„უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ყველა მოქალაქე სამხედრო დამნაშავეა“
რუსეთის რეჟიმს გამოქცეული ვლადიმირ დუბოვსკი, რომელიც საქართველოში თითქმის ორი წელია ცხოვრობს, მეგობრებთან ერთად "რუს მოხალისეთა კორპუსსა" და "თავისუფლების ლეგიონს" ეხმარება, რომლებიც ბელგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ანტიპუტინისტურ რეიდებს ატარებენ. ამ და სხვა მოტივით რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
- იაკუტიაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მთელი ცხოვრება იქ გავატარე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პერიოდულად სხვადასხვა ქალაქსა და რესპუბლიკაში სასწავლებლად და სხვადასხვა მიზეზით დავდიოდი. ჩემს ქვეყანას ბევრი ბაშკირეთად მოიხსენიებს, სინამდვილეში უფრო სწორი ფორმაა "სახა". იაკუტია კოლონიური დასახელებაა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე შეარქვეს. სახა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდია. მე ულუს რეგიონში ვცხოვრობ, დაახლოებით საქართველოსხელაა. ჩვენთან ყველა დიდი რაოდენობით მოიპოვება ოქრო, რკინა, ალმასი, ნახშირი, ნავთობი და გაზიც კი, თუმცა რესპუბლიკას არაფერი ეტყობა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო - რუსეთის საგადასახადო პოლიტიკა ისეა მოწყობილი, მთლიანი შემოსავალი რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, ჩვენამდე გროშები აღწევს, ხანდახან ისიც არა, თან გვაყვედრიან, რომ დიდი რუსეთი აქეთ გვარჩენს და მადლიერი უნდა ვიყოთ. მეტი თვალსაჩინოებისთვის: რესპუბლიკის მოსახლეობა სახელმწიფოსგან ერთ სულზე თვეში ათი ლარის ოდენობის შემოსავალს იღებს. ეს ყველაფერი რუსული კანონისა და ადგილობრივი ოლიგარქების მხარდაჭერით ხდება.
იაკუტიელი კი ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრები ამ რესპუბლიკაში უკრაინიდან და პოლონეთიდან გადაასახლეს. პატარა ქალაქ პოკროვსკში, სადაც მე ვცხოვრობდი, რუსები თითქმის არ იყვნენ - ჩვენს მეზობლად ებრაელები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობდნენ.
- იქ როგორ მოხვდნენ?
- ეს ლავრენტი ბერიას დამსახურებაა, რომელსაც თურმე ძალიან არ უყვარდა თავისი ხალხი და აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლა. ჩვენთანაც თბილისური იტალიური ეზოების მსგავსი იყო და მთელი ბავშვობა ინტერნაციონალური სამეგობრო მყავდა - ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ყველა ერთმანეთთან რუსულად ვსაუბრობდით. უფროსმა თაობამ ჩვენგან ისწავლა სახას, ანუ იაკუტიური ენა. მეც ვიცოდი ცოტა ქართული, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში რომ ჩამოვედი, უამრავი სიტყვა მეცნო. "პერესტროიკის" შემდეგ ბევრი ქართველი, მათ შორის ჩემი უკრაინელი და პოლონელი ნათესავები, თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ჩემი ოჯახი დარჩა. რამდენიმე მათგანთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, ბავშვობის მეგობრობას ვერაფერი შეცვლის. მაგალითად, გორგაძეები აშშ-ში ცხოვრობენ, მათთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს.
- საქართველოში ჩამოსვლა ამიტომაც გადაწყვიტეთ?
- ცოტა შორიდან მოვყვები - სამოქალაქო აქტივისტობიდან გამომდინარე, ერთ დღესაც ეფ-ეს-ბეს სამიზნე გავხდი. იმ დროისთვის უკვე მოსკოვში ვცხოვრობდი. პირადად მე კი არა, ჩემს მეგობარ გოგონას დაუკავშირდნენ და ამ გზით სცადეს ჩემი გადაბირება. პირდაპირ არ უთქვამთ, ჩვენი ჯაშუში იყავიო, მაგრამ პერიოდულად რაღაც ინფორმაცია სჭირდებოდათ. ასე სწრაფად გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია, უნდა მოვიფიქრო-მეთქი, ვუთხარი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მეგობარ გოგონას ავტოპარკინგთან დახვდნენ და უთხრეს, ეს ბოლო გაფრთხილებაა, თავის არიდებას თუ შეეცდება, იზოლატორი არ ასცდებაო. მასაც დაემუქრნენ, თუ ვერ დაიყოლიებ, პრობლემები შენც შეგექმნებაო. მაშინვე დავიწყეთ ბილეთის შეძენაზე ფიქრი. ეს იყო 2021 წელს, უკრაინაზე თავდასხმამდე. შენგენის ვიზა არ მქონდა, რომ სხვა ქვეყანაში წასვლაზე მეფიქრა. ერთხანს სომხეთიც ვიფიქრეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეფ-ეს-ბეს იქ ჯერ კიდევ აქვს კავშირები, თან გიუმრიში რუსული ბაზაც არის, იქ თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობდი. ჩემი ბავშვობის წლებისა და იმ დროიდან შემორჩენილი მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით არჩევანი საქართველოზე შევაჩერეთ.
