთი, რომ ამ იდეას პასუხობდეს და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას იძლეოდეს. ეროვნული სამსახური ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მამაკაცი მომზადდეს, გაიაროს სამსახური, შემდეგ ჩაირიცხოს რეზერვში. უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზებული ეფექტური სარეზერვო ქვედანაყოფები. ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული ქვეყნის თავდაცვაში. თავდაცვისა და შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მოამზადონ მოსახლეობა, უხელმძღვანელონ კრიზისების დროს. ეს მხოლოდ ტერმინების კანონია, მასში ვერ ვხედავ იმას, რაც ეროვნულ სამსახურს უნდა ჰქონდეს.
- სამხედრო სამსახურის ვადებზე აზრთა სხვადასხვაობაა. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს ვადები ეროვნული თავდაცვის კონცეფციასთან თანხვედრაში?
- ამ კანონში ვადების საკითხიც ბუნდოვანია. თუმცა 6 თვიდან ერთ წლამდე ვადა სავსებით საკმარისია, რომ ახალგაზრდა მოამზადო რეზერვში სამსახურისა და ქვეყნის თავდაცვისთვის, თუკი პროცესს ეფექტურად წარმართავ. ვადა არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, ამ ვადას როგორ გამოვიყენებთ, რაზეც, სამწუხაროდ, პასუხს ვერ ვხედავ.
- რეზერვზე ამბობენ, რომ რეფორმა წარმატებულია. რამდენად იქნება თანხვედრაში ახალ სისტემასთან ან რისი შეცვლა მოგვიწევს?
- საქართველოს ის რეზერვი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება, არ ჰყავს. ჰყავს ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მცირე ამოცანის შესრულებას შეძლებს. რა იქნება ამ ახალი კანონის მიხედვით, ძნელი სათქმელია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს კანონი ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია არსებულთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ ტერმინების დონეზე, ამის იქით რა უნდა გაკეთდეს, არ ჩანს, ეს არ არის ის, რაც საქართველოს თავდაცვას სჭირდება.
- გაწვევის პრინციპი რამდენად გამართულია?
- ჩვენ დღეს ისევ კომისარიატების გაწვევის სისტემაში ვართ. სახელი კი გადაარქვეს, მაგრამ არსით ისევ საბჭოთა კავშირის კომისარიატების სისტემაა. გაწვევა უნდა ჩაატაროს თავდაცვის სამინისტრომ. როდესაც მოქალაქეები ჯარში მიდიან, ნებაყოფლობით თუ ვალდებულებით, მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ კარგ სამხედრო მომზადებას გაივლიან, 6 თვეში თუ ერთ წელიწადში მნიშვნელოვან უნარებს შეიძენენ, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. იმას არ უნდა ფიქრობდნენ, დროს ტყუილად დავკარგავთო.
რუსა მაჩაიძე