ალექსანდრე ყაზბეგის „საკვირველი ცხოვრება“ და უცნობი დეტალები მის შემოქმედებაში
ალექსანდრე ყაზბეგის უცნაური ცხოვრება მისი შემოქმედების განმსაზღვრელი გახდა. მას თავადაც არაერთხელ უთქვამს: „საკვირველს ბედზედა ვარ გაჩენილიო“. უცნაური იყო ის ფაქტიც, რომ ხევის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილმა, განებივრებულმა „უფლისწულმა“ სიღატაკეში, მიუსაფარმა დალია სული. იშვიათია ისეთი შემოქმედი, რომელსაც სიცოცხლეში იმდენი დაუფასებლობა და ტკივილი მიეღოს, რამდენიც ალექსანდრე ყაზბეგს.
მწერლის ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი სწორედ ეს დაუფასებლობა იყო. ამის შესახებ ის საკუთარ წერილებში წერდა, რომელთა უმრავლესობა დღემდე გამოუქვეყნებელია.
ყაზბეგის შესახებ ერთგვარი სტერეოტიპული შეხედულება დამკვიდრდა, რომლის მიხედვით, ის განდგომილი, არაკომუნიკაბელური, სუსტი პოეტი, ცუდი მსახიობი და დრამატურგი იყო. ხალხი იმ მწერლის შედევრებსაც კი იწუნებდა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ქარიშხალივით შემოიჭრა და სულ რაღაც ხუთ წელიწადში, თავისი ყველა პროზაული შედევრი დაწერა. ამ ნაწარმოებებმა მწერლობას წარუშლელი კვალი დაამჩნია.
მთის თემა პირველად ქართულ მწერლობაში ასე მკვეთრად, ყაზბეგმა შემოიტანა. მან ნაცნობი მთების სურნელი სულ სხვანაირად აგრძნობინა მკითხველს. თავისი პროზით ყაზბეგმა შექმნა ისეთი ზნეობრივი კოდექსები, რომლებსაც დღეს, 21-ე საუკუნეში, ღირებულებათა ტოტალური გადაფასების ეპოქაშიც კი არ დაუკარგავს სიმძაფრე და აქტუალურობა.
ყაზბეგის პროზაულ შედევრებსაც რომ თავი დავანებოთ, ის სერიოზულ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ, რაც რატომღაც არ არის ხაზგასმული მის ბიოგრაფიაში. მაგალითად, წერდა საოცარ ეთნოგრაფიულ წერილებს მთის მდგომარეობაზე, უსწორებდა მოგზაურებს იმ შეცდომებს, რომლებსაც ისინი უშვებდნენ თავიანთ ჩანაწერებში ქართული მთიანეთის შესახებ. ყაზბეგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა, როგორ უნდა ეცხოვრა მთის ხალხს მომავალში.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ალექსანდრე ყაზბეგმა თავის ხანმოკლე სიცოცხლეში ბევრი რამ მოასწრო. ის იყო მეურნე, მწყემსი, დახლიდარი, მოიჯარე, ბელეტრისტი, დრამატურგი, პოეტი, არტისტი, დეკლამატორი, მოცეკვავე, მკვლევარი, პოლემისტი, ფოლკლორისტი...
ყაზბეგის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ნაწარმოებს „ხევისბერი გოჩა“, რომელიც პირველად 1884 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა. ეს ნაწარმოები მწერლის შემოქმედებაში წარმოადგენს უმაღლეს მწვერვალს როგორც მსოფლმხედველობრივი სიღრმით, ასევე მხატვრული ოსტატობის თვალსაზრისითაც.
განხეთქილება მამა-შვილს, გოჩას და ონისეს შორის, რომელიც ამ ნაწარმოების მთავარ კონფლიქტს წარმოადგენს, სინამდვილეში ორი იდეის შეურიგებელი კონფლიქტია, ორი მსოფლმხედველობის და ცხოვრების ორგვარი დამოკიდებულების შეჯახება.
ივანე ლოლაშვილის მიერ მოპოვებული საარქივო დოკუმენტებისა და ზემოთ დასახელებული ნაწარმოებების შედარებითმა ანალიზმა დაადასტურა, რომ თხზულებებში მოთხრობილი ამბები მწერლის ბიოგრაფიის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს (ფოტოგრაფიული სიზუსტით). მან მკითხველს შესთავაზა ავტობიოგრაფიულისა და მხატვრული გამონაგონის ნაზავი თავისი პროზაული შედევრის, „ხევისბერი გოჩას“ სახით. მწერალი გვარწმუნებს, რომ ეს თხზულება სიტყვასიტყვით ჩაიწერა ხალხური მთქმელისგან. მსგავსი ისტორიები ნამდვილად გვხვდება ფოკლორულ წყაროებში და სხვადასხვა კრებულშიცაა შეტანილი, მაგალითად, ქართული დიალექტოლოგიის I ტომში (მამის მიერ შვილის მკვლელობის ამბავი და სხვ.). მაშ, რატომ არ უნდა ვერწმუნოთ ავტორს, რომელიც გვაუწყებს, რომ „ხევისბერი გოჩა“ სხვისი მონათხრობია? ამისთვის საკმარისია, მწერლის ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალს გადავავლოთ თვალი.
