ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლების გაძლიერება ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნით დაიწყო - კვირის პალიტრა

ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლების გაძლიერება ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნით დაიწყო

საქართველოში დაბრუნებიდან ზუსტად რვა თვეში, 1992 წლის 4 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფო მეთაურად აირჩიეს. ის ფორმალურად ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, თუმცა უჯარო მთავარსარდალი. დაახლოებით ისე, როგორც დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტია. გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, სამი წლის შემდეგ შევარდნაძის გაპრეზიდენტებას და მის მიერ ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალის შექმნას. 1995 წლის 24 აგვისტოს "იმელის" შენობაში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის მსგავსი იყო, თუმცა "ქართული სპეციფიკით": ვიცე-პრეზიდენტის პოსტის ნაცვლად შემოღებული იყო, ფაქტობრივად, უუფლებო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის აპარატისა და კანცელარიის ხელმძღვანელობით შემოიფარგლებოდა.

1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძემ ხმების 72,9%-ით გაიმარჯვა. ახლად არჩეული საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს "ქაჯეთის ციხედ" წოდებულ შენობა-ციტადელში გადაბარგდა.

საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურიც არის და მთავრობის თავმჯდომარეც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზიდენტის აპარატს, მრჩევლების, კონსულტანტებისა და თანაშემწეების მაკორდინერებელი სტრუქტურის შექმნას. ეს უპირველესად ეხება "ძალოვან ბლოკში" შემავალი სამინისტროებისა და უწყებების ეფექტიან კოორდინაციას. მსოფლიოში პირველი ამგვარი სტრუქტურა, "ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (ეუს)" სახელწოდებით, 1947 წელს აშშ-ში შეიქმნა.

1995 წლის აგვისტოს ბოლოს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში (რომელიც აშკარად ამერიკულ თარგზე მოიჭრა და შევარდნაძეს ფაქტიურად განუსაზღვერელი უფლებები მიენიჭა), კერძოდ კი 99-ე მუხლში, ეუს შესახებ ცალკე დებულება შევიდა და ეს ორგანო უკვე კონსტიტუციური გახდა. თავიდან ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალი სტრუქტურის მიმართ: "სახელმწიფო კანცელარია და სამინისტროები გასაგებია, მაგრამ ეს ეუს რაღა ჯანდაბა იქნება, ალბათ კიდევ ერთი ახალი ბიუროკრატიული რგოლიო" - ამტკიცებდნენ ისინი.

edo2-1689317422.jpg

ნუგზარ საჯაია

1996 წლის 24 იანვარს მიღებულ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონში მკაფიოდ განსაზღვრა მისი უფლება-მოვალეობები და ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანას მოევლინა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო უხილავი ძაფებით ემართა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები. მოკლედ ჩამოვთვლოთ ეუს-თვის მინიჭებულ ფუნქციები:

ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავება; თავდაცვისა და უშიშროების საშინაო და საგარეო საკითხების განხილვა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციების მომზადება; სამხედრო ძალების რაოდენობის, მზადყოფნის და სამხედრო კადრების განაწილების განხილვა; სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირებისა და პერსპექტივების შეფასება; სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია; თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე კანონებისა და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს ყველა სამინისტროსა და უწყების უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში საქმიანობის კონტროლი; საგარეო და საშინაო საფრთხეების გამოვლენა, პროგნოზირება და ნეიტრალიზაციის ღონისძიებების შემუშავება და სხვ. ამავე კანონის მიხედვით, უნდა შექმნილიყო სახელმწიფო კანცელარიის ახალი სტრუქტურა: "ეუს აპარატი", რომლის უმთავრეს ფუნქციად განისაზღვრა ეუს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა. ამავე დროს "ეუს აპარატს" უნდა მოემზადებინა რეკომენდაციები და წინადადებები სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საერთო სტაბილურობის, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

სამინისტროები და უწყებები ვალდებულნი იყვნენ სისტემატურად მიეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია "ეუს აპარატისთვის". ხომ არ დაიღალეთ? თუმცა მთავარი ჯერ წინაა. ამ ინფორმაციის საფუძველზე "ეუს აპარატი" შეიმუშავებდა პრეზიდენტისთვის რეკომენდაციებს: თავდაცვის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სამეცნიერო-ტექნიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური, საზოგადოებრივი, რეგიონული და სხვა სახის უშიშროების, კორუფციის, ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და სხვა დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. რეკომენდაციების მომზადებასთან ერთად "ეუს აპარატს" უფლება ჰქონდა პრეზიდენტის დავალებით გაეკონტროლებინა სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა უშიშროების, თავდაცვის, მართლწესრიგისა და საერთო სტაბილურიბის უზრუნველყოფის სფეროში.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ეუს მდივნის და იმავდროულად ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე კანდიდატურის შერჩევა იყო. ვის ჩააბარებდა მაშინდელი პრეზიდენტი ამ უზარმაზარ პასუხისმგებლობას და ქვეყნის მართვის მნიშვნელოვან ბერკეტს? ბუნებრივია, მხოლოდ იმ პიროვნებას, რომლის ერთგულებაში ეჭვი არ შეეპარებოდა და რომელსაც შეეძლო "ადმინისტრაციული ორგანოების" ხელმძღვანელობა.

ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიან პოლიტიკურ კარიერაში მკაფიოდ გამოიკვეთა კადრების შერჩევის კრიტერიუმების თანმიმდევრობა: 1. პირადი ერთგულება; 2. გამოცდილება; 3. პროფესიონალიზმი.

1996 წლის დასაწყისში ეუს მდივნად და პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში ნუგზარ საჯაია დაინიშნა. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოში ნ. საჯაიას გარდა ძნელად თუ მოიძებნებოდა პიროვნება, რომელიც შეძლებდა ქაღალდზე არსებული სტრუქტურისათვის ისეთი იმპულსების მიცემას, იმგვარი ღია და ფარული "ადმინისტრაციული ბერკეტების” თავის ხელში მოქცევას და საჭირო მომენტში ამოქმედებას, რაც მან დროის მოკლე პერიოდში შეძლო. ეუს მდივნის ხელმძღვანელობით "საბჭოს” აპარატი, ფაქტობრივად კომპარტიის ცკ-ს ყველა ძირითადი განყოფილების (ადმინისტრაციული ორგანოების, საორგანიზაციო, იდეოლოგიური, ეკონომიკური, საერთო და სხვ.) ფუნქციებს ასრულებდა და უნდა ითქვას საკმაოდ წარმატებითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ეუს სხდომებზე ხდებოდა, როგორც "ძალოვანი სტრუქტურების", ასევე საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხების (მოხსნა, დანიშვნა, დაწინაურება, სპეციალური წოდებების მიჭება) განხილვა, მალევე "ეუს აპარატი" ქვეყანაში საკადრო პოლიტიკის წარმართვის პროცესშიც აქტიურად ჩაერთო.

"ეუს აპარატის" ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის, კერძოდ კი, უშიშროების საკითხთა განყოფილების, მნიშვნელოვანი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგადი და კონკრეტული საკითხების დამუშავება იყო. გასული საუკუნის 90 იანი წლების დასაწყისიდან ჩემი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების (უშიშროების) უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. ჩანს, ჩემი სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები უყურადღებოთ არ დარჩათ და სპეცშემოწმების რუტინული პროცესის გავლის შემდეგ, 1996 წლის თებერვალში, მუშაობა დავიწყე "ეუს აპარატში", წამყვან სახელმწიფო მრჩევლად. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რამდენიმე წლის მანძილზე პირადად ვარ შემსწრე და მონაწილე ( რა თქმა უნდა, ჩემი კომპემტენციის, დაკვირვებისა და ანალიზის ფარგლებში) "ეუს აპარატის" ჩამოყალიბების და გაძლიერების პროცესებისა.

ე. შევარდნაძეს სურდა მკაცრი კონტროლისა და შიშის ქვეშ ჰყოლოდა ჩინოვნიკები, ამიტომაც ცალკეულ შემთვევებში (ანუ "ბაბუს" სურვილისდა მიხედვით) "ეუს აპარატის" საშუალებით ხდებოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო და ახლა უკვე ღიმილის მომგვრელი ისტორია მახსენდება.

edo3-1689317422.jpg

გია არსენიშვილი

1997 წლის დასაწყისში "ეუს აპარატის" თანამშრომლები მიგვავლინეს რეგიონებში "ადმინისტრაციული ორგანოების" (შსს, უშიშროება და პროკურატურა) მუშაობის შესამოწმებლად. "ეუს აპარატიდან" ორ ქიზიყელს, "რატომღაც" კახეთი გვერგო. წინასწარ მომზადებული კითხვარები ადგილზე უნდა შევსებულიყო და მეორე დღესვე სამსახურში ჩაგვებარებინა. მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა ვიშოვეთ საწვავი და თელავში ჩავედით. მაშინ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში ცხონებული გია არსენიშვილი იყო. კეთილგანწყობით მიგვიღო. გავაცანით მივლინების მიზნები და დრო რომ არ დაგვეკარგა "სამხარეო ძალოვანებს" შევხვდით. გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ და გაწეული მუშაობის შედეგების კითხვარის ფურცელებზე გადატანას სულ რამდენიმე საათი დასჭირდა, რაც შესაბამისი ხელმოწერებითაც დაადასტურეს. ვჩაქრობდი: ზამთარი, თოვლი, მალე ღამდება, სახლში პატარა ბავშვები, ალბათ უშუქოდ - ამიტომ სწრაფადვე კვლავ გ. არსენიშვილს მივაკითხეთ შედგენილი დოკუმენტის დასამტკიცებლად. გადაიკითხა და გვერდზე გადადო: მე ამას ხელს არ მოვაწერ! თქვენ რა ჩემს მოსახსნელად აგროვებთ მასალებსო?! ელდა გვეცა: რწმუნებულ-გუბერნატორის ხელმოწერის გარეშე დოკუმენტების წამოღებას აზრი არ ჰქონდა. შეშფოთებულები გამოვედით მისი კაბინეტიდან. ჩემი კოლეგა, აცხონოს ღმერთმა მისი სული, ქიზიყელის კვალობაზე სწრაფად (სამწუხაროდ ხშირად ძალიან სწრაფად) იღებდა გადაწყვეტილებას : "მოდი არჩილოვნა ვნახოთ და სიტუაცია ავუხსნათო". ლეეგენდარული მედეა მეზვრიშვილი გუბერნატორის მოადგილე იყო და იქვე ახლოს ჰქონდა კაბინეტი. შევედით. თბილად მოგვიკითხა. გაერკვა და "აბა აქ დამელოდეთა!" - დაგვიბარა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა ხელმოწერილი დოკუმენტებით. გახარებულებმა მადლობა გდავუხადეთ, სწრაფად ჩავირბინეთ კიბე და თბილისისკენ წამოვედით. ორასიოდე მეტრიც არ გვქონდა გავლილი რომ თელავის "გაის" მანქანა წამოგვეწია: "არჩილოვნამ დამაბარა სად გარბიან, უკანვე მოაბრუნე, ბიჭები მშივრები იქნებიან და თითო ლუკმა გავტეხოთო".

edo4-1689317422.jpg

მედეა მეზვრიშვილი

ისე იყო ნათქვამი, რომ იმერული თავპატიჟი არ დაგვიწყია და მასპინძლებს გავყევით. თელავის ერთ-ერთი კოლორიტულ ოჯახში მცირე კახური სუფრა უცებ გაიშალა. ცხონებულმა "არჩილოვნამ" გვითამადა. დიდ ხანს არ დავყოვნდით და მალევე წამოვედით. კახეთის რწმუნებული არ გამოჩენილა. რამდენიმე დღის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის მეოთხე სართულზე მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელიც "ადმინისტრაციული ორგანოების" მუშაობის განხილვას მიეძღვნა. ამგვარ შეხვედრების ორგანიზებას "ეუს აპარატი" ახორციელებდა. 1997 წლის თებერვლის სხდომა რამდენიმე სენსაციური განცხადებითაა დასამახსოვრებელი, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებ.

გ. არსენიშვილი თანამდებობიდან რაღა თქმა უნდა არავის მოუხსნია. ნუგზარ საჯაიას კი უკვე შიშნარევი პატივისცემით უყურებდნენ.

პ.ს. ზოგადად მკითხველის კომენტარებს არ ვპასუხობ: ყველას საკუთარი აზრი აქვს და არ ღირს კამათში დროის ხარჯვა. თუმცა, როდესაც ბლოგში განხილული საკითხი არასწორადაა განმარტებული, პასუხი აუცილებლად მიმაჩნია.

7 ივლისის ბლოგში ბატონ გიორგი კუჭავას საინტერესო კომენტარია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. ამასთან ერთად მინდა დავაზუსტო:

1. კომუნისტების დროს კა-გე-ბე და შსს უსმენდნენ ყველას და თუ "კრემლის” სანქცია იყო თვით რესპუბლიკების და ოლქების პირველ პირებსაც კი. პარტიული მუშაკის მოსმენა და თვალთვალი ვითომდა იკრძალებოდა, მაგრამ თუ "ოპერატიული სიგნალით" დაფიქისირდებოდა მისი კონტაქტი ბაზრის დირექტორთან, ცნობილ "ვალუტჩიკთან" ან არატრადიციული სექსუალური ოროენტაციის პირებთან , მაშინ კა-გე-ბეს "კონტროლზე აჰყავდა" (მოსმენა და თვალთვალი) არა უშუალოდ პარტიული მუშაკი, არამედ ზემოთ ჩამოთვლილი "ობიქტები". ამ გზით ადრე თუ გვიან ამ პარტიულ მუშაკზეც დაიდებოდა კომპრომატი, რომელსაც საჭირო დროს აუფრიალებდნენ ცხვირწინ.

2. 7 ივლისის ბლოგში წერია, რომ მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში შევარდნაძეზე კა-გე-ბე-ს მეთვალყურეობა (და არა თვალთვალი!) იყო. შესაძლოა გ. კუჭავასთვის უცნობია, რომ 1991 წლის სექტემბრამდე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებდა ე.წ. "დიპლომატიური სამსახურის უშიშროების უზრუნველყოფის სამმართველო", რომელსაც ფორმალურად

ა. გრომიკოს ერთ-ერთი მოადგილე კურირებდა, რეალურად კი ის მხოლოდ

ი. ანდროპოვის უწყებას ემორჩილებოდა. გარდა ამისა კა-გე-ბეს იქ ჰყავდა: "ოდეერები", აგენტები, ფარული თანამშრომლები, ღრმა დაშიფრვის ოფიცრები, ინფორმატორები და ა.შ. ე. შევარდნაძის დანიშვნის შემდეგ (გასაკუთრებით 1987 წლიდან) კა-გე-ბემ და გე-ერ-უმ, გორბაჩოვის ნებართვის გარეშეც, გააძლიერეს ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა მის გარემოცვაში.

3. ნ. საჯაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გ . კუჭავას "კვირის პალიტრას"-თან ინტერვიუს შესახებაც ცნობილია და მის ვერსიებზე შემდეგ ვისაუბრებ.

ნახეთ წინა ბლოგი

(მეექვსე ნაწილის დასასრული)