თუ ორივეს უარყოფ გაქვს სტიგმა: ან ლგბტ ხარ, ან კაცთმოძულე! ანუ, ლგბტქ-ები და "ვაჟკაცები"
ერთობ არ მინდოდა ამ თემაზე დაწერა. მეგობარი მეკითხებოდა ამ ქაოსთან დაკავშირებით და კითხვითვე ვუპასუხე, ხომ შეიძლება სხვა ღირებულებებით ცხოვრობდეს ადამიანი, ჰქონდეს სხვა მოთხოვნები და პრობლემას ხედავდეს ორივე მხარეს?... მოკლედ, დღეს კიდევ ერთხელ ჩემს სათქმელს ვამბობ და ამით არ ვიცავ ნეიტრალურ პოზიციას! ნამდვილად არა!
მე, ერთ მოქალაქეს, მავიწროებენ (და, ამაზე უამრავ ამბავს მოვყვებოდი) ჩვენს ქვეყანაში თუ სხვაგან, რადგან როგორც ინგლისელი ხალხი იტყოდა, ვარ straight (პირდაპირი), ანუ ჰეტეროსექსუალი.
მავიწროებენ, რადგან მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ლგბტქ პირი ჩემზე მეტია, ან უპირატესია. მავიწროებენ, რადგან მასწავლიან, რომ მათ ჩემზე მეტი უფლებები და თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.
მაიძულებენ, რომ ყველა მათგანი უკლებლივ მომწონდეს, რადგან თურმე ადამიანი არა პიროვნულობის, არამედ, სექსუალური თვალსაზრისით განისაზღვრება. მე, თუ პიროვნულად ვიღებ ან არ ვიღებ ვინმეს, ახსენდებათ თავისი სექსუალური მოთხოვნები და დაღს მასვამენ მთელი ცხოვრება.
მავიწროებენ, რადგან მაიძულებენ ვაღიარო ან ერთი, ან მეორე ე.წ. ვაჟკაცების ჯგუფი. ეს მეორე გაცილებით უბედურია, მაგრამ თუ ორივეს უარყოფ, გაქვს სტიგმა: ან ლგბტქ ხარ, ან კაცთმოძულე!
მავიწროებენ, რადგან ვარ ქრისტიანი და ეს დღეს ყველაზე დაბალ "რანგს" ნიშნავს. მამცირებენ, რადგან ვცდილობ ვიცხოვრო სულიერი ცხოვრებით, როცა ქვეყანაში მგლური კანონებია.
მამცირებენ, რადგან ვამბობ,- თუ არ არის დაცული მოქალაქის სიცოცხლე და თავისუფლება, აქ თავისთავად იგულისხმება, რომ არ არის დაცული არც ჩემი, არც შენი და არც გეის უფლება.
მავიწროებენ, რადგან ჩემი კანონი სახარებაა და დღეს აღარ ცხოვრობს არავინ 2000 წლის წინანდელი კანონით.
მავიწროებენ, როცა ვამბობ, რომ ჩვენ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკა გვაქვს და პოლიტიკოსებს ისე სურთ ახალ თემებზე გველაპარაკონ, თითქოს ძველი უკვე მოაგვარეს.
თუ ჩემს ქალაქში, თითქმის ორ კვირაში 2-3 ახალგაზრდა მამაკაცს კლავენ, არაფერია. თუ შეურაცხყოფილი ლგბტქ პირი აღმოჩნდა, მაშინ ქვეყანა ბნელია.
შევიწროების მსხვერპლი ვარ, რადგან სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში და სამსახურში, როცა ლგბტქ პირი მოდის, ეგრევე ხაზს უსვამს თავის სექსუალობას, ჩემი სექსუალური მოთხოვნილებები კი არავის აინტერესებს.
მამცირებენ, როცა ვამბობ: მე არ ვარ მოდური. პროგრესულად მოაზროვნის სახელის მოპოვების გამო, რომელიმე მხარეს ვერ დავდგები, ვერც ფულის გამო გავაპროტესტებ, არადა, მაიძულებენ.
