ბულინგი - მენტალური ომები - კვირის პალიტრა

ბულინგი - მენტალური ომები

არაერთი საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ბულინგი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების თანახმად, საქართველოში ბავშვებზე ძალადობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური). ფსიქოლოგების აზრით, ბულინგის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ამ მოვლენას დიდხანს არ აღიქვამდნენ პრობლემად. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება დიდხანს ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისაგან, ჰქონდეს მუდმივი შიში, შფოთვა, დამცირების შიში, მოჭარბებული აგრესია თუ თვითშეფასების დაქვეითება, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველია.ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც თავისი თანატოლებისგან განსხვავდებიან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. ბულინგის პრობლემაზე ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს ვესაუბრეთ.

- რა უბიძგებს მოზარდს გახდეს მჩაგვრელი­ და რატომ ითვლება თანატოლებში ასეთი ტიპი პოპულარულად?

- საქმე იმაშია, რომ ადამიანი ადამიანური რომ გახდეს, უნდა აკრიფოს ისეთი ღირებულებათა სისტემა, რომელიც მას საზოგადოებისთვის ნორმალურ წევრად აქცევს. როცა ღირებულებების შემქმნელი ინსტიტუტები, ასე თუ ისე, ვერ ფუნქციონირებს და მოშლილია, მაშინ საქმე გვაქვს ბუნებრივ იერარქიასთან. ბუნებრივ იერარქიაში კი პირველი ადამიანი ხდება ის, ვისაც ძალა გააჩნია, ანუ ვისაც შეუძლია აგრესიული იყოს და დაჩაგროს - ესაა ბუნებრივი მდგომარეობა. როდესაც სოციალიზაციის პროცესი მიდის და ადამიანი ღირებულებებს ეცნობა, ის საზოგადოებაში მიღებული ნორმების მიხედვით ცვლის თავის დამოკიდებულებას. მაგალითად, ბულინგი სკოლაში უფრო გავრცელებულია, ვიდრე უმაღლეს სასწავლებელში. რატომ? იმიტომ რომ ის გადავიდა სხვა სტატუსში, სხვა ღირებულებებსა და მოთხოვნებში და თუ ვიღაცას სკოლაში ველური ძალა პოპულარობის ნიშნად მიაჩნია, უმაღლეს სასწავლებლებში ეს ველური ძალა აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტიპი იყოს პოპულარული, იქ სხვა ღირებულებები შემოდის. საზოგადოება ადამიანს არ უწყობს ხელს იმაში, რომ ღირებულებების გათავისება მოხდეს, რადგან თვითონ საზოგადოებას ვერ გაურკვევია, რომელ ღირებულებებზე უნდა აღიზარდოს პიროვნება - ერთი ერთს ეუბნება, მეორე მეორეს, მესამე კი ღმერთმა უწყის, რას ეუბნება, აქედან გამომდინარე, ღირებულებების შემქმნელი ინსტიტუტები მოშლილია.

- არის შემთხვევები, როცა მშობლები უბიძგებენ შვილებს ძალადობისკენ იმ მოტივით,­ რომ შვილი "ბრძოლისუნარიანი" იყოს და "არავის დაეჩაგვრინოს" (მაგ. ახლახან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბავშვები აჩხუბა და ვიდეო­ გადაუღო. თვითმხილველები განმარტავენ, რომ მამაკაცი 11 წლის შვილს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა). არის ეს მიდგომა სწორი?

