რას მიიღებს თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრების შემთხვევაში? - კვირის პალიტრა

რას მიიღებს თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრების შემთხვევაში?

აი, რას ნიშნავს შენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერე, როდესაც თვით ნატოსაც კი შეგიძლია, უკარნახო შენი პირობები და ის იძულებული ხდება, პოლიტიკურ ვაჭრობაზე წამოვიდეს, რადგან სხვა გამოსავალი არ დარჩენია...

სწორედ ასეთი პოლიტიკური გარიგება დაიდო გუშინ, ღამით, ერთი მხრივ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მსურველ შვედეთსა და, მეორე მხრივ, ამის დამბლოკველ ალიანსის წევრ თურქეთს შორის, რომელშიც შუამავლად თავად ნატოს ხელმძღვანელობა გამოდიოდა...

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ორდღიანი სამიტი იხსნება, შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენსონს აღუთქვა, რომ თურქეთის პარლამენტი დაჩქარებული წესით რატიფიცირებას მოახდენს შვედეთის ალიანსის წევრად მიღებას, რამაც მოხსნა ის დაძაბულობა, რაც ნატოს 32-ე წევრის მიღების პროცედურებთან იყო დაკავშირებული.

შვედეთთან მიმართებაში თურქეთს ის დიდი პრეტენზია ჰქონდა, რომ ანკარაში თვლიდნენ, თითქოს, სტოკჰოლმი იფარავდა იმ ქურთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ სტოკჰოლმის ცენტრში ქურთების პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ პრეზიდენტ ერდოღანის ფიტული დემონსტრაციულად ფეხებით ჩამოჰკიდეს, შემდეგ კი სკანდინავიელმა ექსტრემისტმა (რომლისკენაც, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების კვალი მიდის) ყურანი დაწვა, რითაც არა მარტო თურქების, არამედ - მთელი მუსლიმანური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია...

მაშინ, რამ მოულბო გული სიმკაცრითა და სიჯიუტით ცნობილ პრეზიდენტ ერდოღანს?

არანაკლებ სამმა საკითხმა, რაზეც ნატო, აშშ და შვედეთი, სავარაუდოდ, დათმობაზე წავიდნენ ანკარის კატეგორიულ მოთხოვნებთან...

პირველი - შვედეთმა თავის კონსტიტუციაში ცვლილებაც კი შეიტანა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ, ამასთან შეჰპირდა ანკარას, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოვებაში დაეხმარებოდა.

მეორე - აშშ-ის კონგრესი აღარ დაბლოკავს 20 მლრდ დოლარის ღირებულების F-16-ების თანამედროვე მოდიფიკაციების პარტიის მიყიდვას თურქეთზე, რასაც კვლავ პრეზიდენტად არჩეული ერდოღანის სამომავლო გრანდიოზულ გეგმებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.

საქმე ის არის, რომ თურქეთის სამხედრო გაძლიერების ერთ-ერთ მიმართულებას მისი სამხედრო-საჰაერო ძალების შემდგომი სრულყოფა წარმოადგენს.

დღეისათვის თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში 450-მდე საბრძოლო თვითმფრინავი მოიპოვება, რომელთაგან 270-მდე - საბრძოლო მზადყოფნაშია, ხოლო 180-მდე კი - რეზერვში.

2-t-1689060525.jpg
თურქეთი აშშ-ს სანაცვლოდ 40 ერთეული F-16 Block 70 ტიპის მოდერნიზებული საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვასა და Block 70 კომპლექტების მიწოდებას სთხოვს 80 თურქული მოძველებული F-16-ის მოდერნიზაციისთვის...

საბრძოლო თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი F-16-ის ტიპისაა, რომელთაგან 152 ერთეული თურქეთმა აშშ-ში 1987-1995 წლების პერიოდში შეიძინა, თუმცა 2011 წლიდან შეუდგა F-16-ების ადგილზე აწყობასაც, ამერიკული ლიცენზიის ფარგლებში.

თურქეთს სურდა, მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავებითაც გაძლიერებულიყო, რისთვისაც ეს ქვეყანა გაერთიანდა F-35-ების შესყიდვის მსურველ სახელმწიფოთა რიგებში და თურქეთში F-35-ების რიგი მნიშვნელოვანი დეტალების სერიული წარმოებაც კი დაიწყეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პუტინისგან რუსული С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა (რითაც უკიდურესად გააღიზიანა ნატოელი პარტნიორები), ამერიკელებმა თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვა შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას წინასწარ უკვე ჰქონდა გადახდილი 1,4 მლრდ დოლარი, რომელიც ამერიკულ მხარეს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ანკარისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე F-35-ების შეძენა დაიბლოკა, თურქეთმა გადაწყვიტა უკვე არსებული F-16-ების პარკის გაზრდა და მოდერნიზაცია, რისთვისაც ისევ ამერიკელებს მიმართა, რადგან თურქეთის საჰაერო ძალების შესაძლებლობები რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გახდება და თითქმის გაუტოლდება ისრაელის სამხედრო ავიაციის ძალიან მაღალ საბრძოლო დონეს.

მესამე - პრეზიდენტმა ერდოღანმა კატეგორიულად მოითხოვა თურქეთის ევროკავშირის წევრად მიღება!

თურქეთის ევროკავშირში გაწევრების რთული ეპოპეა ორ ათეულ წელზე მეტია, გრძელდება, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 1999 წელს ევროპულმა საბჭომ თურქეთს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ფუჭი შეპირებებით გაბრაზებულმა ერდოღანმა 2015 წელს ისიც კი განაცხადა, რომ თურქეთს უკვე აღარც აინტერესებს ევროკავშირის წევრობა, თუმცა ახალი გარემოებების გამოჩენის შემდეგ, კერძოდ, როდესაც უკვე თავად ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს გაუჩნდათ იქით სახვეწარი, შვედეთის ალიანსში მიღებაზე ანკარის დასტურის მოსაპოვებლად, ერდოღანმა კვლავ მოინდომა თავისი ქვეყნის ევროკავშირის რიგებში ხილვა...

თუმცა ამ მოთხოვნის ასრულება ეტყობა, არც ისე ადვილი იქნება, რადგან გერმანიის კანცლერმა შოლცმა უკვე მოასწრო საქვეყნოდ გაკვირვება - სად შვედეთის ნატოში მიღება და სად თურქეთისთვის ევროკავშირის კარის გაღებაო?

როგორც იტყვიან, ჰოპლა, მხოლოდ გადახტომის შემდეგ დაიძახეო და ჯერჯერობით ასე რჩება შვედეთის საკითხიც, რადგან თურქეთის პარლამენტი ამ კვირაში საზაფხულო არდადეგებზე გადის და ოქტომბრამდე მაინც ვერ და არ განიხილავს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე რატიფიკაციას, შესაბამისად, პრეზიდენტ ერდოღანს საკმაო დრო რჩება გადაწყვეტილების შესაცვლელად - არ იქნება ევროკავშირის კარი თურქეთისთვის ღია, არ მოხდება შვედეთის გაწევრება ნატოში, რადგან ანკარა ჩააგდებს ალიანსის წევრი ქვეყნების რიგებში ამისთვის საჭირო კონსესუსის დადგომას...