მეხსიერებას შემონახული თავისუფალი ირანი - კვირის პალიტრა

მეხსიერებას შემონახული თავისუფალი ირანი

„ჩემი მშობლები იცავდნენ თავისუფლებას პირად სივრცეში, ოჯახში, ოჯახურ შეკრებებზე ჩვენ ჰიჯაბი არ გვეფარა“

"ჩემს მშობლებს ჰქონდათ უამრავი მოდური გამოცემა წლების მიხედვით. ბავშვობაში, როდესაც ვათვალიერებდი, წარმოვიდგენდი ამ სულ სხვა სამყაროს, რომელიც­ ოდესღაც ჩემი მშობლების რეალობაში არსებობდა - ეს იყო ირანი 1979 წლის რევოლუციამდე", - იხსენებს ირანელი აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი მარიამ შარიფი. მარიამი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ მუდმივად აქვს კავშირი ირანში მეგობრებთან. როგორც ამბობს, ირანში მიუხედავად აკრძალვებისა, იატაკქვეშა მოდის ჩვენებებიც იმართება. რა შემოინახა მეხსიერებამ თავისუფალი ცხოვრების ეპოქიდან და არსებობს თუ არა ფოტოები, რომლებიც გასული საუკუნის ისტორიას გვინახავს? - ამ კითხვებს მარიამ შარიფი­ უპასუხებს:

irani5-1688900955.jpg

- როდესაც ისლამური სახელმწიფოს მმართველობა დაიწყო ირანში, აკრძალეს ყველაფერი, რაც რევოლუციამდე არსებობდა ადამიანების ცხოვრებაში, მაგალითად, კასეტები, რომელზეც ირანელი შემსრულებლების სიმღერები იყო ჩაწერილი, 1979 წლამდე გადაღებული ირანული ფილმები, ჟურნალები, გაზეთები - ყველაფერი, რაც წინა წლების მოგონებებს უკავშირდებოდა. ხალხს ეშინოდა სახლში ამ ნივთების გაჩერების, თუმცა ზოგიერთი ოჯახი მაინც ინახავდა.

- სახლში ჟურნალების ქონას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა?

- პოლიციაში არსებობდა სპეციალური სამსახური, დადიოდნენ ოჯახებში და ეძებდნენ კასეტებს, ჟურნალებს, ვიდეოკასეტებს, - პოლიციის ამ დანაყოფს კონკრეტულად ეს ევალება. ეს ემსახურებოდა ისტორიის, მეხსიერების წაშლას. რევოლუციამდელი ირანის ფოტოებს ინტერნეტში ბევრგან წააწყდებით, სადაც გოგონები, მოკლე ქვედაკაბებსა და საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი, თუმცა ამ ფოტოების ნახვა ან ძველი ჟურნალ-გაზეთების მოძიება თავად ირანში გაგიჭირდებათ, რადგან, როგორც მარიამი ამბობს, "ყველაფერი, რაც თავისუფალ ცხოვრებას გვახსენებდა, აკრძალეს".

irani3-1688900954.jpg

ისლამურმა მმართველობამ ყველაფრის შეცვლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყო. ხალხს ჰგონია, ისინი მოვიდნენ და უცებ შეცვალეს ყველაფერი, ერთ ღამეში, მაგრამ ასე არ არის. მათ არასდროს უსაუბრიათ ცვლილებებზე, არასდროს უთქვამთ, რომ სურდათ ძირეული ცვლილებები შეეტანათ, მაგალითად, ქალთა უფლებების დაცვაში. თავიდან თქვეს, რომ ქალს ჰიჯაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეტარებინა, თუ ის სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა. პირველად ქალებს სამსახურში ჰიჯაბის გარეშე მისვლა აეკრძალათ, შემდეგ ეს კანონი ამოქმედდა სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, შემდეგ დაიწყეს ქალებისა და მამაკაცების დაყოფა სასწავლო დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებშიც. ამას მოჰყვა ჰიჯაბის ტარების დაწესება ქუჩებსა და სახლებშიც კი. ჰიჯაბის გარეშე ყოფნა დაუშვეს მხოლოდ ძმასთან, მამასა და ქმართან. ბევრმა ოჯახმა, რომლებისთვისაც განათლება იყო პრიორიტეტული, არ დაიცვა ეს კანონი, კონკრეტულად კი პირად სივრცეში ჰიჯაბის ტარება. ჩემმა ოჯახმა არ გადაყარა ძველი ჟურნალები და კასეტები. როდესაც 3-4 წლის ვიყავი, ან ოდნავ დიდი, სულ მახსოვს ის შიში, როდესაც პოლიცია მოდიოდა სახლში.

- იპოვეს რამე?

- ჩემს მშობლებს ვიდეოკასეტებისა და ჟურნალების დიდი კოლექცია ჰქონდათ, ბევრი მათგანი მამამ არ გადაყარა. საგულდაგულოდ მალავდა ხოლმე, რომ არ ეპოვათ, როდესაც მოდიოდნენ, მთელ სამეზობლოში ვრცელდებოდა ხმა, რომ პოლიციას დაწყებული ჰქონდა ჩხრეკა, ამიტომ ვასწრებდით დამალვას, რათა არაფერი აღმოეჩინათ. იმხანად მამა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და მას უფრო მკაცრად აკონტროლებდნენ. მამას კასეტების დამალვაში ბადალი არ ჰყავდა, რომ ეპოვათ რამე, აუცილებლად დაკარგავდა სამსახურს. ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის.

