„ზელენსკის რეალურად მიშა კი არა, ჩხუბი უნდა საქართველოსთან“
სააკაშვილი და ზელენსკი - ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ იბადება კითხვა: ამდენად ძვირფასია სააკაშვილი ზელენსკისთვის, თუ მისი ქმედება პოლიტიკის ნაწილია? - ამ თემაზე პოლიტფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:
- თქვენს კითხვაზე პასუხი თანმიმდევრულად რომ გავცე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების უპატივცემლობა ჯერ კიდევ პოროშენკოს დროიდან დაიწყო, როდესაც მან შეიკედლა სააკაშვილი და აქედან წასული "ნაცმოძრაობის" მთელი ჯგუფი. გადმოცემას რომ ითხოვდა საქართველო, პოროშენკოს არც ჰქონია რეაქცია. ეს უკვე იყო საქართველოს ხელისუფლების უპატივცემლობა და სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთგულება. ძნელი სათქმელია, რა იყო პოროშენკოს მოტივი, ზედაპირული ინფორმაციით, კურსელები იყვნენ და შეიძლება ამით აიხსნას მისი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ... თუმცა, "იუთუბიზე" გავრცელდა ინტერვიუ ერთხანს საბჭოთა პერიოდის, შემდგომ კი უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანთან, რომელიც ამბობს, - ჩვენ ვმუშაობდით იმ პირებზე, რომელთაც შეიძლება მაღალი თანამდებობა დაეჭირათ თავიანთ ქვეყნებშიო და მაგალითად მოჰყავს პოროშენკო და სააკაშვილი. უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს მასთან საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ აქვს. მოკლედ, მუშაობა მიდიოდა ჯერ საბჭოთა პერიოდიდან და შემდგომ რუსეთის ფედერაციამ გააგრძელა. მუშაობდნენ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც, მაგალითად, გერმანია ლენინზე მუშაობდა - შეაგზავნეს რუსეთში რევოლუციის მოსახდენად, მერე ლენინი პირველი პირი გახდა და თანამშრომლობდა გერმანელებთან...
პოროშენკომ თავის დროზე საზღვრის უნებართვოდ გადალახვისთვის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ზელენსკი და მას საჯაროდ მიმართა პუტინმა, თქვენ გყავთ პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მოქალაქეობა და დაუბრუნეთო. მაშინ ზელენსკიმ დაუბრუნა სააკაშვილს მოქალაქეობა... შემდეგ სააკაშვილი საქართველოში გაჩნდა...
- ბევრი ვარაუდი გამოითქვა, თუ რატომ მოხდა ასე...
- პოლიტიკის ანალიზმა გადამაჩვია იმას, რომ ადამიანების ნათქვამს ვენდო. ისე, ეს არც ფსიქოლოგიას უყვარს, ყოველთვის საქციელის ანალიზი კეთდება, რათა მიხვდე, რეალურად რა მოტივით მოქმედებს, რა დგას ადამიანის ქცევის უკან. სააკაშვილი ამბობს, შემაცდინეს, მომატყუესო... არის მეორე ვერსიაც, თითქოს ზელენსკიმ გამოუშვა რევოლუციის მოსაწყობად, მაგრამ ერთი კითხვაა უპასუხო, აქ რომ მალულად შემოვიდა გასაგებია, უკრაინიდან რატომ გამოიპარა? შეეძლო ჩამოსულიყო ერევანში ან ბაქოში და იქიდან შემოსულიყო საქართველოში. ამხელა გზაზე იყურყუტა არაჟნების ყუთებში ჩამჯდარმა. გაუგებარია, ვის ემალებოდა უკრაინაში?
- თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- ბევრი რამ არ ვიცით, რას აკეთებდა სააკაშვილი უკრაინაში, რა ურთიერთობები ჰქონდა... ახალაიას ისტორია გამახსენდა.
- რომელი?
- როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ჩეჩნებს ახალაიას ბოღმა ჰქონდათ და თქვეს, ახლა ხომ აღარ არის მინისტრი და თავს მოვაჭრითო. იმ მომენტში ახალაია თბილისში არ იყო, ამ განცხადებიდან მალევე ჩამოვარდა და გამოცხადდა შსს-ში, დამიჭირეთო, და დაიჭირეს. იმიტომ, რომ ციხე კარგი თავშესაფარია. მე მომეჩვენა, რომ სააკაშვილიც გამოიპარა იმიტომ, რომ იქ ანალოგიური რამ ემუქრებოდა. ჩამოვიდა საქართველოში და აქ არავითარ მღელვარებაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ დღეებში ხალხის შეკრებები იყო და არც ერთში არ გამოჩენილა. ის არ ჩამოსულა რევოლუციის მოსახდენად, თორემ ხალხში იქნებოდა და არა უცნობ ბინაში ხინკლის ჭამით დაკავებული. იმ ბინასაც, საიდანაც მშვიდობიანად აიყვანეს, პოლიციელებმა როგორ მიაგნეს, უცნობია. თუ გახსოვთ, როდესაც უკრაინაში პოლიცია მიადგა, გავარდა ბინიდან, ავარდა სახურავზე და დარბოდა. ასე რომ, როცა საფრთხეს გრძნობს, სხვაგვარად იქცევა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ქართული პოლიცია არ წარმოადგენდა სააკაშვილისთვის საფრთხეს და ვიტოვებ უფლებას, დავეჭვდე - პოლიციამ იპოვა ის მისამართი, თუ პოლიციას შეატყობინეს თვითონ სააკაშვილის მითითებით. მიხეილი გაღიმებული მიჰყვებოდა პოლიციელებს. ვერსია "ახალაიას მოდელი" უფრო დამაჯერებლად მეჩვენება, ვიდრე რევოლუციების მომზადება. თუ დავაკვირდებით, ერთხანს არც იცოდნენ უკრაინაში, სად იყო სააკაშვილი. ქართულ მხარეს უპასუხეს, სანამ ჯერ კიდევ ბათუმიდან ვიდეოებს გამოაქვეყნებდა, დასასვენებლადო. დავუშვათ, არ ამხელდნენ სადაა, მაგრამ ფაქტია, ზელენსკის მიშას თემაზე დიდხანს რეაქცია არ ჰქონია... მერე მომწიფდა მოდელი, რომ ზელენსკიმ შეუტიოს საქართველოს, თან ის პერიოდია, როცა მის სიტყვას მთელი დასავლეთი იმახსოვრებს და ანგარიშს უწევს. იმხანად ისმის უკვე ზელენსკისგანაც, პოდოლიაკისგანაც და ა.შ., რომ საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა, რომ რუსეთისკენ იყურება. მე ასეთი ფრაზაც მახსოვს, საქართველომ ახლა ომი უნდა დაიწყოს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შევიდესო, რეცეპტიც გამოგვიწერეს. მაგრამ საქართველომ არ იმოქმედა მათი რეცეპტის მიხედვით. ზელენსკის გუნდმა გამოაცხადა, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, უფრო გაბედულად მოიქცეოდაო. არ ვიცი, რა არის ასეთი გამწარების მიზეზი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ შეიძლება ზელენსკისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო, ისევე როგორც ზოგიერთი უცხოელისთვისაც, რომ რუსეთისთვის გადაეგდოთ საქართველოს თემა. თუკი დავიჯერებთ იმ ინფორმაციას, რომ სატრანზიტო ხაზები აზერბაიჯანსა და საქართველოზე გაივლის, მაშინ რუსეთს აწყობს არეულობა საქართველოში. მოკლედ, ორი ვარიანტია: ან არეულობა აწყობს, რაც ჯდება უკვე ომის თემაში, ან აწყობს, რომ უნდობლად მოეკიდოს დასავლეთი საქართველოს, რაც ჯდება იმ თემაში, ზელენსკის გუნდი რომ ამბობს, საქართველო რუსეთზეა ორიენტირებულიო, რათა ამან გაუჩინოს ეჭვები ევროპას და უარი თქვას ჩვენზე. მილიარდებს ითვლის ის საქონელი, რომელიც ამ გზაზე გაივლის ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპისაკენ. ორივე ვარიანტი - ომი თავისთავად დესტაბილიზაცია იქნებოდა და ამოაგდებდა გზების აქეთ გადმოტანის იდეას, და მეორეც, ევროპის უნდობლობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოხსნიდა ამ ტრანზიტების აქეთ გადმოსვლის იდეას. რუსეთს შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამ ტრანზიტებს ისევ გაატარებს თავისთან. ახლა სანქციების გამოა ტრანზიტი შეჩერებული, მაგრამ რუსეთი ხედავს, რომ რაც სჭირდება დასავლეთს, იმაზე სანქციებს ხსნის.
