პუტინის სიცოცხლეში საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ვერ გახდებიან...
ვილნიუსში, ნატოს მორიგი სამიტის გახსნამდეც შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ხელიდან გაუშვა კარგი შესაძლებლობა ეს სამიტი ისტორიაში შესულიყო როგორც გადამწყვეტი - მეომარი უკრაინისთვის ნატოს "უსაფრთხოების ქოლგის" გადაფარებისთვის ანუ უკრაინის ალიანსში მიღებისთვის კონკრეტული ქმედებების დაწყება კონკრეტულ თარიღამდე... მაგრამ ესე არ მოხდება და უკრაინას ომის პერიოდში ნატო თავის რიგებში არ მიიღებს, ისევე როგორც საქართველო ვერ გახდება ალიანსის წევრი, სანამ... პუტინი ცოცხალია!
სწორედ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი განვლილ 15 წელიწადსაც, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ზარ-ზეიმით შეჰპირდა თავის რიგებში გაწევრებას, ოღონდ ზუსტი დროის დაკონკრეტების გარეშე...
აღმოჩნდა, რომ ამით მაშინ ნატომ დათვური სამსახური გაუწია ჯერ საქართველოს (რამდენიმე თვეში დაწყებული აგვისტოს ომი), შემდეგ კი უკრაინას (ჯერ ყირიმის ანექსია, დონბასის "აფეთქება", ბოლოს კი ფართომასშტაბიანი ომი), რადგან რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ორივე შემთხვევაში სამხედრო აგრესია დაიწყო როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, რითაც დაბლოკა ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის უახლოესი პერსპექტივა.
სანამ უკრაინაში ომია, ნატო თავის რიგებში ვერ მიიღებს უკრაინას - ამის ოფიციალურად განცხადება ძალიან უჭირდა ალიანსის ხელმძღვანელობას, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვთ - ნატო უკრაინის გამო რუსეთთან ომში ვერ ჩაერთვება - ასეთია ვერდიქტი.
ეტყობა, ვილნიუსის სამიტზე თეთრი სახლი უკრაინას ნატოს სახელით "ისრაელის ვარიანტს" შესთავაზებს - ისრაელს ათწლეულებია ყოველწლიურ სერიოზულ სამხედრო დახმარებას უწევს აშშ, მაგრამ თუკი საქმე ომამდე მივიდა, არც აშშ და არც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან ისრაელის დასახმარებლად.
იგივე მოხდა საქართველოს (არადა, ბევრს რა მიამიტურად სჯეროდა, რომ აგვისტოს ომში პენტაგონი "აბრამსებით" გვერდში დაუდგებოდა ქართულ ჯარს) და იგივე ხდება უკრაინის შემთხვევაში.
და ამის გაგებაც შეიძლება - ნატოს წევრი ნიდერლანდები, იტალია თუ უნგრეთი არ გამოგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს ცხინვალთან თუ ბახმუტთან საბრძოლველად და დასაღუპავად, ამიტომაც ნატოს წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან, რომ საქართველო და უკრაინა მიიღონ ალიანსის წევრებად, სანამ აირსებებს "პუტინის ფაქტორი", იმ პუტინისა, რომელმაც თავისი მუქარა ნატოს აღმოსავლეთით გაფართობის შესახებ ორივე შემთხვევაში შეასრულა - ჯერ საქართველოში შემოიჭრა, შემდეგ კი უკრაინაში.
საქართველოსა და უკრაინის ალიანსის წევრებად მიღება ნიშნავს თუ არა უცილობლად ნატო-რუსეთს შორის ომის დაწყებას?
პუტინის რეჟიმს გადაწყვეტილების მისაღებად არავისთან შეთანხმებები არ სჭირდება, ის მაშინვე სატანკო კოლონებს დაძრავს, ხოლო ნატოს რიგებში აუცილებლად აღმოჩნდება ერთი-ორი ან მეტი წევრი ქვეყანა, რომლებიც ხმას არ მისცემენ ალიანსის საპასუხო ადეკვატური ქმედებების დაწყებას.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზევე რომ დაეწყო საქართველოსა და უკრაინის თავის რიგებში მიღებისთვის კონკრეტული ქმედებები, მაშინ, დიდი ალბათობით, პუტინი ვერ გაბედავდა საქართველოში შემოჭრას, მით უმეტეს, უკრაინაზე თავდასხმას, მაგრამ კრემლში 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დამთავრებისთანავე მიხვდნენ, რომ ალიანსის დაპირება საქართველოსა და უკრაინის თავის რიგებში ოდესმე მიღებაზე მხოლოდ ლამაზი სიტყვები იყო და ამის უკან კონკრეტული არაფერი იდგა. შესაბამისაფ, პუტინმაც ხისტად იმოქმედა, რადგან დარწმუნებული იყო ნატოს უმოქმედობაში.დღეს საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია, რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაბმულ უკრაინასაც მოუწევს დასჯერდეს მხოლოდ დასავლური სამხედრო დახმარების გაგრძელებას და ნატოში გაწევრებაზე მეტად, ალბათ, ის უნდა ინატროს, ეს სამხედრო დახმარებაც არ შეუწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში...