ელჩი: „ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩი სააკაშვილის საკითხზე თბილისში გამოეგზავნა, ფაქტობრივად, უპრეცედენტოდ შეფასდა, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ფაქტი არ მოიძებნება, მით უმეტეს, რომ ეს ეხება სამართლებრივ საკითხს. სხვა თუ არაფერი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საზღვარი აქვს უკანონოდ გადმოკვეთილი. უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე თბილისშია, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, კონსულტაციები არ გაიმართება, სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო. რას ნიშნავს ქართულ-უკრაინული დიპლომატიური ურთიერთობისთვის უკრაინის ეს გადაწყვეტილება, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს უკრაინულ მხარეს და რა უთხრეს ელჩს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, როდესაც 48 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, ამ საკითხებზე უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს ვესაუბრეთ:
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი წარიმართა ზუსტად იმ ტექსტით და იმ პრეტენზიით, რაც წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა გაახმაურა - ანუ საუბარი შეეხებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. სხვა პრეტენზია ან წუხილი, ცხადია, არ გამოთქმულა. ჩვენ, ბუნებრივია, დავაფიქსირეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და არის დიდი შეცდომა, ვინაიდან ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას და ქმნის პრობლემებს. ასევე შევახსენე უკრაინის მხარეს, თუ რა გააკეთა საქართველომ რუსეთის აგრესიის პირველი დღეებიდან როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში.
- სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ალბათ, ექნებათ ინფორმაცია. ის გაცილებით უკეთ არის, ვიდრე თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იყო. მათი მხრიდან რამდენად დამაჯერებელია აპელირება სააკაშვილზე?
- აქ არის რამდენიმე გარემოება: პირველი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, არის ის, რომ უკრაინის კონსულს, რომელიც თბილისშია, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა მიხეილ სააკაშვილი. არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ინფორმაციაც, რომელსაც, ბუნებრივია, საელჩო აწვდიდა უკრაინის მხარეს. ასევე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ინფორმირებულია უკრაინული მხარე. შესაბამისად, სრული სურათი აქვთ. ასე რომ, ჩვენ ინფორმაციას ვაწვდიდით ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის უმაღლეს რადას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისს, რის შესახებაც შეხვედრაზეც ითქვა.
- საქართველოში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი იყო საბაბი.
- რთულია, არ დაგეთანხმოთ, ვინაიდან მართლაც რომ ყოფილიყო ისეთი კარდინალური ცვლილება, რაც თვალსაჩინო იქნებოდა, ან რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურის ახალი გადაწყვეტილება, ან ახალი გარემოება, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩაერთო სასამართლო პროცესში, არ ყოფილა.
- ის, რომ ელჩს მიმღები ქვეყანა სთხოვს კონსულტაციისთვის წარმგზავნ ქვეყანაში დაბრუნებას, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა, საერთაშორისო ურთიერთობებში როგორ აიხსნება, რა შეფასება შეიძლება მიეცეს?
- ძალზე რთულია ამ ფაქტის შეფასება და ახსნა. როგორც თქვენც ბრძანეთ, მართლაც უპრეცედენტოა. მე ვცდილობდი გამეხსენებინა მსგავსი შემთხვევა, დაახლოებით ასეთი ერთი თუ ორია, მაგრამ რაზეც ისინი საუბრობენ, არ არის პოლიტიკური საკითხი. სააკაშვილის საკითხი უპირველეს ყოვლისა სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არაფრისმომცემია, ვინაიდან უშედეგო იქნება, სამართლებრივ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. შესაბამისად, მთელი ეს სპეკულაცია და საუბარი იმაზე, რომ გაიმართოს კონსულტაციები, აზრს არის მოკლებული. შესაბამისად, ეს საკითხი თავიდანვე სპეკულაციური იყო.
- ის, რომ სააკაშვილი საზღვარზე კანონდარღვევით შემოვიდა, ხომ ნიშნავს, რომ უკრაინული მხარეც არის პასუხისმგებელი? ამაზე რას ამბობენ, როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ საკითხი?
- არის რამდენიმე გარემოება, რაზეც არა გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია. მოგეხსენებათ, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ თავის დროზე დაიწყო მოკვლევა მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე, მაგრამ როგორ განვითარდა ეს საქმე, ამის შესახებ საელჩოს ოფიციალური ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა არა აქვს, ვინაიდან ეს პირადი მონაცემებია, თან უკრაინის მოქალაქის, ვისაც, ცხადია, არ გადმოგვცემენ.
- ახლა როგორ გაგრძელდება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა, როდის დაბრუნდებით, რა პასუხს ჩაუტანთ? რა იგეგმება?
- მე ჩამოვედი თბილისში და როგორც მინისტრმა ბრძანა, ვაგრძელებ მუშაობას როგორც საქართველოს ელჩი უკრაინაში. რამდენი ხნით მომიწევს აქ ყოფნა, ამის თქმა ძნელია, რადგან ამ თემაზე კონსულტაცია ვერ გაიმართება. ვიმეორებ - ეს საკითხი სამართლებრივია და მასზე პოლიტიკური კონსულტაციის გამართვა ამ სიტუაციაში არარეალურია. არის იმის იმედიც, რომ უკრაინის მხარე გაიაზრებს ამ ვითარებას, თუ რისი მომტანია მსგავსი ქმედებები ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობისთვის და შემდეგ ვნახოთ.
- ვინ უნდა გადაწყვიტოს თქვენი დაბრუნების საკითხი? როგორც წესი, ამას ხომ წარმგზავნი ქვეყანა წყვეტს?
- კი ბატონო, ასეა, მაგრამ ახლა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორც არაერთხელ ვთქვით. ამ თემაზე საუბარი ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მქონია, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინის მხარემ უნდა გამოხატოს რაიმე ფორმით პოზიცია ჩემი დაბრუნების, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ და ამის საფუძველზე უკვე ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ.
რუსა მაჩიაძე