რამდენად წაადგება ამერიკული კასეტური ჭურვები უკრაინელების კონტრშეტევებს?
"მე რთული გადაწყვეტილება მივიღე უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდების თაობაზე, რადგან უკრაინელებს უმთავრდებათ 155 მმ-იანი ჭურვები, ჩვენც ცოტა დაგვრჩა და დავუჯერე პენტაგონის რჩევას. ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, სანამ არ გამოვძებნით 155 მმ-იანი ჭურვების ახალ მარაგებს", - ეს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ერთგვარი სენსაციური აღიარებაა, რასაც მსოფლიოში დიდი გამოხმაურება და ერთგვარი პროტესტიც მოჰყვა, მათ შორის ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორისაც.
საქმე ის არის, რომ 2010 წლიდან ამოქმედდა კონვენცია კასეტური იარაღის შესახებ, რომელიც კრძალავს ასეთი შეიარაღების გამოყენებას, გადაცემასა და დაგროვებას. ამ კონვენციას მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მისი მონაწილე არ გამხდარან არც აშშ, არც რუსეთი და არც უკრაინა, ისე, როგორც საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არათუ არ არის ამ კონვენციის მონაწილე და თავადაც აქტიურად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას უკრაინაში, მათ შორის უკრაინის ქალაქების დასაბომბად (ისევე, როგორც საქართველოში აგვისტოს ომში გამოიყენა, მათ შორის ქალაქ გორის ცენტრის დასაბომბად სწორედ კასეტური ელემენტებით, რომლებიც მაშინ "ისკანდერ-მ"“ ტიპის ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნათლობადაც იქცა). კრემლი უკვე ცდილობს აიყოლიოს მსოფლიოს ის ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი არიან კასეტური იარაღის გამოყენების და საერთო ძალით დაგმონ უკრაინელებისთვის ამერიკული კასეტური იარაღის გადაცემა.
ადამიანის განადგურების არანაკლებ საშინელი უამრავი მეთოდი არსებობს და რაღა მაინცდამაინც კასეტურმა იარაღმა "შეაძულა" თავი, რომ თვით ნატოს წამყვანმა წევრმა ქვეყნებმაც კი მისი შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს? კასეტური იარაღი მოქმედებს საავიაციო ბომბის, რაკეტისა თუ საარტილერიო ჭურვის მიერ სუბელემენტების გაფანტვის პრინციპით - ანუ ეს ბომბი თუ რაკეტა მიწაზე დაცემამდე ჰაერში იხსნება და ფანტავს შიგნით ჩაწყობილ პატარა ზომის "ბომბებს" - სუბელემენტებს და მიწაზე ერთი აფეთქების ნაცვლად რამდენიმე ასეული პატარა აფეთქება ხდება.
ეს შეიძლება გამართლებული იყოს გაშლილი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად და საბრძოლო ტექნიკის დასაზიანებლად, მაგრამ, ამასთანავე, შეიძლება გადაიქცეს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უდიდეს საფრთხედ, თუკი კასეტური საბრძოლო მასალა დასახლებული პუნქტების თავზე გამოიყენეს.
მეორე, რისთვისაც "იწუნებენ" კასეტურ იარაღს, ის არის, რომ ჰაერში გაფანტული სუბელემენტების მიწაზე დაცემისას, როგორც წესი, მათი 10-30% არ ფეთქდება და, ჩვეულებრივ, შენელებული მოქმედების ნაღმად გადაიქცევა, რაც უფრო დიდ საფრთხეს აჩენს იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დამთავრებიდან წლების შემდეგაც შეიძლება გადააწყდეს ბალახში "ჩამალულ" კასეტურ სუბელემენტებს.
აშშ კასეტურ საარტილერიო ჭურვებს უკრაინის არმიას ორი პირობის აუცილებელად შესრულების სანაცვლოდ მიაწვდის: პირველი - უკრაინელი არტილერისტები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ კასეტურ ჭურვებს დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ. მეორე - სადაც გამოყენებული იქნება კასეტური ჭურვები, იმ ადგილების ზუსტი კოორდინატები შეინახება, რათა ომის შემდგომ დეტალურად გაინაღმოს.
