"რა ლამაზია ეს ყველაფერი-მეთქი, ვთქვი და სწორედ ამ დროს ჯეკმა მუხლებზე დაიჩოქა და ცოლობა მთხოვა"
რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სამყაროს ყველა წერტილში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, ცოტას თუ ნახავთ ისეთს, პრინც ჰარისა და მეგანის, ელიზაბეტისა და ჩარლზის შესახებ რაიმე ამბავი ან ჭორი არ იცოდეს, თუმცა რა ვიცით სხვა პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან?
პრინცესა ევგენიას წარმომავლობა წმინდად კავშირშია სამეფო ოჯახთან, ის იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუსის და იორკის ჰერცოგინიას - სარას უმცროსი ქალიშვილია, ევგენია მეფე ჩარლზ მესამის დისშვილი და დედოფალ ელიზაბეტ მეორის შვილიშვილია. რა თქმა უნდა, პრინცესას ერთი სახელი არ შეშვენისო და 1990 წელს, ევგენიას დაბადებისას, სრული სახელი ევგენი ვიქტორია ჰელენა შეურჩიეს. პრინცესა ევგენია მეთერთმეტე ადამიანია ტახტის რიგში, პრინცესას ტიტული სრულიად აკმაყოფილებს და ცხოვრების განსხვავებულ, საინტერესო გზას მიჰყვება.
12 წლის ასაკში ევგენიას სკოლიოზის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა, რის გამოც, სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, პრინცესას სკოლიოზის გასასწორებლად ზურგში ლითონის ჯოხები ჩაუდგეს და დიდი ნაიარევი, ზურგზე, ყოველთვის ახსენებს ბავშვობის პატარა ტრავმას, რომელსაც საზოგადოებას დიდხანს უმალავდა. დღეს ევგენია ინგლისის ეროვნული ორთოპედიული საავადმყოფოს მფლობელია და მოზარდებს მსგავსი პრობლემის დაძლევაში ეხმარება. პრინცესა ბუკინგემის სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ადამიანია, ჩართულია მონობის საწინააღმდეგო საქმიანობაში და დაარსებული აქვს ანტიმონობის კოლექტივი, ორგანიზაცია.
პრინცესას ყველა სამეფო დღესასწაულზე ვერ შეამჩნევთ, ის პერიოდულად ჩნდება და თავისი დახვეწილი და გამორჩეული ქცევებით მედიის ყურადღებასაც იქცევს. ევგენია დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი საყვარელი შვილიშვილი იყო, დედოფლის დაკრძალვაზე მგლოვიარე ოჯახის წევრებს შორის მწუხარებით გამოირჩეოდა, ელიზაბეტის გარდაცვალება ევგენიამ ძალიან განიცადა. პრინცესა გამორჩეულად მეგობრობს ჰარისთან და მეგანთან, წლების წინ, როდესაც ჰარისა და მეგანის ქორწილი იგეგმებოდა, ევგენია ბუკინგემის სასახლეში ჩუმად მივიდა და წყვილთან ერთად კოსტიუმებით ჰელოუინის საღამოზე გაიპარა.
„ევგენია ჩვენთან მოვიდა, ჯეკი, მისი ქმარიც, ჩვენთან იყო. გადავიცვით კოსტიუმები და ჩუმად ჰელოუინის საღამოზე გავიპარეთ, ძალიან უცნაური კოსტიუმები გვეცვა. იმ საღამოს ჩვეულებრივი წყვილები ვიყავით, სამეფო ოჯახის რეგალიების გარეშე, კარგი დრო გავატარეთ“, - თქვა ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ევგენია საინტერესო ადამიანია, ამას სასახლეში, პრესაში და მის სფეროში მომუშავე ადამიანები ადასტურებენ. კეთილი, სოციალური და სანდო, სხვებისგან გამორჩეულია. პრინცესას რეგულარული სამსახური აქვს, ისე ცხოვრობს, როგორც სხვა ბრიტანელები. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში ჯეკი, მეორე ნახევარი და ცხოვრების მეგზურიც გამოჩნდა. კეთილი პრინცესას ცხოვრებაში კიდევ ერთი კეთილი ამბავი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ევგენია შვეიცარიაში, კურორტზე ატარებდა დროს. პრინცესა 20 წლის იყო, ჯეკ ბრუკსბანკი კი - 24-ის. ევგენია შვეიცარიაში წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ისვენებდა, თუმცა ჯეკი იქ არასდროს ენახა.
2010 წელს სამეფო წყვილის შეხვედრა დაუგეგმავად და უეცრად შედგა, ასევე უეცრად განვითარდა მოვლენები. 2011 წელს ჯეკი და ევგენია სამეფო დოღზე ერთად გამოჩნდნენ. ევგენია, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლები სამეფო შეზღუდვებით გამოირჩევა, ამიტომ მისი და ჯეკის ურთიერთობაზე მედიას ბევრი ინფორმაცია მარტივად მიეწოდებოდა. 2013 წელს პრინცესა ევგენია ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ამერიკაში პრინცესამ დროებითი სამსახური იპოვა და შეყვარებული დროებით დატოვა.
„ერთმანეთს Skype-ის მეშვეობით ველაპარაკებოდით, შევძელით და შორ მანძილზე ურთიერთობა შევინარჩუნეთ“, - უთხრა პრინცესამ ერთ-ერთ გამოცემას.
2 წელში ევგენია სამშობლოს დაუბრუნდა და 2018 წელს ნიკარაგუაში ჯეკმა რჩეულს ხელიც სთხოვა. ახალი სამეფო ქორწილისთვის მზადება დაიწყო, ბუკინგემი მორიგი ცერემონიისთვის უნდა მომზადებულიყო. სამეფო ოჯახის youtube-გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ევგენიას ჯეკი ტბის პირას სთხოვდა ხელს.
„ტბა ისეთი ლამაზი იყო, სინათლე განსაკუთრებულად ეცემოდა იქაურობას, არასდროს მინახავს მსგავსი სილამაზის გარემო. მახსოვს, ვთქვი, რა ლამაზია ყველაფერი და რა საოცარია ამის ყურება-მეთქი, სწორედ ამ დროს, ჯეკმა მუხლებზე დაიჩოქა და ცოლობა მთხოვა. ერთად 7 წელი გავატარეთ და მზად ვიყავი, ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელებულიყო“, - თქვა ევგენიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
სამეფო ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, ხელის თხოვნას ნიშნობის ფოტოსესია მოჰყვა, შემდეგ კი ოფიციალური სამეფო მიღების ჯერი მოვიდა, სადაც აღდგომას წყვილი ჯერ ეკლესიაში მივიდა, შემდეგ კი - ბუკინგემის სასახლეში დიდი საოჯახო ვახშმით დაგვირგვინდა.
2018 წლის 12 ოქტომბერს წმინდა ჯორჯ ჩაპელის ეკლესიაში სამეფო ქორწილი გაიმართა. ევგენიას პიტერ პილოტის და კრისტოფერ დე ვოსის კაბა ეცვა, თავზე კი დედოფლისგან ნათხოვარი ზურმუხტისფერი დიადემა ეფარა. ქორწილში პრინცესას ზურგზე ჩახსნილი თეთრი უმშვენიერესი კაბა ეცვა, რომელშიც ძველი ნაიარევი უჩანდა, რაც ხალხისთვის მოულოდნელი იყო. პრესა, საზოგადოება, კრიტიკოსები ელოდნენ, რომ პრინცესა ძველ იარას კაბაში არ გამოაჩენდა.
კითხვაზე - რატომ არ ეცვა კაბა, რომელიც ქირურგიულ ნაიარევს დაფარავდა, ევგენიამ ასე უპასუხა:
„დავამთავრე ოქსფორდი, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია სამი სხვადასხვა მიმართულებით, ვიცი 5 ენა და მელაპარაკებით ძველი ოპერაციის ნაწიბურებზე და დეფექტებზე? მხოლოდ გონებით უნდა იამაყო ადამიანმა. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მუშაკებს და მოვუწოდო გოგონებს, არ შერცხვეთ სხეულზე რაიმე ესთეტიკური ნაკლის გამო. ადამიანის ნამდვილი სილამაზე მის მორალში, აზროვნებაში, ადამიანურობასა და სიკეთეშია, ეს დაიმახსოვრეთ“, - პრინცესა ევგენია.
გამბედავი, ჭკვიანი და მისაბაძი იყო ევგენია და ამ როლს დღემდე ღირსეულად ასრულებს. 2020 წელს სამეფო ოჯახის გვერდზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბუკინგემის სასახლეს მალე პრინცი ან პრინცესა შეემატებოდა და 2021 წლის 9 თებერვალს ვაჟი, სახელად აუგი (ოგი) გაჩნდა. 2021 წლის მიწურული კიდევ ერთი ბავშვის მოლოდინით დასრულდა, ევგენიასა და ჯეკს მაისში პატარა ბიჭი - ერნესტი შეეძინათ.
ევგენიას სოციალურ ქსელში აქტიური პრინცესაა, სტატუსები, სასიყვარულო ტექსტები, ფოტოები - სიხარულის გაზიარებას არასდროს ერიდება და საზოგადოებისგან სითბოს უკან ყოველთვის იღებს. ქორწილის ცერემონიალის შემდეგ ევგენიამ ჟურნალისტებს ინტერვიუებზე უარი არ უთხრა და ყველას სათითაოდ გაუზიარა, თუ როგორი ბედნიერი დღე იყო მის ცხოვრებაში.
"ეს ყველაზე დიდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, სამუდამოდ და ყოველთვის გვემახსოვრება“
შვილის დაბადებასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრინცესა:
„ჩვენი გული სავსეა სიყვარულით, ამ პატარა ადამიანის სიყვარულით. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ“
„ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“
ასეთია ბუკინგემის სასახლის ცნობილი პრინცესა ევგენია - მეგობრული, მხიარული, სიყვარულით სავსე, ძალიან ჩვეულებრივი და თან, ცოტა - პრინცესული.
(სპეციალურად საიტისთვის)