მიხეილ თქვა: "იყავნ ლაზიკა!" ანუ გაზეთების მაგივრად რძე და ყველი - კვირის პალიტრა

მიხეილ თქვა: "იყავნ ლაზიკა!" ანუ გაზეთების მაგივრად რძე და ყველი

შესავლის ნაცვლად

ვზივარ და ვფიქრობ, რაზე "ვიპროვოკატორო" დღეს, ისეთი "მსუყე" კვირა იყო - "მაესტრო" და კიწმარიშვილის მიერ "ღობის მწვერვალის დაპყრობა"; მერიის მიერ გამოგონილი ახალი აუქციონები ჯიხურებთან დაკავშირებით, რომლის წყალობითაც შეიძლება, გაზეთის მაგივრად, ერთ მშვენიერ დღეს "რძე და ყველი" შემოგვთავაზონ, და ბოლოს (ბოლოს კი არა, ეგ არი - რაც არი) - მიხეილ პრეზიდენტის ახალი იდეა - ქალაქი ლაზიკა!!!

ხანდახან რომ დავიჩივლებ ხოლმე, არაფერი ხდება-მეთქი ისეთი, რომ წერად ღირდეს, - აჰა, ახლა თავზე საყრელია თემები.

მოკლედ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვთქვათ...

არა, გადავიფიქრე - ცოტ-ცოტა ყველაფერი - არა, ცოტ-ცოტას ჯიხურებსა და "მაესტროზე" ვიტყვი, მიშას ოცნების ქალაქზე კი - უფრო მეტს, რადგან ეს კაცი თუ კიდევ ოდესმე გამაკვირვებდა, არ მეგონა!..

...მერიაში "ჭკვიანმა ბიძიებმა" (ასეთი ტერმინია, თორემ ისე, იქ "ბიძიები" არ მუშაობენ, ასე რომ, "ჭკვიანმა ბიჭბუჭებმა" უნდა მეთქვა) ბევრი იფიქრეს თუ ცოტა (რა ქნან, ზემოდან დაავალეს), პრესის ალაგმვისათვის "უებარი" მეთოდი მოიფიქრეს: პრესა გაიყიდება მხოლოდ იმ ჯიხურებში, რომლებიც სპეციალურად გამოყოფილ 1000 ადგილზე დაიდგმება და მათი პატრონები აუქციონებში გამარჯვებული კომპანიები თუ ინდმეწარმეები იქნებიან.

და ამაში ცუდი რა არისო? - სანამ ვინმე იკითხავთ, "ჯერ შეიცადეთ": იმ აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება, თავის ჯიხურში, პრესასთან ერთად, რაც უნდა, ის გაყიდოს. უფრო მეტიც - უფლება ექნება, საერთოდ არ გაყიდოს პრესა! თითქოს არარეალურია - თუკი ჯიხურს დადგამს, რატომ არ გაყიდის ჟურნალ-გაზეთებსო? მაგრამ პირველი აუქციონების "უცნაურ" შედეგებს რა ვუყოთ - ისინი "კოდამ" და "კუმისმა" მოიგეს. დიახ - სასოფლო-სამეურნეო "პროფილის" კომპანიებმა!

ამიტომ ვთქვი დასაწყისში: ერთ მშვენიერ დღეს, მიხვალთ შეჩვეულ ადგილას გაზეთის საყიდლად და იქ დაგხვდება სხვა ჯიხური, სადაც გაზეთის მაგივრად შემოგთავაზებენ კვერცხებს ან გაყინულ კუპატებს!

ცხადია, ამაზე პროტესტიც გამოითქვა ბეჭდური მედიის მხრიდან და იმედია, როგორც ორი წლის წინ "დაზადნა" ხელისუფლებამ ასეთი პროტესტებისა და საელჩოების ჩარევის შემდეგ, ახლაც ასე მოიქცევა. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო: ზუსტად გამოჩნდა ის ორი-სამი ჟურნალ-გაზეთი, რომელიც ხელისუფლების მიერ იმართება - მათ "მოსწონთ" ეს პროექტი (ახლა ვიცი, ერთ-ერთი მათგანის რედაქტორი კატეგორიულადაც მომთხოვს, დაამტკიცე, თორემ გიჩივლებო, ამიტომ "გვარს არ დავასახელებ").

გრძლად გამომდის სათქმელი, ამიტომ "მაესტროზე" მხოლოდ ორიოდე სიტყვას ვიტყვი, თორემ "ლაზიკასათვის" ადგილი არ მეყოფა და ამას ვერ ავიტან.

"მაესტრო" რა - ეროსი გადაძვრა ღობეზე და "ეგრე დარჩა", ზის ახლაც იქ და თავის თავს ელაპარაკება... კარგი, ამაზე - სხვა დროს...

ახლა კი - "ლაზიკა"!!!!!! (არ ვიცი, რამდენ ძახილის ნიშანს დამიტოვებს კორექტორი, მე მთელი სტრიქონი შევავსე) მიხეილ, მიშა, მიშიკო, მიხო - კარგი, რააა... აი, ხომ შეიძლება, "უცნაურობასაც" (კარგა ხანს ვიფიქრე, რომ ეს "ნორმატიული" სიტყვა მომეფიქრებინა) ჰქონდეს საზღვარი?!

რატომ არ გეცოდება ის შენი მთავრობის წევრები მაინც? იმ დღეს, მომავალი ქალაქის "შემოგარენს" რომ ათვალიერებდით ვერტმფრენიდან, ერთი იმათი თვალები უნდა გენახა! მაგრამ სად გეცალა იმათი თვალებისთვის - მომავალი მეგაპოლისის მერიისთვის ადგილს არჩევდი ალბათ. ან სულაც პარლამენტისთვის - ილიკო ჩიგოგიძის არ იყოს, დავუყენოთ ბარემ იმ ქუთაისის პარლამენტს ოთხი ბორბალი და გავაგოროთ ზღვისკენ...

10 წელიწადშიო! აქ ავაშენებთ ნახევარმილიონიან ქალაქსო!

10 წელიწადშიო - 2013-ში წავა, არა, ისა...

P.S. სოციალური ქსელები და ზოგადად, ინტერნეტი მივიარ-მოვიარე და პრეზიდენტის ახალ იდეაზე აღფრთოვანებით "ნაციონალების" ხელფასიანი მაქებრებიც კი არაფერს ამბობენ...

არადა, მე მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვიცი, რომელიც აღფრთოვანებულია "ლაზიკის" პერსპექტივით!

ვერ გამოიცანით, ხომ? გეტყვით: ნათესავებს ველაპარაკე ბათუმში და სიხარულით აღარ არიან - ახალი გასართობი იპოვა და ჩვენ თავს დაგვანებებსო...

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)