ომის დაწყებიდან უკრაინას მარტო ამერიკისგან ერთ მილიონზე მეტი 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი აქვს მიღებული, რაც, ეტყობა, უკვე გაიხარჯა და პენტაგონი იძულებული გახდა თავისი პრეზიდენტისთვის ერჩია იმავე კალიბრის, ოღონდ კასეტური ჭურვების მიწოდება უკრაინის არმიისთვის, რადგან უკრაინელ არტილერისტებს ამ კალიბრის რომელიმე სახის ჭურვი მაინც ჰქონდეთ.
155 მმ კალიბრის კასეტური საარტილერი ჭურვები პენტაგონის არსენალში უხვად არის, რადგან ის, ფაქტობრივად, მოხსნილი იყო შეიარაღებიდან და დასაწყობებულია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ არის კასეტური იარაღის გამოყენების ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე.
მილიონზე მეტი 155 მმ კალიბრიანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვის უკრაინის არმიისთვის მიწოდების შემდეგ, მათი დეფიციტი შეიქმნა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებშიც, რადგან არსებობს "ხელუხლებელი მარაგი", რომლის გახარჯვა განსაკუთრებულ შემთხვევამდე, მაგალითად, ამერიკული არმიის ომში ჩართვამდე, დაუშვებელია და ამიტომაც გამოინახა დროებითი გამოსავალი. მაგრამ, რამდენად მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა ექნება კასეტურ ჭურვებს იმ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომლებიც კარგად დაცულ თავდაცვით ზღუდეებზე იმყოფებიან?
საერთოდ, კასეტური იარაღის, მათ შორის კასეტური საარტილერიო ჭურვების გამოყენება უფრო გამართლებულია შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, აქ კი საპირისპირო სიტუაცია გვაქვს - შეტევაზე უკრაინის არმიაა, ხოლო რუსი ოკუპანტები კარგად დაცულ სანგრეებში არიან თავშეფარებული, რომლებსაც ხშირად 155 მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვების ბევრად ძლიერი აფეთქება ვერაფერს აკლებს. თუმცა ტყის ქარსაცავ ზოლებში შეფარებულ რუსულ ჯავშანტექნიკას პრობლემები შეექმნება, თუკი უკრაინელების გასროლილ 155 მმ-იან კასეტურ ჭურვებში კუმულაციურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო ელემენტებიც იქნება.
რაც შეეხება ასევე კასეტურ, ოღონდ საავიაციო ბომბებს.უკრაინელი სამხედროები აპირებენ, აამოქმედონ ნოუ-ჰაუ... საქმე ისაა, რომ პენტაგონი უკრაინის არმიისთვის Mk.20 Rockeye ტიპის თავისუფალვარდნადი საავიაციო კასეტური ბომბების მიწოდებას აპირებს. 2,3 მ სიგრძის ეს კასეტური ბომბი 220 კგ-ს იწონის, თვითმფრინავის (შვეულმფრენის) პილონიდან ჩამოგდების შემდეგ 900-დან 90 მ სიმაღლემდე დიაპაზონში იხსნება და ჰაერში ფანტავს 247 ერთეულ Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტს. თითოეული Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი 600 გრამს იწონის, საიდანაც 180 გრამი კუმულაციურ ქობინზე მოდის, რისი სიმძლავრეც ჰყოფნის 190 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გასარღვევად.
უკრაინელების ნოუ-ჰაუ კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ დააცლიან ამერიკულ კასეტურ ბომბებს ჰაერში გაშლას და საბრძოლო ელემენტების გაფანტვას, რადგან ამ ბომბების უკრაინაში ჩატანისთანავე დაშლიან, სათითაოდ ამოიღებენ 247-ვე საბრძოლო ელემენტს და მათ... დრონ-ბომბდამშენებს ჩამოკიდებენ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის თავზე ჩამოსაყრელად; ან FPV-დრონ-კამიკაძეებზე დაამაგრებენ რუსული ტანკების კოშკურებზე ზემოდან შესაჯახებლად.
ის ტექნიკური ნიუანსი, რომ Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი მხოლოდ 600 გრამს იწონის, თვით ყველაზე მსუბუქ დრონსაც კი რამდენიმე ასეთი "ბომბუკის" წაღებისა და რუსების ჯავშანტექნიკის თავზე ჩამოგდების საშუალებას აძლევს, რასაც დღესაც კი აკეთებენ ხელყუმბარების ან ავტომატური ყუმბარსარტყორცნის ჭურვების საშუალებით, მაგრამ კუმულაციურქობინიანი Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი ბევრად მაღალ საბრძოლო ეფექტიანობას აჩვენებს, რადგან 190 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლია.