როგორ მოხვდა უკრაინელების ტყვე ქართველი რუსეთის ციხიდან ფრონტის ხაზზე
"ჩემი სიტყვები გამართლდა! ეს კაცი გმირია! ნოდარ, ყოჩაღ მეგობარო!" - ასე ეხმაურება აფხაზეთის ომის ვეტერანი ზვიად ნადირაშვილი ნოდარ ბახტურიძეს, რომელიც უკრაინელებმა რამდენიმე რუს ჯარისკაცთან ერთად ტყვედ აიყვანეს. როგორც გაირკვა, ნოდარი მიზანმიმართულად ჩაჰბარდა უკრაინელებს და მათ ფასდაუდებელი სადაზვერვო ინფორმაციაც მიაწოდა. როგორც მოხვდა აფხაზეთის ომის ვეტერანი ნოდარ ბახტურიძე რუსულ არმიაში, რა გზა განვლო მან რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტის ხაზამდე და რა ხდება ახლა მის თავს, მისი მეგობარი ზვიად ნადირაშვილი და დისშვილი დავითი გვესაუბრებიან.
ზვიად ნადირაშვილი, მეგობარი: - უკრაინელებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ნოდარი ჰყვება. ნოდარმა თანამოსაკნეები, ოთხი თუ ხუთი კაცი, აიყოლია და პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაეწერა "ვეტერან ჩევეკაში" - თავდაცვის უწყების დანაყოფში, რომელმაც "ვაგნერს" ჩამოართვა პატიმრების რეკრუტირების უფლება და თავად შეითავსა. ნოდარსა და მის თანამოაზრეებს ათდღიანი გადამზადება გაატარეს და ბახმუტის მიმართულებაზე გაგზავნეს. მათ მეორე დღესვე მოიპარეს "ლიმონკები" და სავენტილაციო მილიდან სამეთაურო ბლინდაჟში ჩაყარეს. ხუთი თუ ექვსი მეთაური მოკლეს, გაიქცნენ და უკრაინელებს ჩაჰბარდნენ. თავიდან ნოდარი ვიღაც გივი ეგონათ, რომელიც სეპარატისტია და რუსების მხარეს იბრძვის.
- თქვენ იცოდით, რომ ნოდარი ჩაბარებას აპირებდა?
- მე და ნოდარს სისტემატური სატელეფონო საუბრები გვქონდა.
- ციხიდან ტელეფონით გესაუბრებოდათ გაქცევის შესახებ?
- რუსეთში ყველა სისტემაში კორუფციაა. რუსულ ციხეებშიც ქაოსია. ნოდარის საუბარს არავინ აქცევდა ყურადღებას, მით უფრო, მის ქართულს არ დაუწყებდნენ თარგმნას. რუსებმა რა იცოდნენ, რომ ნოდარი აფხაზეთში ომის მონაწილეა და ერთი დღითაც კი არ გამოსულა ფრონტის ხაზიდან! როდესაც ტელეფონით ვსაუბრობდით, ვუთხარი, 50/50-ზეა შენი გადარჩენის შანსი, ნაცრისფერი ზონა მთლიანად დანაღმულია-მეთქი. ნაცრისფერი ზონა რუსებსა და უკრაინელებს შორის არსებული ტერიტორიაა. ნოდარმა თქვა, თუ გადავრჩები, გადავრჩები, თუ არადა, რას ვკარგავო. ჩ-ჰეპატიტი აქვს, ციხეში კიდევ ხუთი წელი ვეღარ გაძლებდა. ეს მისი ერთადერთი შანსი იყო, რომელიც კარგად გამოიყენა და ხუთი თუ ექვსი რუსი მეთაურიც კობზონთან "გაამგზავრა".
- მას შემდეგ, რაც უკრაინელების ტყვეა, თუ მოგეცათ მასთან საუბრის შესაძლებლობა?
- ნოდარი ჯერ კავშირზე არ გამოსულა. ტყვედ ჩაბარების შემდეგ ორთვიანი საგამოძიებო სამუშაოა ჩასატარებელი. ერთი თვე უკვე გავიდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი თვეც და, ნოდარ ბახტურიძე თავისუფალი იქნება. ორი კვირის წინ უკრაინის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გავიდა ინტერვიუ ნოდარ ბახტურიძესთან. ეს არ იყო ინტერვიუ სამხედრო ტყვესთან, ნოდარი საუბრობს როგორც სამხედრო ანალიტიკოსი, ყურადღებას ამახვილებს რუსული არმიის სუსტ მხარეებზე. ძალიან აკადემიურად და კომპეტენტურად გადმოსცემს თავის მოსაზრებებს. სხვათა შორის, იქვე შეგიძლიათ ნახოთ უკრაინელების კომენტარები, აღფრთოვანებული არიან ნოდარის საუბრით. იმავეს ვერ ვიტყვი ქართველებზე, ზოგიერთი წერს, რომ მას შეიძლება უკრაინელები ჰყავს დახოცილი და ა.შ. ათას სისულელეს ამბობენ, არადა, კაცს ერთი დღეც არ უბრძოლია რუსების მხარეს, როგორც კი ბახმუტში ჩაიყვანეს, მაშინვე გაიქცა. კაცმა ციმბირის ციხიდან მოახერხა გაქცევა, რუსი ოფიცრები დახოცა და უკრაინას ფასდაუდებელი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა. ყველაფერის თქმა არ შეიძლება, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ნოდარმა უკრაინას მაგარი საქმე გაუკეთა, რუსეთის სპეცსამსახურებს კი ზურგში მახვილი ჩასცა. ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთი მებრძოლით. ქართველები ერთმანეთის მიმართ რატომღაც ძალიან დაუნდობლები ვართ. უცხოს უფრო ადვილად ვენდობით. უკრაინელები ნოდარს ძალიან აფასებენ.
- იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბობთ ნოდარის საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ? რა ვითარებაში შეხვდით ერთმანეთს, როგორ დამეგობრდით?
- მე და ნოდარი ბავშვობის მეგობრები ვართ. ორივე სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში დავიბადეთ და გავიზარდეთ. სკოლა დავამთავრეთ თუ არა, ომიც დაიწყო და ჩვენც იარაღი ავიღეთ ხელში. ნოდარი ახალციხის ბატალიონს შეუერთდა, მე - "შავნაბადას". ომის დროს პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს. ეგენი უფრო ტყვარჩელის მიმართულებაზე მუშაობდნენ. ნოდარი დივერსიულ, სადაზვერვო მოქმედებებში იყო ჩართული. მოჭადრაკის აზროვნება ჰქონდა. ომში ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამბედაობაზე მნიშვნელოვანიც! თითქოს ზემოდან დაჰყურებდა ბრძოლის ველს, ისე ალაგებდა და აკავშირებდა ყველაფერს. გამორჩეული აზროვნების იყო, განსაკუთრებული მათემატიკური შესაძლებლობები ჰქონდა. ამას გარდა, ისტორიაზე, ქიმიაზე, ბიოლოგიასა და ფიზიკაზე სპეციალისტის დონეზე შეუძლია საუბარი. კვანტური ფიზიკა ზოგიერთ ფიზიკოსზე უკეთ იცის. ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მუდამ გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა.
- რუსეთში როგორ აღმოჩნდა?
- არავინ იცი, ცხოვრება ვის სად წაიყვანს, ნოდარს უმძიმესი სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. ციმბირში მისი ნათესავი ცხოვრობდა. აქ არავინ დააფასა მისი შესაძლებლობები, ადგა და წავიდა. მერე ცოლი შეირთო და ჩარჩა. იაპონიიდან მანქანები გადმოჰყავდა.
- მისი ოჯახის შესახებ რა იცით?
- ორი შვილი ჰყავს. როგორც კი ციხეში მოხვდა, ცოლმა მიატოვა. სულ ვეჩხუბებოდი, შენი ინტელექტის კაცს რა უნდა ციმბირში-მეთქი. თავადაც ძალიან განიცდიდა, ამბობდა, სრული სიბნელე და უკუნია ამათ თავებშიო.
დავით მერებაშვილი, დისშვილი: - ნოდარს ბოლოს მაისის დასაწყისში ვესაუბრეთ. ვიცოდი, ბიძაჩემი რასაც აპირებდა და უკრაინელ მებრძოლებს დაუყოვნებლივ შევატყობინე, ესა და ეს კაცი გადმოვა საზღვარზე და სხვებსაც გადმოიყვანს-მეთქი.
- მისი შვილების შესახებ რას გვეტყვით?
- უფროსი 22 წლის არის, პატარა - 13 წლის. მათი უსაფრთხოებისთვის ბევრს ვერაფერს გეტყვით. ბიძაჩემს სამშობლო ძალიან უყვარს, ნამდვილი პატრიოტია. პრინციპული ადამიანი, ციმბირში ქართულ დროშას დააფრიალებდა. მანქანაზეც დროშა ჰქონდა, სახლშიც, შვილებს ყველგან ჩოხებით დაატარებდა. სულ რუსების გინებაში იყო, ღორებს ეძახდა.
- ციხეში რის გამო მოხვდა ან რამდენი წელი ჰქონდა მისჯილი?
- ისეთი კაცის მკვლელობა დააბრალეს, ვისაც არც იცნობდა. მკვლელობა იმ რესტორანში მოხდა, სადაც ბიძაჩემი ქეიფობდა. ნოდარმა მოითხოვა, კამერების ჩანაწერები ამოიღეთო, მაგრამ რომ მივიდნენ, უკვე წაშლილი იყო. ვერანაირი ნივთმტკიცება ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც ჩააგდეს ციხეში.
- არ ცდილობთ მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვებას?
- ვიცით, რომ სადაც არის, ორი თვის განმავლობაში მასთან ვერც ვერანაირი ინფორმაცია შევა და ვერც გამოვა, თანაც ბიძაჩემი ისეთი პრინციპული კაცია, არ უყვარს მის საქმეში ზედმეტად რომ ერევიან. როდესაც თავად მიიჩნევს საჭიროდ, მაშინ გამოვა კავშირზე. ბიძაჩემს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა და ამ ყველაფრის დაზუსტებას, გაანალიზებას დრო სჭირდება. ახლა ჩვენი აქტიურობა საჭირო არ არის.
ხათუნა ბახტურიძე