„სააკაშვილის ფაქტორი არაფერ კავშირშია უკრაინის დემარშთან, არის რაღაც სხვა, რაც არ ითქმება და რისი დამალვაც უწევთ ცალკეულ უკრაინელ თანამდებობის პირებს“
"სუს-ი ქვეყანას იცავს, დღევანდელი სისტემა ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სუს-ის უფროსის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ. სარჯველაძის თქმით, ოპოზიციონერები სხდომაზე იმისთვის შევიდნენ, რომ შემდეგ ხალხისთვის ეთქვათ, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ბერკეტიაო, მაგრამ წინასწარ გამზადებული დასკვნებისა და "მესიჯების" გასამყარებლად საფუძველი ვერ ნახეს. ოპოზიციონერი ლიდერები სარჯველაძის, და საზოგადოდ, მმართველი გუნდის, პოზიციას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, შესაბამისი სამსახურები კი ამას სათანადოდ ვერ უმკლავდებიან. მათი თქმით, როგორც სუს-ის ანგარიშში ნახსენებია, ვიღაცას ჰიბრიდული ომის საშუალებით სურდა საქართველოს გარკვეულ პროცესებში ჩართვა, საჭიროა ამის დაკონკრეტება, რადგან "ოცნება" საუბრობს "გლობალური ომის პარტიაზე". ამ და სხვა საკითხებზე მიხეილ სარჯველაძეს მივმართეთ:
- სამწუხაროდ, მაშინ როცა სუს-ის წარმომადგენელი ანგარიშს გვაცნობდა, აშკარად იგრძნობოდა ოპოზიციის მოლოდინი, სურვილი, რომ სხდომიდან ისეთი შეფასებები გაეტანათ, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ბერკეტია, რომ გამართულად ვერ მუშაობს, რომ არსებობს საფრთხეები, რომელთაც ვერ უმკლავდება და ა.შ. ოპოზიცია სახტად დარჩა, როდესაც მოისმინეს ის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია თქმა, რომ გაზრდილი საფრთხეების მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ისეთი ეფექტურია, როგორიც არასდროს ყოფილა. იყო საკითხებიც, რომელთა მოსმენაც მათთვის ნამდვილად არასასიამოვნო იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს კონკრეტიკა აკლდა. მაგალითად, განცხადებები "ცხელი შემოდგომის" შესახებ ან თუნდაც კონკრეტული ღონისძიებები, სადაც სისხლიანი რევოლუციები იგეგმებოდა და ა.შ. ნუთუ ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას აქამდეც ჰქონდა?! საქართველოში იყო და ახლაც არიან ისეთი ძალები, რომლებსაც სურთ დესტრუქციული გზით ატარონ ხალხი, ქვეყანა. ყველა, ვისაც აზროვნება შეუძლია, ხვდება, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" საქართველოს განვითარების გზაზე ვერ დააყენებს.
- საქართველოს განვითარებისთვის არის თუ არა ხელის შემშლელი, ამასთან, საფრთხის შემცველიც, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების პირთა დაპირისპირება?
- როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ერთმანეთისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის განწყობები, დაუშვებელია საკითხის ფიზიკური ძალადობით გადაწყვეტა. ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ საყურადღებოა პროვოკაციები, იმიტომ, რომ ეს არის ძალადობის ერთ-ერთი წინა პირობა. ხელისუფლების ინტერესებში არ შედის წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დებატების დროს, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ან პროვოკაციების მოწყობა. რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტებს, მაგალითად, საგარეჯოს შემთხვევას, სამართალდამცავები რამდენიმე წუთში იყვნენ შემთხვევის ადგილზე. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა აქტორებმაც ითანამშრომლონ პოლიციასთან, რათა პრევენციული ზომები გატარდეს და მსგავსი ექსცესები აღარ მოხდეს.
- როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, სუს-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ "მეორე ფრონტის" თემას რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიის გაძლიერებისთვის იყენებს, რაც აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" დეზინფორმაცია "მეორე ფრონტზე" ეხმარება კრემლს ანექსიის დაჩქარებაში.
