"შემთხვევითობას ვერ მივაწერ იმ ფაქტს, რომ ვიღაცას გუბაზ სანიკიძემ მისცა საშუალება მხარი დაეჭირა „ოცნებისთვის“
"თავდაცვის კოდექსი" არანაირ კავშირში არ არის თავდაცვის გაძლიერებასთან. როცა ამბობენ, თავდაცვის გაძლიერებაო, თვითონვე ეცინებათ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, პრეზიდენტსაც ვთხოვთ, ვეტო დაადოს", - ამბობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. მისი შეფასებით, კოდექსის მიღება 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება. ასევე არჩევნებს უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტში წარდგენილი ანგარიში და მიიჩნევს, რომ ეს უწყება მმართველი გუნდის პოლიტიკური ბერკეტია. როგორ შეიძლება "თავდაცვის კოდექსის" წინასაარჩევნოდ გამოყენება და რა ეჭვები აქვს უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შესახებ, "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია უფრო ვრცლად გვესაუბრება.
- უსაფრთხოების სამსახურმა მოიგონა მითები, რომ ვიღაც შევაქოთ, ან მნიშვნელოვან თემებზე კითხვების დასმის ნაცვლად, შეუმდგარ ტერორისტულ აქტზე ვილაპარაკოთ. შეიძლება ეს იყოს ყურადღების გადატანის ცდა მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე. მაგალითად, იმაზე, თუ ვინ არის თანამდებობის პირი, რომლის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. დარწმუნებული ვარ, სერიოზული არაფერი ხდებოდა, მაგრამ თუ გვინდა სხვა არაფერზე ვილაპარაკოთ, მარტივად მოახერხებენ ამას ასეთი ჩანართებით. ამიტომ მე არ მივაქცევდი ანგარიშის ამ ნაწილს ყურადღებას. მთავარი თემა, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევებია, რომელთაც სხვადასხვა მტკიცებულებით, სხვადასხვა მედია სუს-ის თანამშრომლებს აბრალებს.
- რატომ ფიქრობთ, რომ "თავდაცვის კოდექსს" თავდაცვის გაძლიერებასთან საერთო არაფერი აქვს?
- როდესაც ფრაზას, "თავდაცვის გაძლიერებას" ამბობენ, თავადვე ეცინებათ. რომც არ გაეცინოთ, მაინც ასეა - კოდექსის მიღება 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება. ამ კოდქსით იძულებითი გაწვევა დაახლოებით 200 ათას კაცს შეეხება, ესე იგი, 200 ათას კაცს ეუბნებიან, თუ ურჩი იქნები, "ქოცებს" თუ არ შემოხაზავ, შენთვის 5000 ადგილი მაქვს, ძალით წაგიყვან, მაგრამ თუ "ქოცი" იქნები და ჩემ მიმართ ლმობიერი, 200 ათასიდან 5000 რომ მყავს ასარჩევი, შენ არ აგარჩევო - სულ ეს არის ამ კანონის მიზანი. გამოდის, "თავდაცვის კოდექსის" ახალი კანონის მიღება ჯარის გასაძლიერებლად კი არა, ჯარით ახალგაზრდების დაშინებისთვის სურთ, რათა არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ. ბევრი არგუმენტი არსებობს "თავდაცვის კოდექსში", მუხლი არ არსებობს, რომელშიც ფარული ბოროტმოქმედება არ იყოს ჩადებული. კოდექსში არ წერია, ვინ არის მტერი, არ წერია მიზნები, როგორ ხდება თავდაცვა... ყველაზე ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო სისტემა შეგნებულად ებრძვის თავის მოქალაქეებს, თავდაცვა, სუს-ი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა... ყველაფერი ისეა, როგორც ფილმ "მატრიცაში", უწყებას როგორც კი შეეხები, ყველა ერთნაირ სახეს იღებს. ამიტომ ადამიანის დასაყრდენი ვერც ერთი უწყება ვერ იქნება.
- თქვენ უკვე გამართეთ აქცია, "თავდაცვის კოდექსის" პროექტის შესახებ პეტიციაც შეიტანეთ და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან კანონზე ვეტოს დადებაც მოითხოვეთ. კოლეგა ოპოზიციონერების მხარდაჭერა თუ გაქვთ?
- გვეხმარებოდნენ, ზოგიერთები კი, პირიქით, "ოცნებას" ეხმარებოდნენ და კვორუმს მალულად უვსებდნენ, მაგრამ გასულ კვირას ცდა მარცხით დაუმთავრდათ.
- იმ ოპოზიციონერებს გულისხმობთ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რომ მისცეს ხმა?
- როცა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია პარლამენტმა, სანდრო რაქვიაშვილმა დააყენა მოთხოვნა, გადაეთვალათ, იყო თუ არა დარბაზში კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა, თუმცა ეს პროცედურა შალვა პაპუაშვილმა არ შეასრულა. იმ დღესვე დაფიქსირდა, რომ ვეტო არასწორად იყო დაძლეული. რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული იყო დაეწყო გადამოწმება. პრობლემა ისიც იყო, რომ კოლეგა ოპოზიციონერებმაც არ მოინდომეს. 5 კაცი, რომლებმაც ვითომ ხმა მისცეს ვეტოს დაძლევას, არ ყოფილა კენჭისყრაზე კი არა, საერთოდ, შენობაშიც. თუ უნდათ არალეგიტიმურად არჩეული ცესკოს თავმჯდომარით გააგრძელონ ცხოვრება, შეუძლიათ არაფერი გააკეთონ, თუ უნდათ ლეგიტიმურად ავირჩიოთ თავმჯდომარე, მაშინ ამას სათანადო გაშუქება და აქტიურობა სჭირდება. იმ დღეს კენჭისყრაზე არ ყოფილა გუბაზ სანიკიძე. მის ნაცვლად სხვამ მიაჭირა თითი ღილაკს, მაგრამ მას არ გაუკეთებია განცხადება, რომ მისი ნებართვის გარეშე მიაჭირეს ღილაკს თითი. მე შემთხვევითობას ვერ მივაწერ იმ ფაქტს, რომ ვიღაცას გუბაზ სანიკიძემ მისცა საშუალება მხარი დაეჭირა "ოცნებისთვის", რათა არჩევნების გასაყალბებელი კანონი მიეღოთ.
ხათუნა ბახტურიძე