"რიდმა პირველ პაემანზე გამაუპატიურა" - "დინასტიის" ვარსკვლავის რთული ცხოვრება: რას ჰყვება 90 წლის ჯოან კოლინზი მოძალადე ქმრებზე
1980-იანი წლების სერიალ "დინასტიის" ვარსკვლავმა ჯოან კოლინზმა ინტერვიუ მისცა The Times-ს. ჟურნალისტთან საუბრისას მსახიობმა, რომელსაც მაისში 90 წელი შეუსრულდა, ისაუბრა გასტროლებზე, ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრების წესზე, რომლის მოსაპოვებლადაც ბევრი შრომა დასჭირდა, ხუთ ქორწინებასა და მოძალადე ქმრებზე.
ჯოან კოლინზი პოპულარული 80-იან წლებში სერიალ "დინასტიით“ გახდა, ვარსკვლავმა ელექსისის როლისთვის "ოქროს გლობუსიც" კი მიიღო. მოგვიანებით უმცროსი დის, მწერალ ჯეკი კოლინზის მსგავსად, მანაც დაწერა თავისი პირველი წიგნი, Prime Time, რომელიც ბესტსელერი გახდა, შემდეგ კი კიდევ რამდენიმე წიგნი და ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა. კოლინზმა არა მხოლოდ ეკრანზე შექმნა გლამურული ქალის იმიჯი, არამედ ცხოვრებაშიც.
ჯოან კოლინზის პირველი ქმარი იყო ირლანდიელი მსახიობი მაქსველ რიდი. როდესაც ისინი შეხვდნენ, კაცი 31 წლის იყო, ჯოანი კი 17-ის. "ჩვენი "რომანტიკული" ისტორია იმით დაიწყო, რომ რიდმა პირველ პაემანზე გამაუპატიურა, რის მერეც "სირცხვილის“ გამო დავთანხმდი ქორწინებას", - ყვება ჯოანი.
წყვილი 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად. კოლინზის პირველი ქმარი 1974 წელს 55 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
ჯოან კოლინზი მეორედ მომღერალსა და მსახიობ ენტონი ნიულისზე დაქორწინდა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი - ალექსანდრე და ქალიშვილი - ტარა. მოგვიანებით ყოფილ ქმარს გენიოსი, მომხიბვლელი, მაგრამ მატყუარა უწოდა.
"ჩემმა შვილებმა მემკვიდრეობით მიიღეს მისგან ბრწყინვალება და ხიბლი. მაგრამ ის ვერ იქნებოდა კარგი მამა ან კარგი ქმარი, რადგან გატაცებული იყო ქალებით“, - ამბობს მეორე ქმარზე ჯოანი.
მსახიობის მესამე ქმარი, Apple Records-ის სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი რონ კასი გახდა, რომელთანაც ჯოანს კიდევ ერთი შვილი, ქეითი შეეძინა. კაცმა ქორწინების დასასრულს ჯოანი უსახსროდ დატოვა.
მეოთხე ქმარი, შვედი მომღერალი პიტერ ჰოლმი, მასზე 15 წლით უმცროსი იყო. მართალია, ის მუდმივად სერენადებს უმღეროდა, მაგრამ ჯოანი მას სოციოპათად მოიხსენიებს.
ახლა ჯოან კოლინზი დაქორწინებულია თეატრის 58 წლის რეჟისორ პერსი გიბსონზე, რომელიც 2000 წელს, სპექტაკლში Love Letters თამაშისას გაიცნო. პერსი ამ სპექტაკლის პროდიუსერი იყო.