"კუსტარულად შეყვანილი ელექტროენერგია ბოძზე გადავიდა... 45 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს" - წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"კუსტარულად შეყვანილი ელექტროენერგია ბოძზე გადავიდა... 45 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს" - წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, უბედური შემთხვევა მოქალაქეების მიერ გარეგანათების ბოძიდან ფანჩატურში გაყვანილმა ელექტროსადენმა გამოიწვია. ბიჭი კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.

როგორც ერთ- ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან ამბობს, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა - უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

„სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი, ვერ ვხვდებით. სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლები ცდილობდნენ დახმარებას. სასწრაფო 45 წუთის განმავლობაში უტარებდა გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.

სოციალურ ქსელში უკვე განიხილავენ ამ ტრაგედიას. როგორც ირკვევა, ტრაგედია გუშინ დატრიალდა. რამდენიმე საათის წინ ბლოგერმა შაკო ჩაჩანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე ასეთი სტატუსი დაწერა:

"ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა ვაკეში, ე.წ. ფანჩატურში. კუსტარულად გაყვანილი ელექტროსადენიდან დენი გადავიდა ბოძზე და გარდაიცვალა მოზარდი... გთხოვთ ხალხო, ნუ ეთამაშებით დენს, არ გააკეთოთ მსგავსი არაფერი, არსად".

კიდევ ერთი სტატუსი ამ დილით მომხდარ ტრაგედიაზე დაწერა ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა:

"დილა უნდა დაიწყო ღიმილით, სიყვარულით! - ვიცი ეს მე, მაგრამ არ მაძლევს საშუალებას გარემო, ყოველთვის ღიმილიანი, სიყვარულით და სიხარულით სავსე ამბებზე ვწერო. წუხელ კიდევ ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ვაკეში, ე.წ. ფანჩატურში, კუსტარულად შეყვანილი ელექტროენერგია ბოძზე გადავიდა და მორიგი ლამაზი, სიყვარულით და სიხარულით სავსე თვალები ჩაქრა! დენთან თამაში რომ არ შეიძლება, კუსტარულად კი არა, კაპიტალურად დამონტაჟებულთანაც კი, ამას რომ ვერ მიხვდება საზოგადოება, ე.წ. ბიზნესსექტორში მომუშავე თუ ბიზნესიდან შორს მყოფი ადამიანი, იქ რომელ მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბრო? იქ როგორ გაიგებენ, კანონის უზენაესობა, რას ნიშნავს და ფარისევლობას რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს? აი, წაიღო სიკვდილმა კიდევ ერთი სიცოცხლე. არაა შორს ის დრო, როცა გამოვა ამ ფანჩატურის მეპატრონე (ისიც, ვინც დენი კუსტარულად შეიყვანა) და თავს დაიცავს - ჩემი ბრალი არააო, იტყვის, მდევნიან, ვიღაცას ბიზნესის მიტაცება უნდაო, - ბრძანებს და ხელს, ალბათ, რომელიღაც მიმართულებით გაიშვერს. დარწმუნებული ვარ დამცველებიც გამოუჩნდებიან - რა უნდოდა იქ იმ საცოდავს? - იტყვიან, თითქოს დანანებით, რეალურად კი "ბიზნესის" დაცვისთვის! ან თუნდაც არ გამოუჩნდნენ დამცველები და ჩაქოლონ, ამით რა იმ მოზარდს, ვისი სიცოცხლეც ამ კუსტარულად შეყვანილი დენის კაბელებზე მიიწვა? ან მის ოჯახს რა შეღავათი? დღეს ხომ მოხდა ეს ამბავი, რამდენიმე დღე ივიშვიშებს ფბ სივრცე, დარწმუნებული ვარ, "კომპეტენტური" პირებიც გააკეთებენ კომენტარს და... მალევე დაივიწყებენ მომხდარს. ამ საცოდავი მოზარდის დაკრძალვიდან ორმოცი დღეც არ იქნება გასული, ვიღაცა ისევ რომ "დაამონტაჟებს" სადღაც რაღაცას... ღმერთმა აცხონოს, სანთელი და საკმეველი არ მოკლებოდეს, დაუდევრობას და უნამუსობას შეწირულ ახალგაზრდას და გამძლეობა მის ოჯახს"- წერს იგი.

„სტუმრად იყო მოსული. ბავშვები გარეთ იყვნენ, აქ სულ თამაშობდნენ ხოლმე. იქ დენს რანაირად უნდა გაეტარებინა, ვერ ვხვდებით.... სასწრაფო რომ მოვიდა, 45 წუთი უტარებდნენ გულის მასაჟს...“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა და - თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდებიან ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!“- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ვის დაუდევრობას შეეწირა 15 წლის მოზარდის სიცოცხლე? - ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.