"ნატოს სამიტი: რეჯეფ ერდოღანის დაპირება დასავლეთს, პუტინის საწინააღმდეგოდ?" - კვირის პალიტრა

"ნატოს სამიტი: რეჯეფ ერდოღანის დაპირება დასავლეთს, პუტინის საწინააღმდეგოდ?"

ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ნატოს სამიტი: რეჯეფ ერდოღანის დაპირება დასავლეთს, პუტინის საწინააღმდეგოდ?" (ავტორი - იზაბელ ლასერი).

შვედეთის ნატოში გაწევრებაზე თანხმობით თურქეთის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის დიპლომატიას ახალ იმპულსს აძლევს. ნატოში შვებით ამოისუნთქეს, რომ ანკარა, როგორც იქნა, შვედეთის მიმართ "კეთილგანწყობილად მოაქციეს". რაც შეეხება კრემლს, მისთვის რეჯეფ ერდოღანის მოქმედება, ერთი შეხედვით, გამაღიზიანებელი უნდა იყოს.

რეჯეფ ერდოღანი დასავლეთისთვის "დასამშვიდებელ" ნაბიჯებს ყოველთვის ბოლო მომენტში დგამს, როცა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ანკარის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მატულობს და აპოგეას აღწევს. ერთწლიანი შანტაჟის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტს შვედეთის მიმართ "მოულოდნელად გული მოულბა" და სტოკჰოლმის თხოვნებს დათანხმდა, რითაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ვლადიმერ პუტინის იმედგაცრუება გამოიწვია, რომლის მიზანს ალიანსის დასუსტება წარმოადგენს. მაგრამ ნამდვილად მართლაც ასეა?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ანკარა რეგიონში ოფიციალურად ატარებდა "ნეიტრალიტეტის" პოლიტიკას, მაგრამ, ფაქტობრივად, ხშირად რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა. რეჯეფ ერდოღანს და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ და ბევრ საკითხს ერთობლივად წყვეტენ: "ისინი მუდმივად აკრიტიკებენ დასავლეთს და ცდილობენ, შეასუსტონ ამერიკული გავლენა იმ ტერიტორიებზე, რომელთა მიმართ თურქეთსა და რუსეთს ინტერესები აქვთ", - ამბობს დოროთი შმიდი, თურქეთის სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტიდან (IFRI).

რეჯეფ ერდოღანმა პრორუსული ნაბიჯი პირველად რამდენიმე წლის წინათ გადადგა, როცა რუსეთისაგან C-400-ები იყიდა (ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ნატოს სტანდარტს არ შეესაბამება). მეორედაც შეასრულა რუსეთის პრეზიდენტისათვის ხელსაყრელი როლი, როცა ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების საკითხი დადგა, მან დაბლოკა შვედეთის ალიანსში გაწევრება. თურქი ლიდერი არ შეუერთდა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებსაც. "რეჯეფ ერდოღანი [როგორც აღმოსავლელი ლიდერი], მუდმივად გრძნობს საფრთხეს აშშ-ის მხრიდან, ამიტომ მას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირე, როგორსაც რუსეთი წარმოადგენს. ჩინეთს ასეთი როლის შესრულება არ შეუძლია, რადგან პეკინი ანკარას არასტაბილურ მოთამაშედ თვლის", - განმარტავს ექსპერტი.

ასე და ამრიგად, თურქეთი რუსეთთან მიმართებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული აღმოჩნდა. რასაკვირველია, თავის მხრივ, რუსეთსაც სჭირდება თურქეთი, რომლის წყალობით მოსკოვი ანტირუსულ სანქციებს თავს არიდებს. რეჯეფ ერდოღანი, ასევე, შედის იმ პირთა ვიწრო წრეში, რომლებსაც შეუძლიათ დალაპარაკება როგორც უკრაინელ, ასევე - რუს პოლიტიკოსებთან, შუამავლის სახით.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ანკარამ, მრავალგზის მოსინჯვების, მცდელობებ-შეცდომების და წარმატებების გზით, საკუთარი თავი კარგად გამოკვეთა, შეიძლება ითქვას, "გამოთალა" და ახლა საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებულ როლს ასრულებს", - აღნიშნავს დოროთი შმიდი, - "თურქეთი მუშაობს ისლამისტებთან და მათთან პრაგმატულ თემებზე საუბრობს, ანკარას, ასევე, ურთიერთობა აქვს იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც "ახალ ბაზრებს" უწოდებენ. რეჯეფ ერდოღანი ძალზე ხშირად სარგებლობს ოსმალეთის ისტორიული წარსულით: თურქული ნაციონალიზმით, ოსმალეთის იმპერიული ტრადიციებით, საერთო კულტურული მემკვიდრეობით".

რუსეთმა, როგორც ჩანს, კარგად გაიგო თურქული ბალანსირების ტაქტიკა და სტრატეგია და, რაც მთავარია, მიიღო და ითვალისწინებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