"გერმანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაბლოკავს. რას შესთავაზებენ კიევს ვილნიუსში?"
ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით "გერმანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაბლოკავს. რას შესთავაზებენ კიევს ვილნიუსში?" (ავტორები - ჯო ბარნსი და ნიკ ალენი).
ნატოს მორიგ წლიურ ორდღიან სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11 ივლისს გაიხსნება, თუ რომელიმე წევრი წამოაყენებს წინადადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, გერმანიას მას აუცილებლად დაბლოკავს: იმიტომ, რომ კიევის მიღება ნატოში რუსეთთან ომს გამოიწვევს. ბერლინი შეეცდება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული გარანტიები შეიმუშაოს და კიევს ნატოში მიუღებლობისათვის "კომპენსაცია" მისცეს.
"ბერლინი თავს შეიკავებს იმ წინადადების მხარდაჭერისაგან, რომელიც უკრაინის ნატოში დაუყონებლივ მიღებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ანიჭებს არა გაწევრიანებას, არამედ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების შემუშავებას გაწევრიანების გარეშე. გერმანიას არ სურს, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის პოტენციური ტესტირების წინაშე დააყენოს", - აცნობა "დეილი ტელეგრაფს" ერთ-ერთმა წყარომ ბრიუსელიდან.
სხვათა შორის, [2008 წლის ბუქარესტის სამიტისაგან განსხვავებით], დღეს გერმანიის პოზიციას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებიც: ჯო ბაიდენმა ამას წინათ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არ არის ნატოში გაწევრიანებისათვის და რომ კიევს გარკვეული დრო დაჭირდება ალიანსში მისაღებად. თავის მხრივ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, "ჩვენ არ ვცდილობთ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას. უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრი არ გახდება".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი, რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, პერმანენტულად ითხოვს ნატოში დაჩქარებულ მიღებას, თუმცა იგი იძულებულია უსაფრთხოების მხოლოდ გარკვეულ გარანტიებს დათანხმდეს, რომლებიც ორმხრივ ხელშეკრულებებზე იქნება დამყარებული.
აშშ, დიიდ ბრიტანეთი და ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები ამჟამად ორმხრივი შეთანხმებების პროექტებს ამუშავებენ, რომლებშიც კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება დაფიქსირებული, რაც უკრაინას ალიანსში წევრობის გარეშეც დაეხმარება.
მაგრამ აღმოსავლეთევროპელი ლიდერები, მაგალითად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასის მტკიცებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრად მიღება თუ არა, გაწევრიანების საგზაო გეგმის (MAP-ის) ) მიცემა მაინც უნდა მოხდეს.
ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინას ნატოს წევრი რომ გახდეს, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. კიევმა ალიანსისაკენ რაციონალური გზით უნდა იაროს. "რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, ამერიკა მზად იქნება უკრაინის უსაფრთხოება იგივენაირად უზრუნველყოს, როგორც ისრაელის მიმართ ხდება. მე უკვე ვესაუბრე ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის, ამიტომ ვთვლი, რომ კენჭისყრის ჩატარება ნატოში უკრაინის "ახლავე" მისაღებად, ნაადრევია".
2019 წლიდან აშშ ისრაელს ყოველწლიურად, 2028 წლამდე, 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე უხდის შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნით.
ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, დასავლელი მოკავშირეები ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად წააქეზოს, რომელიც უკრაინისათვის სასასარგებლო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმუქრება, რომ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. "აბა, რა მინდა მე ისეთ სამიტზე, რომლის შედეგად მოსახლეობას კარგ ახალ ამბავს ვერ შევატყობინებ? 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია, რომ კიევისათვის "ნატოს კარი ღიაა", უკვე არასაკმარისია. ჩვენ გვინდა რაღაც სიგნალი - მკაფიო და მტკიცე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი იქნება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტის დროს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე გამორიცხა უკრაინის სავარაუდო ოფიციალური შეთავაზება ალიანსში მიღების თაობაზე, რადგან ნათელი გახდა - კონსენსუსი არ შედგება, უკრაინის მიღებას ნატოს ყველა 31-ვე წევრი არ დათანხმდება.
დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა დაასახელეს ყველაზე რეალური სავარუდო წინადადება კიევისათვის - "ბუქარესტი-პლუსი" - იმის ნიშნად, რომ ის ეფუძნება 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, მაგრამ არ იქნება პირდაპირი გარანტია მიღებაზე, "თუმცა ის იქნება გარკვეული კომპენსაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით".
სავარაუდოდ, აშშ, გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ისეთი ორმხრივი დოკუმენტების შექმნაზე, რომლებშიც იურიდიულად იქნება სავალდებულო კიევისადმი დახმარება. მათში ცალკე პუნქტის სახით იქნება სასწავლო-საწრთვნელი ღონისძიებების პაკეტი, თვითმფრინავ F-16-ების გადაცემასთან ერთად. ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაერთიანდება საერთო დოკუმენტში - "ურთიერთგაგების მემორანდუმში", რომელსაც ნატო და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ.
როგორც წყაროები იტყობინებიან, ეს იქნება საუკეთესო შეთავაზება უკრაინისათვის, რომლის ნატოში მიღება ამ მომენტისათვის შეუძლებელია და, შესაბამისად, შეუძლებელია მასზე 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ძალის გავრცელებაც. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