შენი სანდო თანამგზავრი 15 წლის გახდა - როგორ აღნიშნა რადიო „პალიტრამ“ იუბილე?
რადიო „პალიტრა“ 15 წლის გახდა. მედიასაშუალებამ იუბილე აღნიშნა გრანდიოზული წვეულებით, სადაც ბიზნესპარტნიორებსა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს „პალიტრა მედიის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს.
ღონისძიება გაიმართა „შატო დე ვერეში“, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რადიო „პალიტრის“ გუნდს არაფორმალურ გარემოში შეხვედროდნენ, მოესმინათ ცოცხალი მუსიკა, მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებაში, მოეგოთ საჩუქრები და საღამო დიჯეისთან ერთად პოზიტიურად დაესრულებინათ.
რადიო „პალიტრის“ იუბილეზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „პალიტრა მედიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა თევდორაშვილმა, მედიასაშუალების სხვა წარმომადგენლებმა და ასევე, „პალიტრა მედიის“ ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ. მათ მიმოიხილეს რადიო „პალიტრის“ დაფუძნების ისტორია, მისი მნიშვნელოვანი პროექტები და მსმენელსა და ბიზნესპარტნიორებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს:
„რადიო „პალიტრას“ ვულოცავ 15 წლის იუბილეს და მინდა, მსმენელს ერთგულებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. რადიო და სრულიად ჰოლდინგი აუცილებლად ეცდება, მსმენელს უფრო მეტი საინტერესო თოკ-შოუ შესთავაზოს და უფრო ლაღი, სანდო და ერთგული იყოს იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს“, - განაცხადა „პალიტრა მედიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა თევდორაშვილმა.
რადიო „პალიტრას“ იუბილე მიულოცა წამყვანმა თამთა კვარაცხელიამ, რომელიც მსმენელს მისი ეთერიდან უკვე 13 წელია ესალმება:
„ყველას გილოცავთ რადიო „პალიტრის“ 15 წლის იუბილეს და განსაკუთრებით ვულოცავ საკუთარ თავს, რადგან მისი დაარსების ისტორიიდან 13 წელი ჩემია. მთელი ეს დრო რადიო „პალიტრის“ თანამშრომელი ვარ და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგი საღამო შედგა და მან მართლაც კარგად ასახა ისტორია, რომელიც ერთად დავწერეთ. მადლობა ერთგულებისთვის“, - განაცხადა თამთა კვარაცხელიამ.
ღონისძიების პარტნიორი იყო კომპანია PSP, რომელსაც რადიო „პალიტრასთან“ 15-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა მილოცვაში სწორედ აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„რადიო პალიტრასთან“ მართლაც მისი დაარსებიდან ვთანამშრომლობთ, ეს არის ძალიან კომფორტული, სასიამოვნო და წარმატებული პარტნიორობა. რაც მთავარია, მისი გუნდი არის ძალიან მეგობრული, რაც უმნიშვნელოვანესია. მოხარულები ვართ, რომ რადიო „პალიტრასთან“ და მთელს ჰოლდინგთან ერთად აღვნიშნავთ 15 წლის იუბილეს, რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და მოხარულები ვიქნებით, თუ მათ ყველა წარმატებას ასე ვუგულშემატკივრებთ“, - აღნიშნა ნათია ხაბეიშვილმა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, ბრენდები - „გალბანი“ და „პრეზიდენტი“ და კომპანიები: „კოლორ პაკი“ და „ფავორიტი“.
ასევე 15-წლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „გუდვილის“ მარკეტინგის მენეჯერმა გურანდა არჩუაძემ:
„ჩვენ პარტნიორობის თითქმის 15 წლის განმავლობაში ერთად ვვითარდებოდით და ამ ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში ალბათ ერთად გავიზარდეთ, ბევრი რამ ვისწავლეთ და ძალიან კარგი ისტორია შევქმენით“, - განაცხადა გურანდა არჩუაძემ.
ბიზნესის წარმატებაში მედიის როლზე ყურადღება გაამახვილა „კოლორ ჯგუფის“ გაყიდვების აღმასრულებელმა მარიამ მუხიგულმა და აქტიური მხარდაჭერისთვის რადიო „პალიტრას“ მადლობა გადაუხადა:
„რადიო „პალიტრას“ ვუსურვებ ბევრ წარმატებას. ძალიან მიხარია, რომ წლებია, აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და სასიხარულოა, როდესაც მისი გუნდი მარკეტინგულ აქტივობებში იყენებს ჩვენს ინოვაციებს, მაგალითად, ეტიკეტების ბეჭდვის მიმართულებით. 15-წლიან იუბილეზე, რადიოს დაარსებიდან - 2008 წლიდან დღემდე, თითოეული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ღვინის ეტიკეტებზე სწორედ ჩვენი დანადგარის - „ინდიგო 20 000“-ის მეშვეობით გადავიტანეთ“, - აღნიშნა მარიამ მუხიგულმა.
საღამოს სტუმრებისთვის საჩუქრები დააწესეს კომპანიებმა: PSP, „ლოქსიტანი“, სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლი“, კომპანია „ბოლერო“, ვაკის საცურაო აუზი, კომპანია „ავერსი“, სასტუმრო „სერი“ , „აჭარა გლემფინგი“, სასტუმრო კომპლექსი „კოლხიდა“, კლინიკა „დეამედი“, სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“; ბიუთი საქსესი; კომპანია „სანტე“, აუთლეტ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“, დერმატოლოგიური ბრენდი „ურიაჟი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა.
ღონისძიების ბოლოს, ვაკის საცურაო აუზმა ექსკლუზიური საჩუქარი გაათამაშა. იღბლიანმა სტუმარმა ვაკის საცურაო აუზის ერთწლიანი აბონემენტი მოიგო.
გათამაშების დასრულების შემდეგ რადიო „პალიტრის“ გუნდის წევრებმა აპლოდისმენტების ფონზე საზეიმოდ გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი და სტუმრებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ რადიო „პალიტრა“ ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან მაუწყებლობს.
რადიო „პალიტრა“ მსმენელს საათში ერთხელ განახლებად საინფორმაციო გამოშვებებს, საავტორო თოკ-შოუებს, შემეცნებით-გასართობ პროგრამებს, ასევე, გემოვნებიან მუსიკას სთავაზობს.
მაუწყებლის საეთერო ბადე არის საინტერესო და მრავალფეროვანი. რადიოს საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოკ-შოუები გამოირჩევა ოპერატიულობით, ბალანსით, ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით. ხოლო შემეცნებით-გასართობი გადაცემების მთავარი ხიბლი მრავალფეროვანი, აქტუალური თემები, რუბრიკები და საინტერესო რესპონდენტებია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რადიო „პალიტრა“ ტექნიკურად განახლდა, შეიცვალა სტუდია, განვითარდა მედიასაშუალების გაციფრულების პროცესი, განახლდა ვებგვერდი, რომელსაც ახალი ფუნქციონალები და პროექტები დაემატა.
რადიო „პალიტრა“ თბილისსა და მის შემოგარენში, აგრეთვე გუდაურში, ბორჯომსა და ბათუმში მაუწყებლობს ტალღაზე FM 103.9. მისი მოსმენა ასევე შესაძლებელია ონლაინრეჟიმშიც, რადიოს „ფეისბუქის” გვერდსა და ინტერნეტმისამართზე www.radiopalitra.ge.
ფოტოები რადიო „პალიტრის“ იუბილედან:
#რადიო #პალიტრა #psp #გუდვილი #გალბანი #პრეზიდენტი #კოლორპაკი
R