"სპარტაკთან" ხალხში ატეხა ყვირილი: შეხედეთ, "აბეზარაში" მთავარ როლს რომ ასრულებს, ის კაციაო! კინაღამ დავიწვი სირცხვილით" - თენგიზ მუშკუდიანი - კაცი, რომელიც ჰოლივუდს დაამშვენებდა - კვირის პალიტრა

"სპარტაკთან" ხალხში ატეხა ყვირილი: შეხედეთ, "აბეზარაში" მთავარ როლს რომ ასრულებს, ის კაციაო! კინაღამ დავიწვი სირცხვილით" - თენგიზ მუშკუდიანი - კაცი, რომელიც ჰოლივუდს დაამშვენებდა

ზაფხულში დაიბადა - 12 ივნისს და ზაფხულშივე გარდაიცვალა - 2 ივლისს. ნუმეროლოგები, ალბათ, მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღებში ციფრი 2-ის გამეორებას თავისებურად ახსნიან, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ წარმოსადეგმა, საოცრად მომხიბვლელმა და ნიჭიერმა ადამიანმა, - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა თენგიზ მუშკუდიანმა საკმაოდ ხანგრძლივად - 96 წელიწადს იცხოვრა და უდიდესი ღვაწლიც დასდო ქართულ ხელოვნებას. იგი კონცერტებს, საქართველოს გარდა, არათუ საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქში, არამედ - საზღვარგარეთაც ატარებდა, ხოლო მისი მოწაფეები არა მარტო ქართულ სცენაზე, არამედ - უცხოეთის წამყვან თეატრებშიც მღეროდნენ და მღერიან. სწორედ იგი იყო საქართველოში ბანის პარტიის პირველი შემსრულებელი საოპერო მომღერალი და სწორედ დიდი ღვაწლის გამო მიანიჭეს მას საქართველოს სახალხო არტისტის და "ხელოვნების ქურუმის" წოდებები, ღირსების ორდენი და გაუხსნეს ვარსკვლავი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წინ.

ბატონი თენგიზ მუშკუდიანი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

არასდროს დამავიწყდება მასთან შეხვედრა საქართველოს კონსერვატორიაში - სწორედ იქ დამიბარა. ისიც მახსოვს, რომ იმხანად 88 წლის იყო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. არც ის მავიწყდება, რომ ზამთარი იყო და კონსერვატორიის შენობაში, გათბობის მიუხედავად, მაინც ციოდა. ეს ჩვენი სამახსოვრო ფოტოდანაც ჩანს. წლების წინ, ჩვენი იმ პირველი შეხვედრისას მითხრა, არასდროს მინანია, მსახიობობას მომღერლობა რომ ვარჩიეო. არადა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამდე მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიც (დღევანდელი სამედიცინო უნივერსიტეტი) დაამთავრა. დარწმუნებული ვარ - მსახიობიც ძალიან კარგი იქნებოდა და - ექიმიც. პრინციპში, კინომსახიობობა არ ისურვა, თორემ თეატრის მსახიობად მაინც დარჩა, ოღონდ საოპერო სცენაზე.

როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივაკითხე, მაინც კინოფილმ "აბეზარადან" გამომდინარე ვიყავი მისით მოხიბლული. აბა, როგორ არ მოიხიბლებოდი მისით - ფილმის მთავარი გმირი განმასახიერებელი უსიმპათიურესი ახალგაზრდით, რომელსაც იმხანად ჰოლივუდში რომ ეცხოვრა, კინემატოგრაფის კლანჭებს ვერაფრით დაეხსნებოდა. ფაქტია, ბატონი თენგიზი არქიტექტორის როლს მაინც დათანხმდა. ახლა ვფიქრობ, რომ ასაკის ბრალი იყო, ცდუნებას რომ ვერ გაუძლო - როცა ახალგაზრდა ხარ, გარეგნობითაც გამოირჩევი, ძალიან კარგად მღერი, ხელოვნებაც გიყვარს და ფილმებში მთავარ როლს შემოგთავაზებენ, ძნელია, ამ სიამოვნებას არ დათანხმდე. ვფიქრობ, კიდევ უფრო ძნელი, პოპულარობის მიღწევის შემდეგ მასზე უარის თქმაა.

