„ქართულ ცეკვას ვენაცვალე მე“ - კვირის პალიტრა

„ქართულ ცეკვას ვენაცვალე მე“

მუჰამედ ირემაძე ლეგენდაა - 100 წლის კაცი ისე ცეკვავს, თუ ბიჭები ხართ, აბა, მიედარეთ: ლამის ყველა მოძრაობაზე ახალ-ახალ ილეთებს იგონებს და სიბერეს თავლაფს ასხამს!

"აჭარულს", აჭარელივით ვერავინ იცეკვებს, რადგან ეს ცეკვა მხოლოდ აჭარლებისაა. მათ შექმნეს ტყვეობაში, რათა თავიანთი ცხოვრება გაეხალისებინათ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებამდე. ასე რომ, ეს ცეკვა დღესაც აჭარელისაა - მართალია, ტყვეობა აღარ არის, მაგრამ სტრესს რა დალევს, ის ტყვეობაზე არანაკლები ოხერია.

ჰოდა, მუჰამედ ბაბუას ამ ყველაფერზე­ ვესაუბრე. მერე რა, რომ ცეკვაში მეტი ცეცხლი უკიდია, ვიდრე საუბარში, სამაგიეროდ, მშვენიერი მოსაუბრეა და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე - სიძულვილი, მგონი, საერთოდ არ იცის, რის გამოც ესეც გავიფიქრე, კიდევ კარგი, რომ სოციალურ ქსელზე არ მიუწვდება ხელი, თორემ საცოდაობა იქნებოდა-მეთქი. რაც მთავარია, როგორც მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღე უკვე გადაუხადეს, სინამდვილეში­ 103 წლისაა და არა 100-ის.

- არა, ბაბუ, მართლა 100 წლის კი არა ვარ, უფროსი ვარ პაწა. სინამდვილეში 103 წლის ვხდები. მამაჩემმა­ მეტრიკა 3 წლის ასაკამდე არ გამიკეთა თურმე, ამ ბაღანას დაბადების მომკითხავი მაინც არავინაა, იყოს უმეტრიკოდ, ახლა მაგიზე არ მცალია, რომ მევიცლი, მაშინ გოვუკეთებ მეტრიკასო.

- ასეთი ლაღი, მერცხალივით ცეკვა ვინ გასწავლათ?

- ვის უნდა ესწავლებინა? საკუთარმა თავმა მასწავლა. როცა მინდოდა, მაშვინ გევილაღებდი და ნამეტანი უხაროდათ სახლში. ჩემი ნენე მეუბნებოდა, იცეკვე, ნენა, შენ რომ ცეკვავ, ყველა დარდი მავიწყდებაო. მეც იმიზა ვცეკვავდი, მინდოდა ნენეს ყველა დარდი დეევიწყებინა. ისე გევილაღებდი, უხაროდათ სახლში ნამეტანი, ავიწყდებოდათ ყველა დარდი, რაც იგენს ჰქონდა, წამიერად, თვარა დარდს რა გამოულევს ადამიანს. ისთე ლამაზად ვცეკვავდი, მამაჩემი გეიცინებდა ხოლმე ჩემს ცეკვაზე და სამუშაოდ აღარ მიშვებდა. ჩემი და-ძმები აკეთებდენ საჩემო საქმეს, მე კიდო ვცეკვავდი.

- ჰოდა, ასე ცეკვავთ მთელი სიცოცხლე.

- კი, ვცეკვავ. მაგია ჩემი სიცოცხლის მშვენება, კიდევ ჩემი 5 ბაღანა და შვილთაშვილი. ცოლი რომ მყოლოდა, 120 წელიწადსაც ვიცეკვებდი, მაგრამ ახლა ღმერთს რაც უნდა, ისთე იქნება. წევიდა ჩემი ცოლი იმ ქვეყანაზე და ჩემს ცეკვასაც დარდი გოუჩნდა.

- გიყვარდათ?

- ბაღნობიდან მიყვარდა, სკოლაში გევიცანი. შემატყო მამაჩემმა, გაანათლოს მისი სული, და მომაყვანინა ცოლად, თვარა ისე უჩადრო ცოლს ვინ მოგაყვანინებდა, მოგიყვანდნენ ჩადრიანად სახლში და უნდა შეგყვარებოდა, სხვა რა ძალა იყო.

- მართლა კარგი მამა გყოლიათ.

- მაგი მასე იყო, იმიზა შეარქვენ ჩაუქი ალი. ბიჭებს დანიძლავებია თურმე, გინდა თუ არა, თურქეთში გადავალ ისე, ვერც რუსი გეიგებს და ვერც თურქიო. ბიჭებს უთქვამს, შენ სულელი ხომ არა ხარ, რით დაგვიმტკიცებო. გეიძრო თურმე თეთრი ყაბალახი ერთმა და მისცა, თურქეთის საზღვარზე რომ გახოხდები, აგი ააფრიალეო და, ააფრიალა თურმე მამაჩემმა ორ საათში, სიბნელეში აგი ყაბალახი კი იყო თეთრი დროშასავით. სანამ მამაჩემი სამშვიდობოზე არ გადმევიდა, დიხოცენ თურმე ბიჭები ნერვიულობით.

- თქვენც ჩაუქი ხართ. არ მეგულება, ვინც სხვა თქვენსავით ასე ცეკვავდეს 100 წლის ასაკში. იმიტომაც შეგარქვეს ქართული ცეკვის ბერმუხა.

- ქართულ ცეკვას ვენაცვალე მე. ბერმუხა მე კი არა ვარ, ჩემი საქართველოა. ჩემი ბიჭები არიან სოფელში, ანსამბლი შევქმენი კიდო და "ბერმუხა" დავარქვი.

- ეგ ის არ არის, 90 წლის ხალხი რომ ცეკვავს?

- კი, მაგენი ჯერ პატარები არიან.

- რაღა პატარები... მაგიტომ უნდა გაიხაროთ, რომ თქვენც ცეკვავთ და მაგათაც აცეკვებთ. მინდა თქვენს ასაკში ბევრმა იცეკვოს, ძალიან მინდა. მათ შორის მეც.

- მერე მაგი რატომ არის ძნელი, ჩემო ბაბუა. იცეკვებ, თუკი მოინდომებ. ყველა იცეკვებს. მაგიზა სულ არ არის საჭირო ცეკვის სპეციალურად სწავლა. ჩემთვის ცეკვა არავის უსწავლებია, მარა აგერ ვარ და ვცეკვავ.

- გაიხარეთ იმედისთვის და ქართული ცეკვის შენარჩუნებისთვის. კიდევ დიდხანს­ ცეკვას გისურვებთ.

- გულს კი უნდა, თუ ღმერთმა ნება მომცა. ვნახოთ, აქამდის მაძლევდა ნებას და იქნება არც ახლა გამიცრუოს იმედი. ღმერთი თუ დემეხმარება, მეც ვიცეკვებ და გაგახარებთ. სხვა უკეთესს რას გავაკეთებ ამ წუთისოფელში.