"იცით, რა ლამაზი იყო? არასდროს დაგივიწყებს შენი კლასი, რომელიც ნაადრევად აატირე" - კვირის პალიტრა

"იცით, რა ლამაზი იყო? არასდროს დაგივიწყებს შენი კლასი, რომელიც ნაადრევად აატირე"

ქუთაისში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეექვსე მგზავრიც გარდაიცვალა.

ქუთაისში მომხდარი შემზარავი ავარიის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის აეროპორტთან მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეასკდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა და ავტოავარიის დროს ადგილზე დაიღუპა 4 გეგუთელი ახალგაზრდა ბიჭი. მათთან ერთად მანქანაში მყოფი ორი ლანჩხუთელი გოგონა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, დაშავებულებიდან ერთი - ლანჩხუთელი ეკატერინე სანიკიძე მალევე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი - მირანდა ცეცხლაძე თბილისში გადაიყვანეს. ამბობდნენ, რომ მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.

"იცით რა ლამაზი იყო? სიფრიფანა, თეთრი, ჩამოსხმული, ნატიფი, ფერიას ჰგავდა. იცით, როგორი იყო? ჩუმი, წყნარი, მშვიდი, კეთილი, მუდამ მოღიმარი. რა ხანმოკლე ყოფილა წუთისოფელი შენთვის, ჩემო ლამაზო ეკა. როგორი ძნელია, რომ სამუდამოდ უნდა დაგემშვიდობოთ. იცოდე, არასდროს დაგივიწყებს შენი კლასი, რომელიც ნაადრევად აატირე.

იცით, როგორი გოგოა მირანდა? ლამაზი, ეშხიანი, ხალისიანი, მზრუნველი, მუდამ ფუსფუსა.

შენ მაინც გადაგვირჩი, იბრძოლე, ჩვენო გულიანო გოგოვ, შენ ხომ ძლიერი ხარ! ეყოფა შენს კლასელებს ტრავმა და შენ მაინც შეუმსუბუქე ის დიდი განსაცდელი, რასაც ძალიან ნაადრევად შეაჯახა ცხოვრებამ. გელით ისევ ჩვენთან, ჩემო ლამაზო გოგო. აბა, შენ იცი, მალე დაგვიბრუნდი", - დაწერა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მისმა პედაგოგმა.

დღეს კი ცნობილი ხდება სამწუხარო ინფორმაცია, რომ ავტოავარიის დროს დაშავებული მეექვსე მგზავრიც, რომლის გადარჩენისთვის ყველა ლოცულობდა, მირანდა ცეცხლაძეც გარდაიცვალა.

"რა სასტიკი ხარ სიკვდილო, ცივი და დაუნდობელი. მაგრამ იცოდე, იმდენად სიყვარულით სავსეა ჩვენი პატარა გოგონების ხანმოკლე სიცოცხლე, იმდენად თბილი და ფერადი, რომ შენს სისასტიკეს ბევრად აღემატება. ჩვენო ცქრიალა გოგონებო, ეკა და მირანდა, მუდამ ჩვენთან იქნებით, გვიყვარხართ", - დაწერა ისევ გულგატეხილმა პედაგოგმა ლოლა ჩხაიძემ.

მირანდა ცეცხლაძე რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, დაზიანება იმდენად მძიმე იყო, ვერ გადაარჩინეს. ეკა და მირანდა თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ. მირანდას გარდაცვალებაზე სამწუხარო ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით.

"უნდა გებრძოლა, გესმის?! არ უნდა დანებებულიყავი, არაა! უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენს ოჯახს გამძლეობა მისცეს!"

"წავიდა თავის მეგობრებთან. ეჰ, როგორ მტკივა გული, ამდენი ახალგაზრდა რომ გვტოვებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ფერია გოგოვ. როგორი იმედი მქონდა შენი გადარჩენის, ჩემი ბავშვობა იყავი. იმედს არ ვკარგავდი, გადარჩება-მეთქი. ასე რატომ გაგვწირე, ასეთი ტკივილისთვის. შენს დედიკოს რას ერჩოდი, დაი", - დაწერა კიდევ ერთმა მისმა მეგობარმა.

"მირანდაც ანგელოზად იქცა, ვერც ერთი ვერ გადაურჩა ავარიას. მირანდაც თავის მეგობრებთან ერთადაა", - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ახლობელი.

"ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი, არასდროს დამავიწყდება ისიც, როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით... რომ დამინახავდით, ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი-მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხარო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით. დამაკლდება თქვენი სითბო, მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას“, - დაწერა გოგონების კიდევ ერთმა მეგობარმა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახს და მათ ახლობლებს, ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)