ომის მე-500 დღეს ბრძოლაში ნატოს ყველაზე ძლიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანები ერთვებიან... - კვირის პალიტრა

ომის მე-500 დღეს ბრძოლაში ნატოს ყველაზე ძლიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანები ერთვებიან...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 500-მა დღე-ღამემ შეუწყვეტელ ბროლებში გაიარა და უკრაინის მიწა იქცა იმ სამხედრო ტექნიკის რეალურ საბრძოლო სიტუაციებში გამოცდის ერთგვარ პოლიგონად, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომისთვის“ იქმნებოდნენ.

და აი, ომის მე-500 დღეს, ბრძოლაში ერთვებიან ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად შეიარაღებული და კარგად დაცული ქვითთა საბრძოლო მანქანები-შვედური CV9040C-ები...

მართალია, შვედეთი დღემდე ვერ გახდა ნატოს წევრი (ეს შვედებმა შეიძლება პირველ რიგში ისევ საკუთარ მთავრობას დააბრალონ, რომელიც სიტყვის თავისუფლების პრინციპის მომიზეზებით ნებას რთავს ათასი ჯურის პროვოკატორს, მათ შორი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულს, რომ სტოკჰოლმის ცენტრში დემონსტრაციულად დაწვან ყურანი, რითაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის სრულიად მოსალოდნელ და ლეგიტიმურ პროტესტს იწვევენ და ანკარაც აგრძელებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემის გადაწყვეტილების ბლოკირებას), მაგრამ მისი, ეს გამორჩეული ქვეითთა საბრძოლო მანქანები წლებია ნატოს წევრი დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესტონეთის, ფინეთის, ასევე ნატოს არაწევრი შვეიცარიის შეიარაღებაშია და ცოტა ხნის წინ უკვე უკრაინის არმიის არსენალშიც გამოჩნდა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბრძოლის ველზე შეტევისას თავისი მნიშვნელობით, ტანკების შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ. მათი ძირითადი ამოცანაა შეტევისას მებრძოლების უსაფრთხოდ გადაყვანა, მათი დესანტირება და თავის ქვემეხითა და ტყვიამფრქვევით მედესანტეების საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები ძირითადად საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანებს БМП-1, БМП-2-სა და БМП-3-ს იყენებდნენ, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მობილურობით, მაგრამ სუსტი შეჯავშნით, რადგან წყლის დაბრკოლებები ცურვით უნდა გადალახონ და ამიტომაც მათი სრული მასა შეზღუდულია.

სხვათაშორის, საბჭოთა სამხედრო დოქტრინის თანახმად, მედესანტეთა საბრძოლო მანქანებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებივით მარტო ცურვა კი არ უნდა შეძლებოდათ, არამედ დამატებით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირება და პარაშუტებით მიწაზე დაშვებაც, შესაბამისად მათი კორპუსები მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან მზადდებოდა და კიდევ ნაკლები ჯავშანმდგრადობით გამოირჩეოდა, ამასთან მათი საბრძოლო დაზიანების შემდეგ გაჩენილი ცეცხლის მაღალი ტემპერატურა ალუმინის კორპუსს... ადნობდა. ბევრს ეხსომება აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილი რუსი მედესანტეების „ჩამდნარი“ საბრძოლო მანქანის ფოტო...

უკრაინაში მიმდინარე ომმა საბოლოოდ დაასამარა ქვეითთა საბრძოლო მანქანების საბჭოთადროინდელი კონცეფცია - „ნაკლები ჯავშანი-მეტი მობილურობა-ცურვის უნარი“, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, რუს ოკუპანტებს მდინარეებზე მაინც პონტონების აგება მოუწიათ და არაფერში გამოადგათ ქვეითთა საბრძოლო მანქანების ცურვის უნარი, ისევე როგორც ძირითადი საბრძოლო ტანკების ტექნიკური შესაძლებლობა, მდინარის ფსკერზე გავლით წყლის წინააღმდეგობის დაძლევისა...

გაზაფხულის ბოლოდან უკრაინის არმიის შეირაღებაში ბოლოს და ბოლოს გამოჩნდნენ დიდი ხნის შეპირებული ამერიკული „ბრედლისა“ და გერმანული „მარდერის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც საბჭოთადროინდელი ანალოგიური კლასის ტექნიკისგან უფრო დიდი მასით გამოირჩეოდნენ, რადგან გაძლიერებული შეჯავშნა ჰქონდათ.

