რომელ მაღალჩინოსანზე იგეგმებოდა თავდასხმა?! - რა წერია სუს-ის ანგარიშში - კვირის პალიტრა

რომელ მაღალჩინოსანზე იგეგმებოდა თავდასხმა?! - რა წერია სუს-ის ანგარიშში

7 ივლისს პარლამენტში დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს უსმენდნენ - მან 2022 წლის ანგარიში გააცნო თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს.

54-გვერდიან ანგარიშში ბევრ საკითხზეა­ აქცენტი გაკეთებული. ბატიაშვილის თქმით,­ გასულ წელს დეზინფორმაციული და­ პროპაგანდისტული კამპანიები ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ წარმოებდა და ამაში ჩართული იყვნენ როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ მოქმედი აქტორები. ქვეყანაში უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად­ განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადო­ების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების ცდები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და დესტაბილიზაციის ხელშეწყობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს არსებითი გამოწვევა იყო უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ცდები. 2022 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე აქტივობები და გეგმები, "მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესი, ასევე, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები".

2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 9 შემთხვევა დაფიქსირდა. უწყება ამბობს, რომ უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში, ასევე, საოკუპაციო ხაზზე ვიდეოკამერების დაყენებაში. ანგარიშში საუბარია საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზეც. სუს-ის სტატისტიკით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 13 პირი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშით მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გახდა ცნობილი. უწყებაში ამბობენ, რომ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ამ ფაქტის აღსაკვეთად უწყებამ პრევენციული ზომები მიიღო. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნულ გამოწვევად კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია რჩება. 2022 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ საოკუპაციო ბაზებში უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები. დესტრუქციული ძალები, მათ შორის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები, ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან. ბატიაშვილის თქმით, "ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა დაკავება არ მომხდარა... კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანაა უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მისი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების ფორმების, მეთოდების განსაზღვრა, ამის გაუვნებლება და შემდეგ შესაძლოა ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება".ექსპერტ დავით კუხალაშვილის თქმით, სუს-ის ანგარიში იყო ზომიერი, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტით.

- ბატონო დავით, თქვენ რას გამოყოფთ სუს-ის ანგარიშიდან?

- საინტერესო ანგარიში იყო. ვფიქრობ, ოკუპირებული ტერიტორიების მოსა­ზღვრე ზონებში გასააქტიურებელია აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობა. მშვიდობის რეჟიმმა გარკვეულწილად დადებითი როლიც ითამაშა, მაგრამ არსებობს მომენტები, რომლებიც არ არის სასურველი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ხშირად ადამიანთა გატაცება სწორედ საქართველოს ხელისუფლების კომპრომეტაციისთვის გამოიყენება, ამიტომ არსებობს მიღებული პრაქტიკა და შესაძლებლობა ასეთი­ პირების ან პირთა ჯგუფების დასაკავებლად. საქართველოს კანონმდებლობით მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ამ ვითარების გასანეიტრალებლად ასევე შესაძლებელია გამოიყენონ ფარული მეთოდებიც. მნიშვნელოვანია ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურება.

- საყურადღებო განცხადება გაკეთდა. ითქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირზე იგეგმებოდა თავდასხმა. ხომ არა გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

- ალბათობის მაღალი ხარისხით, საუბარია გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის ყველაზე მაღალ იერარქიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ქვეყანა დასახელებული, ვფიქრობ, უფრო საგანგაშო ვითარებაა. ეს რომ ყოფილიყო ცნობილი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით აღიარებული მტრულად განწყობილი სახელმწიფოს დაგეგმილი, ქვეყანა აუცილებლად დასახელდებოდა. სხვათა შორის, ამ ბუნდოვანმა ინფორმაციამ უფრო მეტი ეჭვი დაბადა. ალბათობის მაღალი ხარისხით, ალბათ, ახალ სახელმწიფოზეა საუბარი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების რღვევით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომ იგეგმება თავდასხმა მაღალი თანამდებობის პირზე, წინასწარი ნიშანია, რომ ეს ხელისუფლება მიუღებელია ამის დამგეგმავი სახელმწიფოსთვის, რომ შესაძლებელია ყველაფერი კეთდება ამ ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, რათა გატარდეს იმ ქვეყნის ინტერესები.

- მეტ განმარტებას ელოდებით ამ საკითხზე? თუნდაც გამოძიების დეტალების გახმაურებას?

- დიდი ალბათობით, საქმე აღიძვრება.­ ჩატარდება მოკვლევაც, ალბათ, არის აგენტურულ-ოპერატიული მასალებიც, მათ შორის ტექნიკური გზით მოპოვებულიც. ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება კონკრეტულად სახელმწიფო, მაგრამ ამ ფაქტის ამ დოზით გახმაურებაც ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაა, გაფრთხილება იმ სახელმწიფოსთვის. მნიშვნელოვანი წინა პირობაა, რომ საქართველოს ხელისუფლება იტოვებს უფლებას, თუ საფრთხე ამ სახელმწიფოდან ნეიტრალიზებული არ იქნება, შესაძლებელია ინფორმაცია გამოქვეყნდეს და ეს იქნება ამ ოპერაციის დამგეგმავი სახელმწიფოსა და მისი სპეცსამსახურების კომპრომეტაციის საფუძველი. შესაძლებელია ასეთი ტიპის განცხადებაც მივიჩნიოთ კონტრსადაზვერვო ზომად.

