„ხვიჩას რომ ეთამაშა, კრიტიკოსები მაინც გამოჩნდებოდნენ“
ლარნაკას "აეკ არენაზე" გამართულ ურთულეს შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2:1 დაამარცხა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები. ყველაზე მეტად საქართველოსთან შეხვედრა არ მინდოდაო, ჯერ კიდევ წილისყრის შემდეგ თქვა თემურმა და ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვების გულწრფელობის გარანტია ქეცბაიას კარიერა (მოთამაშისა და მწვრთნელის) და ხასიათია. მასპინძელთა ქართველ მწვრთნელს განსაკუთრებული ემოცია თამაშის დროსაც ეტყობოდა და პრესკონფერენციების დროსაც. ლარნაკიდან გლაზგოში მატჩის მეორე დილას გავემგზავრეთ და თემურ ქეცბაიასთან საუბარი რამდენიმე კვირით გადაიდო. საბოლოოდ, ექსკლუზიური ინტერვიუ მაინც შედგა.
- საქართველოსთან მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილმა თქვით: ტრიბუნებზე საქართველოდან ჩამოსული ქომაგი მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რაც ნიშნავს, რომ კვიპროსელებს ფეხბურთი არ აინტერესებთო...
- საქმეც ის არის, რომ ფეხბურთი უყვართ და აინტერესებთ, მაგრამ საკლუბო, ნაკრების თამაშები - ნაკლებად. საქართველოში ნაკრების მატჩებზე სტადიონი ყოველთვის სავსეა, კვიპროსში კი, სადაც კლუბები 20-ათასიანი სტადიონების გავსებას ახერხებენ, ნაკრების მატჩებზე 5000 მაყურებელიც არ მოდის. მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ კვიპროსის ეროვნული გუნდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. გუნდმა ორჯერ ითამაშა ლიგაში, სადაც პირველობისთვის უნდა ებრძოლა და ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ მიმაჩნია გამამართლებელ არგუმენტად - თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ნაკრების თამაშზე უნდა მიხვიდე და გაამხნევო! სამწუხაროდ, ასე არ ხდება... არადა, მე 100 000 მაყურებლის წინაშეც მითამაშია "დინამოს" სტადიონზე და მერწმუნეთ, - ფეხბურთელისთვის ამაზე დიდი ემოცია არ არსებობს. დღეს თბილისის "დინამოს" მატჩებზე ტრიბუნები ცარიელია, "დინამო არენა" მხოლოდ სანაკრებო მატჩებისას ივსება, კვიპროსში კი პირიქით არის.
- ალბათ, საქართველოსთან მატჩისთვის ამიტომაც შეირჩა ლარნაკის 8000-იანი არენა, თორემ კუნძულს გაცილებით დიდი სტადიონებიც აქვს...
- ვცდილობთ, სხვადასხვა სტადიონზე ვითამაშოთ ხოლმე: მაგალითად, შოტლანდიასთან მატჩს ნიქოზიის სტადიონზე ვუმასპინძლებთ, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ბრიტანელებს მინიმუმ 5 ათასი ფანი ჩამოჰყვებათ. ესპანეთს დავუხვდებით ლიმასოლის ახალ სტადიონზე და ა.შ.
- მატჩამდე გვითხარით, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების სწრაფი და ტექნიკური შემტევებისთვის სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვა იყო. შეგირდების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა ფეხბურთელები, მოედანზე შესვლის შემდეგ თამაშის მიმდინარეობა და ანგარიში რომ შეცვალეს. ჩვენ ამხელა არჩევანი არ გვქონია. მეტიც, ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაგვაკლდა ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი. ზოგს ტრავმა აქვს, ზოგი სხვადასხვა მიზეზით ცდილობს თავი აარიდოს ეროვნულ გუნდში თამაშს. ამიტომაც არის ქომაგი გულგატეხილი... შედეგის მისაღწევად ბევრი რამ არის შესაცვლელი. იმ ფონზე, რომ კვიპროსში საკლუბო ფეხბურთი წინ მიდის, ნაკრებს ჯერ პროგრესი არ ეტყობა.
- მატჩის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ თქვენი გუნდი უფრო ხისტად ითამაშებდა, საბოლოო სტატისტიკამ კი აჩვენა, რომ კვიპროსი ექვსჯერ დაჯარიმდა, ქართველი ფეხბურთელები თითქმის ორჯერ მეტად. ამას როგორ ახსნით?
- არა ვართ უხეში გუნდი. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და როგორც ქართველს, ეს ძალიან მიხარია. თუმცა ამ ქვეჯგუფში წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება - ნორვეგიის ნაკრებსაც კი, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავს, ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. რაც შეეხება კვიპროსი-საქართველოს, ვიცოდით, როგორ ითამაშებდა საქართველო და გვინდოდა ჩვენც გვეჩვენებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მიზანი მხოლოდ გოლის არგაშვება არ ყოფილა, ვუტევდით, მომენტებიც გვქონდა. ორჯერ ძელსაც მოვარტყით ბურთი, მაგრამ არასაკმარისი ფიზიკური კონდიციების გამო ბოლოს დაღლა დაგვეტყო. ამას საქართველოს ნაკრების შედეგიანი შეცვლებიც დაემატა, გამარჯვების მომტანი გოლი კი მაღალი კლასისა და ინდივიდუალური ოსტატობის შედეგია.
- ნამატჩევს ქართველმა კორესპონდენტმა გკითხათ, გამარჯვება მხოლოდ სატურნიროდ გსურდათ თუ ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ რაღაცები გაქვთ დასამტკიცებელიო?
- დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს. მქონდა ბედნიერება, ხუთი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდა.
- საქართველოს წინააღმდეგ კვიპროსის ნაკრების შემადგენლობაში ორმა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ითამაშა. ბრაზილიელი ანდერსონ კორეია ერთ-ერთი გამორჩეული იყო თქვენს გუნდში. ახალი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა კარგად ითამაშა. საყვედური არც მეკარისთვის მეთქმის - რამდენჯერმე გადაგვარჩინა, გაშვებული ბურთები კი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ. მათ გარდა, კიდევ არიან ფეხბურთელები, ვინც წლებია, კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობს და თუ ორმხრივი სურვილი იქნება, ნაკრებში მათაც მოვიწვევთ. როცა საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და სხვები არ თაკილობენ მსგავს რამეს, მით უმეტეს, არ ვიტყვით უარს ჩვენ, ვისაც მოთამაშეების გაცილებით მწირი არჩევანი გვაქვს. შესაძლოა დადგეს დრო, როცა კალათბურთის მსგავსად, საფეხბურთო ნაკრებებსაც ექნებათ 1-2 უცხოელის დამატების უფლება.
- რას ფიქრობთ იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო წლებში ხდება ფეხბურთში?
- მთავარი ცვლილება, ალბათ, არის VAR, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა მსაჯების შეცდომები. დიახ, თავდაპირველად, სკეპტიკურად უყურებდნენ "რეფერის ვიდეოასისტენტის" დანერგვას, ზოგიერთი იმასაც ამბობდა, - VAR ფეხბურთის სილამაზეს "მოკლავს", მსაჯების შეცდომები თამაშს ხიბლს სძენდაო... ვიღაცისთვის შესაძლოა ასეც არის, მაგრამ აბა, მათ ვკითხოთ, კლუბებს მილიონები რომ დაახარჯეს და მსაჯის შეცდომის გამო ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ?!
- ყველაზე მეტად არ მინდოდა, საქართველოს წინააღმდეგ მეთამაშაო. რას გრძნობდით, როცა ლარნაკის სტადიონის მინდორზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს უსმენდით?
- ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და უჩვეულო ემოცია: მატჩის წინ ჰიმნებს უსმენ და გრძნობ, რომ ორივე ძალიან ახლოს არის შენს გულთან. მთელი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე, მერე, 5 წლის განმავლობაში, ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და ახლა მშობლიური გუნდის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა... თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოვალეობა ყოველთვის უნდა შევასრულოთ. ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ იღებ იმას, რაც დაიმსახურე.
- საქართველოსთან წაგების შემდეგ ნორვეგიასთან სტუმრად გამართულ მატჩშიც დამარცხდით. იმ თამაშზე რას იტყვით?
- შოტლანდიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და 12 ქულაც დამსახურებულად აქვს, მაგრამ ნორვეგიაც ძალიან ძლიერია და სხვა ქვეჯგუფში აუცილებლად იბრძოლებდა მინიმუმ მეორე ადგილისთვის, ოღონდ, მგონია, რომ ამ მოცემულობაში პირველი-მეორე ადგილებისთვის მაინც შოტლანდია და ესპანეთი იბრძოლებენ.
- შოტლანდია-საქართველოზეც უნდა გკითხოთ: ცხადია, ნახავდით გლაზგოში გამართულ "წყალბურთს" და გვითხარით, როგორც პროფესიონალმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა (მათ შორის - ბრიტანეთში ნათამაშებმა): იმ პირობებში, უნდა გაგრძელებულიყო თუ არა მატჩი?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ ის გამიკვირდა, მატჩი წვიმის გამო რომ გადაიდო - ბრიტანეთში ყველგან კარგი მინდორია და ყველგან წვიმს! მაგრამ თამაშს დატბორილ მოედანზე რომ დაიწყებ, მერე კი საათნახევრიანი გაურკვევლობისა და მოლოდინის შემდეგ გაგიყვანენ სათამაშოდ, არა მგონია, ლოგიკური გადაწყვეტილება იყოს. თუმცა უეფამ ასე გადაწყვიტა და საქართველოს ნაკრებს თამაშის გაგრძელებაზე უარი რომ ეთქვა, ალბათ, წაგებას ჩაუთვლიდნენ. ამინდს მხოლოდ სანიოლის გუნდი არ დაუზარალებია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შოტლანდიელებს ჩვენზე გაცილებით ხშირად უწევთ წვიმიან ამინდში თამაში. ეგაა, რომ უეფა ყველანაირად ცდილობს მატჩების გადადება აირიდოს თავიდან. პირველივე ტურიდან ვამბობდი, რომ შოტლანდიის ნაკრები ძლიერი, დაბალანსებული გუნდია და ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტიც. როცა გუნდში ინგლისის პრემიერლიგის 15 ფეხბურთელი გყავს, სხვაგვარად ვერც იქნება!
- შოტლანდია-საქართველოს "ჰემპდენ პარკის" მედიატრიბუნიდან ვუყურე. შოტლანდიის ერთ-ერთი უძველესი სტადიონი მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა გამიკვირდა, გლაზგოში, სადაც ძალიან ხშირად წვიმს, ასეთ სახელგანთქმულ არენას რატომ აქვს დრენაჟის ასეთი ცუდი სისტემა?
- მატჩი "აიბროქსზე" ან "სელტიკ-პარკზე" რომ გამართულიყო, ასეთი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ "ჰემპდენი" მხოლოდ ნაკრები გუნდების და თასის მატჩებს მასპინძლობს და როგორც ჩანს, დრენაჟს დიდ ყურადღებას არ უთმობენ. სხვათა შორის, როცა ბრიტანულ კლუბებში ვთამაშობდი (შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას უთამაშია ინგლისურ "ნიუკასლში" და "ვულვერჰემპტონში", ასევე - შოტლანდიურ "დანდიში"), უამინდობის გამო ბევრჯერ შეწყვეტილა/გადადებულა მატჩები, დატბორილ მოედანზეც არაერთხელ გვითამაშია - მაშინ სად იყო ასეთი კარგი მოედნები?!
- რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის პოტენციალზეც გვითხარით...
- ხვიჩა ფენომენური ფეხბურთელია. ერთ წელიწადში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - გახდა სერია "ა"-ს წლის საუკეთესო მოთამაშე! დაამტკიცა, რომ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, საქართველოში ფეხბურთის ბუმი გამოიწვია, ქართული ფეხბურთი ცნობადობის ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, მთელი კარიერა წინ აქვს და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!
- კვარაცხელიამ ძველი, "რომენტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?
- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!
- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს.
- კრიტიკოსების მთავარი არგუმენტია, ხვიჩას ყოფნა ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაეხმარებოდა ჩვენს ფეხბურთელებს, ბოლოს და ბოლოს, უკრაინელი მუდრიკის მსგავსად მეოთხედფინალის ბოლო წუთებზე მაინც ეთამაშაო...
- თუ იქნებოდა, 15 წუთი კი არა, მთელ თამაშს ითამაშებდა. ქვეჯგუფიდან რომ ვერ გავსულიყავით, არც ატყდებოდა ამხელა აჟიოტაჟი. თუმცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, მაინც მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც მის საქციელს/თამაშს გააკრიტიკებდნენ. არადა, შესაძლოა ხვიჩასთან ერთად სულ სხვა შედეგი გვქონოდა. ყველას გვსურდა ახალგაზრდულ ნაკრებში კვარას ნახვა, თვითონაც უნდოდა, მაგრამ გამოვიდა და თქვა მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლებდა თამაშს. ნუ დავივიწყებთ, რომ უპირველესად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა დღევანდელი საფეხბურთო ბუმი საქართველოში. ამიტომაც შევეშვათ "განტევების ვაცის" ძებნას, მოვრჩეთ ფეხბურთელების ლანძღვას, ვიამაყოთ, ამ დონის ფეხბურთელით და წარმატება ვუსურვოთ ახალ სეზონში.