ედუარდ შევარდნაძის ურთულესი გზა "პოლიტიკური ტერარიუმიდან" - პრეზიდენტობამდე - კვირის პალიტრა

ედუარდ შევარდნაძის ურთულესი გზა "პოლიტიკური ტერარიუმიდან" - პრეზიდენტობამდე

ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: საქართველოში დაბრუნება ჩემი ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება იყოო. მართლაც, 1992 წლის 7 მარტს თბილისში დაბრუნებულ შევარდნაძეს აეროპორტში ყვავილებითა და ოვაციებით კი დახვდნენ, მაგრამ მისი რეალური ძალაუფლება ნულის ტოლი იყო. ჯაბა იოსელიანს "მხედრიონი" უმაგრებდა ზურგს, თენგიზ კიტოვანს "გვარდია", თენგიზ სიგუას კი სამთავრობო-ბიუროკრატიული აპარატი.

ამ "ტრიუმვირატს" შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი და სახელი სჭირდებოდა საკუთარი უკანონო ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. თავად შევარდნაძისთვის კი ისეთივე "მნიშვნელოვანი" ფუნქცია ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც ქორწილის დროს ავტომობილის "კაპოტზე" დამაგრებულ თოჯინას აქვს. ეს იყო მათი საბედისწერო შეცდომა. ისინი ძალზე ცუდად იცნობდნენ შევარდნაძის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოტიპს. "იმელის" შენობიდან დაიწყო "თეთრმა მელამ" საკუთარი აპარატის შექმნა და პირველ რიგში ძველ, ერთგულ და "პარტიულ ბრძოლებში" შემოწმებულ კადრებს უხმო. მათ შორის იყო ნუგზარ საჯაიაც.

ამ პროცესს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ყოფილი კომპარტიის კადრების "შემოტევას”, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებით ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი ვერ ეგუებოდნენ და აღშფოთებას საჯაროდ გამოხატავდნენ. შევარდნაძე კი ძალზე ფრთხილად და მოზომილად მოქმედებდა: ის საჯაროდ მხარს უჭერდა "ტრიუმვირატს", ფარულად კი მათი განეიტრალების გეგმებს ადგენდა. პირველი ამოცანა საკუთარი კადრების დანიშვნა იყო, უპირველესად "ძალოვან სამინისტროებში". თუმცა ამ მიმართულებით შევარდნაძემ სერიოზულ შედეგებს მხოლოდ 1995 წლის ბოლოს მიაღწია. მანამდე კი ჯაბა იოსელიანი და რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ ამ სფეროს. 1992 წლის ზაფხულში გადაწყდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ძირეული დანგრევა და ახალი სტრუქტურის შექმნა. ამ პროცესებში ყველაზე მეტად ჯაბა იოსელიანი აქტიურობდა. დასამალი არავისთვის იყო, რომ "მხედრიონის” ლიდერისთვის, როგორც საბჭოთა, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს სუკ-ი და მილიცია-პოლიცია იგივე იყო, რაც გავეშებული ანდალუზიური ხარისთვის წითელი ნაჭერი. თუმცა პრაგმატულმა ჯაბამ "მხედრიონის" ნაწილი შსს-ში მიავლინა, ნაწილი გვარდიაში, სხვები კი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში დაასაქმა. ხშირად თბილისის რაიონებში პოლიციის სამმართველოს უფროსებსაც თავად ნიშნავდა.

ჯაბასვე ინიციატივით შეიქმნა სუკ-ის რეორგანიზაციის კომისია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს მერაბ ალექსიძის ხელმძღვანელობით. ეს კომისია ჯაბას მითითებებით და "პოსტულატებით” მოქმედებდა. "რად გვინდა ძლიერი უშიშროების სისტემა, ის ხომ რეპრესიული და სახელგატეხილი ორგანიზაციაა, რა ზესახელმწიფო ჩვენა ვართ ან რა ეკონომიკური შესაძლებლობები გვაქვს, რომ ამერიკელი ან რუსი აგენტი დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით? თუ მაინცდამაინც აუცილებელია, საინფორმაციო-სადაზვერვო ფუნქციების შენარჩუნებით შეიქმნას ერთი პატარა კანტორა, მაღალი რანგის სპეციალისტ ინტელექტუალებითო” - ამგვარი იყო ჯ. იოსელიანის არგუმენტები.

ამგვარი "პატრიოტული” სულისკვეთების საფუძველზე შეიქმნა "ახალი კანტორა” - სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახური, რომლის უფროსად, ბევრისთვის მოულოდნელად დაინიშნა ახალგაზრდა პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი. ეს შევარდნაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. ბათიაშვილის მოადგილეებად კი, ჯაბას კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, თემურ ხაჩიშვილი და შოთა კვირაია დაინიშნენ. პირველ მათგანს სპეცსამსახურებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ცოტა "სპეციფიკური” დამოკიდებულება ჰქონდა: ისიც ჯაბასავით დასანახავად ვერ იტანდა ფორმიან ხალხს. ამგვარი მენტალიტეტის მქონე, ქვეყნის ერთადერთი სპეცსამსახურის უფროსის პირველი მოადგილედ დანიშნული ხაჩიშვილი რა სიკეთეს მოუტანდა საქართველოს?

კურიოზია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხაჩიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრადაც დანიშნა შევარდნაძემ. რაც შეეხება შოთა კვირაიას, მისი დახასითება ჯაბასვე მივანდოთ, რომელსაც დრამატურგის მახვილი თვალი ჰქონდა და საინტერესო წვრილმანიც არ რჩებოდა უყურადღებოდ. მემუარებში ამგვარად ახასიათებს შ. კვირიას (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.):

"კვირაია კი ჩემს ოჯახთან დაახლოებული, პროფესიონალი ჩეკისტი, მოსკოვში, ინტერპოლში ნამუშევარი, პირველად გივი ბერაძემ - საბჭოეთის "შავი სამყაროს” ერთ-ერთმა ცნობილმა ავტორიტეტმა მომიყვანა - სენაკელი, კარგი ოჯახის შვილია, ჩუმი, წყნარი, შეთხზული სენსაციების მოყვარული. 1992 წლის იანვარ- თებერვალში შსს-ში რომან გვენცაძის მოადგილედ დავნიშნე. ახლა ვფიქრობ, მან უნდა გააწონასწოროს ორი ახალგაზრდის - ბათიაშვილის და ხაჩიშვილის ურთიერთობა. პირველი ამბიციურია, მეორე - თავნება და ჯიუტი. ბინად ირჩევენ ყოფილ ცეკას ჩიტაძის ქუჩაზე".

შოთა კვირაიას მთელი კარიერა მილიციას და მის ყველაზე ოდიოზურ დანაყოფს - "ობეხეეს" უკავშირდებოდა. ესეც თქვენი "პროფესიონალი ჩეკისტი". ამგვარი რეკომენდაციებით მოსული პიროვნება წლების მანძილზე იყო შსს-ს მინისტრი, შემდეგ უშიშროების მინისტრი და ბოლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე. ჯაბას მოლოდინის მიუხედავად სულ რამდენიმე თვეში დაიწყო დაპირისპირება ბათიაშვილსა და ხაჩიშვილს შორის. კვირაიაც ცალკე იწევდა - მოკლედ, "აირია მონასტერი” ანუ ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურში ვისი ინტერესები სად იყო, ვერავინ გაიგებდა.

თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის პატრიოტი თანამშრომლები, ირაკლი ბათიაშვილის ხელმძღვანელობით, შეძლებისდაგვარად, ხშირად შიშველი ენთუზიაზმისა და პირადი თავგანწირვის ხარჯზე ცდილობდნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების ჩატარებას (ისინი ვაჟკაცურად იბრძოდნენ აფხაზეთის ომში და ბევრი მათგანი გმირულად დაიღუპა), მაგრამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდათ. თანაც მათი მთავარი მოწინააღმდეგე იმდროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახური: რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გე-ერ-უ) იყო.

შევარდნაძეს კი სულ არ აინტერესებდა თუ ვინ, ვისი აგენტი იყო. ის ყველა ღონით ცდილობდა პირადი ძალაუფლების განმტკიცებას. "დაჰყავი და იბატონე" - ფარული ბრძოლის ამ მარადიულ პრინციპს შევარდნაძე უზადოდ ფლობდა. შსს-ს მინისტრს ხაჩიშვილს ქალაქის პოლიციის უფროსი დათო ზეიკიძე დაუპირისპირა. თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანს - გია ყარყარაშვილი, მას კი - ახალგაზრდა პოლკოვნიკები. "მხედრიონისა” და ყარყარაშვილის დაპირისპირებასაც თვითონ უწყობდა ხელს.

1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეებში, კვირაია შევარდნაძეს არ სცილდებოდა და მისი გამოყვანის დეტალებს რუსებთან, ძირითადად ის აზუსტებდა, თან სახელმწიფო მეთაურის წინაშე "ქულებს იწერდა”.

თვითმფრინავით, ვეტმფრენით თუ გემით? - ბოლოს თვითმფრინავი გადაწყვიტეს. ცოტა ხნის შემდეგ შევარდნაძესა და იოსელიანს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

- " კვირაია ჩვენი კაცია? მაგის გამო სოხუმიდან გამოსვლის დროს კინაღამ ჩამოაგდეს ჩვენი თვითმფრინავი. სამინისტროშიც ჩაშლილი აქვს მუშაობა !”- ბუზღუნებდა შევარდნაძე.