ღიად ვამბობ, რომ ნებისმიერი ტიპის მოქალაქის შეურაცხყოფა, მკვლელობა და დამცირება თანაბრად დასჯადია! გესმით?
მავიწროებენ, როცა ვამბობ, - "უსახო" ან "უვიცი" "ადამიანები" გასწავლიან, რა არის ტოლერანტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განწირული ხარ. დღევანდელ აღვირახსნილ სამყაროში საკუთარი "მე" ხდება მთავარი კულტი. ორიენტაცია საკუთარ თავზე, საკუთარ სექსზე.
მამცირებენ, როცა ვამბობ, რომ ადამიანს სექსუალობა საერთოდ არ განსაზღვრავს. მას უკვდავი სული განსაზღვრავს და არა - მისი გენდერული ორიენტაცია.
მე (და ჩემნაირები) შევიწროების მსხვერპლი ვარ(თ), როცა ვამტკიცებ, რომ სამყაროში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ვიდრე საკუთარი "მე", ვიდრე საკუთარი "სქესი". ღირებულებები, რომლებიც დღეს უპირობოდ ფეხქვეშ ითელება!
თქვენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, ჯერ კიდევ არ იცით, რაოდენ მრავალმხრივი და უზომოა ქვეყნად გამეფებული ბოროტება.
მე შევიწროების მსხვერპლი ვარ, რადგან ვერასოდეს გავხდები ყალბად "ეროვნული", ანუ „ვაჟკაცი“.
მაპატიეთ და ვფიქრობ, მათთვის, „ვაჟკაცებისთვის“ სულიერება ტრადიციულ რელიგიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ცოცხალ ღმერთთან.
და, ამიტომ, ვაჟკაცობისთვის მებრძოლებს შევახსენებდი, - ქრისტიანობამ შეძლო და წინ აღუდგა დემონს არა ლოზუნგებით, არა საჯარო მიმართვებით და ძალადობით, არამედ, ადამიანიდან ადამიანამდე მიტანილი ჭეშმარიტებით. ჩემთვის, ქუჩაში აქციების მოწყობაზე მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტება დღეს არ გვჭირდება, პირიქით გვაწუხებს კიდეც! სულიერება და ჭეშმარიტება დღეს ყველგან იდევნება!
ქალბატონებო, ბატონებო და ლგბტქ პირებო, (მათ შორის, „მეგობარო“ უცხოელებო) გთხოვთ, თქვენი ლექსიკიდან ამოიღეთ: "ეს ხომ საქართველოა, აქ სიბნელეა. ქართველები ჰომოფობები არიან", რადგან მთელ მსოფლიოში მსგავსი პროცესი მიდის. ანუ, პროცესები - ცოდვასა და უცოდველობას შორის ზღვარის წაშლისთვის მიდის და არა, თუნდაც "განსხვავებული" ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ეს აშკარაა!
ისევ ვამბობ, საერთოდ არ მინდა „მათზე“ რამე შეფასებას ვაკეთებდე. არ მინდა დროსაც კი ვხარჯავდე ამისთვის. მინდა ვცხოვრობდე მშვიდ ქვეყანაში, სადაც მე და ჩემნაირები თავისუფლები ვართ, სადაც კანონი გვიცავს ჩვენც და სხვასაც. გვაქვს სხვა ფასეულობები... მეჩვენება, რომ ეს სიმშვიდე და თავისუფლება ამ ქვეყანაში „ვიღაცას“ არ სურს.
გაიხსენეთ, რომ თქვენსა (ლგბტქ) და თქვენი სატელიტი "ვაჟკაცების" გარდა, ამ ქვეყანაში სხვა ცოცხალი მოქალაქეებიც ვცხოვრობთ, საკმაოდ მტკივნეული პრობლემებითა და შინაარსიანი ღირებულებებით...