სამწუხაროდ, დედ-მამა დამეღუპა, დედისერთა ვარ. ნათესავები იაკუტიიდან ცდილობენ წამოსვლას, მაგრამ ახლა რუსეთის მოქალაქეების მიმოსვლა თითქმის მთელ მსოფლიოში შეზღუდეს. ასეთია რუსეთის უგუნური ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი.
როდესაც იქაურმა მეგობრებმა ჩემი საქართველოში ყოფნის ამბავი გაიგეს, გაუკვირდათ, არ იცის, რომ იქ ვერ გვიტანენო - კი, როგორ არ ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რატომ ვერ გვიტანენ, წლების განმავლობაში რუსეთი მისი რუკიდან წაშლას ცდილობდა, არ გამოუვიდა, მაგრამ არც თავს ანებებს-მეთქი.
საბჭოთა კავშირის ციხე და ყოფილი რესპუბლიკების ტყვეობა დღემდე გრძელდება. ჩემს კლასში, ჩემ გარდა, 11 ბიჭი იყო, მხოლოდ სამმა მივიღეთ უმაღლესი განათლება, დანარჩენები ციხეში არიან, რამდენიმე სეპარატიზმშია ბრალდებული. როდესაც გაიგებენ, საიდან ვარ, მეუბნებიან, რუსეთი ძალიან მდიდარი ქვეყანააო. ვეუბნები, პროპაგანდას ხართ აყოლილი, იქაური მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკეში ცხოვრობს-მეთქი... ძალიან კარგია, რომ ახალ თაობას (არა მარტო) რუსეთისკენ, საბჭოთა სივრცისკენ გახედვაც არ უნდა. მათ მეტი ინფორმაცია აქვთ, გაფილტრული კი არა, რეალური. ამიტომაც ისწრაფვიან ევროპისკენ. ამიტომაც კარგად მესმის იმ ქართველი ახალგაზრდების, ვინც მარტში "აგენტების შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებდა.
ადრე, როდესაც იაკუტიის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობდი, სეპარატისტს მიწოდებდნენ. იმედი მქონდა, არსებობს შანსი, გადავირჩიოთ ეს ხელისუფლება და ალექსეი ნავალნის ან სხვა ოპოზიციონერს მივცეთ ხმა-მეთქი. ახლა მესმის, რომ ძალიან მიამიტი ვიყავი. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე წარმომედგინა. ადგილობრივებთან "ტვინის გამორეცხვის" მეთოდმა მშვენივრად იმუშავა და უამრავი ახალგაზრდა თავისი ნებით მიდის ომში "სამშობლოს დასაცავად". ყველაზე უარესი ის არის, რამდენიმე ეთნიკურად უკრაინელიც კი წავიდა რუსების მხარეს საომრად, ისინი, ვისი წინაპარი თავის დროზე უკრაინიდან იაკუტიაში გადასაახლეს. ნაწილი ფულის გამოც მიდის, რადგან, როგორც ვთქვი, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ პროპაგანდაც მუშაობს. ჩემი ნათესავი დები ამ ომმა გახლიჩა, რადგან ერთი უკრაინის მომხრეა, მეორე - რუსეთის... როდესაც უკრაინის მომხრე და მეორეს უგზავნიდა ვიდეოს, თუ როგორ ხოცავენ რუსი ოკუპანტები მშვიდობიან ადამიანებს, ის პასუხობდა, დაიმსახურესო. არიან ისეთებიც, ვინც აპროტესტებს ომს, მაგრამ უმეტესობა მხარს უჭერს.
როდესაც რუსი ოპოზიციონერები მეუბნებიან, მოსახლეობის უმეტესობა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია, მას მხოლოდ ძალოვანები უჭერენ მხარსო, ვეუბნები, რომ ტყუილია, მხოლოდ მათში არ არის პრობლემა - რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის "ღირსეული მემკვიდრეა", იმპერიული აზროვნება არსად წასულა, მათთვის მხოლოდ ერთი ეროვნება არსებობს - რუსი. უმეტესობისთვის სხვა ეროვნების ადამიანი მეორეხარისხოვანია. ამიტომაც, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს, უკრაინას ან რომელიმე სხვა ქვეყანას ესხმის თავს, პირველ რიგში, ომში არარუსებს უშვებენ, თან ამუნათებენ, დიდებული რუსეთისთვის, შენი დიდი სამშობლოსთვის თავის გაწირვის შანსი გეძლევაო.
- უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის დაშლაზეც დაიწყო საუბარი.
- ამაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება, უბრალოდ, რამდენიმე ადგილას შედარებით გააქტიურდა. ისინი, ვინც ქვეყნის გარეთ ვართ, იქ დარჩენილებს ვეხმარებით. პრიგოჟინის ბუნტმა აჩვენა, რომ პუტინის ხელისუფლება იმაზე სუსტია, ვიდრე აქამდე ჩანდა. თავიდან მეგონა, რომ ეს დადგმული იყო და პრიგოჟინი პუტინს მოღალატეების გამოვლენაში, ამასთანავე, ომში დაშვებული შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებაში ეხმარებოდა იმის წარმოსაჩენად, თითქოს მან მართლა არ იცოდა, რაც ხდებოდა და გარემოცვა ატყუებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნამდვილი აჯანყება იყო, რამაც რესპუბლიკებში უფრო დიდი იმედი გააჩინა.
ახლა რუსეთში ამბობენ, პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებსო. მისგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს მისი ბოლო ბრძანება იქნება, რადგან მისი გარემოცვა მასთან ერთად განადგურებას არ მოისურვებს. ბოლოს და ბოლოს, ოლიგარქებს პუტინი თავიანთი კეთილდღეობის გარანტად სჭირდებათ, არავის უნდა მას საფლავში ჩაჰყვეს. დასავლეთი ამას არ აპატიებს, ჩინეთმაც განაცხადა, რომ მაშინვე მკვეთრი რეაქცია ექნება. პროგიჟინის ბუნტის შემდეგ პუტინის რეიტინგი გარემოცვაშიც მკვეთრად დაეცა, პირველობისთვის ბრძოლა შიგნითაც დაიწყო. მე და ჩემი მომხრეები ბაშკირეთიდან, სათათრეთიდან, ინგუშეთიდან, იჩქერიის დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან და ა.შ., ვცდილობთ ხელისუფლების დეცენტრალიზაციას მივაღწიოთ, რასაც მოჰყვება რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ზოგი გაერთიანებასაც აპირებს. ეს დროის საკითხია... დასავლეთს უნდა გავაგებინოთ, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობაც გარდაუვალია და ყველა რესპუბლიკის რესურსი თვითკმარია. ეს ადვილი არ არის, მათ ეშინიათ რუსეთის თუნდაც ატომური იარაღის გამო, მაგრამ ის საბჭოთა კავშირის დროსაც არსებობდა და ის მაინც დაიშალა.
საქართველოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები არ იქნებოდა, რომ არა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი, ისევე, როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ იქნებოდა რუსეთის ჩარევის გარეშე. უკრაინასთან ომს არ წყვეტს, დროს წელავს, იქნებ რამე გამოუვიდეს. ბურიატს ან იაკუტიელს რა უნდა უკრაინაში, რატომ უნდა იბრძოდეს?
ბოლოს ყველა იმპერია მარცხდება, ამის ბოლოც ეს არის, ხალხთა შორის სისხლის ღვრა კი გენეტიკურ მეხსიერებაში რჩება. მონობაში გაზრდილი ხალხი ვერასდროს შექმნის თავისუფალ საზოგადოებას, თუ ბრძოლა არ დაიწყო.
რუსეთი დიქტატორული რეჟიმის დასამარცხებლად შიდა რყევების გააქტიურებაც საჭიროა. "რუს მოხალისეთა კორპუსს" თავისუფალი რუსეთი სურთ, თავის ისტორიულ საზღვრებში, და არა დერჟავა ასიათასობით გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე, რომელთაც განათლების მიღების საშუალებაც არა აქვთ და დღემდე ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, წყლისა და კანალიზაციის გარეშე. საბჭოთა კავშირი მორჩილებაზე იყო დაფუძნებული, ადამიანებს თავიანთი აზრი არ უნდა ჰქონოდათ, სიმართლე ის იყო, რასაც ხელისუფლება ეტყოდა.
ჩვენ პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ "რუს მოხალისეთა კორპუსსა" და "თავისუფლების ლეგიონს" ინფორმაციულად ვეხმარებით, ვცდილობთ მათზე მსოფლიოს მოვუყვეთ. ფინანსურადაც ვუმართავთ ხელს, დიდი თანხებით ვერა, მაგრამ როგორც შეგვიძლია. ძალიან არ მოსწონთ ეს ჩემს რუს მეგობრებს, მაგრამ მაინც ვამბობ - უკრაინაში მებრძოლი ყველა რუსი, ჩემი სისხლით ნათესავიც რომ იყოს, სამხედრო დამნაშავეა.
გასულ კვირას რუსეთში ჩემსა და ჩემს მეგობარ გოგონაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება აქედან არ გაგვასახლებს.
- ეს საფრთხე არსებობს?
- ეფ-ეს-ბეს საქმის შეკერვაში ბადალი არა ჰყავს - თუ პოლიტიკური მოტივი ვერ იპოვეს, სხვა რამეს მოიფიქრებენ, ნარკორეალიზატორობას ან ვინმეზე თავდასხმას დამაბრალებენ და საქართველოს ხელისუფლებას ეტყვიან, რომ დამნაშავეა, უნდა გადმოგვცეთო. პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მითხრა. უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე. თუ კიდევ მეტყვიან უარს, სხვა გზის პოვნა მომიწევს, რუსეთში დაბრუნება სიკვდილს ნიშნავს. ახლა რუსეთში სრული ქაოსია, იქ სიმართლის პოვნა შეუძლებელია.