"რატომ არ სჯიან პოლონელ ექიმს?" - კვირის პალიტრა

"რატომ არ სჯიან პოლონელ ექიმს?"

12 ივლისს პოლონელი 5-კაციანი მედიკოსთა ჯგუფი კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. იმავე დღეს მათ ვიზიტს საქართველოში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოეხმაურა და "ტვიტერზე" დაწერა, მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთო. თავად პოლონელ ექიმებს ვიზიტის დეტალებზე­ არ უსაუბრიათ, მაგრამ მეორე დღეს იუსტიციის მინისტრმა­ რატი ბრეგაძემ საგანგებო პრესკონფერენცია­ზე საზოგადოებას სკანდალური რამ აცნობა - ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლის მეშვეობით სააკაშვილისგან­ აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა­. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.

"მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია­ ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გამოტანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური­ წესით აღებული ნიმუშის გატანის­ უფლება მათ მისცა­ თავად სამსახურმა, შესაბამისად, ეს ქმედება სამე­დიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება,­ რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას...", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სოცქსელში­ დაწერა: "პროტოკოლის დაცვით აღებული­ იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა­ "ვივამედის" ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, ერთი კონტეინერი წაიღეს პოლ­ონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავგზავნით კვლევაზე, წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით. ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა"...

კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა: "პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და მათი რეკომენდაციებიც­ დაემთხვა პაციენტისთვის უკვე შეთავაზებულს, რომელთა ნაწილზეც მას უარი ჰქონდა ნათქვამი... ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ, მათ შორის ჩვენი ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის ჩანაწერი, ჩვენ მიერ შეთავაზებული მენიუ, კალორაჟი... ნახეს ის მენიუც, რომელიც მეოთხედიც­ კი არ არის იმ აუცილებელი კალორაჟისა, რომელიც პაციენტს სჭირდება. პოლონელი ექიმები დაგვეთანხმდნენ, რომ 400-500 კალორია აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ორგანიზმისთვის. მისი კვების კომპონენტი რომ გაუმჯობესებულიყო, მდგომარეობაც უკეთესი იქნებოდა. როცა ადრე მუსირებდა აზრი მეტალებით მოწამვლის შესახებ, ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ ანალიზი როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ლაბორატორიებში, კერძოდ, გერმანიაში, ლიმბახის ლაბორატორიაში 2-ჯერ, და მივიღეთ პასუხი, რომ არანაირი მძიმე მეტალებით მოწამვლაზე საუბარი არ შეიძლება. პოლონელი ექიმებიც დაგვეთანხმნენ, რომ ანალიზის პასუხები ნორმას შეესაბამება... არაერთხელ გვქონდა საუბარი­ ოჯახთანაც, რომ საჭიროა მეტი კალორაჟიანი საკვები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდად შეიცვალა კალორაჟი, არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ირგებს კიდეც, რაც წონის მატებაშიც აისახა". შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგო­მაზე საქართველოში იმყოფებოდნენ უცხოელი ექსპერტები და კომისიის თით­ქმის 3000-გვერდიან დასკვნაში წერდნენ, რომ სააკაშვილის ყოფნა ციხეში შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. საზოგადოებამ იხილა მათი დაკითხვაც­ სასამართლოში, სადაც ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დეივიდ სმიტმა თქვა, დარწმუნებული ვარ, ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებსო, ბრიტანელი ექსპერტი კორნელიუს კატონა კი აცხადებდა, რომ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კოგნიტური დარღვევები აქვს, რისი შედეგიც არის დემენცია... სააკაშვილი ექსპერტების დახმარებით ყველანაირად ცდილობდა როგორმე დაეღწია თავი ციხისგან. ამჯერად კი დაიბადა კითხვა, რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს კლინიკიდან ნიმუშის ფეხსაცმლით გატანა?

