"ვაჟა-ფშაველას შვილს - გულქანს პირობა მივეცი და შევასრულე კიდეც. ეთერ თათარაიძისთვის უთქვამს, ეს იმ კაცს გადაეცი, რომელიც დაგვპირდა და ყველაფერი გააკეთა, მე ასეთი რამ ცხოვრებაში არ შემხვედრიაო"
"...გულქანს წინდები ჩემთვის საგანგებოდ მოუქსოვია და ეთერ თათარაიძისთვის უთქვამს, ეს იმ კაცს გადაეცი, რომელიც დაგვპირდა და ასეთი თბილი გულით ყველაფერი გააკეთა, მე ასეთი რამ ცხოვრებაში არ შემხვედრიაო", - იხსენებს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი - ჯუმბერ პატიაშვილი...
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 14 ივლისს 162 წელი გავიდა... (გარდაცვალების თარიღი: 1915 წლის 27 ივლისი)
ჯუმბერ პატიაშვილი:
- ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ჯერ კიდევ პატარა ასაკში ვიყავი, სკოლის მოწაფეები ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. მაშინ ასეთი წესი იყო, რომ ბავშვებს ქართულ კლასიკას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას გვაცნობდნენ და საქართველო შემოვლილი გვქონდა. ახალგაზრდები ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს ვიცნობდით. ქვეყნის გამორჩეულად ლამაზი მხარე - ფშავი, ვაშა-ფშაველას დედასოფელი - ჩარგალი გამორჩეულად დამამახსოვრდა... ვაჟა-ფშაველას შვილს - ვახტანგ რაზიკაშვილს პირადად ვიცნობდი, ვერაზე ცხოვრობდა...
როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახლდით, ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღი იყო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბურად არ იყო წარმოჩენილი... მე ჩარგალში ირაკლი აბაშიძესთან ერთად ავედი. მუზეუმს რომ ვათვალიერებდით, შევხედეთ, კუთხეში მოხუცი ქალი იჯდა და წინდას ქსოვდა. გვერდით გოგონა ეჯდა, რომელიც, როგორც მერე შევიტყვეთ, ქალბატონი ეთერ თათარაიძე გახლდათ... როდესაც გვითხრეს, ეს ვაჟა-ფშაველას შვილი - გულქანიაო, მეც და ირაკლი აბაშიძეც გულითადად მივესალმეთ. მართლაც, დიდებული ქალბატონი იყო... იქვე შევიტყვე, რომ გულქანი მუზეუმში ცხოვრობდა, იმ სახლში, სადაც ვაჟა-ფშაველა დაიბადა ანუ მუზეუმიც იყო და საცხოვრებელიც... გულქანს დავპირდი, აქ ახალ მუზეუმს, თქვენ კი - საცხოვრებელ სახლს აგიშენებთ-მეთქი...
ზუსტად ერთ წელიწადში მუზეუმიც აშენდა, რომელიც ახლა შეიძლება შეკეთებას მოითხოვს, მაგრამ მაშინ დიდებული იყო.
მე ახლა ხომ 35 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით... იქ ძეგლიც დაიდგა, რომელიც დღესაც დგას, ავტორი გახლავთ მოქანდაკე - ბიძინა ავალიშვილი.
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ. როცა ერთი წელი გავიდა, ჩარგალს ვეწვიეთ, სადაც ყველაფერი დამთავრებული იყო. იქ ვთქვი, რომ ჩემი პირობა შევასრულე.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჩარგალში კიდევ ავედი, საპატიო სტუმარი ავიყვანე და ბიბლიოთეკას ჩემი წიგნი - „23 წლის შემდეგ“ დავუტოვე...
- მუზეუმის აშენების შემდეგ გულქანს კიდევ შეხვდით?
- არა.. მერე გავიგე ეთერ თათარაიძისგან მისი ნათქვამი: გულქანს წინდები ჩემთვის საგანგებოდ მოუქსოვია და ეთერისთვის უთქვამს, ეს იმ კაცს გადაეცი, რომელიც დაგვპირდა და ასეთი თბილი გულით ყველაფერი გააკეთა, მე ასეთი რამ ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. ეს წინდები ეთერ თათარაიძემ გასული წლის დეკემბერში, საზეიმო ვითარებაში, სახალხოდ გადმომცა, თან დასძინა, ეს ცოდვა მქონდა, ამდენი წლები გადმოცემა ვერ შევძელიო...
- რატომ ასე გვიან?
- რაღაც გარკვეული მიზეზები არსებობდა... ეს წინდები ამჟამად ჩემთან არის. განსაკუთრებულად ვინახავ, ვუფრთხილდები და ჩემი ოჯახისთვის საოცარი ჯილდოა! ეთერ თათარაიძემაც ბრძანა, ასეთ ჯილდოს დღეს ვერავინ მიიღებსო.
