"ვაშაძე საბავშვო ბაღიდან ოცნებობს პრემიერობაზე, უნდა შევაქო, ძალიან თანმიმდევრულია, მაგრამ ეს, უბრალოდ, ბავშვობის ოცნებაა და, დიდი ალბათობით, არ ახდება"
ოპოზიციურ ველზე ისევ დაიწყეს დიდი შეცდომების დაშვება - ამ ფრაზით ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის განცხადებას დიდი კოალიციის შექმნის შესაძლებლობაზე. ხუხაშვილის აზრით, პოლიტიკურმა სპექტრმა ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანი უნდა შესთავაზოს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე - "ნაციონალური მოძრაობიდან". მისივე თქმით, "დღეს საჭიროა არა წინასაარჩევნო კოალიციები, არამედ - პოსტსაარჩევნო კოალიციები". მას სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ:
- ზოგადად, კოალიციის შექმნის პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებ. ამასთან, პოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება, ეს ხელისუფლების ინტერესებში უფრო შედის. რატომ? იმიტომ რომ ორპოლუსიანობა ზუსტად ის მატრიცაა, რითაც ხელისუფლება ძალიან კარგად სარგებლობს. ორპოლუსიანობის შემთხვევაში, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ისევ ნეგატიური არჩევნის - ცუდისა და უარესის წინაშე აღმოჩნდება. ამომრჩევლის თვალში კომპრომეტირებულია, როგორც წარსული - "ნაციონალური მოძრაობის სახით", ასევე, აწმყო - "ქართული ოცნების" სახით. როდესაც ადამიანი ცუდის და უარესის არჩევნის წინაშე დგას, ირჩევს იმას, ვისაც მეტი რესურსი აქვს. რესურსები კი ხელისუფლებას ყოველთვის მეტი აქვს. ოპოზიციური ერთიანობის ჩამოყალიბება, თითქოს საგარეო კურსთან გატარებული ფრონტის ხაზით, თეორიულად მომხიბლავად ჩანს, მაგრამ რეალურად, ეს ფრონტის ხაზიც პირობითია.
- გამოსავალი რა არის, დღეს არსებული მოცემულობის ფონზე, როგორია სტრატეგია სჭირდება ოპოზიციას?
- გამოსავალი არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც თანაბრად დისტანცირებულები იქნებიან, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე "ნაციონალური მოძრაობიდან". ეს მოგვცემს იმას, რომ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე წავა და საარჩევნო პროცესი ლეგიტიმაციას შეიძენს. ამომრჩეველს პოზიტიური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება და არა არჩევანის ცუდსა და უარესს შორის. ეს პოლიტტექნოლოგიურადაც სწორია და სახელმწიფოებრივადაც. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ერთპარტიული მმართველობები, ბოლოს მაინც ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდიან.
- ცოტა ხნის წინ, ვერ ხედავდით შესაბამის რესურსს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად. შეიცვალა რამე?
- არა, არც დღეს არ ჩანს ასეთი რესურსი. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, ამომრჩეველს მოეწონები თუ არა, ან კარგი პროგრამა გაქვს თუ არა, მხოლოდ კეთილი სურვილები არ კმარა, ძალის დემონსტრირებაა საჭირო. ეს წვრილ-წვრილი პარტიები შეიძლება ბევრსაც მოსწონს, მაგრამ არ სჯერათ, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლიათ და ისევ ნეგატიური არჩევნების ტყვეობაში არიან. ყველაფრის მიუხედავად, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნის თეორიული შანსი მაინც არის. აუცილებელი არ არის და არც მოეთხოვება, ხელისუფლებაში 50%-იანი შედეგით მოსვლა, 15% პროცენტიც საკმარისია. იმიტომ რომ თუ პოლიტიკურ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი 15%-ით შემოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ექსკლუზიურად ხელისუფლებაში ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" იქნება და ამ ალტერნატიულ ცენტრზე იქნება დამოკიდებული, ვისთან შევა ალიანსში. შესაბამისად, მის ხელში აღმოჩნდება ოქროს გასაღები და ექნება შესაძლებლობა, მაქსიმალური პირობები წაუყენოს ერთსაც და მეორე მხარესაც ანუ 15%-ით მიიღოს ძალაუფლების 50%-იანი წილი. ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება გვჭირდება. მულტიპარტიული კოალიცია ქვეყანაში დამყარდება არა დიდი კოალიციებით, არამედ ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაშლით, რათა საბოლოოდ მივიღოთ სწორი და სახელმწიფოებრივად სასარგებლო კონფიგურაცია.
- დავუბრუნდეთ "ნაციონალურ მოძრაობას", რა მოიგო ამ პარტიამ მელიას წასვლით და ხაბეიშვილის მოსვლით?
- კი არ მოიგო, წააგო, თანაც ძალიან ბევრი. ისევ მიშა სააკაშვილის საშუალებით ცდილობენ პარტიაში სიტუაციის დაჭერას. კი, სააკაშვილი ნამდვილად არის მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, მაგრამ პარტიაში სისტემური პრობლემებია და კიდევ დიდხანს გასტანს.
- თქვენი წარმოდგენით, "ნაციონალების" მხარდაჭერებისთვის რამდენად მისაღები იქნება პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე ან "სტრატეგია აღმაშენებლის" ამომრჩეველი როგორ აღიქვამს, საკუთარ ლიდერს "ნაციონალების" პრემიერობის კანდიდატად?
- თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ ვაშაძე საბავშვო ბაღიდან ოცნებობს პრემიერობაზე. უნდა შევაქო, რომ ძალიან თანმიმდევრულია, მაგრამ ეს უბრალოდ ბავშვობის ოცნებაა და დიდი ალბათობით არ ახდება. რა ლოგიკაა იმაში, რომ "ნაციონალებმა" თავიანთ კანდიდატად დააყენონ?! ამას გარდა, ერთადერთი დივიდენდი, რაც ამა თუ იმ პარტიამ "ნაციონალებთან" გაერთიანებით შეიძლება მიიღოს, არის ერთი მანდატი პარლამენტში, სხვას არაფერს არ ცვლის. ვის რა პირადი ამბიცია აქვს და ვინ რა ჭიას ახარებს, ეს სხვა საკითხია.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე