უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს, რომელთა მსგავსიც რუსთავთან მორიგეობდა... - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს, რომელთა მსგავსიც რუსთავთან მორიგეობდა...

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ 9 ივლისს ყირიმის ხიდისა და შაიკოვკას სამხედრო აეროდრომის (როსტოვის ოლქი) მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა თითქოს ოთხი ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა გაუშვეს, რომლებიც წარმატებულად მოიგერიეს.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ძალიან დიდ ეჭვს გამოიწვევდა, რომ არა ერთ-ერთი რაკეტის მიწაზე დაცემის მომენტი, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა და რომელზეც გაელვებული რაკეტის კონფიგურაცია მართლაც ძალიან წააგავს C-200-ისას...

C-200 ტიპის რაკეტის გამოყენება სახმელეთო მიზნის დასაზიანებლად იმიტომაც მოჩანდა ცოტა დაუჯერებლად, რომ C-200-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ეს რაკეტა „მიწა-ჰაერის“ დანიშნულებისაა და არა - „მიწა-მიწის“, თუმცა თუკი რუსი ოკუპანტები მთელი ომის განმავლობაში ინტენსიურად იყენებენ C-300 ტიპის კომპლექსების მოძველებულ და გადაკეთებულ საზენიტო რაკეტებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად, რატომ არ შეეძლოთ იმავეს გამეორება უკრაინელებს?

2-rak-1689329485.png
C-200-ის 7 ტ-იანი საზენიტო რაკეტის სტარტი...

C-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჯერ კიდევ 1967 წელს მიიღო შეიარაღებაში საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა და მისი 7-ტონიანი და 11 მ-მდე სიგრძის საზენიტო რაკეტა იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდად და შორსმოქმედად ითვლებოდა, რადგან მის ბოლო მოდიფიკაციებს საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 40 კმ სიმაღლეზე და 255 კმ-ის სიშორეზეც კი შეეძლოთ.

C-200 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ძირითადი დანიშნულება იყო, რაც შეიძლება შორ მანძილზე ჩამოეგდოთ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ბომბდამშენები, რისთვისაც სპეციალურად გამზადებული გახლდათ ბირთვულქობინიანი საზენიტო რაკეტები.

ამ საზენიტო რაკეტების ისტორია საქართველოსაც უკავშირდება, რადგან 1980-იან წლებში რუსთავთან, იაღლუჯის მთის ქედზე C-200-ების დივიზიონი იყო დისლოცირებული, რომლის დემონტაჟის შემდეგ მისი საზენიტო რაკეტების ნაწილი ვაზიანში ინახებოდა, მაგრამ მალევე ხანძრის შემდეგ განადგურდა. ის ხანძარი კი შემთხვევით არ გაჩენილა, უბრალოდ, ასეთი ძლიერი რაკეტების ქართული არმიისთვის დატოვება არ სურდათ...

2001 წლის 4 ოქტომბერს C-200-ის საზენიტო რაკეტამ დიდი ტრაგედია დაატრიალა, როდესაც რუსულ-უკრაინული ერთობლივი სამხედრო სწავლების დროს ყირიმში (იყო დრო, როდესაც ასეთი რამეც ხდებოდა) უკრაინელი მეზენიტეების მიერ გაშვებულმა ამ საზენიტო რაკეტამ მფრინავი სამიზნის ნაცვლად თელ-ავივიდან ნოვოსიბირსკში მფრენი რუსული ავიაკომპანიის - Ту-154 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო შავი ზღვის თავზე, რასაც მის ბორტზე მყოფი 78-ივე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

2018 წლის 17 სექტემბერს სირიელმა მეზენიტეებმა რუსეთის მიერ გადაცემული და მოდერნიზებული მძლავრი C-200 ტიპის საზენიტო რაკეტით ჰმეიმიმის აეროდრომზე დაშვებისას რუსული რადიოელექტრონული დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი Ил-20М-ი, ისრაელის F-16-ის ნაცვლად შეცდომით, „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოაგდეს.

ეს საზენიტო კომპლექსები უკრაინის შეიარაღებაში 2013 წლამდე რჩებოდნენ, რის შემდეგაც საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნეს და დაასაწყობეს, ამიტომაც უკრაინის არმიის არსენალში დღეს, ალბათ, კიდევ მოიძებნება არანაკლებ 50 ცალი C-200-ის საზენიტო რაკეტა.

უკრაინის გენშტაბს მუდმივად აქვს „გრძელი ხელკეტის“ პრობლემა ანუ მის ხელთ არსებული შეიარაღების ტიპები ვერ სწვდებიან რუსი ოკუპანტების მიერ ფრონტის ხაზიდან 200 და 300 კმ სიღრმეში გადატანილ მართვის პუნქტებსა და იარაღის საწყობებს.

ამერიკელები ჯერ კიდევ ჭოჭმანობენ უკრაინელებისთვის 300 კმ-ზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ATACMS -ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე, რამაც, დიდი ალბათობით, აიძულა უკრაინელი სამხედროები საკუთარი ძალებით ეძებნათ გამოსავალი და ეტყობა, მიაგნეს კიდეც, საწყობებში დამტვერილი C-200-ის საზენიტო რაკეტების სახით.

ამ საზენიტო რაკეტას ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკი უყენია და მისი გაყვანა საჰაერო სამიზნეზე მძლავრი სახმელეთო რადიოლოკატორის დახმარებით ხდება.

მაგრამ ეს მეთოდი არ გამოდგება სახმელეთო სამიზნეზე მოსახვედრად და თუკი უკრაინელებმა მართლაც გაუშვეს C-200-ის რაკეტები ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, მაშინ, სავარაუდოდ, ეს რაკეტები სპეციალურად იქნა მოდერნიზებული, რათა „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების ფუნქცია შეასრულონ ბალისტიკური ტრაექტორიით.