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თვლის, რომ ამ ფაქტის გამო ექიმის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

- პირველად ჩამოსულმა უცხოელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ისეთი დაბალი კლასი აჩვენეს, გავოცდი. მათ ექიმობას არ ვეხები, მაგრამ ფაქტია, იცრუეს, რაც ჩვენი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ტყუილი გამოჩნდა მათი დაკითხვების დროსაც. დასავლურ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე მე მაღალი წარმოდგენის არა ვარ, განსხვავებით კრიმინალისტიკისა. კრიმინალისტიკა ბრწყინვა­ლე აქვთ, მაგრამ მაინც არ მეგონა­, რომ ასე გაბანძდებოდნენ. მესმის, კერძო ექსპერტიზაა, ჰონორარს იღებენ­ ამაში, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველაფერი იკადრო. მართალი გითხრათ, სასამართლო მედიცინაში პოლონელების მაღალი კლასი არავის უნახავს...

როგორც ყველაფერი დღეს, ეს ამბავიც­ პოლიტიზებულია. პოლონელი ექიმები, ისევე­ როგორც ქართველი ექიმების ის ჯგუფი, რომელმაც დასკვნა დაწერა, ვგულისხმობ "ემპათიას", ყველაფერს კადრულობენ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეც იქნებოდა. მე პროფესიით თერაპევტი ვარ, მერე გავხდი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, და როცა მთხოვენ ექსპერტიზას, პირველად ვფიქრობ ავადმყოფსა და მის ჯანმრთელობაზე. როცა ვიცი, რომ ადამიანს უჭირს, მისი სიცოცხლე საფრთხეშია,­ პირველ რიგში დგება სასჯელის გადავადების საკითხი. უცხოელი ექიმები მაშინ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში არ ჩაერთვნენ, თქვეს, კვდება, აწამებენ, დემენცია სჭირსო, მაგრამ ხახვივით გაიფცქვნა მათი ტყუილი. მათ სისხლის სამართლის დანაშაულიც ჩაიდინეს - სხვათა შორის, ყალბი ექსპერტიზისთვის რამდენიმე ექსპე­რტი პასუხისგებაშიც იყო მიცემული. "ემპათიის" ექსპერტიზაზე ყველას ჰქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ მათი დასკვნა მაინც დაიდო. სირცხვილია, როცა სხვას ურჩევენ ლიცენზიის მართებულობას, "ემპათიას" კი - არა. სამარცხვინოა პოლონელი ექიმის საქციელიც.

- ეს რას ემსახურებოდა?

- აშკარად რაღაცის გაყალბებას. ოფიციალურადაც აუღიათ ნიმუში, ნაწილი დაუტოვებიათ "ვივამედში", მეორე ნაწილი კი მათ ჰქონდათ. აქ დატოვებულ ნიმუშზე ქართველი ექსპერტები ჩაატარებდნენ ექსპერტიზას, რასაც ვერ გააყალბებდნენ. ამიტომაც მოიპარეს ნიმუში, რაც დანაშაულია. პოლონეთში ეს ჩვენს ექიმს რომ გაეკეთებინა, დარწმუნებული ვარ, ახლა ციხეში იქნებოდა. როგორ მოიჭრეს თავი, როგორ დაეცა მათი ექიმებისა და ექსპერტების ავტორიტეტი... ნიმუში გაყალბებისთვის სჭირდებოდათ, კოლექციისთვის ხომ არ აიღებდნენ. თუ იმ ექიმს სურს სააკაშვილის წმინდა ნაწილები­ წაიღოს სახლში და ილოცოს, სხვა საქმეა­. ამაზრზენია, ამას ექიმი რომ იკადრებს... როგორ შეიძლება კანონი­ ერთისთვის­ იყოს, მეორისთვის კი - არა. ლიცენზიას სხვას ართ­მევ და არ ართმევ "ემპათიას", რომელმაც გააყალბა სააკაშვილის სამედი­ცინო დასკვნა. ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტს, ყველას ატყუებს. ხომ არ შეიძლება ყველა უცხოელს ყველაფრის უფლება ჰქონდეს, ქართველს კი არაფრის?! ან რისთვის გამოაძევეს უკრაინიდან საქართველოს ელჩი?.. რატომ არ სჯიან პოლონელ ექიმს? რატომ გააქტიურდა ახლა ყველა ერთად, რატომ ყვირიან ევროპარლამენტარები? რას ემსახურებოდა გვარამიას გამოხსნა, საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტური მარიონეტობა? დეგნანი,­ რომელსაც უფლებამოსილება დასრულებული აქვს, ამბობს, ლგბტ-ს კონცერტი მაინც უნდა ჩატარებულიყოო. რატომ არავინ გზავნის ნოტას, რა ხდება? ახლა ახალი­ ტალღა დაიწყო. ამერიკის დიპლომატიას აქვს სამი საფეხური: მოსყიდვა, მუქარა და შანტაჟი. ქვეყანაში ქაოსი უნდათ. "ნაცმოძრაობის" სექტას არა აქვს ეს რესურსი, მაგრამ ხომ ხედავთ, მთელი უკრაინა გვემუქრება...