- მუზეუმს თვალს ადევნებთ, როგორ მდგომარეობაშია?
- როგორც მოგახსენეთ, ჩემი წიგნი რომ გამოვიდა, ჩავიტანე და მუზეუმს გადავეცი. რაც დრო გადის, ყველაფერი შეკეთებას მოითხოვს, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ იყო ცუდ მდგომარეობაში. ახლა კი მეუბნებიან, რომ შესაკეთებელია. რასაკვირველია, ასეც იქნება, ჩარგალში უმკაცრესი კლიმატური პირობებია და დიდი ძალისხმევა სჭირდება შენობის სათანადოდ შენარჩუნებას...
2013 წლის ბოლოს გამოვიდა ჩემი მემუარული ხასიათის წიგნი - "ოცდასამი წლის შემდეგ", რომელსაც ვაჟა-ფშაველას მრავლისმთქმელი სტრიქონი აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული: "დაზიანებულ სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ"... მამა ესწრებოდა და იყო უნივერსიტეტის იმ შენობის წინ, საიდანაც ვაჟა-ფშაველა უკანასკნელ გზაზე გააცილეს... ღმერთმა გაანათლოს ეს დიდებული კაცი, რომელიც ყოველმხრივ ღირსეული იყო, თავის პოეზიით, ნიჭიერებით, ვაჟკაცობით და, რაც ყველაზე მთავარია - ქართველობით!
ვაჟა-ფშაველას ქართველობა მაგალითია ყველა ახალგაზრდისათვის!
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორად მუზეუმის ფონდის მცველი მანანა გოდერძაული 2012 წელს დაინიშნა... ქალბატონ მანანას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, თუ რა აქტივობები გაიმართა სახლ-მუზეუმში:
- ღონისძიებები ძალიან შეზღუდული იყო... მუზეუმს ეწვიენ ანსამბლი „ჩვენებურები“, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ლელა ნაყეური, ასევე, ადგილობრივი ანსამბლი - „ლაშარელა“, ეს მამაკაცების ფშაური გუნდია. ბევრი ხალხი მოვიდა, მეუფე ზენონი გვესტუმრა...
- კულტურის სამინისტროს არ დაუგეგმავს რაიმე?
- არაფერი, არც დუშეთის მუნიციპალიტეტს... ადრე მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებდა და ტენდერში მოგებული ატარებდა ამ ყველაფერს. დღეს ლელა რაზიკაშვილის თაოსნობით ტარდება, რომელიც ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარეა, ვაჟას ძმის - ბაჩანას შთამომავალი...
- ბევრი პრეტენზია იყო წელს მუზეუმის ხელმძღვანელობის მიმართ...
- დიახ, შავი პიარი იყო აგორებული. ვიღაცებს ასე სჭირდებათ. ნებისმიერი მოვიდეს და მითხრას, რა არის გაფუჭებული!
- გავრცელდა ვიდეო, სადაც შენობის მინები ამოღებული ჩანდა...
- ახლაც ასეა, რადგან ნესტია და ვიდრე ბოლომდე არ გაკეთდება, იქამდე ასე იქნება. მე თვითონ ამოვიღე მინები და შენახული მაქვს... კულტურის სამინისტროს მიერ შარშან დაიგეგმა და ახლა უკვე დასრულდა კიდეც სახურავის შეკეთება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი
"ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 162 წელი გავიდა. პოეტის მემორიალური მუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია უნივერსიტეტში.
2015 წელს, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, იმ ოთახში, სადაც პოეტი გარდაიცვალა, გაიხსნა ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი. 1914 წელს კავკასიაში ფრონტის ერთ-ერთი ხაზი გადიოდა. ამის გამო, ყველა დიდ შენობაში დროებითი ლაზარეთი იყო მოწყობილი, სადაც თურქეთის ფრონტიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს მკურნალობდნენ.
ვაჟა-ფშაველა მესამე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, მარტო დააწვინეს. სწორედ ეს ოთახი (დღევანდელი ოთახი #316) დაასახელა მოგვიანებით ერთ-ერთმა მედდამ, ნინო ციციშვილმა, როგორც ვაჟას პალატა. ამ ოთახს მიუთითებდნენ ემიგრაციაში მყოფი ვაჟას თანამედროვე მწერლებიც.
ვაჟას მდგომარეობა ლაზარეთში თანდათან დამძიმდა. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მგოსნის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
1915 წლის 27 ივლისს (ძვ.სტ.) საქართველოს სასიქადულო მწერალი, ვაჟა-ფშაველა 54 წლის ასაკში, ამ ოთახში გარდაიცვალა.
მუზეუმში წარმოდგენილია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ, იხილონ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მუზეუმში ინახება რარიტეტული გამოცემებიც.
#ვაჟაფშაველა162", -წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის გვერდზე...
(სპეციალურად საიტისთვის)