თუმცა, ივნისის დასაწყისში უკრაინის არმიის მიერ მცირემაშტაბიანი კონტრიერიშების განხორციელებისას ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთის მიმართულებით, რომლებშიც პირველად მიიღეს მონაწილეობა ამერიკულმა „ბრედლებმაც“, მთლად წარმატებული არ აღმოჩნდა უკრაინის სტეპებში „ბრედლების“ საბრძოლო ნათლობა, რისი მთავარი მიზეზიც რუსი ოკუპანტების მიერ მათი თავდაცვის ზღუდეებამდე მისასვლელი გზებისა და მინდვრების განსაკუთრებული სიმჭიდროვით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვა აღმოჩნდა - ნაღმურ ველზე აღმოჩენილ და გაჩერებულ უკრაინულ ჯავშანტექნიკას, მათ შორის „ბრედლებსაც“, რუსი არტილერისტები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსების ოპერატორები და დამრტყმელი შვეულმფრენების ეკიპაჟები უპრობლემოდ იღებდნენ სამიზნეში, რის შედეგად უკრაინის არმიამ სხვა ჯავშანტექნიკასთან ერთად დღემდე დაკარგა არანაკლებ 28 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2A2 Bradley ODS-SA, მათგან „ბრედლების“ ნაწილი აფეთქებულია, ნაწილიც დაზიანებული.

გერმანული „მარდერები“ უკრაინელებს კონტრშეტევაში ჯერ არ ჩაურთვიათ, სამაგიეროდ შვედების მიერ გადაცემული 50 ერთეული CV9040C-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა თავის „ომმს“ იწყებს...

man2-1688907657.jpg
CV9040 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან მებრძოლების დესანტირების მომენტი...

რითია გამორჩეული შვედური CV9040C-ები იმავე ამერიკული „ბრედლებისგან“ და გერმანული „მარდერებისგან“, რომ მათ ნატოს არსენალში არსებული ყველაზე კარგად შეჯავშნული და კარგად შეიარაღებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ვუწოდოთ?

ჯერ ერთი, მისი სრული საბრძოლო მასის გაზრდა 23-დან 35 ტონამდე შეიძლება დამატებითი ჯავშნის ფილების ჩამოკიდებით, რაც ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანას გარშემო დაიცავს იმავე რუსული „ბე-ემ-პე“-ების 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხების ჭურვებისგან, ხოლო მანქანის კორპუსის ფსკერის დამატებითი დაჯავშნა, ეკიპაჟსა და დესანტს თვით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემთხვევაშიც გადაარჩენს, რასაც დამატებით უზრუნველყოფს კორპუსის შიგნით ნამსხვრევებისსაწინააღმდეგო კევლარის ქსოვილით დაცვა და სპეციალური ამორტიზირებადი სავარძლები, რომლებიც ნაღმზე აფეთქებისას მანქანაში მსხდომთ ქვედა კიდურების დაზიანებისგან იცავს.

და მეორეც: თუკი ამერიკული „ბრედლი“ 25 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხითაა აღჭურვილი, ხოლო გერმანულ „მარდერი“ საერთოდ 20 მმ-იანი ქვემეხის იმედზეა, შვედების სიამაყეს - CV9040C-ეს 40 მმ-იანი „ბოფორსის“ ავტომატური ქვემეხი უყენია, რომლიდანაც გასროლილი 960 გრამიანი 40 მმ-იანი ჭურვი ნებისმიერი რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანისა და მითუმეტეს ჯავშანტრასპორტიორის შუბლა ჯავშანს უპრობლემოდ გახვრეტს, ხოლო ბორტებს კი გამჭოლად გაიტანს და არც რუსულ ტანკებს დაადგებათ კარგი დღე, თუკი ძრავის ნაწილში რამდენიმე ჯავშანგამტანი 40 მმ-იანი ჭურვი მოხვდებათ...

რა თქმა უნდა, არც CV9040C-ები არიან აუფეთქებელნი და მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსულ ტანკსაწინააღმდეგო კუმულაცირქობინიან მართვად რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებსაც შეეძლებათ, მაგრამ ამ შვედური ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემით უკრაინის არმია ბრძოლის ველზე მცირედით გაძლიერდა და თუკი დამატებით კიდევ ერთ-ორ ასეულ ასეთ საბრძოლო მანქანასაც მიაწოდებენ, მაშინ ბევრად მეტ წარმატებაზე შეიძლება ფიქრი...