ამდენი ხანი გაიძახოდნენ, კაცს დემენცია აქვს, 10 სიტყვიდან "სიყვარულის" გარდა, ვერაფერი დაიმახსოვრაო. დადებილებულად გამოაცხადეს და დღეს დგას სააკაშვილი, ენით ზურგს იფხანს და მსოფლიო პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, დებატებს ითხოვს.

- ვიზუალურად კარგად არ გამოიყურება, ეს რითია გამოწვეული?

- ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. ადრე უზომოდ ჭამდა, ახლა ჭამა აიკრძალა, რათა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ნახეთ, რა დღეში ჩამაგდესო; ან მეორე ვარიანტია, იმ ოპერაციის შემდეგ, რაც გაიკეთა, მართლა წავიდა წონის კლება და ამას დიეტაც დაუმატა. დედას რომ ერთი კიტრი შეჰქონდა მასთან, სულ იმას ვკითხულობდი, რატომ შეაქვს მხოლოდ ერთი, ხომ შეიძლება­ შეუტანოს სამი ან ერთი კილოგრამი-მეთქი. კიტრი ხომ უცებ არ ფუჭდება. პალატაში აქვს მაცივარიც, მაგრამ ეტყობა, პირდაპირი რეკომენდაცია ჰქონდათ, რომ ასე გაეკეთებინათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - სერიოზული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზაა ჩასატარებელი. თუ საკვებს ვერ ჭამს, ამის სურვილი არა აქვს, ეს ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის სამუშაოა. ანორექსიკებს წესით ფსიქიატრიულში მკურნალობენ წლობით. თუ სააკაშვილი ვერ ჭამს ფსიქოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, მაშინ ფსიქიატრიულშია სამკურნალო. თუ ეს არის პოსტოპერაციული გართულება, ამას კიდევ სხვა ტიპის მკურნალობა სჭირდება.

„ჩემი აზრით, აიღეს ისეთი ნიმუში, რაზეც სააკაშვილი ქართველ ექსპერტებს უარს ეუბნებოდა“

პოლონელი ექიმების სკანდალზე სამართლებრივი შეფასება იურისტ ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ: - ძალიან უცნაური ამბავია, ასეთი­ შემთხვევა არასოდეს მსმენია... საინტერესოა, რისი საანალიზო ნიმუში იყო. პოლონელი­ ექიმები ოჯახმა მოიწვია, ალბათ, რამის გადასამოწმებლად სჭირდებოდათ, თორემ ასე დამალული ფორმით აღებული ნიმუშიდან გაკეთებული ანალიზი იურიდიულად­ არ გამოდგება. უნდა ვივარაუდოთ, რომ პაციენტს აინტერესებდა პასუხი და არა გასაჯაროების მიზნით. მერე ამას გაასაჯაროებს თუ არა, მისი საქმეა. სავარაუდოდ, ისეთი ნიმუში აიღეს,­ რაზეც კლინიკას პაციენტი უარს ეუბნება. პოლონელმა ექიმმა ალბათ ეს პაციენტის თხოვნით გააკეთა, სხვა შემთხვევაში რატომ გახდებოდა ასეთი­ ინციდენტის­ სუბი­ექტი, ასეთ უხერხულობაში თავს არ ჩაიგდებდა.