ხალხი მალავდა სატელევიზიო ანტენებს, რათა სხვადასხვა არხი დაეჭირა და ინფორმაცია მიეღო არა მარტო ირანში ნებადართული, არამედ სხვა არხებიდანაც. ჩემი მშობლები ყოველთვის იცავდნენ თავისუფლებას პირად სივრცეში, ოჯახში, ოჯახურ შეკრებებზე ჩვენ ჰიჯაბი არ გვეფარა.

irani2-1688900954.jpg

- როგორც ახსენე, ქალების ცხოვრება და სამოსი ეტაპობრივად შეიცვალა. მაშინ იყვნენ ქალები, რომლებმაც ეს გააპროტესტეს?

- მშობლებისგან გამიგონია და წამიკითხავს კიდეც, რომ ბევრმა ქალმა გააპროტესტა, მაგრამ ისინი გააჩუმეს, დასაჯეს და ქალებიც დანებდნენ. როდესაც ირანის რევოლუცია მოხდა, მოსახლეობის მხოლოდ 40%-მა იცოდა წერა-კითხვა. Aასე რომ, ბევრი ადამიანი გაასულელა აიათოლა ხომეინიმ. ჩემი აზრით, ეს იყო განათლების პრობლემა, გაუნათლებელი ადამიანის მართვა მარტივია, მაშინ ადამიანებს არ უნდოდათ მონარქი, მაგრამ უნდოდათ უკეთესობა.

- დღეს არსებობს მოდა ირანში?

- ინტერნეტი ძალიან ცოტას აქვს. ჩვენ არა გვაქვს მოდური გამოცემები ან სამოდელო სააგენტოები ირანში, მაგრამ ნიჭიერი მოდელები, დიზაინერები და ფოტოგრაფები გვყავს და ისინი მართავენ დახურულ ჩვენებებს, რომლებსაც მხოლოდ ქალები ესწრებიან, ზოგჯერ მამაკაცებიც.

ჩვენთან იატაკქვეშა მოდაა, რის შესახებაც პოლიციამ არაფერი იცის. ირანში დაშვებულია მოდა, რომელიც ისლამურ სტანდარტებში ჯდება, ჩვენებებიც მხოლოდ ამის შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ იატაკქვეშა წვეულებაზე მოდურად ჩაცმული გოგო-ბიჭების ნახვა შეიძლება. როდესაც სტუდენტი ვიყავი და არალეგალურ წვეულებაზე მივდიოდი, მეც და ჩემი მეგობრებიც სახლიდან დაშვებული სამოსით გავდიოდით, შემდეგ ვიცვლიდით და წვეულებაზე რაც გვინდოდა, ის გვეცვა. იყო შემთხვევები, როდესაც ზნეობის­ პოლიციას დავუჯარიმებივარ ჩაცმულობის გამო. ადრე ასე იყო, ზნეობის პოლიცია გაკავებდა, მიჰყავდი პოლიციაში, იქ იყავი რამდენიმე საათი, შემდეგ რეკავდნენ ოჯახში, რომ ოჯახის წევრებს დასაშვები სამოსი მოეტანათ და მხოლოდ ამის შემდეგ გიშვებდნენ. ახლა გაჯარიმებენ, მაგრამ თუ აქტივისტი ხარ, დაგაკავებენ და შესაძლოა 10-დან 20 წლამდე პატიმრობა მოგისაჯონ.

irani4-1688900955.jpg

- დღეს რა ხდება ირანში?

- მთავრობისგან უკეთესობის ტენდენცია არ შეიმჩნევა, მაგრამ ხალხი შეიცვალა. როდესაც ირანში ვცხოვრობდი, კამპანია "თეთრი ოთხშაბათის" მონაწილე ვიყავი. ეს კამპანია 2017 წელს ჟურნალისტმა და აქტივისტმა მასიჰ ალინეჟადმა წამოიწყო. თავიდან რამდენიმე გოგო შეუერთდა. ოთხშაბათობით თეთრი სამოსის ტარებით ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ, ამით ვაჩვენებდით ყველას, რომ ქალები ერთიანი ვართ. ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი მოიხადა და ამ საქციელით ყველანი დაგვაფიქრა, იყო ვიდა მოვაჰედი, რომელიც 2017 წელს თეირანის ცენტრალურ ქუჩაზე შემაღლებულ ადგილას დადგა და ჰიჯაბი მოიხადა, სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო ცვლილებები, ამ დღის შემდეგ დაფიქრდა ბევრი ქალი და დაიწყეს ბრძოლა. ჰიჯაბი ძალიან ძლიერი იარაღია მთავრობისთვის, ამით ეუბნებიან ქალებს, შენ არ განაგებ შენს ცხოვრებას, შენ არ განაგებ შენს სხეულს, თმას, შენ უნდა იყო კანონის მორჩილიო. დღეს ქალების უმრავლესობა ჰიჯაბის გარეშე დადის. ზნეობის პოლიცია მათ აჯარიმებს, ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 100-200 ლარია, მაგრამ არ დარდობენ, იხდიან ჯარიმას და აგრძელებენ ცხოვრებას. დღეს უფრო ბევრი ვართ, ვიდრე წლების წინ ვიყავით.