- ანგარიშიდან ჩანს, რომ უცხო ქვეყნის სადაზვერვო საქმიანობა მთავარი გამოწვევაა.

- ამიტომაც უფრო აქტიური ღონისძიებები უნდა გატარდეს პირთა ჯგუფების გამოსავლენად, რაც არ არის იოლი. ამას შეიძლება რამდენიმე წელიც დასჭირდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს უნდა შეძლონ. შესაძლოა გამოვლენილიც არიან და ჩვენი სპეცსამსახურები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ.

ანგარიში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე კონკრეტული ვთქვათ და სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, მაგრამ მერწმუნეთ, არც ერთი ქვეყნის ანგარიში არ მისცემს ზუსტ შესაძლებლობას ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს ზედმიწევნით სრულყოფილად აღიქვან რეალური პროცესები, თუ რა ხდება. სპეცსამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეც უნდა იყოს.

- სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანია საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში არსებული ვითარებაო, ნათქვამია ანგარიშში.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სამხედრო სექტორში მნიშვნელოვნად ფიგურირებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოები, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყანაზე,­ რომლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ამ ქვეყნების გაერთიანების ბლოკის საწინააღმდეგო პოზიციაა დაფიქსირებული. ალბათ, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე, რომლის ინტერესში არ შედის ნატოს გაფართოება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა მარტო რუსეთი, ყველაა დაინტერესებული, როგორც ახლო მეზობელი, ასევე ევროპული სახელმწიფოები და შორს მყოფი სახელმწიფოებიც კი, რადგან ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ჰქონდეს მონაცემები პლანეტის ნებისმიერ წერტილში არსებულ სამხედრო ვითარებაზე. ბევრი ინტერესი არსებობს. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო უსაფრთხოების სეგმენტი, გარდა უშუალოდ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისა და გადაბირებისა, შესაძლებელია სამხედრო ბიზნესის მხრივაც იყოს დაინტერესების ობიექტი.

- ოპოზიციის შეფასებით, ეს ანგარიში "ქართული ოცნების" მხარდამჭერ დოკუმენტს ჰგავს.

- ნებისმიერი დოკუმენტი, რომელთაც ქვეყნის სპეცსამსახურები აქვეყნებენ, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ვფიქრობ, ის პუნქტები, რაც ამ ანგარიშით გამოიტანეს საზოგადოების სამსჯავროზე, შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ინტერპრეტაცია ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ცალსახაა, რომ საიდუმლოების რეჟიმი არ არის დარღვეული - ზოგადი სურათი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, გადმოცემულია. გახმაურდა ინფორმაციაც მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმის გეგმის შესახებ და ესეც მნიშვნელოვანი კონტრსადაზვერვო ზომაა. ეს საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის სადაზვერვო სამსახურებს, მათ შორის იმ ქვეყანას, რომელმაც ეს დაგეგმა, აძლევს სიგნალს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ იცის ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს იმ ზომებსა და ნორმებში, რომ არ იქნეს საიდუმლოების რეჟიმი დარღვეული, საზოგადოებას ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა სპეცსამსახურების მუშაობაზე და რა საფრთხეების წინაშე დგას სახელმწიფო. გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან წერტილებსაც, სადაც არის საფრთხე და შეიძლება მოვლენები უფრო უარესობისკენ წავიდეს.

თუ პოლიტიკური პარტიები ანგარიშს არ ეთანხმებიან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული კონტრარგუმენტები, შეიძლება მათი პოზიცია საზოგადოებამ გაიზიაროს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ანგარიში მმართველი პარტიის მხარდამჭერი დოკუმენტია. რაც შეეხება ბორდერიზაციის საკითხს, ამის აღსაკვეთად ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა ოპერატიული ქმედებები. აშკარაა, ამ ტერიტორიებს იყენებენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები და საჭიროა მათი ნეიტრალიზაცია.

ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, რომელთა გასატარებლად იყენებენ გარკვეულ ჯგუფებს. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, კრიმინალური დაჯგუფებები. შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ პარტიათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია დესტრუქციით და მათ ქმედებებში ფიქსირდება სადაზვერვო სამსახურების ზეგავლენის ნიშნები, უცხო სახელმწიფოებისა და პოლიტიკური პარტიების მესიჯბოქსები და ამაზე წაყრუება არ შეიძლება. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ახმაურებს სუს-ი, არის სრულიად საიდუმლო ინფორმაციის შედეგად გაკეთებული ანალიზი.