ყაზბეგმა პირადი ცხოვრებისა და რომანტიკულ თავგადასავლების შესახებ თავად დატოვა დამადასტურებელი საბუთი, ე.წ. „დონჟუანური სია“. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში ინახება ეროტიკული ლექსების ავტოგრაფული კრებული „არა ყველასათვის საკითხავი“. კრებულს თანდართული აქვს შესავალი - „განცხადება. ნუ კითხულობ“. ამ კრებულში ბევრ პერსონაჟს შეხვდებით: ბაბუცა, ქეთო, ელო, ოლა, ციცია, მართა და ა.შ. თითოეულ ლექსში მწერლის მიერ ნაგრძნობი სახასიათო ეროტიკული შტრიხია იმ ქალზე, ვისაც სტროფი ეძღვნება.
არასერიოზული ურთიერთობების გარდა, ყაზბეგი ორჯერ ყოფილა უკიდურესად შეყვარებული. 17-18 წლის ასაკში, მას სოფელ გარბანში მცხოვრები ულამაზესი გლეხის ქალიშვილი - ძიძია ქუქიშვილი უყვარდა. ქალის უფროსმა ძმებმა დას მასთან შეხვედრა აუკრძალეს და სახლში გამოკეტეს, რადგან ყაზბეგის გრძნობების არ სჯეროდათ. ძიძია დარდისგან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. ყაზბეგმა მის საფლავთან ფიცი დადო, რომ ცოლს არასოდეს მოიყვანდა. ის თავისი ფიცის ერთგული დარჩა.
მოგვიანებით, მწერალმა მოსკოვში გრაფინია ნინო ჩერნიშოვ-კრუგლოვა გაიცნო. ამ ქალმა ყაზბეგს კინაღამ ფიცი გაატეხინა. 1870 წელს ალექსანდრეს და ნინოს ქორწილი დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, მწერალი საქართველოში განადგურებული დაბრუნდა. მისი ბიოგრაფიის ეს მონაკვეთი ბურუსითაა მოცული.
ალ. ყაზბეგის პირადი ცხოვრება და „ხევისბერი გოჩა“ მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი ერთმანეთთან. თხზულების მთავარი გმირის – ძიძიას – პროტოტიპებად მწერლის პირველი შეყვარებული – ძიძია ქუქიშვილი და მისი მოსკოვური სიყვარული – გრაფინია ნინო ჩერნიშოვ-კრუგლოვა შეიძლება მივიჩნიოთ. აქ საინტერესოა ერთი დეტალი. მწერალს რეალური ძიძიას გარეგნობის აღწერა არსად დაუტოვებია, მაგრამ ხევში გავრცელებული გადმოცემებით, მისი პირველი სატრფო „ხევისბერი გოჩას“ ძიძიას ძალიან ჰგავდა (ლურჯი თვალები და ა.შ.) და მწერალმაც თავის თხზულებაში სწორედ ეს ქალი აღწერა. რაც შეეხება ყაზბეგის მოსკოველ შეყვარებულს, დედისადმი გაგზავნილ წერილში დაწვრილებით აღწერილ ნინო ჩერნიშოვ-კრუგლოვას გარეგნობას ვხვდებით, რომელსაც მწერალი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს თავის თხზულებაში, როდესაც ონისეს სატრფოს გარეგნობას აღწერს. ორივე ქალი ერთმანეთს ჰგავდა და შეიძლება ითქვას, რომ „ხევისბერი გოჩას“ პერსონაჟში ორივეს გარეგნობაა გაერთიანებული, თუმცა სახელი... თხზულების გმირს ის მაინც ავტორის პირველი სიყვარულისა შერჩა და ბედისწერაც მისი გაიზიარა. ხოლო თუ ონისეს სახეს კარგად გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას ძალიან ბევრი საერთო აქვს თხზულების ავტორთან.
ამ საინტერესო ცნობების შემდეგ, ნამდვილად ღირს, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ „ხევისბერი გოჩა“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სულ ახლახან გამოსცა. წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ. საიტზე www.palitral.ge
სტატიაში გამოყენებულია მასალა დამოუკიდებელი მკვლევრის, ელისაბედ ზარდიაშვილის კვლევებიდან
R