"მთელი ცხრა თვე ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ეს ჩემი შვილი არ იყო, მაგრამ როცა დაიბადა და ექიმებმა წაიყვანეს, საშინელი სიცარიელის განცდა დამრჩა! მაგრამ იცით, რამ დამავიწყა ეს განცდა?" - კვირის პალიტრა

"მთელი ცხრა თვე ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ეს ჩემი შვილი არ იყო, მაგრამ როცა დაიბადა და ექიმებმა წაიყვანეს, საშინელი სიცარიელის განცდა დამრჩა! მაგრამ იცით, რამ დამავიწყა ეს განცდა?"

ჩვენი რესპონდენტი, სოფო, სუროგატი დედაა. გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ სურს და სევდიანი, ჭკვიანი თვალები ცრემლით ევსება, როცა განვლილ ცხოვრებას იხსენებს. რამ აიძულა სუროგატი დედა გამხდარიყო, თავად გვიამბობს:

- "სუროგატები" - ასე უწოდებენ თავიანთ თავს ქალები, რომლებიც ცხრა თვის განმავლობაში სხვის ნაყოფს ატარებენ და შვილებს სხვებისთვის აჩენენ! ჩემი თავგადასავალი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს სხვა სუროგატი დედების თავგადასავალს: ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი და ორი შვილი­ სიდუხჭირეში გავზარდე. ყველაფერს ვიკლებდი, რომ მათ არაფერი მოჰკლებოდათ, სად აღარ მიმუშავია: ჯიხურში, მაღაზიაში, სახინკლეში... ჩემი ქმარი ცოლ-შვილზე დიდად არ დარდობდა, ვალებში ვიხრჩობოდით, ის კი უბნის უსაქმურებთან ერთად მთელ დღეს "ბირჟაზე" ატარებდა. ამის გამო სულ ვჩხუბობდით, ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა და როცა უმცროსი გოგონა 8 წლის იყო, დავშორდით. ასე გავხდი­ 27 წლის ასაკში მარტოხელა დედა.

- სუროგატი დედობა როგორ გადაწყ­ვიტეთ?

- შემთხვევით: ინტერნეტში განცხადებას­ გადავაწყდი, სადაც წერდნენ, რომ სუროგატი დედები სჭირდებოდათ. ქალი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი უნდა იყოს და მისი ასაკი 38 წელს არ უნდა აღემატებოდესო. მე ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი. ბევრი ვიფიქრე, ვიდრე რამეს გადავწყვეტდი, ყველაზე მეტად დედაჩემზე ვდარდობდი: არ ვიცოდი, ამ ამბავს როგორ მიიღებდა, მაგრამ დედამ იცოდა, რომ ბანკის ვალების გასასტუმრებლად უცხოეთში წასვლას ვაპირებდი, ალბათ, ამიტომ არ მისაყვედურა. ვუთხარი, ემიგრაციაში წასვლას და შვილებთან წლობით სიშორეს ეს მირჩევნია-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება: პირველად შვილი ქართველ წყვილს გავუჩინე. ჯერ ხელშეკრულება გავაფორმეთ, გამოკვლევების და ტრანსპორტირების ხარჯებს ისინი ფარავდნენ, თვალისჩინივით მიფრთხილდებდნენ და მეც ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ვასრულებდი - წამლებს ექიმების მითითებით ვსვამდი და ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი. პირველი თვეები შინ, ჩემს შვილებთან გავატარე, მაგრამ მუცელი რომ დამეტყო, მომავალმა მშობლებმა დასავლეთ საქართველოში წამიყვანეს, სადაც თვითონ ცხოვ­რობდნენ. ეს ჩემი სურვილიც იყო - არ მინდოდა ჩემს ნაცნობ-მეზობლებს ამ მდგომარეობაში ვენახე. ფეხმძიმობის პერიოდში დიდ ყურადღებას მაქცევდნენ და ყველაფერი კარგად დასრულდა - ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა გავაჩინე. 12 000 დოლარი გადამიხადეს, რაც ჩემი ოჯახისთვის დიდი შვება იყო!

- პატარასთან განშორება არ გაგიჭირდათ?­

- სუროგატებს ჩვენი წესები გვაქვს: ახალშობილთან კონტაქტს ვერიდებით - მეც მშობიარობის შემდეგ ბავშვისთვის არც შემიხედავს. ეგ კი არა, ექოსკოპიას რომ მიღებდნენ, არ ვუყურებდი, არ მინდოდა მისი გამოსახულება გულში ჩამრჩენოდა, მიუხედავად ამისა, მაინც გამიჭირდა. მთელი ცხრა თვე ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ეს ჩემი შვილი არ იყო, მაგრამ როცა დაიბადა და ექიმებმა წაიყვანეს, საშინელი სიცარიელის განცდა დამრჩა! მაგრამ იცით, რამ დამავიწყა ეს განცდა? - როცა მისი დედის გაბრწყინებული, ბედნიერი სახე დავინახე! ვხედავდი, რა მადლიერი თვალებით მიყურებდა და გულზე ცოტათი მომეშვა... მეორე ბავშვზე უკვე აღარ მინერვიულია, შეგუებული ვიყავი, რომ მუცლით სხვის ნაყოფს ვატარებდი და ამას ჩემი შვილებისთვის ვაკეთებდი.