- მე იმ მშობლის მესმის, რომელიც ასე არიგებს ბავშვს იმისათვის, რომ არავინ დაჩაგროს. ის ფიქრობს, რომ ზრდის ადამიანს, შვილს, რომელსაც თავის დაცვა შეუძლია. თეორიულად, სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ადამიანს თავის დაცვა უნდა შეეძლოს. რატომ ენდომება მშობელს მისი შვილი იყოს უუნარო და უსუსური (პირობითად ვამბობ)? მშობლის მისწრაფებები გასაგებია, მაგრამ აქ, ამ მშობლის შემთხვევაში, არასწორი მომენტია, რომ აღზრდის პროცესში ბავშვებს ყველაფერზე ეუბნებიან "შენ უნდა იბრძოლო, შენი ადგილი უნდა დაიმკვიდრო" და ა.შ. როცა ახსენებ ტერმინს - ბრძოლა, მას აქვს თავისი შემადგენელი ელემენტები, ის, რაც მოჰყვება ბრძოლის ტერმინს, ესენია: მარცხი, გამარჯვება და მტერი. თუ მე რაღაც ადგილზე ვარ ერთ-ერთი კანდიდატი, მაგ. უმაღლესში ვაბარებ, ან სამსახურში ვეწყობი, ცხოვრება თუ ბრძოლაა, მაშინ მეორე ადამიანი, რომელსაც იმავე ადგილზე აქვს პრეტენზია, იმავე ადგილის დაკავება სურს, ჩემთვის აღიქმება როგორც მტერი, რადგან მასწავლეს, რომ ყველაფერი ბრძოლაა. აქედან გამომდინარე, თუ ის მტერია, მტერი უნდა დავამარცხო და მასთან ბრძოლის ყველანაირი მეთოდი დასაშვებია. ამიტომ აღზრდის პროცესში არაა საჭირო, ადამიანს ბრძოლის ტერმინებით დაანახო მთელი ცხოვრება, უძახო, რომ ცხოვრება ბრძოლაა. ასეთ შემთხვევაში ის მოწყვლადი ხდება, ანუ რადგან ბრძოლის ელემენტებია გამარჯვება და მარცხი, დამარცხების შემთხვევაში, ეს თვითშეფასებას ურტყამს, დეპრესიაც მეტია და ადამიანი გაცილებით დაუცველი ხდება.

ეს კი იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ავაგე რაღაცასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, რომ მგონია შვილს მაგრად ვზრდი, რეალურად, მას ძალიან მართვადს ვხდი პროცესების მიმართ (ამ ადამიანმა ორჯერ რაღაც თუ ვერ მიიღო, ის ამას განიცდის, როგორც მარცხს და ცუდადაა). ამიტომ იმ მშობელს, რომელსაც უნდოდა, რომ შვილი გამოეყვანა ძლიერი და ვითომ დაცული, რეალურად, ძალიან მოწყვლადი გამოიყვანა. არ ჯობია, შვილს ავუხსნათ, რომ იყოს გონიერი. გონიერებას მარცხი არ ახასიათებს, რაღაცა თუ ვერ მიიღე, გონიერება ნიშნავს იმას, დაფიქრდე, თუ როგორ უნდა მიგეღო ის, რა უნდა გესწავლა, როგორ მოქცეულიყავი... ეს თვითშეფასებაზეც ნაკლებად მოქმედებს იმიტომ, რომ ამ შემთხვევამ მე უფრო გონიერი უნდა გამხადოს, პირველ შემთხვევაში კი დამარცხებული და წაგებული ვარ. მე რომ მგონია, შვილს კარგს ვუკეთებ, რეალურად, საბრძოლო ტერმინების ცხოვრების ტერმინებში აღრევას ცუდ შედეგამდე მივყავართ.

- რა არის მოხშირებული ვერბალური, თუ ფიზიკური ბულინგის მიზეზი, რა უქმნის ამ პრობლემას ნოყიერ ნიადაგს და მასთან ბრძოლის რა მექანიზმები არსებობს?

