"2024 წლიდან, როდესაც ვიყიდით და ვიქირავებთ ბინას, ძველს თუ ახალს, მას უნდა ჰქონდეს ენერგოპასპორტი"
მომავალი წლიდან იწყება შენობათა ენერგოპასპორტიზაცია. რას გულისხმობენ ეს კანონები და გამოიწვევს თუ არა ეს სიახლეები ბაზარზე დღეისათვის არსებულ ფასების ზრდას, ამ და სხვა კითხვებზე "მშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა-შემუშავებისა და მომსახურების ცენტრის" შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების, შესრულების განყოფილების ხელმძღვანელი, გაეროს შენობების ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ნანა მეფარიშვილი გვესაუბრება.
- 2024 წლის 1-ლი იანვრიდან იწყება შენობათა ენერგოპასპორტიზაცია, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი შენობა არ გაიყიდება ან გაქირავდება, თუ არ ექნება ეს დოკუმენტი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა დაუჯდება იმ საკუთრებაში ცხოვრება, რომელსაც შეიძენს, იგულისხმება ენერგომოხმარება (გათბობა, გაგრილება...). ამ დოკუმენტის მიხედვით გეცოდინებათ, რამდენად ენერგოეფექტურია შენობა, რომელშიც იცხოვრებთ. ადვილად მისახვედრი რომ იყოს, ვთქვათ ვყიდულობთ მაცივარს. ჩვენ მიჩვეული ვართ ვნახოთ, რომელი კლასისაა: A, B, C თუ D... ამ კლასების მიხედვით მაცივარი სხვადასხვა ფასი ღირს. ასევე იქნება საცხოვრებელზეც, მას მიენიჭება კლასის მახასიათებელი: A, B, C, D... და ამის მიხედვით გაიცემა საბუთი.
1-ლი ივლისიდან მოთხოვნაში შევიდა მინიმალური ენერგეტიკული მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს კედლის თბოგამტარობას, თუ რანაირი უნდა იყოს კედელი და რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს სითბოს გატარებას. საქართველო დაიყო 3 კლიმატურ ზონად ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით და განისაზღვრა, თითოეულ კლიმატურ ზონაში როგორი კედელი უნდა ჰქონდეს შენობას, - დაანგარიშებულია, როგორი უნდა იყოს კედელი, როგორი ფანჯარა და როგორი გადახურვა - სხვანაირად შენობის აშენების უფლება არ გაიცემა. საბჭოთა დროსაც იყო მინიმალური შეზღუდვები: რომ შენობაში კომფორტი შენარჩუნებულიყო, კონდენსატი არ წარმოქმნილიყო.
- "მტირალა" კედლები თბილისის ბევრ კორპუსში მინახავს.
- ძალიან ბევრშია, მით უმეტეს, ახალაშენებულში... მიხარია, რომ მივიღეთ ისეთი კანონი, რომელიც სამშენებლო სექტორში ასეთ სიტუაციებს არეგულირებს და შენობას საცხოვრებლად კომფორტულს გახდის. როდესაც ზამთრის პერიოდში კედელი ცივია, რაც არ უნდა გაათბოთ ბინა, კედლიდან ცივი ჰაერის ნაკადი მოდის. როდესაც კედელი სწორადაა გაკეთებული, შიდა ტემპერატურა და კედლის ზედაპირის ტემპერატურა ერთმანეთისგან 2-3 გრადუსით თუ განსხვავდება, მეტით არა.
2024 წლიდან, როდესაც ვიყიდით და ვიქირავებთ ბინას, გნებავთ, ძველს ან ახალს, მას უნდა ჰქონდეს ენერგოპასპორტი. ახლა რეკლამებში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "ჩემი აშენებული შენობა ენერგოეფექტურია". შემდგომში ეს ფრაზა ჩანაცვლდება ფრაზით: "ჩემი აშენებული შენობა არის ა კლასის". უკვე გვეცოდინება, რას ნიშნავს ეს და რა დაგვიჯდება ასეთ შენობაში ცხოვრება.
