როდის მოგვარდება თბილისისა და კიევის ურთიერთობები?! - კვირის პალიტრა

როდის მოგვარდება თბილისისა და კიევის ურთიერთობები?!

თბილისისა და კიევის ურთიერთობების აჯაფსანდალში მიხეილ სააკაშვილი კვლავ მურმანის ეკალივითაა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი სასამართლოს ჩაერთო საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის გარეგნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსთან მიმართებაში დიპლომატიური დემარში მოაწყო. კერძოდ, უკრაინის ტერიტორია დაატოვებინა საქართველოს ელჩს და უკრაინული წყაროების ცნობით, ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ოფიციალური თბილისი მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს. თბილისი-კიევის ურთი­ერთობების ამ დონემდე მისვლა მართლაც გულდასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ემოციები ჭარბობს, მაგრამ ობიექტური სურათის დასანახავად მოვლენებს "ზემოდან" უნდა შევხედოთ, რათა ვუპასუხოთ კითხვას - ვინ არის მართალი "სააკაშვილის სკანდალში", როგორ შეიძლება თბილისი-კიევის ურთიერთობების ნორმალიზება ან შეიძლება თუ არა საერთოდ უახლოეს მომავალში.

ზელენსკი და მიშა

ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნულად საქართველოსთან დიდი არავითარი კავშირები არა აქვს. თუმცა მის "კვარტალ 95"-ის იუმორისტულ სკეტჩებში ქართული თემატიკა ყოველთვის იყო. ზელენსკი მეგობრობდა ბუბა კიკაბიძესთან და ყოველთვის ხაზს უსვამდა მისდამი პატივისცემას. გარდა ამისა, პოროშენკოს მმართველობისას ის აშარჟებდა ქართველების სიმრავლეს უკრაინის ხელისუფლებაში (მოგეხსენებათ, 2012 წელს საქართველოში მარცხის შემდეგ ნახევარი ხელისუფლება უკრაინაში წავიდა და იქ დასაქმდა). ქართველები ამ იუმორისტულ სკეტჩებში წარმოდგენილები იყვნენ ისე, როგორი "ობრაზიც" არის დამკვიდრებული რუსულ და უკრაინულ კინოებში - "აეროდრომი" ქუდებით, ულვაშებით, ყანწებითა და ჰიპერმექალთანეობით.

რაც შეეხება სააკაშვილს, სკეტჩებში მიშას როლს ყოველთვის ზელენსკი თამაშობდა ხოლმე. მაგალითად, 2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთ სკეტჩში ის მიშასა და იუშჩენკოს აშარჟებდა, წარმოაჩენდა მათ გონებაშეზღუდულ მუშებად, რომელთაც უფროსი ამერიკელი ჰყავდათ. ასევე, ზელენსკიმ გააშარჟა მიშას "შეჭრა" უკრაინის საზღვარზე (შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევა და რამდენიმე თვეში მიშა პოლონეთის საზღვრიდან "შეიჭრა" უკრაინაში). სააკაშვილი ზელენსკის პოლიტიკური მულტფილმის "სკაზოჩნაია რუს" უცვლელი პერსონაჟი იყო - მიშას ამ მულტფილმში აშარჟებდნენ როგორც პოროშენკოს ჩინოვნიკს.

მას შემდეგ, რაც ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, დიდად არ იწვოდა სურვილით, რომ სააკაშვილთან ეთანამშრომლა, მაგრამ ამ დროისთვის მიშას უკრაინაში უკვე მოპოვებული ჰქონდა გავლენები, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაშიც. გარდა ამისა, პირველ რიგში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი დაუმეგობრდა იმათ, ვინც მედიაში ამინდს ქმნიდა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ მიშას უცხოელი მფარველები ყველანაირად ცდილობდნენ სააკაშვილის უკრაინის პოლიტიკაში რეინტეგრაციას. შესაბამისად, ზელენსკის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო კამპანია, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სააკაშვილის, როგორც "გენიალური რეფორმატორის" პოტენციალი. შესაბამისად, ჯერ პოროშენკოს მიერ წართმეული მოქალაქეობა დაუბრუნეს სააკაშვილს და შემდეგ რეფორმათა საბჭოს ხელმძღვანელადაც დანიშნეს. მეტიც, უკრაინის ვიცე-პრემიერადაც უპირებდნენ დანიშვნას, თუმცა საქმეში "მსაჯი" ჩაერია და ამერიკელებმა დაბლოკეს ეს საკითხი.

მას შემდეგ, რაც მიშა საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად დაბრუნდა და დაიჭირეს, ზელენსკი კარგა ხანს თავს იკავებდა მწვავე განცხადებებისგან. თუმცა ისევ ამუშავდა სააკაშვილის მხარდამჭერი ლობი. გარდა ამისა, ომში გახვეული უკრაინისთვის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ, როგორც თვითონ მიიჩნევენ, თბილისი კიევს ისე არ ეხმარება, როგორც საჭიროა. თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები იძაბებოდა, სააკაშვილის სასამართლოში 3 ივლისის ჩართვას კი უკრაინაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ზელენსკიმ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მედიამ (პირველ რიგში, სააკაშვილის გარემოცვისა და მეგობარი მედიამაგნატების მეშვეობით), შექმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა. სააკაშვილთან დაკავშირებით კი, ასევე მედიით, შექმნილია საზოგადოებრივი აზრი, რომ მიშა არის სუპერრეფორმატორი, რომელმაც ჩამორჩენილი საქართველო ჭაობიდან ამოიყვანა. საბოოლო ჯამში კი უკრაინელების თვალით დანახული "სააკაშვილის საქმე" ასე ჩანს - პრორუსული ხელისუფლება აწამებს უდანაშაულო უკრაინის მოქალაქეს, დიდ რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილს.