მახსოვს, იმ შეხვედრისას სამუსიკო კარიერაზე საუბარი ამ საქმის სპეციალისტებს დავუთმე, მე კი ძალიან ჩავეძიე, რატომ თქვა უარი კინოკარიერაზე...

დარწმუნებული ვარ, რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ეს ხალისიანი, უსაყვარლესი მსახიობებითა და ულამაზესი სიმღერებით დახუნძლული ფილმი ბევრს გინახავთ და გიყვართ, შესაბამისად, არც მისი "აბეზარი" გმირის დიდი სიყვარული - ახალგაზრდა, მომხიბვლელი და ელეგანტური არქიტექტორი გიორგი დაგავიწყდებოდათ, ამიტომ როდესაც ბატონმა თენგიზმა მკითხა, რაზე უნდა ვისაუბროთ, რამ გაგახსენათ ჩემი თავიო? - მეც მისთვის აბეზარი (ალბათ, ჩემამდე რამდენს უთხოვია ფილმის ამბების მოყოლა!) პასუხი გავეცი: ამჯერად "აბეზარამ", ბატონო თენგიზ-მეთქი! ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ ხალისიანად მიამბო გადასაღები მოედნის თავგადასავალი:

ოპერისგან ძალიან განსხვავებული კინემატოგრაფი

"აბეზარას" გადაღებიდან დიდი ხანი გავიდა. მე ახალგაზრდა მომღერალი ვიყავი, კონსერვატორიის 24-25 წლის სტუდენტი და მუსიკოსთა წრეში ცოტათი პოპულარულიც. ხშირად ვმონაწილეობდი კონცერტებში და ყველა წამყვან პარტიას ვმღეროდი. ჩანს, რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, რომელიც სულ ახალ-ახალ სახეებს ეძებდა, შემნიშნა და სინჯებზე, კინოსტუდიაში დამიბარა. ბუნებრივია, ახალგაზრდა კაცს ფილმში გადაღების სურვილი მექნებოდა. სინჯებზეც წავედი და დამამტკიცეს კიდეც მთავარ როლზე – არქიტექტორ გიორგის ვასახიერებდი.

ვფიქრობ, ბატონმა ნიკოლოზმა რატომღაც მაინც არქიტექტორად აღმიქვა. ალბათ გაგეცინებათ და, ორივე შვილი ჩემი ეკრანული გმირის კვალს გაჰყვა - არქიტექტორობა ირჩიეს... მოკლედ, სულ სხვა გარემოში მოვხვდი. კინემატოგრაფი ძალიან განსხვავდებოდა ოპერისგან. დრამის ზოგიერთი არტისტი არ ვარგა კინოში და მით უმეტეს, მომღერალი კაცი აღმოვჩნდი მთავარ როლში უდიდეს მსახიობებთან ერთად. პირველივე შეკრებაზე შევკრთი: დამხვდნენ სანდრო ჟორჟოლიანი, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი, გოგი გეგეჭკორი და ულამაზესი და უნიჭიერესი ლეილა აბაშიძე. ლეილა ჩემზე უმცროსი კი იყო, მაგრამ უკვე განთქმულ მსახიობად მიიჩნეოდა. მოკლედ, შემეშინდა... თურმე, კინემატოგრაფს თავშეკავებული ადამიანები უყვარს, ნაკლებად რომ გამოხატავენ ემოციებს. მეც ასეთი ვიყავი და მშვენივრად მოვერგე სიტუაციას. ბევრი ტვინის ჭყლეტა არ დამჭირვებია - საკუთარ თავს ვთამაშობდი. იმანაც ძალიან შემიწყო ხელი, რომ ირგვლივ კინოს ოსტატების არმია მყავდა, ლაღად, შეუბოჭავად რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და მეც იოლად ავყევი მათ. მგონი, ნორმალური რამ გამოვიდა. თანაც, გადაღება მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. მეტი დროით, ალბათ, ოპერის თეატრიდანაც არ გამიშვებდნენ. ისიც, კარგად დაემთხვა, რომ ზაფხული იყო და ნაკლებად დატვირთული ვიყავი...მახსოვს, შემოდგომა იყო. ოპერის შენობიდან გამოვედით მე, ბათუ კრავეიშვილი და ზურაბ ანჯაფარიძე. რუსთაველის პროსპექტს გამოვუყევით. თეატრალური ინსტიტუტის ქვემოთ კინოთეატრი "სპარტაკი" იყო, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ერთ გოგონას ვკითხე, რა ხდება-მეთქი? ახალი ფილმი გამოვიდა, "აბეზარა" და პრემიერააო, - გვიპასუხა. წარმოიდგინეთ, ჩემი საქმით ისე ვიყავი დაკავებული, ფილმის არსებობაც კი არ მახსოვდა. ზურაბ ანჯაფარიძე ცოტა "შეჩვენებული" კაცი იყო, ოხუნჯობა უყვარდა. გვეუბნებოდა, წამო, იქით გავიაროთო. მე კიდევ, მორცხვი ვიყავი და იქ გავლა მაინცდამაინც არ მინდოდა, მაგრამ ზურიკოსთან რას გავაწყობდი! ხალხს რომ მივუახლოვდით, ჩამჭიდა ხელი და ატეხა ყვირილი: შეხედეთ, "აბეზარაში" მთავარ როლს რომ ასრულებს, ის კაციაო! კინაღამ დავიწვი სირცხვილით. ძლივს გავაშვებინე ხელი, სასწრაფოდ გადავჭერი ქუჩა და მივიმალე".