- შეიძლება თუ არა ამან იმოქმედოს ბაზარზე და გაძვირდეს ა კლასის შენობები?
- შენობას კატეგორია ექნება, ამ კატეგორიების მიხედვით დალაგდება ფასები. და კიდევ, როდესაც შენობას ეძლევა ენერგოპასპორტი და თუ იქ მითითებულია, ვთქვათ, რომ შენობა არის გ კლასის, მითითებულია ასევე, რა უნდა ქნას მფლობელმა, ის ბ კლასის რომ გახადოს.
- ეს ხომ ხმის გამტარობაზეც იმოქმედებს? განსაკუთრებით ახალ კორპუსებში ეს პრობლემაა.
- ახალ კორპუსებს კედლები ფაქტობრივად არ აქვს. ახლა რასაც კედელს ვუწოდებთ, მისი ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ მეზობელმა არ დაგინახოს. არც სიცხეს იკავებს, არც სიცივეს, კონდენსატიც არის მათში, სოკოც ამოდის, მოკლედ, ძალიან დისკომფორტულია.
ენერგოპასპორტიზაცია გააძვირებს მცირედით ფასებს, მაგრამ რეგულაცია რომ არ მოქმედებდა, სამშენებლო სექტორი მაინც გაძვირდა. თბილისის ზოგიერთ უბანში კვადრატული მეტრი დაახლოებით 1.200 დოლარი ღირს. ამაში მოგების წილი საკმაოდ დიდია. შესაძლოა კვადრატული მეტრი 50 დოლარით გაძვირდეს. სამაგიეროდ, ახლა რამდენსაც ვხარჯავთ გათბობისთვის, იქიდან მხოლოდ 30%-ს ვიყენებთ, დანარჩენი 70% გვეკარგება. თუ დავიცავთ ამ რეგულაციებს, მაშინ გამოვა, რომ ენერგიის 70% გვექნება სასარგებლოდ, ხოლო 30% იქნება დანაკარგი.
- ვინ ადგენს რომელი კლასისაა შენობა?
- რა თქმა უნდა, ამაზე იქნება საექსპერტო შეფასება. არის საზომი მოწყობილობები, რომლებითაც დაადგენენ, რა მასალით არის აშენებული კედელი. დარღვევისთვის სადამსჯელო ღონისძიებაც არის გაწერილი. არაკეთილსინდისიერ ექსპერტს ლიცენზიას ჩამოართმევენ, მშენებელს კი დააჯარიმებენ.
- თუ ბინის გაყიდვას ან გაქირავებას არ ვაპირებ და შეიძლება არც პასპორტი მქონდეს, ჩემთან პრეტენზია არავის ექნება?
- არავინ დაგავალდებულებთ. შეიძლება კორპუსმა აიღოს პასპორტი მთლიანად და გაიყიდოს როგორც კონკრეტული კლასის ან კატეგორიის.
- ეს როცა ახალი კორპუსია, როცა ძველია და მხოლოდ შენ, ერთი მობინადრე ყიდი ბინას?
- თუ ძველი კორპუსია, თქვენს ბინას ინდივიდუალურად შეამოწმებინებთ. ეს მაქსიმუმ 100 ლარი დაგიჯდებათ, აიღებთ პასპორტს და მერე გაყიდით ან გააქირავებთ ბინას.
ამ ახალი მოთხოვნებით იწყება საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციაც.
ამასთან, არავინ ავალდებულებს მოქალაქეებს, რომ ახლანდელი საცხოვრებელი აუცილებლად ა კლასზე გადაიყვანოს. სამშენებლო სექტორსაც არავინ ავალდებულებს, რომ ა კლასის შენობა ააშენოს, მაგრამ რასაც აშენებს, იმაზე ინფორმაცია უნდა გვქონდეს. "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონი ამას დაარეგულირებს.