რისი დანახვა არ სურთ კიევში?!

ამჯერად "სააკაშვილის საქმეს" ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის თვალით შევხედოთ. გავიხსენოთ ის საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ან უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა, ან მათი განხილვა გრძელდება.

გირგვლიანის საქმე - სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეპიზოდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო".

7 ნოემბრის ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და პატარკაციშვილის ქონების საქმე; დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, რომელზეც სააკაშვილს ექვსწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმე, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატები "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებენ. არადა, პროკურატურის მასალების მიხედვით, საუბარია დაახლოებით 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზე.

ამ ყველაფერს დაემატა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეც, რადგან 2021 წლის ოქტომბერში სააკაშვილი კონტეინერით შემოიპარა საქართველოში და რეალურად, დაარღვია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის კანონმდებლობა.

თუმცა ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ მაშინდელ პრეზიდენტს ადანაშაულებდა გირგვლიანის საქმეშიც, გელაშვილის ცემაშიც და 7 ნოემბრისა თუ "იმედის" დარბევის საქმეებში. საზოგადოება სვამდა ელემენტალურ კითხვებს: რატომ იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში გირგვლიანის მკვლელები და რატომ შეიცვალა კანონმდებლობა სპეციალურად იმისთვის, რომ სააკაშვილს გირგვლიანის საქმის ფიგურანტები სასწრაფოდ შეეწყალებინა? ვინმე გაბედავდა პარლამენტის დეპუტატის სასიკვდილოდ გამეტებას, სააკაშვილისგან მწვანე შუქი რომ არ ჰქონოდა? (დავანებოთ თავი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილმა ჯერ მას დაავალა გელაშვილზე ანგარიშსწორება და უარი რომ მიიღო, მერაბიშვილისკენ გადამისამართდა). ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა მოხდებოდა თუ არა უშუალოდ სააკაშვილის მითითების ან თანხმობის გარეშე? ალბათ, ამის დანახვა არ სურთ კიევში.

რაც შეეხება იმას, ვინმე აწამებს თუ არა სააკაშვილს "ვივა მედის" კლინიკაში. მიშასთვის, მისი ფსიქოტიპაჟიდან გამომდინარე, კლინიკა-ციხეში ყოფნა, ალბათ, წამებაა. თუ ასე მივუდგებით, მაშინ თითოეული პატიმრის წამება მიმდინარეობს, რადგან არ გვგონია, ვინმეს ციხეში ყოფნა სიამოვნებდეს. არ არის ეს ქვეყანა ჩალით დახურული - ვინმე სააკაშვილზე ფსიქოლოგიურად რომ ძალადობდეს ან სცემდეს, ან ფრჩხილებში ნემსებს ურჭობდეს, დასავლური ოფიციალური სტრუქტურები ფეხზე იდგებოდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მიშასთვის ციხეში გატარებული თითოეული დღე დიდ ემოციურ სტრესთან არის დაკავშირებული.

როგორც ხედავთ, თბილისის თვალით დანახული "სააკაშვილის საქმე" რადიკალურად განსხვავდება კიევის თვალით დანახული "სააკაშვილის საქმისგან".

უნდა გაათავისუფლოს თუ არა ხელისუფლებამ სააკაშვილი?!

დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა იმის თქმა, თითქოს თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაფუჭების მთავარი ფაქტორი მიშას ციხეში ყოფნაა. სააკაშვილი მხოლოდ აისბერგის წვერია, უფრო ქვემოთ კი დიდი პოლიტიკური ქვედადინებებია, რომლებთან შედარებითაც მიშა არაფერი არ არის.

თუმცა მაინც დავსვათ კითხვა: შეუწყობს ხელს კი სააკაშვილის გათავისუფლება თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების თუნდაც ოდნავ გამოსწორებას? - ალბათ, არა.

სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, მას კიევში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნავენ. იტყვის კი უარს კიევში დაბრუნებული მიშა ქართულ პოლიტიკაზე? რა თქმა უნდა, არა! არავინ უნდა შეაცდინოს იმან, რომ რამდენიმე თვის წინ მიშა აცხადებდა, რომ აღარ აინტერესებდა ქართული პოლიტიკა. ეს ხომ იმისთვის კეთდებოდა, რომ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მეშვეობით გარკვეული გარიგება მომხდარიყო "ოცნებასთან" - თავისუფლება ქართულ პოლიტიკაზე უარის თქმის სანაცვლოდ. რომ არ გამოვიდა, სწორედ იმიტომ "დაბრუნდა" სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში.

კიევში დაბრუნებული და მაღალ თანამდებობაზე დანიშნული მიშა უფრო რადიკალურად და უფრო დიდი რესურსებით შეუტევს საქართველოს ხელისუფლებას. შესაბამისად, სააკაშვილის გათავისუფლება კიევსა და თბილისს შორის უფრო მეტ დაძაბულობას შეიტანს (თუმცა, მეორე მხრივ, მეტი დაძაბულობა რაღა უნდა იყოს, როდესაც ზელენსკი საქართველოს ელჩს აძევებს კიევიდან).

თბილისისა და კიევის ურთიერთობები დარეგულირდება მაშინ, როდესაც დიდ პოლიტიკურ ქვედადინებებში წამოჭრილი მწვავე საკითხები (რისი დიდი ნაწილის შესახებ ჩვენ შესაძლოა არც გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა) მოგვარდება. თუ ეს მოხდა, სააკაშვილის ფაქტორი, ალბათ, საერთოდ გაქრება საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების საუბრის დღის წესრიგიდან და შესაძლოა მიშას ვერც თავისმა გავლენიანმა მეგობრებმა თუ მოკავშირეებმა უშველონ.

გიორგი კვიტაშვილი