- " შსს-ს კვირაია კი არა, ჟოზეფ ფუშეც ვერ უშველის” - იცავდა პროტეჟეს ჯაბა.

- "მომეცით ჟოზეფ ფუშე და, თუ ვერ უშველის, იმასაც ვნახავთ” - ეშმაკური ღიმილით პასუხობდა შევარდნაძე და 170 წლის წინ გარდაცვლილი ნაპოლეონის პოლიციის მინისტრის ძვლებს საფლავში აწუხებდა. რას ვიზამთ, "პატარა ნაპოლეონებს” ყოველთვის სჭირდებოდათ გაქნილი და ცბიერი ჩინოვნიკები, რომლებიც დავალებასაც შეასრულებდნენ და კვალსაც წაშლიდნენ. ჯაბას, "შევის” ოდნავ მოჭუტული თვალების გამჭოლი მზერა ბურღავდა, "პირველი შენ იქნებოდი ფუშეს კლიენტი” - ალბათ ასე ფიქრობდა "თეთრი მელა”.

აფხაზეთის დატოვებისა და დსთ-ში შესვლის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის ჩარევა საკადრო საკითხებში, რასაც ვითომდა "რეკომენდაციის ხასიათი" ჰქონდა. ეს ჩარევა არა მარტო "ძალოვან" , არამედ ეკონომიკურ-საფინანსო ბლოკის მინისტრებსაც ეხებოდა. შევარდნაძე იძულებული იყო მოსკოვის მოთხოვნებს დამორჩილებოდა და 1993 წლის 11 ოქტომბერს, ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე: უშიშროების და შსს-ს მინისტრებად, შესაბამისად იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია დანიშნა. ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 26 აპრილს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი - თავდაცვის მინისტრის პოსტი, რუსეთის თავდაცვის მინისტრ პავლე გრაჩოვის "რეკომენდაციით" შევარდნაძემ ვარდიკო ნადიბაიძეს ჩააბარა.

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად რუსების მოთხოვნით რომ დანიშნა, შევარდნაძე არც ამას მალავდა: "რუსებმა დამირეკეს გიორგაძის დანიშვნა კარგი იქნებოდა, ურთიერთობა გაგვიადვილდებოდაო”. რამდენიმე დღის შემდეგ, შევარდნაძის თხოვნით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს გიორგაძე პირადად ჯაბა იოსელიანმა წარუდგინა. ძველ თანამშრომლებს ემახსოვრებათ ჯაბას სიტყვები. თავად კი ასე იხსენებდა ამ გამოსვლას:

"ხაზს ვუსვამ ამ დაწესებულების მიერ რუსებთან ურთიერთობის გაუარესების ტენდენციას, რაც დაუშვებელია ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის. გულში იმასაც ვფიქრობ, დარბაზში მსხდომთაგან ბევრი აგენტი და ბევრიც საბჭოთა კავშირის, ესე იგი, რუსეთის კა-გე-ბეს მრავალი წლის კადრი და ღირსეული ჩეკისტია”. მართლაც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.

picture3-1689060180.jpg

ე. შევარდნაძე და ჯ. იოსელიანი: ვინ ვის მოატყუებს?

სწორედ ამ "ღირსეული ჩეკისტების” და მათი მოსკოველი პატრონების დამსახურება იყო, სამოქალაქო ომის დაწყება, აფხაზეთის ომში დამარცხება და მრავალი სხვა უბედურება. გე-ერ-უს რეზიდენტმა გენერალმა მარუსინმა, რომელსაც ჯაბა ხშირად სტუმრობდა, საქართველოს ორ ნაწილად გაყოფის გეგმაც კი შეადგინა: აღმოსავლეთ (პრეზიდენტი შევარდნაძე) და დასავლეთ (პრეზიდენტი გამსახურდია) საქართველო. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურის ყოველდღიური სტუმრები იყვნენ გიორგაძე, კვირაია და ხაჩიშვილი. ჯაბა იოსელიანი არ უარყოფდა, რომ "მხედრიონის” ბევრი მეთაური გე-ერ-უს აგენტი აღმოჩნდა. ზოგიერთ პოლიტიკოსს კი, ეჭვი მთელ "მხედრიონზე” და მის ლიდერზეც ჰქონდა.

