"გულსაკლავია, როდესაც ისტორიის კვალი ამგვარად იშლება; ერთ დროს უძლეველი და საკუთარი მიწის მოდარაჯე ციხეს წყალი შთანთქავს" - კვირის პალიტრა

"გულსაკლავია, როდესაც ისტორიის კვალი ამგვარად იშლება; ერთ დროს უძლეველი და საკუთარი მიწის მოდარაჯე ციხეს წყალი შთანთქავს"

საქართველოს ისტორიაში იყო დრო, როდესაც ქართველთა უმეტესობამ ტაო-კლარჯეთის შესახებ არაფერი იცოდა. დღეს ასე აღარ არის და მადლობა ღმერთს, რადგან როგორც არ უნდა იყოს, საქართველო სწორედ აქედან იწყება: ტაო-კლარჯეთიდან აღმოცენდა საქართველოს ძლიერება და გაერთიანება. ამიტომაც არის ტაო ჩვენი ტკივილი და იმედიც: იქნებ ოდესმე ისევ შევძლოთ ისეთი შენება და გაძლიერება, როგორიც ამ მიწიდან დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, აქ ხომ ჩვენი წინაპრები აშენებდნენ. მათ დაგვიტოვეს იმედად ეს ყველაფერი, რომელიც ახლა ტაო-კლარჯეთიდან ფოტოებად მოგვაქვს შინ. მათ შორის მკვლევარ გურამ ხარშილაძის სულ რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოები, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სულის შემძვრელია: თითქოს არა მარტო ამ მხარის არქიტექტურაზე, არამედ მის მშენებლებზეც გაფიქრებენ: ვინ და როგორი იყვნენ, რას განიცდიდნენ, რით ლაღობდნენ, რა აფიქრებდათ, როგორი იყო ყოველდღიურობა და მსოფლმხედველობა, რომლის გამოც ყველაფერი მიატოვეს და კლდეებიან უდაბნოში წავიდნენ საშენებლად.

- ბატონო გურამ, გამაოცა ტაო-კლარჯეთის თქვენმა ფოტოებმა. ასე ახლოდან, ასე ნიუანსურად არავის გადაუღია ამ კუთხის არქიტექტურა. რატომ ჩანს ეს ფოტოები ასეთი განსხვავებული?

- არ ვიცი... მე მთელ საქართველოში ვიღებ არქიტექტურულ ძეგლებს და ტაო-კლარჯეთშიც ასე გადავიღე. ვიღებ იმას, რასაც ქვეცნობიერად ვანიჭებ მნიშვნელობას. ფოტოაპარატიც კარგი მაქვს, თუმცა ფოტოაპარატი, რა თქმა უნდა, ადამიანის გარეშე ვერ აღიქვამს, რამდენად ნიჭიერები ყოფილან ჩვენი წინაპრები, როგორ ჰარმონიულად არის შერწყმული ტაო-კლარჯეთის გრანდიოზული არქიტექტურა ბუნებასთან, ისეთი ერთიანია, რომ ერთი შეხედვით ცალ-ცალკე ვერც აღიქვამ.

ტაოს არქიტექტურა საუკუნიდან საუკუნემდე სულ უფრო მეტად ერწყმოდა ბუნებას. სულ უფრო მეტად იზრდებოდა და ბრწყინავდა, ვიდრე მონღოლი შემოგვესეოდა და ამ წინსვლას წაშლიდა. მონღოლი რომ არა, ჩემი პირადი აზრით, ტაოს დასაწყისიდან ჩვენ ისეთ სიმაღლეებს მივაღწევდით, ევროპულ რენესანსს ტოლს არ დავუდებდით. ასეა აშენებული პირველივე ქართული ე.წ. ქაჯეთის ციხე (თურქებისთვის, შაითანციხე). როგორც კი ახალციხეს გასცდები და თურქეთის საზღვარს გადაკვეთ, ალბათ, 20 წუთში ეს ციხე შემოგხვდებათ. გარშემო კლდეების ფერსა თუ ფორმასთან იმდენად არის შერწყმული, იმაზე აღარ გეფიქრება, რომ აქ ადამიანის ხელი ასეთი გრანდიოზული ნაგებობით ჩაერია. ციხე სეზონების მიხედვით თითქოს ფერსაც იცვლის, ისევე როგორც გარემომცველი ბუნება. მაგალითად, ზამთარში, როცა გარშემო მწვანე ფერი ნაკლებადაა, ქაჯეთის ციხე თითქოს გარშემო კლდეებივით უფრო მორუხო-მოწითალო და მკაცრი ხდება.