- ასეთ დროს შეიძლება ვინმეს პასუხისმგებლობა­ დადგეს?

- პოლონელი ექიმები თავიანთ ანგარი­შში­ ამაზე დაწერენ, თუ სურთ გაასაჯარო­ონ­. შეიძლება პაციენტი ვარაუდობს­, რომ რაღაც ვერ აქვს რიგზე, ან რაღაც გაუ­მჯობესება აქვს და ამის გარკვევა სურს. წინასწარ იმის თქმა, რომ რაღაცის­ გაყალბება უნდოდათ, არ შეიძლება, მით უმეტეს, ამას სამართლებრივად ვერ გამოი­ყენებდნენ...­ სულხან მოლაშვილის საქმეში ასეთი რამ გაკეთდა - მას ციხეში ჩ-ჰეპატიტი დამართეს. როცა ეს აღმოაჩინა,­ შეატყობინა თავის ადვოკატს და შალვამ შავგულიძემ აიღო მისგან სისხლის ნიმუში, გამოიტანა კიდეც გადასამოწმებლად და დადასტურდა, რომ მოლაშვილს მართლაც ჰქონდა ჩ-ჰეპატიტი. ადვოკატმა იჩივლა ევროსასამართლოში და მაშინ მთავრობამ დაწერა, შალვა შავგულიძემ გააყალბა ანალიზიო. შალვა ნერვიულობდა, ამას როგორ ვიკადრებდიო. მერე სულხანი­ მიყვებოდა, დილის 6 საათზე როგორ შეცვივდნენ მის საკანში ნიღბიანები, გააქანეს სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, აუღეს ანალიზი და დადასტურდა დიაგნოზი. ასე რომ, გადამოწმება ყველაფრის შეიძლება. თუ რამე დადასტურდებოდა, ესენი გადაამოწმებდნენ და იტყოდნენ, არა, ბატონო, ასე არ არისო­. ხელისუფლებას თუ უნდოდა ის ეჩვენებინა, პოლონელებმა უკანონოდ, სრულიად ამორალურად გაიტანეს ნიმუშიო, მაშინ შენ რატომ იტოვებ ნიმუშს? შენ ხომ არა გაქვს პაციენტის თანხმობა ამაზე? ეს დარღვევაა. რატომ უნდა გაასაჯაროო ეს ფაქტი, იმისთვის, რომ იმ ექსპერტებს რეპუტაცია შეულახო და მერე მათ დასკვნაზე თქვა, ეს თაღლითების დასკვნააო? იმ ექიმს ახლა შეუძლია იჩივლოს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია.

- ამ ფაქტის შემდგომ ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამკურნალოდ სხვაგან გადაყვანას ითხოვენ.

- სააკაშვილს რომ ციხიდან გამოსვლა სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ეს დღეს გავიგეთ? თუ ახლა ამას ის მოჰყვება, რომ არავის აღარ შეუშვებენ, ამ ექიმების რეპუტაციის შელახვა სურთ და იმის ჩვენება, თაღლითები არიან, ფეხსაცმლით გაჰქონდათ ნიმუშიო, ეს ხომ არ შეცვლის სამედიცინო დასკვნის შინაარსს? თუ გინდა რეპუტაცია შეულახო, უკეთესი ანალიზი გააკეთე და ანალიზის საშუალებით დაამტკიცე, რომ ის არასწორია. რა საჭიროა ეს სკანდალი? პატიმარი საავადმყოფოში გყავს­ და შენ 24-საათიანი კამერა გაქვს ჩართული­ იმ მომენტშიც, როცა ის უცხოელ ექიმებს ხვდება, ეს არ არის სწორი, ძალიან შეურაცხმყოფელია. გაყალბების ინტერესი ვის უნდა ჰქონოდა? შენ აქ გადაამოწმებ და იტყვი, რომ ტყუილია, შენ სხვა დასკვნას დადებ, პოლონელების დასკვნა წონას დაკარგავს და ფარულად მოპოვებულ მასალაზე დაწერილ დასკვნას ვერავინ გამოიყენებს სამართლებრივად.