- სუს-ის ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების მართვისთვის მოქმედებს დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფოს ამ ტერიტორიების ომით დაბრუნების გეგმა აქვს, რაც, დეზინფორმაციაა. საქართველოს სახელმწიფო სოხუმისა და ცხინვალის ომით დაბრუნების ვერსიას არ ემხრობა, თუმცა საქართველოშიც და ამ ქვეყნის მიღმაც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ასეთი გეგმა. საბედნიეროდ, ისინი უმცირესობაში არიან. ამაზე ვამბობთ ხოლმე, დიახ, ეს არის რუსული საქმე, პროპაგანდირება იმ იდეისა, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია.
- თინა ხიდაშელმა თქვა, მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები საერთაშორისო ფორუმებზე გვეუბნებიან: "ხელისუფლებას უთხარით, დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ და სტატუსი გარანტირებული გაქვთ". თქვენი წარმოდგენით, რეგიონში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, სახიფათოა თუ არა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა და საერთოდ, პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება?
- არ ვიცი, ქალბატონ თინას ვინ სთხოვს ჩვენს გაჩუმებას, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს დასავლელი პარტნიორების პატივისცემა. მაგრამ თუ ქალბატონი იუკნევიჩიანე განაცხადებს, რომ კონკრეტულ პირებს უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია, ჩვენ არაფერი ვთქვათ? მით უფრო, რომ ევროკავშირმა თავადვე თქვა, პერსონიფიცირება არ შეიძლებაო. ახლა როგორ გავიგოთ, ჩვენი პოზიცია დასავლური ყოფილა თუ ანტიდასავლური? საინტერესოა, როგორ შეიძლება შეფასდეს კრამონის ქმედება, როდესაც იმ აქციას ესწრებოდა, სადაც "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ? ან ისეთ შემთხვევას რა დავარქვათ, როდესაც თაღლითობაში გახვეული კეზერაშვილის შესახებ ევროპარლამენტში ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, როგორიც მიიღეს? სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ განცხადებებს რა დავარქვათ?... როდესაც ასეთი განცხადებების გამო ვერ ვთანხმდებით, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა გვაქვს.
- სააკაშვილის ფაქტორი ისევ გახდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვის საგანი.
- სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს! სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უკრაინაში საქართველოს ელჩის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოიწონეს. ამ გადაწყვეტილების უკან შესაძლოა არა სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა, არამედ სხვა მოტივაცია დგას. ყველას ესმის, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პირიქით, შეიძლება გაართულოს. თუ ვინმე ფიქრობს ან საქართველოში, ან უკრაინაში, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესი არ არის პირველხარისხოვანი. მგონი, გამოჩნდა, რომ სააკაშვილის საპატიმრო უფლებები საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ამ დემარშთან, არის რაღაც სხვა, რაც არ ითქმება და რისი დამალვაც უწევთ ცალკეულ უკრაინელ თანამდებობის პირებს. ეს არის მოტივაცია, თორემ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ არ არსებობს საფუძველი ვინმემ თქვას, სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიანო. სასამართლოს შეეძლო სააკაშვილი გაემართლებინა, სხვა სასჯელი გამოეტანა, მაგრამ დანიშნულია სასჯელი და ამის შეცვლას აქვს კანონით გათვალისწინებული პროცედურა. რასაც ითხოვენ, ეს ნიშნავს კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა დადგომას მარტო იმიტომ, რომ ეს ვიღაცას მიზანშეწონილად მიაჩნია.
- ოპოზიციის ნაწილი "თავდაცვის კოდექსში" ცვლილებებს აპროტესტებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავდაცვის გაძლიერებას კი არა, მონობის დაკანონებას ცდილობს.
- ესე იგი, მე იაგო ხვიჩია კარგად ვერ მაგებინებს, რატომ არის სავალდებულო სამსახური მონობა და, ალბათ, ფინეთში ან შვედეთში უნდა წავიდე, რომ იქაურ ლიტერატურას გავეცნო და ყველაფერი უკეთ გავიგო. ძალიან მაინტერესებს ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, რატომ უშვებენ საკუთარ სახელმწიფოში მონობას. ძალიან ძვირფასია თავდაცვისუნარიანობის გაზრდა - ვგულისხმობ, რომ ეს საქმე ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველომ თანდათან, ეტაპობრივად გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები და ნატოსთან თავსებადობაში წინსვლა გვქონდეს. სწორედ ახალი "თავდაცვის კოდექსი" არის ის, რასაც შეუძლია ნატოსთან თავსებადობის ხარისხის გაუმჯობესება.
ხათუნა ბახტურიძე