15072023-0753-1689393248.49_REC.png

ლეგენდით, ქაჯეთის ციხე აუღებელ ციხედ ითვლებოდა. სიცოცხლისთვის ბრძოლაში დაიხვეწა ასეთი რთული არქიტექტურა და მერე ჩვენამდე მოაღწია. დღეს უკვე დამკვიდრებულია აზრი, რომ ასეთ ციხეებს ქვების გადაწოდებით აშენებდნენ - დაბლობიდან მაღლობამდე რამდენიმე ათეული კაცი მწკრივში დგებოდა და სამშენებლო ქვებს ერთმანეთს აწოდებდნენ, ვიდრე ქვები კლდეზე, დანიშნულების ადგილამდე არ მიაღწევდა. ბოლო ქვას კლდეზე მთავარი მშენებელი დადებდა. ტაძრებს აშენებდნენ დუღაბით, რომელმაც მათ საუკუნეები გადმოალახვინა. თითო ტაძარი დაახლოებით 10-დან 30 წლამდე შენდებოდა. ოშკის მშენებლობაზე, დაწვრილებითი დოკუმენტაციაც კი არის შედგენილი: რამდენი პურ-ღვინო დაიხარჯა ან რამდენი საკლავი დაიკლა მშენებელთათვის, ამ წლების განმავლობაში 30 ხარი ეზიდებოდა სამშენებლო ქვებსო. ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც სამი ექსპედიცია მოაწყო ტაო-კლარჯეთში, გაოცებული წერდა კავკასიძეების ციხესა და მის ეკლესიაზე: იმ კლდეზე, სადაც კავკასიძეების ციხე და კარის ეკლესია დგას, ასვლა ვერავინ შეძლო ერთი კაცის გარდა, იმან კი ამბავი ჩამოიტანა, რომ ციხის "პატარა ეკლესია, ზედმიწევნით წესიერად თლილი ქვით არის ნაგებიო. სიგრძე 5, 52 მეტრს, ხოლო სიგანე 3, 7 მეტრს აღწევსო. ეკლესია მთლად მოხატული ყოფილა და ფრესკები ახლაც ნაწილობრივ შენახულიაო".

- კავკასიძეების ციხე - საქართველოს მორიგი სევდა, რომელიც დღემდე კლდემ შემოინახა, დღეს კი უკვე წყალში იძირება, თქვენ, ალბათ, ჩაძირვამდე მიუსწარით. კავკასიძეები პარხლის მფლობელები იყვნენ. მათ იერუსალიმის გზის მცველებსაც უწოდებდნენ. ამ ციხის გავლით მიემართებოდა გზა იერუსალიმში. ციხე ამ გზასაც დარაჯობდა, რომ ყაჩაღების ხელში არ ჩავარდნილიყო.

- გულსაკლავია, როდესაც ისტორიის კვალი ამგვარად იშლება; ერთ დროს უძლეველი და საკუთარი მიწის მოდარაჯე ციხეს წყალი შთანთქავს. გული მეკუმშებოდა, როდესაც ამ ციხეს ზემოდან დავყურებდი და მის ბოლო დღეებს ვიღებდი. თუმცა, ვფიქრობ, ამ ამბის დრამატიზება მეტისმეტია. ჯერ ერთი, საჭიროების გამო დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზეც გვაქვს წყალში ჩაძირული ტაძრები ანანურსა და წალკაში; მეორეც, ჩვენი მძიმე რეალობით დღეს ტაო-კლარჯეთი სხვა სახელმწიფოს ეკუთვნის, თანაც, იმის გამო, რომ დღეს თურქეთში ისტორიული საქართველოს ძეგლებს აღარ აფეთქებენ, პირიქით, აღდგენაა დაწყებული, თითქოს შვებასაც გრძნობ. ხომ ძალიან მძიმე სანახავია ხანძთა, ოთხი საყრდენი სვეტიდან სამი ჩაქცეულია და ტაძარი მხოლოდ ერთ, ისიც სანახევროდ დანგრეულ სვეტზე დგას, მაგრამ ვიღაცას ამ სანახევროდ დანგრეული სვეტისთვის ქვები შეუწყვია, რომ არ წაიქცეს. რაც მთავარია, ამ ქვებს არავინ ეხება. აი, ამის შველაა დღეს საჭირო და არა დრამატიზება. რა თქმა უნდა, ისევ თურქეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებით. გააგრძელე კითხვა