- სულ რამდენჯერ გააჩინეთ ბავშვი?

- სამჯერ. მეორედ იტალიელებს გავუჩინე ტყუპი. ერთ ახალშობილს ელოდნენ და ორი რომ დაინახეს, ძალიან გაიხარეს, დამატებითი თანხაც მაჩუქეს და დიდი პატივი მცეს. აღებული თანხით პატარა ბინა ვიგირავე ჩემი სტუდენტი გოგონასთვის. მესამედ გოგო გავაჩინე ისრაელიდან ჩამოსული წყვილისთვის. მათაც კარგად გადამიხადეს, თანაც, ყოველთვიურად 300 დოლარს მირიცხავდნენ ბარათზე, რომ ნორმალური კვება და პირობები მქონოდა. ორსულობის დროს თითქმის ყველა სუროგატ დედას აქვს ბინის პრობლემა, რადგან იშვიათია ქალი, რომელიც ამ ამბავს გაახმაურებს. სუროგატი დედები ცდილობენ ბოლო თვეებში თავიანთი მდგომარეობა დამალონ, ხშირად საცხოვრებელ ადგილს იცვლიან. როდესაც ქალს არ სურს, რომ ვინმემ ორსული დაინახოს, კლინიკა ეხმარება, ან ამ პრობლემას ბიოლოგიური მშობლები უგვარებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სუროგატ დედებს ცუდი თვალით უყურებენ. ამიტომ მეც ვმალავ, რომ სუროგატი ვარ - ყველას ვერ აუხსნი, რამ მიგიყვანა ამ ზღვრამდე... საწყენია, რომ სუროგაციას შვილის გაყიდვასთან აიგივებენ. საზოგადოებამ არც იცის, სუროგატობის ან კვერცხუჯრედის დონორობის მსურველთა რიცხვი რამდენია. მე ამ ქალებს ვერ განვიკითხავ! - იყო დრო, როცა მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ისიც არ მეგონა, რომ სუროგატი დედა მეორედ გავხდებოდი, მაგრამ მიღებული თანხის დიდი ნაწილი ვალებში დავხარჯე, ნაწილი - ბავშვების სწავლას მოხმარდა და იძულებული გავხდი, სუროგაციაზე მეორედ და მესამედაც მეფიქრა.

- კვერცხუჯრედის დონორიც ყოფილხართ?­

- დიახ, რამდენჯერმე... საერთოდ, კვერცხუჯრედის დონორი მაღალი ასაკის უშვილო პაციენტებს სჭირდებათ. ეს, შედარებით მარტივი, 15-წუთიანი პროცედურაა, მისთვის კლინიკაში რამდენიმე ვიზიტიც საკმარისია, არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და ამიტომ ბევრი მსურველი ჰყავს. მთავარია, დონორის ასაკი 30 წელს არ აღემატებოდეს. მე დონორობისთვის აღარ გამოვდგები - უკვე 36 წლის ვარ. სუროგაციასაც ერთხელ თუ მოვასწრებ... ცუდია, რომ კანონმდებლობი­ს შეცვლას აპირებენ, ეს ჩემს ოჯახს ძალიან დააზარალებს! ტელევიზიით მოვისმინე, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია აიკრძალება. არადა, უცხოელები გაცილებით მეტს იხდიან, არა მხოლოდ სუროგაცია, კვერცხუჯრედის დონორის გასამრჯელოც უცხოეთში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. ქართველ წყვილებს ხშირად სუროგაციისთვის საჭირო ფულიც კი არა აქვთ, ალბათ, გამიგებთ: უანგაროდ ან მიზერული ანაზღაურებით სხვისთვის შვილს ვერავინ გააჩენს. როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალული ან არალეგალურია, სწორედ ამან შეუწყო ხელი მის განვითარებას საქართველოში, თანაც აქ სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასები­ ხელმისაწვდომია. ტელევიზიით ისიც მოვისმინე, რომ სუროგაცია უანგარო უნდა იყოს. ამის თქმა იცით, ვისთვისაა ადვილი? - ვისაც ჩემსავით, მშიერი შვილების თვალები არ დაუნახავს და ცხრა თვე მუცლით ნატარები, ნალოლიავები არსება არ დაუთმია! ვიცი, რომ ამ სიტყვების წაკითხვა ბევრს არ ესიამოვნება, ბევრიც გაბრაზდება, მაგრამ მე სხვა გზა ვერ ვიპოვე! რაც მთავარია, საკუთარ თავთან ვარ მართალი: ჩემს შვილებს ვასწავლე და ორივე გზაზე დავაყენე, რამდენიმე ოჯახს კი შვილის ყოლის სიხარული ვაჩუქე, სხვების აზრი ჩემთვის მეასეხარისხოვანია!

ხათუნა ჩიგოგიძე

გაზეთი "კვირის პალიტრა"