"ალიმენტის გადახდის მოთხოვნა წლების მერეც შეგვიძლია და თუ მამა არ იხდის, ბებია-ბაბუსაც შეგიძლიათ მოსთხოვოთ..." - იურისტის განმარტება ალიმენტის გადახდის დეტალებზე
ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ალიმენტის დაკისრების პირობებზე საუბრობს და ვრცლად განმარტავს, ვის შეიძლება მშობელმა თანხის გადახდა მოსთხოვოს. ასახელებს ალიმენტის ნაკლებად ცნობილ მხარეებსაც:
- ორივე მშობლის ვალდებულებაა, რომ ბავშვის ღირსეულ აღზრდაზე იზრუნონ. ღირსეულ აღზრდაში ბევრი რამ იგულისხმება - როგორც საკვები, ტანისამოსი, განათლება, ასევე მისი დასვენება და სხვა საჭიროებები. განათლება, შესაძლოა, თავისი ღირებულებით ძალიან განსხვავდებოდეს. საჯარო სკოლებში სწავლა უფასოა, არის კერძო სკოლები, სადაც გადასახდელი თანხა 20 ათასი დოლარიც კი ჯდება. როდესაც ალიმენტზე ვსაუბრობთ, ასეთ დროს ორი ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი: ალიმენტის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობა, მისი შემოსავალი, ხელფასი და მეორე მშობლის ფინანსური მდგომარეობა. ასევე, გასათვალისწინებელია, რამდენი ადამიანია ალიმენტის გადამხდელის რჩენაზე. შესაძლოა, მას სხვა შვილები, შრომისუუნარო მშობლები ჰყავდეს და ესეც მნიშვნელოვანია და პროპორციულად გამოითვლება. რაც შეეხება მეორე მშობელს - ვინაიდან შვილის რჩენა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ალიმენტის გამოთვლისას დედის ხელფასიც გამოიანგარიშება. მაგალითად, თუ მშობლებს თანაბარი ხელფასი - 2000-2000 ლარი აქვთ და დედა სასამართლოში ამბობს, რომ ბავშვს ყოველთვიურად, პირობითად, 800 ლარი სჭირდება, მაშინ სასამართლო მეორე მშობლის ხელფასსაც გაითვალისწინებს და მამას 800 ლარს კი არა - 400-ს დააკისრებს. მაგრამ, თუ დედა არ მუშაობს, ასეთ დროს მთელი ტვირთი მამაზე გადავა. ან თუ დედას უფრო ნაკლები აქვს ხელფასი, ვიდრე მამას, შესაბამისი პროპორციულობით განაწილდება.
რაც შეეხება დასვენებას და სხვა დამატებით ხარჯებს, ეს ყველაფერი ალიმენტის მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული. შემდეგ პროპორციულად თვიური ალიმენტის ფორმატში ნაწილდება. ალიმენტის გზით შეიძლება კერძო სკოლის, ძიძის, დასვენებისა თუ სხვა ტიპის ხარჯების დაკისრება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი - როგორც მამის, ასევე დედის ფინანსური მდგომარეობა.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ წლების წინ მეორე მშობლისთვის დაკისრებული ალიმენტი ბავშვს აღარ ჰყოფნის?
- დაწყებული განათლების ფასებიდან, დამთავრებული დასვენებისა თუ კვების ფასებით, ყველაფერი შეცვლილია. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ალიმენტი, რომელიც განსაზღვრულია, 18 წლამდე უცვლელად დარჩება. ეს ასე არ გახლავთ. 2 ფაქტორის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობის შეცვლა შეგვიძლია მოვითხოვოთ: პირველი, ბავშვის საჭიროებებია. ასევე, შესაძლოა, თავად ალიმენტის გადამხდელს შეეცვალოს ფინანსური მდგომარეობა. მაგალითად, როდესაც ალიმენტი მოვითხოვეთ, იმ პერიოდისათვის, მეორე მშობელს შემოსავალი არ უფიქსირდებოდა, ან ცოტა ხელფასი ჰქონდა. სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანები თავიანთ შემოსავალს მალავენ, რომ მცირე რაოდენობის ალიმენტი დაეკისროთ. თუ ალიმენტის გადამხდელს შემოსავალი გაეზრდება, თანხის გაზრდაზე მოთხოვნაც შესაძლებელია. თუ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, ლოგიკურად, ალიმენტის გადამხდელს შეუძლია, დაკისრებული თანხის შემცირება მოითხოვოს. თუმცა, დადგენილია მინიმალური საარსებო ზღვარი, რომლის ქვემოთაც ალიმენტის გადამხდელი ვერ ჩამოვა. როდესაც თანხის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ალიმენტის გადამხდელს ძალიან მყარი არგუმენტი სჭირდება, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს. გააგრძელე კითხვა და ნახე ვიდეო