- მაგალითად?
- მაგალითად, სარეკორდო მოგება აქვს რუსეთს ენერგომატარებლების ევროპისა და ამერიკისთვის მიყიდვით. მაგალითად, ამერიკას თავისი ურანი კი აქვს, მაგრამ რუსეთისგან ყიდულობს, რადგან მისთვის უფრო მომგებიანია თავისი რესურსის შენახვა. ე.ი. რაზედაც ინტერესი აქვთ, იმას თმობენ და რუსეთს სანქციებს არ უწესებენ. შესაბამისად, თუკი არ იქნება სატრანზიტო გზის კავკასიური ალტერნატივა, გამორიცხული არ არის, დასავლეთი დათანხმდეს ტრანზიტზე სანქციების მოხსნას და ეს გზები ისევ რუსეთზე გადავა. ამდენად, რუსეთს ასეთი კავკასიური სატრანზიტო გზის გაჭედვა აწყობს, გინდა ომით, გინდა ევროპის უნდობლობით.
- რა გამოდის, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ზელენსკის ასეთი საქციელი?
- ომის დროს რაღაცებს თმობენ მეტოქეები. მიუხედავად ომისა, ახლაც ყიდულობენ რუსეთისგან რაც სჭირდებათ, თვითონ უკრაინა ყიდულობს გაზს, თუ არ ვცდები, რუსეთისგან. მოლაპარაკებები და შეთანხმებები ყველა ომს ახლავს. უკრაინელი ანალიტიკოსი სოსკინი, რომელიც ვერ იტანს რუსეთს, აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი ომია, სადაც მხარეები რაღაცებზე უთანხმდებიან ერთმანეთსო. იმავეს ამბობენ ის რუსი ანალიტიკოსები, რომლებიც ვერ იტანენ პუტინს. ამ ომში ძალიან ბევრია მხარეთა შორის შეთანხმების მომენტი, რაც შეიძლება რუსეთისთვის იყოს სახეირო და არაფერს აკლებდეს ზელენსკის...
- ზელენსკიმ ცოტა გვაწყენინა და ელჩი გამოუშვა საქართველოში...
- რას კარგავს ამით? არ სჭირდება ზელენსკის საქართველო, არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ ან იარაღს აწვდიდეს, ან თანხებს იმ ოდენობით, რომ ანგარიში გაუწიოს. ზელენსკი ხმას არ იღებს იმაზე, რომ მოლდოვა დსთ-ის წევრია, იმიტომ, რომ გვერდითაა და სჭირდება. მოდი, მეგობრობით და სიყვარულით ნუ ავხსნით მოვლენებს - ინგლისელებმა ხომ თქვეს, მეგობრობა და მტრობა გამოვრიცხოთ, პოლიტიკა ინტერესების არენააო. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ზელენსკის, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს? - არანაირი. არის შანსი, ხეირი იყოს მისთვის ევროპის წინაშე საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ალბათ, ეს რაიმე ხეირს მოუტანს იმ ჯგუფთან ურთიერთობაშიც, რომელიც გვერდით უდგას - არახამიას თამადობით, მთელი ჯგუფი ხომ მკაფიოდ მიშისტურია! ომის დროს პოლიტიკური ლიდერისთვის საკუთარი გარემოცვა მნიშვნელოვანია. ასე რომ, შეიძლება ზელენსკის ჩვენს ხელისუფლებასთან დაპირისპირების რამდენიმე ინტერესი ჰქონდეს. მართლა რომ უღირდეს ზელენსკის სააკაშვილი, კი არ ეჩხუბებოდა ჩვენს ხელისუფლებას, სთხოვდა, მოეფერებოდა, ამ დროს კი ჩხუბობს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება თუნდაც თავმოყვარეობის გამო ვერ დაუთმობს ვერაფერს ზელენსკის, მათ შორის მიშას თემაში. ე.ი. ზელენსკის რეალურად მიშა კი არა, ჩხუბი უნდა საქართველოსთან. მიშა არ იქნებოდა, სხვა საბაბს მოძებნიდა, როგორიც იყო ომის თემა, მაშინ ხომ მიშა არ უხსენებია საერთოდ... ახლა მიშას თემა დატრიალდა.
ეკა სალაღაია