- ბულინგი ეს არის ჯგუფის მიერ ერთი პიროვნების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა, შეტევა საჯარო სივრცეში ან დახურულ ჯგუფში. ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და რატომღაც ამაზე პასუხს არავინ აგებს. როცა მოზარდებზე ვლაპარაკობთ, სოციალური ქსელი ნახეთ და მიხვდებით, რომ სანამ მოზარდებს მოვთხოვთ პასუხს (რომლებსაც ჯერ კიდევ რაღაცები ვერ გაუაზრებიათ), ჯერ ზრდასრულებს შევხედოთ, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და მათ არ აქვთ გააზრებული. ვიღაცას რაღაცას რომ სთხოვ, ჯერ შენი თავი უნდა მოაწესრიგო. დღეს ტოტალური ბულინგია გინდ ტელევიზიით, გინდ - სოცქსელებით. ერთ ჯგუფში საკმარისია ვიღაცამ რაღაც აზრი გამოთქვას და იმის მაგივრად, რომ შენს აზრზე არგუმენტირებულად გითხრა, ამაში არ ხარ სწორი ამიტომ და იმიტომ, ამის ნაცვლად მიდის ლანძღვა-გინება და ყველაფერი საშინელება. პრობლემა ამ "მოდაში" უნდა ვეძიოთ და სანამ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ეს კოლექტიური შეტევა არ შეწყდება, არაფერი გამოვა.თუ ახალგაზრდა ვარ და ასეთი გარემო მაქვს, ვხედავ, ამ გარემოში დიდები ასე იქცევიან, მე რას მერჩი? მოზარდს რას ვერჩით, თვითონ დიდებში, ზრდასრულებში არაა ეს გათვალისწინებული. სოცქსელში შედით და ნახეთ ბულინგის შემთხვევები ერთი დღის განმავლობაში და მიხვდებით, რა მდგომარეობაა. იქ უკვე მოზარდებზე კი არაა ლაპარაკი, არამედ ზრდასრულ, უმაღლეს განათლებამიღებულ ადამიანებზე.

აგრესია არის ბუნებრივი, თანდაყოლილი ინსტინქტი. აგრესიის მართვა არ ხდება ნორმებით. მე ვიღაცას არ უნდა დავარტყა იმიტომ, რომ ვიცი, ვატკენ, ეს არის აღებული ნორმა (გინდაც რელიგიიდან, კულტურიდან, ან მორალიდან), თორემ ისე, მე თუ ეს არ ვიცი, ვიქცევი ბუნებრივად, ხოლო ბუნებრივად ვიქცევი ასე. ლაპარაკია იმაზე, რომ ის ნორმები, რომლებიც ადამიანს არ აქცევს საზოგადოების წევრად, არ მუშაობს, ამ ნორმას მთელი ძალით არც ერთი ინსტიტუტი არ აგენერირებს და პლუს ამას, არის განსხვავებული ნორმები - ვიღაცა ერთს ბოდავს (დიდ ჯგუფებზე ვლაპარაკობ), ვიღაცა - მეორეს, წინწასული და პროგრესული ნაწილი (თვითონ როგორც უწოდებენ თავს) - სხვას და ვერც კი მიხვდები, რაზე ჩამოყალიბდა საზოგადოება. ეს ჯგუფები სხვადასხვა რამეს ლაპარაკობენ და საიდან უნდა ავიღო, რომელი ქცევაა სწორი და დაფასებული? ქცევითი მოდელი ხომ უნდა მქონდეს?

მითხარით, საქართველოში რისი პროპაგანდა მიდის? პროპაგანდა კი ცუდად ჟღერს, მაგრამ თავისთავად, პროპაგანდა ცუდი არაა, გააჩნია, რას პროპაგანდირებ, რა საკითხი გაგყავს (მაგ. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა). თუ ამ ინსტიტუტებმა არ იმუშავეს საიმისოდ, რომ მოზარდი საზოგადოების ნორმალურ წევრად ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში რაღაც წესები დაიცვას, მაშინ სულ გაუგებრობები გვექნება.

- დროთა განმავლობაში როგორ პიროვნებად ყალიბდება მჩაგვრელი, და როგორად ბულინგის მსხვერპლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ტრავმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება გაჰყვეს...

