„კანონი უნდა კანონობდეს“ - კვირის პალიტრა

„კანონი უნდა კანონობდეს“

ბოლო ხანებში გახშირდა იმ პირებზე თავდასხმა, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვთ პოლიტიკასთან. ბევრი ვარაუდობს, მსგავსი საქციელით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარს ვუახლოვდებით და დროულად უნდა მოვეგოთ გონს. ამ თემაზე პოეტ ერეკლე საღლიანს ვესაუბრეთ:

- ყველაზე დიდი დამადასტურებელი სისუსტისა, ის არის, რომ ფიზიკური ძალის გარდა, არ გაგაჩნია მოწინააღმდეგის დამარცხების საშუალება. მთავარია იდეა, რომელსაც ვერც მუშტით და ვერც იარაღით ვერ დაამარცხებ - იდეა იდეით უნდა დაამარცხო, მაგრამ იდეაც არის და იდეაც... შეიძლება ამ იდეაში დიდი უხამსობაც იდოს. შესაძლებელია ეს უხამსობა განპირობებული იყოს შენი წონასწორობიდან გამოყვანის მიზნით, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენი საცდელია. ამისდა მიუხედავად, მოწინააღმდეგის ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ იქნება გამართლებული. როცა უწმინდესსა და უნეტარესს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებ, როცა სიწმინდეებს აგინებ, აღარაფერს აღარ ტოვებ, ბუნებრივია, რეაქციას იწვევს, თუმცა უარყოფითს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ბევრს პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად სჭირდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, თუ ებრძვი მოწინააღმდეგეს, შენს მხარეზე უნდა იყოს სამართალი. თუ შენს მხარეზე არაა, გამოდის, ეს ბრძოლა, სამართლიანობისთვის კი არ არის, არამედ ძალაუფლების მოსაპოვებლად. რასაც ვუყურებ, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ძალაუფლებისთვის იბრძვის - ზოგი შენარჩუნებისთვის, ზოგი თავიდან მოპოვებისთვის, მაგრამ უკვე ხალხის არჩევანს აღარ ენდობიან, იმიტომ რომ ხალხმა გამოცდილება შეიძინა. რჩებათ ერთადერთი გზა - რევოლუცია, მაგრამ ქართველი ხალხი აღარ არის იმ მდგომარეობაში, 21-ე საუკუნის დასაწყისში რომ იყო. გამოცდილებას ვგულისხმობ.

- შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს ასეთმა ქცევამ...

- ვიღაც-ვიღაცებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, ის არის, რომ ჩუმად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

- ჩვენს საქმეში რას გულისხმობთ?

- თუნდაც იმას, რომ მაგალითად, ქორეოგრაფთა კავშირში გახლდით, სადაც გაიმართა ბავშვების საჩვენებელი გამოსვლა. იქ, ასობით ბავშვი ეუფლება ქართული ხელოვნების დიდ საიდუმლოებებს. ის ქორეოგრაფები, ჩემი აზრით, გმირები არიან, რადგან, დიდი სპარტაკ ბაღაშვილის სიტყვებს მოვიშველიებ, ქართულ სულს უხდიან ბეგარას. პოლიტიკოსიც, თუ მან ქართულ სულს არ უხადა ბეგარა, პოლიტიკოსად ვერ შედგება.

ჩვენთან, სვანეთში, უმაქნის კაცზე ხუმრობით იტყვიან ხოლმე, შენი ქოთანი არ ხარშავსო. ძალიან კარგი გამოთქმაა. მე არ ვიცი, რამდენად ხარშავს იმათი ქოთანი, ვისაც საზოგადოება შეგნებულად მიჰყავს დაპირისპირებამდე. უბედურება ისაა, რომ ყოველი მოქმედება ქმნის თავის ველს. ეს აღიბეჭდება ჩვენს სინამდვილეში და მერე ინერგება როგორც ნორმა.

გავითვალისწინოთ, რომ გარშემო მტრული ვითარებაა. შესეული არიან უკრაინას, ყველაფერი ნადგურდება. დარწმუნებული ვარ, 2-3 დღეში რომ მოემთავრებინა პუტინს უკრაინაში ომი, აღარაფერი შეუშლიდა ხელს და აქ შემოვარდებოდა. დადგა დრო ცოტა სიბრძნეს მოვუხმოთ ხალხმა და ქვეყანამ. არ შეიძლება ჩვენ ამ დანაშაულებრივ ომში ჩავრთულიყავით, მაგრამ არც ის არ ეგების მსოფლიო აზრისგან განზე გავდგეთ.

