„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ“ - კვირის პალიტრა

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ“

"ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ძალიან სახიფათო და საგარეო გამოწვევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე:

- ხელისუფლება ოპოზიციას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, ოპოზიციონერ ლიდერებს კონკრეტული დაჯგუფებების წევრებს ახვედრებს, რომლებიც ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებიან. უფრო ცუდი კი ის არის, რომ პოლიცია სტატისტის როლშია და არაფერს აკეთებს. 100-150 კაცი ისე იკრიბება და გადადის ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში, რომ პოლიცია არც იმჩნევს!

- ხელისუფლება ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ისინი გაბრაზებული ხალხია.

- რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ყველამ იცის, რომ ისინი გაბრაზებული ხალხი კი არა, მმართველი გუნდის ორგანიზებული ჯგუფია! "ოცნება" რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში და მათაც დახვდებათ ასეთი დაჯგუფებები, იტყვიან, გაბრაზებული ხალხიაო?! თუ ფიქრობენ, რომ მათი მმართველობით ხალხი ძალიან კმაყოფილია?! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს ძალიან მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი: ან პროევროპული და დემოკრატიული ხელისუფლება, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი "შაიკა" - სხვას ვერაფერს დაარქმევ დაჯგუფებას, რომლის ლიდერებიც ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხალხია გაბრაზებული და ისინი ისვრიან ქვებსო. რისკენ გვიბიძგებს ბატონი კობახიძე, რომელიც ხალხის გაბრაზებით ხსნის ოპოზიციაზე თავდასხმებს, გადავიკიდოთ ავტომატები და ისე ვიაროთ?

- როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია დღევანდელი დაძაბული ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- სამოქალაქო დაპირისპირებას ლიდერების სამზეოზე გამოსვლა და ხალხის კონსოლიდირება სჭირდება, "ოცნების" ლიდერები კი ქვებით მორბენლების ზურგს არიან ამოფარებული, არავის ენახვებიან! ზღვაში წვეთია, ხელისუფლების მობილიზებული ხალხი იმისთვის, რომ მასშტაბური დაპირისპირება დაიწყოს.

- შეიძლება ითქვას, არც "ნაციონალურ მოძრაობაშია" უკეთესი ვითარება.

- წალენჯიხაში რწმუნებული იმის გამო გაათავისუფლეს, რომ შიდაპარტიული­ არჩევნების დროს ლევან ხაბეიშვილს არ უჭერდა მხარს. კი, ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება, მაგრამ იმედია, პარტია მალე გადაეწყობა მთავარ მიზანზე, ფოკუსირდება შედეგზე და ამბიციები უკანა პლანზე გადავა. რა უნდა იმის მიხვედრას, რომ ამ დიდ ბრძოლაში თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი ფასი აქვს?! ისე ნუ ვიზამთ, რომ სამი-ოთხი კაცი დარჩეს ბოლოს პარტიაში.

"ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტიაა და იქ განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დრომდე მენეჯმენტი ყოველთვის ახერხებდა სიტუაციის მართვას, საერთო მაგიდის გარშემო დასხდომას და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისე, რომ ყველა აქტორი იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება, პარტიას კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. თუ ქვეყნის მასშტაბით ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას, საკუთარ პარტიაში არ უნდა ვქმნიდეთ ასეთ პრეცედენტს! ეს ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა! თუ ასე გავაგრძელებთ, მიუმხრობელი ელექტორატი კი არა, საკუთარი ამომრჩეველიც აღარ დაგვიჯერებს, რომ ცვლილება გვინდა. გამოდის, ცვლილება კი არა, ჩანაცვლება გვნდომებია.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებამ პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" უფრო რთულ მდგომარეობაში ხომ არ ჩააყენა?

- მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად შეუძლია დიდი როლის შესრულება არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ რეგიონული მასშტაბითაც. თუმცა ბევრი რამეა დამოკიდებული მის ჯანმრთელობასა და იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საკუთარ პარტიაში.

- ე.ი. შეიძლება 2024 წლის არჩევნებში­ "ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარით იყოს წარმოდგენილი?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა­ იმასაც გეტყვით, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის არჩევნებში დღეს არსებული კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას, არა მგონია, სასურველი შედეგი დადოს!

- "ლელო" ამბობს, რომ მისი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისა თუ ცალკეული ინდივიდისთვის, და მათ შორის ყოფილი "ნაციონალებისთვისაც". ხომ არ არის შესაძლებელი ნიკა მელიას გუნდი "ლელოში" ვიხილოთ?

- არ ვიცი, ნიკას ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით ჩვენ ახლა ასეთი რამ გვჭირდება - თითოეულმა პარტიამ უნდა იმუშაოს კონკრეტულ სეგმენტზე, კონკრეტულ ამომრჩეველზე... ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა კი არა, საერთო კალათაში ხმების ჩადება გვჭირდება! სამუშაოა ბევრია, საჭიროა კოორდინაცია, ურთულესი საარჩევნო წელი მოდის!

ხათუნა ბახტურიძე