ზაფხულის საკითხავი: ტოპ 10 წიგნი, რომელიც ზაფხულს უხდება - კვირის პალიტრა

ზაფხულის საკითხავი: ტოპ 10 წიგნი, რომელიც ზაფხულს უხდება

ზაფხული შესანიშნავი დროა წიგნების სამყაროში ჩაძირვისთვის და კითხვით სიამოვნებისთვის. როდესაც მზე ანათებს და ბუნება ცოცხლდება, არაფერი ჯობს განმარტოებული ადგილის პოვნას სანაპიროზე, ბაღში ან ვერანდაზე და საინტერესო წიგნების კითხვას. ზაფხულში წიგნების კითხვა შესანიშნავი საშუალებაა არა მხოლოდ დროის გასატარებლად, არამედ ახალი სამყაროებისა და პერსონაჟების გასაცნობად. იქნება ეს მსუბუქი ლიტერატურა თუ კლასიკა. ზაფხულში კითხვა სახალისო, დამამშვიდებელი და შთამაგონებელია. ასე რომ, წაიღეთ კარგი წიგნი შვებულებაში ან უბრალოდ განმარტოვდით სიმყუდროვეში და აღმოაჩინეთ ზაფხულში კითხვის მაგია.

361086364-2053002368410805-8641505095476361184-n-1689229538.jpg

ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი - ტეილორ ჯენკინს რეიდი

ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ ის? და რატომ ახლა? მონიკაზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას - 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან.

ყველაფერი მთავრდება ჩვენით - კოლინ ჰუვერი

როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: „მე ასე არ მოვიქცეოდი!

მოპარული სიყვარული - თინათინ ბერიძე

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

გადამწვარი ხიდები - ნათია ჯაგოდნიშვილი

"გადამწვარი ხიდები" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!

შეცდომა - ნათია ჯაგოდნიშვილი

რომანი გვიყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?

მოთხრობები ქართლიდან - რევაზ-გიორგი არველაძე

ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი თით­ქოს ცალ­კე სამ­ყა­როა, თა­ვი­სი მის­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი­თა და იდუ­მა­ლე­ბით. და თუ მი­თე­ბი და ლე­გენ­დე­ბი თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­გან­საც წარ­მო­ად­გენს, მა­შინ „მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ თქვენ­თვის საინტერესო აღმოჩენა იქნება. წიგ­ნი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის - რვა მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს, სა­დაც ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი­სა და ზღაპ­რე­ბის ამ­ბებს სრუ­ლი­ად ახალ ჭრილ­ში გა­ეც­ნო­ბით. წიგნ­ში შე­სუ­ლია შემ­დე­გი მო­თხრო­ბე­ბი: „12 აგ­ვის­ტო“; „გველ­მო­წა­მე­ნი“; ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა“; „წრებ­რუნ­ვა“; „დო­ბილ­თა ლუდ­ხა­ნა“; „ნა­დავ­ლი­სა და მტა­ცებ­ლის ამ­ბა­ვი“; „ავი სტუ­მა­რი“ და „მა­ცი­ლი ობო­ბა“. წიგნს ასე­ვე ახ­ლავს Manoela Costa Artwork-ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ილუსტრა­ცი­ე­ბი.

პაემანი სიკვდილთან - აგათა კრისტი

იერუსალიმის ღამის ლურჯი ცა. აივანი. რეიმონდ და ქეროლ ბოინტონები საკუთარი დედის მოკვდინებაზე საუბრობენ. ერკიულ პუარო დიალოგის უნებური მსმენელია. ვინ არის მისის ბოინტონი? რატომ აქვს თვალებში სიძულვილის ბნელი და გამანადგურებელი ნაკადი? რატომ სძულთ შვილებს? რატომ სძულს ყველას? მსხვერპლია თუ დამნაშავე? ვინ კლავს მოხუც ქალს? რას მალავს? ვის იცნობს სასტუმროს ფოიეში? მოქმედი გმირები: ნადინი, სარა კინგი, ექიმი ჟერარი, ლენოქსი, მისტერ ქოუფი, ჯინი, მის პირსი და მაჰმუდი. და ერთი იდუმალი ლედი. და მოქმედების ადგილი – პეტრა – მკვდარი ქალაქი. უდაბნოს „სიკვდილის ველი“. ცივი გონებითა და გასაოცარი სიზუსტით გათვლილ მკვლელობას ნიჭიერი დრამატურგი ჰყავს. მოტივი მრავალი. კიდევ, წამლის გატეხილი ბოთლი, ორი შპრიცი, და წარსულის ცოდვები. პუაროს ირგვლივ ეჭვმიტანილთა წრე ისევ იკვრება. მაძებარს საქმის გასახსნელად მხოლოდ 48 საათი აქვს.

ზებულონი - ჯემალ ქარჩხაძე

"ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა” - რომანი “ზებულონი” ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი. ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემულია დაუვიწყარი ხასიათები და წარუშლელი ხატები. უზადო ქართული და დაძაბული თხრობა ლამის შეუსაბამოა წერის საოცრად მსუბუქ მანერასთან, რომელიც რომანს ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის.

ცხოველების ფერმა - ჯორჯ ორუელი

მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი წიგნი, ტოტალიტარული რეჟიმისა და ტირანიის ამსახველი საოცარი ლიტერატურული სამყარო, სადაც არ არსებობს ინდივიდი, თავისუფლება, სიყვარული, სადაც 2 + 2 = 5-ს, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა -თავისუფლება და უმეცრება - ძალა; სადაც ცხოველები ადამიანდებიან და ადამიანები ცხოველდებიან. ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“- აკრძალული რომანია, ანუ ვინ აშენებს უტოპიურ სახელმწიფოს! რით ჰგვანან „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟები - ღორი ნაპოლეონი, ძაღლი პინჩერი, თვინიერი ცხვარი, დამონებული ცხენები, იხვის ჭუჭულები და მათი მეგობრები ადამიანებს; რატომ უნდა გამოცემულიყო გაცილებით ადრე ჯორჯ ორუელის ეს მინირომანი; რა დაეხმარება ძველ თაობას იმისთვის, რომ არასოდეს დაივიწყოს, საიდან მოდიან და რატომ არ უნდა გაუჩნდეთ ახალგაზრდებს ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი.

ნათლია - მარიო პიუზო

ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. 1970-იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელობის ლეგენდარული ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი თავად პიუზომ დაწერა.

R