- განზე გადგომად რა შეიძ­ლება ჩაგვითვალოს მსოფლიომ?

- უფრო უნდა გამოიკვეთოს ჩვენი პოზიცია.

რუსეთი რომ არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, მსოფლიო ხედავს, რა წუთში რა დაარტყამს, თვითონაც არ იცის, თორემ საღი განსჯისა და გონების ადამიანი ამ ომს არ დაიწყებდა.

მეორე რამეცაა - დროთა ვითარებაში მივეჩვიეთ გარედან მართვას, გვიჭირს დამოუკიდებლად მოქმედება. დამოუკიდებლად რომ იმოქმედო, გონიერებით უნდა იდგე იმ დაპირისპირებულ მხარეებზე მაღლა, რომელთა შორისაც ვართ მოქცეული. დაპირისპირებულ მხარეებში 2 ძალაა და დაპირისპირების მიუხედავად, არც ისე დანასისხლად არიან გადაკიდებული, როგორც სურთ წარმოაჩინონ.

- ამ მოჩვენებით, არც ისე დანასისხლად მტრობით რისი მიღწევა უნდათ?

- ტორეადორი ხარს წითელ მოსასხამს იმიტომ უფრიალებს, რომ იმ მოსასხამის მიღმა ხარმა ვერაფერი დაინახოს. ამ მდგომარეობაში სურთ ჩააყენონ ჩვენი საზოგადოება. გამოსავალი ერთ რამეშია - სისტემა უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ კანონმდებლობის საფუძველზე მოიქცევა ისე, როგორც დღევანდელი იქცევა.

რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ, რომელმაც ჩვენი სახელით დაიწყო დანაშაულებრივი ომი, ჩააბარა დალის ხეობა, სამაჩაბლოს სოფლები, ამ დამარცხებულ ომში გამოგვიყვანა და ტაშ-ფანდური გაგვამართვინა. როგორ ფიქრობთ, იქ, სადაც ხალხის პოზიცია არის გამოკვეთილი, რომელი ხელისუფლება გაბედავდა ამას?! მაგრამ გაბედა... ასევე გაბედავს, ვინც არ უნდა იყოს. 2024 წლამდე საარჩევნო კანონი თუ არ შეიცვალა, აღარაფერი შეიცვლება. მრავალპარტიული პარლამენტი გვჭირდება, რადგან ერთპარტიულ დიქტატს სახელმწიფო დიქტატურამდე მივყავართ.

დღეს კანონი არ კანონობს. სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ცილისწამება არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. არსებობს კანონი ქაღალდზე და მეორე - ზნეობრივი კანონი. მეორე უნდა მართავდეს პირველს. საკუთარი თავის გარდაქმნით უნდა დაიწყოს ყველაფერი. მერე უკვე მიზეზს საკუთარ თავში ნახავ...წარმოუდგენელია, ხელისუფლების სიძულვილს კაცმა სამშობლო შეწიროს. თავის დიდ ნაშრომში სახელმწიფოს შესახებ პლატონი წერს, ტირანი ყველაფერს უქვემდებარებს ერთ ვნებასო. ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობაში ასეთ პატარ-პატარა ტირანს ვხედავ.ჩვენი პატრიარქი თითოეულ ჩვენგანზე ლოცულობს და ცოდვებს გვიმსუბუქებს. ამიტომ მეტი თანაგრძნობა და მადლიერებაა საჭირო. ვინც პატრიარქს შეურაცხყოფს, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ მის ადგილას თავი. მერე მიხვდებიან, რა მდგომარეობაშია. წაიკითხონ ბოლო წერილი, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას მისწერა, მიუთითა იმ დიდ ცოდვებზე, რომელიც თავის დროზე საქართველოში ჩაიდინეს. მიანიშნა, გაქვთ საშუალება ეს ცოდვები გამოისყიდოთო. ასე რომ, არაფერია იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე უმადურობა. ეს არ უნდა გვჭირდეს!