წარმოსადეგი, სიმპათიური და... მორცხვი თენგიზ მუშკუდიანი

მახსოვს, ბატონმა თენგიზმა რომ მითხრა, სირცხვილით კინაღამ დავიწვიო, უნებლიეთ აღმომხდა, - მართლა საკუთარი თავი გითამაშიათ ფილმში, ამიტომ გაუჭირდა "საწყალ აბეზარას" თქვენი ყურადღების მიპყრობა-მეთქი. მყისვე დააყოლა, - არ იყო მსახიობობა ჩემი საქმე. მე კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა და სიმღერას ვერ ვუღალატებდი. ისე, ერთხელ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმაც მიმიწვია "დიდოსტატის მარჯვენაში". იქ ჭიაბერი განვასახიერე. პატარა როლი მქონდა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კინოში მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. თითქოს გამოცდასავით იყო ჩემთვის. ცოტათი შებოჭილობაც მომიხსნა, მსახიობებთან ურთიერთობამ კი მეტად გამზარდაო, თუმცა დააყოლა, - მახსოვს, მოსკოვის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ჩვენი ფილმიც მონაწილეობდა, მე, ლეილას და ჩვენს მთელ დელეგაციას დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ. მაღაზიებშიც დიდი აჟიოტაჟით გვხვდებოდნენ. ერთგან შევედით, ვიღაცამ გვიცნო და ისეთი ამბავი ატეხა, რომ... მაღაზიიდან გამოვვარდი. დღეს კი არავის არაფერი უკვირს. დღეს ე. წ. ფანები თუ თავიანთ "კერპებს" მობილურებით უგზავნიან წერილებს და ინტერნეტით ესაუბრებიან, ჩვენ ოჯახებში გვირეკავდნენ. მაგრამ მე სულ დაკავებული ვიყავი და ტელეფონისთვის სად მეცალა! თანაც ფილმის გადაღების პერიოდში უკვე მყავდა მეუღლე, მაგრამ ძალიან თავშეკავებული კაცი ვიყავი. საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, გავურბივარ კიდეცო... არ მოვეშვი, - ანუ ამტკიცებთ, რომ თქვენი "მონაცემების" ადამიანი მუდამ დაკავებული და სერიოზული იყავით და მექალთანე არ ყოფილხართ-თქო? - ქალი თუ მომწონდა, მასთან სერიოზული რატომ ვიქნებოდი? არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკიო, - გაიცინა და განაგრძო: თუმცა მქონია პერიოდები, როცა ძალიან მინდოდა, არავის მოექცია ჩემთვის ყურადღება, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. მაგალითად, მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვიდან" რომ გამოვიდოდით, მთელი არმია გვხვდებოდა და ავტოგრაფებს გვართმევდა. ახალგაზრდა კაცსაც სხვა რა უნდა! აბა, მეტი რაღა მოგიყვეთ? რაც ხმამაღლა მოსაყოლია, ის კი მოგიყევითო. ასე ხალისიანად დამისრულა საუბარი. მას სემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს. რაც მთავარია, დღემდე საამაყოდ და ტკბილ მოგონებად დამრჩა ამ დიდებულ ადამიანთან ხანმოკლე ურთიერთობა.

უფალმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი.

(სპეციალურად საიტისთვის)