"მწარედ ახსოვს, როგორ სთხოვა სანიტარმა "პილიონკა" ბავშვისთვის, - დარაჯს უნდა დავაკრძალინოთო..." - კვირის პალიტრა

"მწარედ ახსოვს, როგორ სთხოვა სანიტარმა "პილიონკა" ბავშვისთვის, - დარაჯს უნდა დავაკრძალინოთო..."

"ვეძებ შვილს!", "ექიმებმა მომპარეს", "მკერდიდან ამაგლიჯეს", "გამიყიდეს", "მიშველეთ, ვეძებ და ვერ ვპოულობ"... - ასეთი სულისშემძვრელი წინადადებებით სავსეა ჯგუფის - "ვეძებ" "ფეისბუკ"-გვერდი. ეძებენ დედები, მამები, დები, ძმები, ნათესავები წლების წინ მათი ცხოვრებიდან უცნაურად გამქრალ ადამიანებს. მათი წერილების წაკითხვის შემდეგ ბევრს უჩნდება ეჭვი, - "ნეტავ, მე რომ გარდაცვლილი მგონია, ცოცხალი ხომ არ არის?"

ჰოდა, ამ ეჭვის წყალობით, რამდენიმემ იპოვა კიდეც შვილი, ძმა თუ და...

სწორედ ასეთი ეჭვი გაუჩნდა ცოტა ხნის წინ ქალბატონი დალი მარშანიას ოჯახსაც; გაჩნდა იმედი იმისა, რომ წლების წინ მკვდრად გამოცხადებული ბავშვი, რომელიც ახალნამშობიარევს არც კი აჩვენეს, შესაძლოა, ცოცხალი იყოს, რადგან ამ საქმეშიც ბევრი ბუნდოვანებაა...

ჩვენ ქალბატონი დალის ქალიშვილი - მანანა გელიაშვილი დაგვიკავშირდა.

- ვეძებ 1983 წელს, დუშეთის სამშობიაროში საკეისრო კვეთით, სრული ნარკოზით გაჩენილ ბავშვს, რომელიც გინეკოლოგის თქმით, იყო ბიჭი, შავი თმით. დედას უთხრეს, რომ პატარა დაიბადა უკვე მოგუდული, რადგან ჭიპლარი რამდენჯერმე ჰქონდა შემოხვეული, იზრდებოდა პლაცენტის გარეთ და ცოცხალი რომც ყოფილიყო, მაინც ვერ გაძლებდა 15 წელზე მეტხანს. დედა ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ იზოლირებულად, ოთახში, მარტო. მას მწარედ ახსოვს, როგორ სთხოვა სანიტარმა "პილიონკა" ბავშვისთვის, - დარაჯს უნდა დავამარხინოთო. ახსოვს, როგორ ამხნევებდა ოთახის დამლაგებელი სიტყვებით: ნუ ტირი, კალთა სავსე გაქვს შვილებითო...

358045361-2535512103292550-1997666969008422367-n-1689535916.jpg

ახლა, როცა ამდენი მოპარული ბავშვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, აღარ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჩემი ძმაც მოიპარეს, მით უმეტეს, აქაც ბევრი რამ არის დასაეჭვებელი. სხვათა შორის, იუსტიციიდან სათანადო საბუთები გამოვითხოვეთ, სადაც არც დაბადების და არც მკვდრადშობადობის ფაქტი არ ფიქსირდება. სავარაუდოდ, ბავშვი არის ოფიციალურად აღმზრდელი მშობლების სახელზე გატარებული.

მოგმართავთ თხოვნით ყველა 1983 წელს დაბადებულ და გაშვილებულ ბავშვს, რომ მოიკრიბოთ ძალა და შეგვეხმიანოთ. ჩვენ გაკეთებული გვაქვს გენეტიკური ტესტი და გთხოვთ, ის თავადაც ჩაიტარეთ. მე შემიძლია მოგეხმაროთ ტესტირების ორგანიზებაში. ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლით ნათესავების საპოვნელად.

vedzeb-1-1689335069.jpg

- რატომ უთხრეს დედათქვენს, კალთა შვილებით გაქვს სავსეო? მრავალშვილიანი ქალბატონი იყო მაშინაც?

- ეს ბავშვი, რომელსაც ვეძებთ, იყო მესამე. მე უფროსი შვილი ვარ და მეც დუშეთის სამშობიაროში დავიბადე, ანუ დედა უკვე ნაცნობი პაციენტი იყო მათთვის. ჩემს შემდეგ გაჩნდა ჩემი და, ოღონდ ის სენაკში გააჩინა დედიკომ (თავად სენაკელია). როცა მესამე უნდა გაეჩინა, ყველამ იცოდა, რომ ორი ჯანმრთელი შვილი უკვე ჰყავდა. მაშინ დედა 23 წლის იყო. სხვათა შორის, მე 8-თვიანი დავიბადე და მაშინ პედიატრს უთქვამს დედიკოსთვის, - ამას ფილტვი არ გაეხსნა და ინკუბატორში უნდა გადავიყვანოთო. დედამ, - ემოციურად ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, ტირილი დავიწყე. მერე განყოფილების გამგეს შევეცოდე და მითხრა: თუ რძე გაქვს, გაზრდი ბავშვს, ნუ გეშინიაო და არ გადაგიყვანესო. ჩემი ვარაუდია, რომ მაშინვე დაადგეს დედიკოს თვალი, მაგრამ უფლის წყალობით, არ გამოუვიდათ ჩემი მოპარვა.

