ნატოს ძლიერების ამსახველი მეხუთე პუნქტი ალიანსის მთავარ სუსტ წერტილადაც გადაიქცა, რის გამოც საქართველო და უკრაინა ვერ ხდებიან მისი წევრები... - კვირის პალიტრა

ნატოს ძლიერების ამსახველი მეხუთე პუნქტი ალიანსის მთავარ სუსტ წერტილადაც გადაიქცა, რის გამოც საქართველო და უკრაინა ვერ ხდებიან მისი წევრები...

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ხვალ, 11 ივლისს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი იხსნება, რომელიც შეიძლება ისტორიული გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დიდი ზარზეიმით შეპირების მიუხედავად,15 წლის გასვლის შემდეგაც, არც უკრაინას და მითუმეტეს, არც საქართველოს ნატოს რიგებში არ მიიღებენ...

...არ მიიღებენ, სანამ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები იმყოფებიან, კრემლი კი მათ გაყვანას არ აპირებს ანუ შეიკრა მოჯადოებული წრე, საიდანაც გამოსავალის მოძებნა ძალზე რთულია, თუმცა შესაძლებელი...

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ასევე 2022 წლის თებერვალში რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში, მიზნად ჰქონდა ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები არც ახლო და არც შორეულ მომავალში არ გამხდარიყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. ამისთვის კრემლმა თავად ნატოს მთავარი და ძლიერი არგუმენტი - ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტი მისივე სუსტ წერტილად აქცია. საქმე ის არის, რომ მეხუთე პუნქტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს და მის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე შეტევას ნიშნავს. შესაბამისად, თუკი რუსეთთან ომის მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ან უკრაინას ნატო თავის რიგებში მიიღებს, მაშინ ალიანსს მოუწევს ამ მეხუთე პუნქტის ანუ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც რუსეთის ფედერაციასთან ომში აღმოჩნდება. გასაგებია, რომ ბირთვული პოტენციალის მქონე რუსეთისა და ნატოს ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ საშიშროებას შეიცავს, რადგან, როგორც წესი, ავტომატებით დაწყებულ ომში მერე ტანკები, არტილერია, ავიაცია და რაკეტები ერთვებიან და საქმე შეიძლება თვით ბირთვული იარაღის მასობრივ გამოყენებამდეც მივიდეს.

1-samiti-1688981858.jpg
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვილნიუსის სამიტის მრგვალ მაგიდასთან ვერც ხვალ და ზეგ შედგება კონსესუსი უკრაინისა და საქართველოს წევრებად მიღებასთან დაკავშირებით,რაც პუტინის კრემლისთვის საუკეთესო საჩუქრად იქცევა...

სად დაუშვა მთავარი და, შეიძლება ითქვას, ისტორიული შეცდომა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის საკითხში?

შეცდომა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრების ნაჩქარევი შეპირება,­ რაც არ იყო გამაგრებული დასავლეთის კონკრეტული სურვილებითა და ქმედებებით. მართალია, მაშინ ბუქარესტის სამიტზე ალიანსს არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებდა თავის რიგებში საქართველოს და უკრაინას, მაგრამ "ნატოში შესასვლელი ღია კარის" თემის მუდმივმა მუსირებამ დათვური სამსახური გაგვიწია ქართველებსაც და უკრაინელებსაც. ნატოში გაწევრების ფართოდ გაპიარებული საკითხი ერთგვარ წითელ ნაჭრად გადაიქცა რუსეთისთვის, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეიმუშავა და წარმატებით შეასრულა კიდეც - საომარ მდგომარეობაში ჩაითრია საქართველოც და უკრაინაც, რათა ნატოს უვადოდ გაეჯანჯლებინა ბუქარესტის სამიტის ნაჩქარევი დანაპირების შესრულება ჩვენი ქვეყნების ალიანსში მიღების თაობაზე, მით უმეტეს, მას არ სურს მეხუთე პუნქტის ამოქმედება.

რა საჭირო იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იმის გამოცხადება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები, თუკი ნატოს წევრი რიგი ქვეყნების (მათ შორის გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და სხვა) ლიდერები­ იმავე სამიტის დახურულ შეხვედრაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებას? დიდი ალბათობით, ეს იყო პოლიტიკური სვლა, რომლის ინიციატორიც შეიძლება აშშ-ც იყო, იმის შესამოწმებლად, თუ რა რეაქცია ექნებოდა პუტინის რუსეთს. რუსეთის რეაქცია კი საქართველომ იწვნია აგვისტოს ომში, თანაც­ ისე, რომ მსოფლიომ კინაღამ თავად საქართველო მიიჩნია ომის წამომწყებად.

ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მერკელის, სარკოზისა თუ ბერლუსკონის კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია, საქართველოსა და უკრაინისთვის მიენიჭებინათ „მაპ“-ი, ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა, ფართო მასებისთვის მაშინ უცნობი დარჩა, თუმცა ამის შესახებ კულუარულად საკმაო ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში, მაგრამ მოსახლეობაში წლების განმავლობაში ქმნიდნენ ისეთ ამინდს, თითქოს ცოტაც და საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდებოდა...

ასეთი პოზიცია მისმა შემცვლელმა ხელისუფლებამაც დიდხანს შეინარჩუნა და ამის ფონზე მართლაც, თითქმის პირველად გაისმა სიმართლის ნოტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ღია წერილში, რომელშიც მან ბევრ რამეს საკუთარი სახელი დაარქვა და არ მოერიდა ნატოს იმ ისტორიული შეცდომის ხსენებას, რაც მთავარ დამაჩქარებელ ფაქტორად იქცა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისა, ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ...

თუმცა, სანამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამას განაცხადებდა, ბოლო ორი თვეა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ბევრად მკაცრად აფასებს ნატოს, ბუქარესტის სამიტზე შეპირების შეუსრულებლობის გამო და აფრთხილებს ალიანსს, რომ ვილნიუსის სამიტზეც ამ შეპირების არ შესრულების შედეგად ფრთაშესხმული პუტინი სამხედრო აგრესიას გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ, რაც საერთო ჯამში თავად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც უარყოფითად აისახება...