შევარდნაძის ფარულ გეგმებში კომპრომეტირებული, მაგრამ ერთგული შემსრულებლების ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ის ძალზე ოსტატურად იყენებდა სხვების "ცოდვების ცოდნას”. შსს-ს მინისტრ კვირაის შევარდნაძემ ბევრი კომპრომატი გამოუქექა და შანტაჟის ქვეშ მოაქცია. კვირაიაც მის განკარგულებებს ერთგულად ასრულებდა. ამიტომ როდესაც 1993 წლის ბოლოს კვირაიას განთავისუფლება შესთავაზეს, შევარდნაძის კატეგორიული პასუხი იყო "არა, არა! ჯერ არა”. ჯაბას თან ეკითხებოდა: "ხაჩიშვილი ჩვენი კაცია?, პოლიტიკაში ერევა, ასლან აბაშიძესთანაც რაღაც ალიანსი აქვს”. თან შსს-ს მინისტრს პოსტზე ტოვებდა. ისინი ჯერ კიდევ საჭირონი იყვნენ.

თუმცა, ჯაბას სიტყვებით, ნასვამი კვირაია ხშირად გაჰყვიროდა თურმე - " ჩემი მინისტრი ერინიაო ". ვიქტორ ერინი კი, იმ დროს რუსეთის შსს მინისტრი იყო და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დატრიალებულ ბევრ "ბნელ საქმეში” აქვს ხელი გასვრილი. საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა შევარდნაძემ 1995 წლის 8 ნოემბრის #473 ბრძანებულებით, შოთა კვირაია პირველი ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენითაც კი დააჯილდოვა.

გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ შევარდნაძემ "ძალოვანი” მინისტრები შეკრიბა, სხვადასხვა ვერსიებს იხილავდნენ. თუმცა შევარდნაძემ მხოლოდ ჯაბას გაუმხილა თავისი ეჭვები: ეს აფეთქება იგორის მოწყობილი უნდა იყოსო. შევარდნაძე აშკარად თამაშობდა - "ტრიუმვირატის” ერთ-ერთ წევრს ჯაბა იოსელიანს "საიდუმლოს” უმხელდა: "ამ იგორის ვერაფერი გავიგე, კუდში მოვკიდებ ხელს - თავიდან მიძვრება, თავში - კუდიდან”.

ამ ეჭვებისდა მიუხედავად გიორგაძეს პირში აქებდა და მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა. გიორგაძეს რუსი სამხედროებიც ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების სარდალ თეოდორ რეუტისგან (რომელიც სხვათა შორის ჯაბა იოსელიანს ზურგს უკან "მახნოს” ეძახდა) ახალ შეიარაღებას (მ.შ. მძიმე ტექნიკას) მხოლოდ იგორი იღებდა და მალე უშიშროების სამინისტრო ქვეყანაში ყველაზე ძლიერ და მობილურ "ძალოვან” უწყებად იქცა. რუსეთის რეალური ხელისუფლება: გენერალიტეტი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შევარდნაძეს არასდროს ენდობოდნენ. იგორი ჩუმად იცინოდა: "შევარდნაძემ რაც არ უნდა გააკეთოს, მისი მაინც არ სჯერათ რუსებსო”.

picture4-1689060180.jpg

ნ. საჯაია

picture5-1689060180.jpg

ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი

"შევი” კი ყოველთვის თავისი პირადი გეგმებით მოქმედება და საკუთარ "საჭადრაკო პარტიას" დიდოსტატურად აგრძელებდა. მან კვირაიას და გიორგაძის ხელით მოიცილა ჯერ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, შემდეგ კი "მხედრიონი” და "გვარდია”. გიორგაძის გაქცევის შემდეგ, 1995 წლის ბოლოს, უშიშროების მინისტრად შევარდნაძემ კვირაია დანიშნა და მისი ხელით გიორგაძის მომხრეები გაანადგურა. საინტერესოა, რომ უშიშროების ახალი მინისტრი, თუ ადრე რუსეთის შსს-ს მინისტრ ვიქტორ ერინს შესციცინებდა თვალებში, შემდეგ არ მალავდა განსაკუთრებით თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას რუსეთის ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელებთან.

ორი "ტრიუმვირატორის” (იოსელიანი და კიტოვანი) ხანგრძლივი ვადით "დასასვენებლად” გაგზავნის შემდეგ, რაც სწორედ ძველმა პარტიულმა კადრებმა, პროკურატურის ახალგაზრდა, პირტიტველა გამომძიებლების ხელით უზრუნველყვეს, მომავალ პრეზიდენტს ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცების საშუალება მიეცა. იმ ურთულესი სამი წლის მანძილზე შევარდნაძის ყველაზე საიმედო დასაყრდენი ნუგზარ საჯაია იყო.

ნახეთ ბლოგის წინა ნაწილი

(მეოთხე ნაწილის დასასრული)