- თქვენი ძმა ნარკოზით რატომ გააჩინა?

- მესამე ორსულობისას პლაცენტის წინა მდებარეობა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ექიმებმა იცოდნენ, დედა მას ფიზიოლოგიურად ვერ გააჩენდა, აუცილებად საკეისრო კვეთა დასჭირდებოდა. დედიკოს ჰქონდა სისხლდენა, წოლითი რეჟიმი. სანამ საოპერაციო ბლოკში შეიყვანდნენ, თურმე, გამოიძახეს მამაჩემი, მამიდაჩემი. მათ უთხრეს, რომ საქმე ვერ იყო კარგად და მამიდას აუღეს სისხლი გადასხმისთვის - 150 მილილიტრი. ეს სისხლის სასაცილო რაოდენობაა, როცა პაციენტის გადარჩენაზეა ლაპარაკი - თავადაც ექიმი ვარ და ვიცი, რას ვამბობ...

დედას დეტალებიც კი ახსოვს. სანამ ბლოკში შეიყვანდნენ, ბავშვი მუცელში მოძრაობდა. მერე საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ჭიპლარიც რომ ჰქონოდა შემოხვეული, ყველა ექიმი დამერწმუნება, რომ ეს პრობლემა ვერ გახდებოდა. გარდა ამისა, პლაცენტის გარეთ ბავშვი არ იზრდება, ჩემი ძმა კი აშკარად გაიზარდა და მივიდა 9 თვემდე. იმ ამბების გახსენება დედიკოზე დღესაც ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს. როცა ამ ყველაფერზე გვიყვება, კვდება, ისე განიცდის. მან თქვა: ერთი კვირა ვიყავი იზოლირებულად. მხოლოდ, პალატაში ვიღაცები შემოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, შენ გაიკეთე საკეისროო? არ მახსოვს, ვინ შემოდიოდა, რადგან დაბინდული მქონდა თვალები. რადგან სისხლი დავკარგე, მიზეზი ეს მეგონაო, მაგრამ არ არსებობს, ერთი კვირა ასე ცუდად ყოფილიყო იმ მიზეზით, რომ სისხლი დაკარგა, მით უმეტეს, თუ მერე გადაუსხეს საჭირო რაოდენობა.

იცით, იმ სამშობიაროში მუშაობდა ჩვენი ნათესავი, პაპაჩემის და; ასევე, ერთი ქირურგი სენაკელი მეგრელი იყო და იცოდნენ, ალბათ, რომ მათ გამო დედა რაიმეში ეჭვს ვერასდროს შეიტანდა, მაგრამ... გამოთხოვილ საბუთებში ეს ბავშვი რატომ არსად ჩანს? რატომ არაა სადმე დაფიქსირებული, რომ დედას მესამე ფეხმძიმობისას შვილი გარდაეცვალა?.. დუშეთის სამშობიაროდან ე.წ. სიმართლის წიგნიც გამოვითხოვეთ, რომელიც აღარ არსებობს, თურმე, იქაც დაიწვა არქივი.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს: საიდან იცოდა ან რომელმა ექიმმა განჭვრიტა და რის საფუძველზე, რომ ბავშვი ცოცხალიც რომ დაბადებულიყო, მხოლოდ 15 წელიწადს იცხოვრებდა?.. მოკლედ ფაქტია, დედას და მისი ოჯახის წევრების ემოციებზე "კარგად" იმუშავეს. უცაურია, მაგრამ მამიკოს, თურმე, ისიც ჰკითხეს, ვინ გადავარჩინოთ: ბავშვი თუ დედაო? ეს კითხვა საერთოდ, რატომ დაისვა? ხომ უცნაურია, არა?

vedzeb-1689335028.jpg

- ახალდაბადებული მამათქვენმა მაინც ნახა?

- არა, არავის ანახეს: მკვდარი დაიბადა და ჩვენ დავკრძალავთო... ისიც საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ დედას პალატაში ვიღაცები შედიოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკითხათ, - თქვენ იმშობიარეთ ნარკოზითო?.. მოკლედ, სხვა ბევრივით, მეც ვფიქრობ, რომ შესაძლოა მაშინ ჩემს მშობლებსაც მოპარეს შვილი.

- მას მერე დედათქვენს კიდევ ეყოლა შვილები?

- დიახ, კიდევ შეეძინა გოგონა და ბიჭი. ახლა 4 და-ძმა ვართ და ველოდებით მეხუთეს, რომელიც თუ შემოგვიერთდება, ჩვენი ბედნიერება კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება.

დაბოლოს, თქვენი ნებართვით, ასეთ მიმართვას გავაკეთებ: ძალიან გთხოვ, თუ შენ იცი ან ეჭვი გეპარება, რომ აყვანილი შვილი ხარ, გაიკეთე ტესტი. დიდი შანსია, რომ ერთმანეთი ამდენი წლის შემდეგ მაინც ვიპოვოთ. გელოდებით...

P.S. თუ ამ საქმის შესახებ ვინმემ რაიმე იცით ან ჩვენი რესპონდენტის ოჯახთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ რედაქციის ნომერზე:

5(58) 25 60 81

ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com.

ჩვენ ანონიმურობის დაცვის გარანტიას გაძლევთ.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)