რუსეთი ირანს, უკვე ნაყიდ Су-35-ებს იმის შიშით არ უგზავნის, რომ ისრაელმა სამაგიეროდ უკრაინა კამიკაძე-დრონებით არ მოამარაგოს?!
ირანის ისლამური სახელმწიფო რეალურ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთის საოკუპაციო ძალებს, აწვდის რა მას მასიურად „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონებს, რომლებიც რჩებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ თავის ტკივილად.
ამის ფონზე მოსალოდნელი გახლდათ, რომ რუსეთიც სერიოზულ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა ირანს თანამედროვე სახეობების შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო ავიაციითაც.
მართლაც, ორი წლის წინ თეირანმა მოსკოვთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება, რომელიც 50-მდე უახლესი რუსული სერიული წარმოების Су-35 ტიპის მრავალდანიშნულების ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას ითვალისწინებდა.
თავდაპირველად ირანისთვის უნდა მიეწოდებინათ ის 24 ერთეული, უკვე დამზადებული საექსპორტო Су-35-ი, რომლებიც ეგვიპტის შეკვეთით აიწყო, მაგრამ ბოლო მომენტში ოფიციალურმა ქაირომ უარი თქვა მათ შეძენაზე, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის საფრთხის გამო.
დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ეს 24 ცალი Су-35 ორი წლის განმავლობაში არადა არ გამოჩნდა ირანის ცაში, რამაც ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰამიდ ვაჰედის ინტერვიუში ღიად ათქმევინა ამის შესახებ - ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება, მაგრამ არ ვიცი როდის გამოჩნდებიან ეს თვითმფრინავები ჩვენს შეიარაღებაში, ეს მაღალი დონის ჩინოვნიკების გადასაწყვეტიაო...
ირანელი გენერლის ეს გულახდილობა გახდა იმის მიზეზი, რომ თავად ირანში გამოითქვა გულისწყრომა რუსეთის ქმედებების მიმართ-მაშინ, როდესაც უკრაინასთან ომში ირანი „შაჰიდებით“ ინტენსიურად ეხმარება რუსეთს, მოსკოვი გვიბლოკავს უკვე თანხაგადახდილი ავიაგამანდგურებლების მოწოდებას, ეტყობა რაღაც კულუარული შეთანხმება ხდება რუსეთისა და ისრაელის ხელისუფლებებს შორისო...
ამ ეჭვის საფუძველი ირანელებს ნამდვილად აქვთ, რადგან რუსეთ-ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კულუარული გარიგებების თემა არ ახალია.
გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი და ისრაელის მხრიდან მოულოდნელად ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტა ქართულ მხარესთან, რაშიც ღიად გამოსჭვიოდა მოსკოვის ინტერესები, რაც მალევე ცხადი გახდა, როდესაც ისრაელმა რუსეთის არმიისთვის იმ დრონების მიყიდვა დაიწყო, რომლებსაც დღესაც გამოიყენებს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ.
არაერთი თხოვნის მიუხედავად, ისრაელი კატეგორიულ უარს აცხადებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, რაც ბადებს მოსაზრებას, რომ მოსკოვსა და თელ-ავივს შორის მორიგი ფარული გარიგება დაიდო-ისრაელი არ აწოდებს იარაღს უკრაინას, სამაგიეროდ, რუსეთი დროში გაჭიმავს ირანისთვის იმ გამანადგურებელების გადაცემას, რომელთა ღირებულებაც თეირანმა უკვე გადაიხადა...
არადა, ირანს ჰაერივით სჭირდება თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები, რადგან დღეს მის შეიარაღებაში მხოლოდ ძალზე მოძველებული ამერიკული F-5-ები და F-14, ასევე საბჭოთადროინდელი МиГ-29-ებია დარჩენილი.
სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ნაყიდი ამ МиГ-29-ების გადაფრენა ირანში, 1990-იანი წლების დასაწყისში ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გავლით ხორციელდებოდა, ხოლო მფრინავები ცხაკაიას (სენაკის) საავიაციო პოლკიდან იყვნენ, სადაც ანალოგიური ტიპის გამანადგურებლები ბაზირებდნენ.
თანამედროვე Су-35-ებს შეუძლიათ რუსეთიდან ირანამდე ძირდაუშვებლად, საწვავის დამატებითი ავზების გამოყენებით, ირანის აეროდრომამდე გადაფრენა კასპიის ზღვის თავზე გამავალი მარშრუტით, მაგრამ ეტყობა კრემლი ჯერ კიდევ ბლოკავს ამ Су-35-ების ირანში გადაფრენას, რომ უფრთხის სამაგიეროდ ისრაელმა უკრაინას კიდევ უფრო თანამედროვე კამიკაძე-დრონების ესკადრილიები არ გაუგზავნოს...