- მჩაგვრელი ბოლომდე მჩაგვრელად ყალიბდება, მსხვერპლის როლი ვისაც აქვს - მსხვერპლად. მუდმივი ჩაგვრის შედეგად შესაძლოა ვიგრძნო, რომ მსხვერპლი ვარ, სუიციდით დავამთავრო, ან მოვშორდე იმ ადგილს, სადაც მსხვერპლი ვარ. ან მე თვითონ გავხდე მჩაგვრელი და დასწრებაზე ვიმოქმედო. მჩაგვრელის როლი ხომ თითქოს გასაგებია - ვიღაცას ჩაგრავს, მაგრამ არის ტიპი, რომელიც მუდმივად მსხვერპლის როლშია. არაა ეს მარტივად ასახსნელი, მაგრამ ის თვითონაა შეგუებული მსხვერპლის როლს და ყოველთვის მსხვერპლი ხდება ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ჩაგრავს, არამედ მისი სოციალური როლიდან გამომდინარეა მსხვერპლი. ზოგადად, ცნება ბულინგი დასავლეთის კულტურა უფროა. ერთი მხრივ, თითქოს საზოგადოება არის დემოკრატიული, სადაც გამოხატვის უფლება არავის აქვს შეზღუდული, მაგრამ ამ აზრის გამოხატვაში გავიდა ბულინგიც, ანუ ეს შეფარულია. მაგალითად, მე რომ თქვენზე რაღაც დავწერე, გაგლანძღეთ, იქ კიდევ 20 კაცი ამყვა, ამ დროს მე ვამბობ, რომ ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება - ერთი მხრივ, მე მაქვს გარანტირებული უფლება ვილაპარაკო, მაგრამ რომ ვლაპარაკობ, თან გაბულინგებ.

სს კოდექსში მარტო ერთი მუხლია, რომელიც ამის წინააღმდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, ესაა თვითმკვლელობამდე მიყვანა. ანუ ადამიანმა თავი თუ მოიკლა, მერე აღიძვრება სს საქმე. აუცილებელია ადამიანმა თავი მოიკლას, ზომები რომ მიიღონ? ვთქვათ, თავი არ მოიკლა, მაგრამ ინფარქტი, ან ინსულტი დაემართა, ფსიქიკა დაუზიანდა და ამაზე პასუხისმგებლობა არავის აქვს. მაინცდამაინც თავი უნდა მოიკლას ადამიანმა, ვიღაცამ ყურადღება რომ მიაქციოს? შეიძლებოდა დაფიქრება იმაზე, თუ როგორ უნდა იყვნენ პოტენციური მსხვერპლი ადამიანები ბულინგისგან დაცული. არის მეორეც - საზოგადოებრივი აზრი, სწორედ საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს ბულინგის მიმართ ძალიან არაშემწყნარებლური, ბულინგი არ უნდა გაუტარონ, ან კანონი უნდა იყოს საამისოდ. ამის წინააღმდეგ არანაირი მექანიზმი არ არის და გარემო არის აგრესიული. ადამიანს მიაჩნია, რომ ფიზიკურად თუ იძალადებს, ფაქტი სახეზე იქნება და ამისთვის პასუხს აგებს, დაიჭერენ, ამიტომ მისთვის უფრო მოსახერხებელია ვერბალურად იძალადოს, ვინაიდან ამაში მას ბევრი რამ იცავს. თქვენ რომ მისაყვედუროთ, რატომ თქვი ასე, მე გეტყვით, რომ ჩემი უფლებაა აზრი გამოვხატო და დამთავრდა. ფიზიკურ ძალადობაზე ადვილი მტკიცებულება გაქვს - დაზიანებაა, კვალია, აქ კი ცოტა ისეთი ამბავია, თუ არ შევიდა დეფინიცია, რას რა ეწოდება, დასაბუთება მოუხერხებელია. თუ მოინდომებენ, ამის კანონის დონეზე დარეგულირება შეიძლება. იმდენი სისულელეა აქამდე დარეგულირებული, რომ ამის დარეგულირება რა პრობლემაა, უბრალოდ, სურვილი უნდა იყოს. მაინცდამაინც ვიღაცამ თუ არ გითხრა უცხოეთიდან, ეს კანონია საჭირო და მაგას მიხედეო, მანამდე ჩვენ ხომ არ ვიცით ყურის შებერტყა? შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა არის კარგი შენი ქვეყნისთვის, შენი საზოგადოებისთვის და ასე მიიღო გადაწყვეტილებები.