"ევროპარლამენტარების მცდელობებმა, ასევე ჩვენს ქვეყანაში განწყობამ, ბოლოს და ბოლოს უნდა გაჭრას" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მას იმედი ყოველთვის ჰქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, მაგრამ ეს იმედი „სამწუხაროდ არ მართლდება“.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად იციან, რომ ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი ტყვე“.
„[მიხეილ სააკაშვილი] ძალიან მადლობელია ევროპარლამენტარების. ყველამ იცის და ევროპარლამენტარებმაც მშვენივრად იციან, რომ ადამიანი პუტინის პირადი სამხედრო ტყვეა. ის პუტინს და მის რეჟიმს ებრძვის. ევროპარლამენტარების მცდელობებმა, ასევე, ჩვენს ქვეყანაში განწყობამ, ბოლოს და ბოლოს უნდა გაჭრას“,- განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ალასანია ამბობს, რომ იმედოვნებს, ამ საკითხზე „სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს მოუსმენს“.
„იმედი ყოველთვის მქონდა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მართლდებოდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაჭრის და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ფეხზე დადგეს. არ ვიცი, მას თუ აქვს პრეზიდენტის იმედი, ეს არ განგვიხილავს. საერთოდ ძალიან მხნედ და იმედიანადაა.
პოლონეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი და მათ შორის აქტიურობა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბოლოს და ბოლოს გაჭრის“, -განაცხადა გიული ალასანიამ.
IPN