არაჟნის კონტეინერიდან ექიმის ბოტასამდე ანუ ვინ არის რეალურად დაკავებული ანტიდასავლური პროპაგანდით
სააკაშვილის პატიმრობის საქმემ დიდი გზა გაიარა არაჟნის კონტეინერიდან პოლონელი ექიმის ბოტასამდე. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ქართველ ექიმს ევროპაში ფეხსაცმლით რომ ეცადა რომელიმე პატიმრის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა, და მერე ეთქვა, რა ვქნა, ასე ვარ მიჩვეული, ჯიბეების ნაცვლად "ნასკებით" დამაქვს ყველაფერიო. ხომ აჭრელდებოდა ევროპული პრესა?! ზოგიერთი დაწერდა, აი, ხომ გეუბნებოდით, რომ ქართველებისთვის ნაადრევი იყო უვიზო რეჟიმიო. უფრო დიდი ისტერიკა ატყდებოდა ქართველი ელიტის (პოლიტიკოსები და ე.წ. ფეისები) ნაწილში - დაიწყებოდა თავზე ნაცრის წაყრა და მოთქმა, თუ რა ჩამორჩენილები და ველურები ვართ ქართველები. პოლონელი ექიმის საქციელზე კი მხოლოდ "ოცნება" აკეთებს კომენტარებს იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც აწყობს. სხვები ან დუმან, ან საოცარ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გია ბარამიძემ თქვა, არ ენდობოდა პოლონელი ექიმი საქართველოს ხელისუფლებას და ამიტომ სცადა ნიმუშების მალულად გატანაო. კი მაგრამ, ის ნიმუშები მანამდე ხომ გადასცეს ოფიციალურად და ფეიკნიმუშები იყო, თუ სააკაშვილის მაგივრად პალატაში მსახიობი დააწვინეს?! ეს ისეთი შემთხვევაა, რომ სუპერმიშისტიც რომ იყო, "გაპრავება" ძალიან ძნელია.
ზემოთ ვთქვით, რომ პოლონელ ექიმებს ქართველმა კოლეგებმა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები ნებაყოფლობით გადასცეს. დავუშვათ, პოლონელი ექიმების მისია (მხოლოდ თეორიულად ვმსჯელობთ და არაფერს ვამტკიცებთ) ის იყო, დაემტკიცებინათ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მოწამლულია. ქართველი კოლეგების მიერ გადაცემულ ნიმუშებს ვერ გააყალბებდნენ?! მეორე მხრივ, შესაძლოა ისიც დავუშვათ, რომ გარკვეული დრამატული სპექტაკლის დადგმა იყო დაგეგმილი შემდეგი სცენარით: "გმირმა" პოლონელმა ექიმმა ჩუმად გამოიტანა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები და "აღმოჩნდა", რომ მიშა მოწამლულია (ქართული მხარის მიერ გადაცემულ ნიმუშებში "მოწამვლის" ნიშნების "აღმოჩენა" არ არის ეფექტური, თან იმ ფონზე, როდესაც ქართულ მხარეს გარკვეული დაზღვევის მექანიზმები ექნებოდა), და ატყდება გრანდიოზული სკანდალი! და ამ სკანდალში ქართული მხარის ხმას, რა მოწამვლა, რის მოწამვლა, ნიმუშები ხომ ჩვენი ნებით გადმოგეცითო, ვერავინ გაიგონებს...
სააკაშვილის მოწამვლის თეორიის მომხრეებთან ერთი კითხვა გვაქვს: ვთქვათ, ვიღაცამ პეტრეს, პავლეს თუ პუტინის დავალებით გადაწყვიტა მიშა მოწამვლის გზით მოეშორებინა თავიდან. და რა, ნახევრად მოწამლა?! რამის შეეშინდა და ბოლომდე არ მიიყვანა საქმე?! თუ შეეცოდა?!
როდესაც სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უყურებ, მართლაც ბევრი კითხვა ჩნდება. პირველ რიგში, კიევსა და ევროპარლამენტარების ნაწილთან, რომლებიც დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ.
მაგალითად, მიშამ გადაიფიქრა, რომ "კვდება". ამან არ გაამართლა, რადგან მის მომხრეებსაც არ სჯეროდათ და "ვივამედთან" აქციებზე ასიოდე კაცი თუ მიდიოდა. ისიც გავიხსენოთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და მეტიც, სახელმწიფოს არ დაევალა მისი გადაყვანა თავად ქვეყანაში რომელიმე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში - ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აზრით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიშას საფრთხე არ ემუქრება და მისი მკურნალობა საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად საკმარისია. შესაბამისად, სააკაშვილმა ტაქტიკა შეცვალა, "დაბრუნდა" ქართულ პოლიტიკაში, გახდა ჰიპერაქტიური და დაიწყო რევოლუციური მოწოდებები.
და ამ დროს უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას, რომლითაც მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილი გაათავისუფლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მკრეხელური რაღაცებიც თქვეს რადას სხდომაზე, თითქოს სააკაშვილის მსგავსი პატიმრები ოსვენციმსა და ბუხენვალდშიც არ ყოფილა. პარალელურად, 44 ევროპარლამენტარი წერილს უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ნათქვამია, რომ მიშას სამკურნალოდ გადაყვანა ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკიდურესად აუცილებელია. ისმის კითხვა: ვინ არის მართალი? უკრაინის ხელისუფლება, ევროპარლამენტარები თუ სტრასბურგის სასამართლო? იქნებ ჯერ წერილები და რეზოლუციები სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნონ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ევროსასამართლოც პუტინის დავალებით "კლავს" მიშას, რადგან არ მიიჩნევს საჭიროდ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ უკრაინის ხელისუფლება და ევროპარლამენტარების ნაწილი სააკაშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ. დავიჯეროთ, კიევსა და სტრასბურგში ისე დეტალურად აქვთ შესწავლილი გირგვლიანის საქმე (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითურთ), ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, "იმედის" მიტაცება თუ 7 ნოემბრის ამბები, რომ დარწმუნებული არიან სააკაშვილის უდანაშაულობაში?! კარგი, ვთქვათ, ყველა ზემოხსენებულ საქმეში მიშა ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ საზღვრის უკანონო კვეთაც მოგონილია? კიევში რომ კონტეინერით შეპარულიყო იანუკოვიჩი, ის უკანონო პატიმარი იქნებოდა? თუ როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის გჭირდება ესა თუ ის ფიგურა, ჯანდაბას, ვაპატიოთ მას ყველაფერი?
როდესაც ასეთი კითხვები გროვდება და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხს ვერ იღებს, ეს უფრო მძიმედ მოქმედებს, ვიდრე ვიღაც საცოდავი პრორუსების ანტიდასავლური პროპაგანდა.
ის პოლიტიკოსები უკრაინიდან თუ ევროპიდან, რომლებიც ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას "უდანაშაულო" სააკაშვილზე, ბოლო თვეებში ინტენსიურად "ბომბავენ" თბილისს სხვადასხვა ბრალდებით. მაგალითად, იმით, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. იყვნენ ჩამოსულები ამერიკელი, ბრიტანელი და ევროკავშირელი მაღალჩინოსნები, რომლებიც სანქციების შესრულებას აკონტროლებენ, და მათ არ დაუდანაშაულებიათ საქართველო რუსეთთან ფარულ გარიგებაში. თუმცა მათი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და ევროპარლამენტართა ნაწილმა ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს.
საქართველოს ადანაშაულებენ ბევრი რუსის შეფარებაში. კი ბატონო, ამ საფრთხეზე ჩვენც ვსაუბრობთ, დისკუსიის თემა უნდა იყოს და სპეცსამსახურებმა განსაკუთრებულად უნდა გააკონტროლონ ჩრდილოეთიდან შემოსული ყველა საეჭვო მოქალაქე. თუმცა კიევისა და ევროპარლამენტარების ნაწილის ადგილას ჯერ თურქეთით დავინტერესდებოდი, სადაც საქართველოზე ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქეა შესული და ანკარა მშვენივრად ზის ორ სკამზე - ერთი მხრივ, უკრაინას "ბაირახტარებს" უგზავნის, მეორე მხრივ კი, ვაჭრობს რუსეთთან, რომლის მიმართულებითაც გაორმაგდა და გასამმაგდა პირდაპირი ავიამიმოსვლები. რატომ არ იღებენ რეზოლუციებს ერდოღანის "პრორუსულობასთან" დაკავშირებით? იმიტომ, რომ თურქეთი დიდი და ძლიერია?!
კითხვების დასმას შევეშვათ, რადგან არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ იფიქროს, თითქოს კიევში ან ევროპაში არ იცოდნენ, ვინ არის სააკაშვილი. აგერ მისი პარტიის მთავარი სპონსორი ევროპელი პენსიონერების ძარცვაშია მედიის მიერ ეჭვმიტანილი. აბსურდულია იდეაც, თითქოს ოფიციალურ ბრიუსელს ან ვაშინგტონს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს, რადგან დასავლეთს რუსეთის დამარცხებისთვის სულაც არ სჭირდება მეორე ფრონტი. ამისთვის საჭიროა უკრაინას მისცენ დიდი რაოდენობით თვითმფრინავები, რაკეტები და თვითონაც ათამაშონ კუნთები, რათა კრემლმა არ გაბედოს ბირთვული იარაღის გამოყენება.
სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. ამ 9 წლის განმავლობაში მან მოახერხა დიდი ლობის შექმნა ევროპისა თუ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებშიც. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ამ ლობისტების გამოყენებით, მან მოახერხა თავისი გარემოცვის ჩანერგვა უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურებშიც. ეს ლობი არ უნდა გავიგოთ ვიწრო გაგებით, თითქოს ისინი სააკაშვილის ნება-სურვილის ამსრულებლები არიან. დიახ, ისინი მუშაობენ სააკაშვილზე და სააკაშვილიც მუშაობს მათზე. მათი მთავარი მიზანია, სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერ ფასად. თუ მიშამ არ დაიბრუნა ძალაუფლება, საერთოდ რა საჭიროა ის? ამ ლობისტ-მეკავშირეობაში უკრაინის ომმა ახალ-ახალი თემები დაამატა. პარტნიორ-პატრონების დასავლური ნაწილის რა მოგახსენოთ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება თუ დაეხმარა სააკაშვილს ძალაუფლების დაბრუნებაში, როგორ ფიქრობთ, გულხელდაკრეფილ ჯდომას მოსთხოვს?
მიშამ, წესით, ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გზით გამარჯვების შანსი მინიმალური აქვს (არა იმიტომ, რომ "ოცნება" კარგია, არამედ იმიტომ, რომ კოლექტიური ანტიმიშა ბევრია). შესაბამისად, ისევ გაჩნდა რიტორიკა, რომ არჩევნებამდე ცდას აზრი არა აქვს, ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ და ა.შ.
თუ სააკაშვილმა შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა, საინფორმაციო ფონი უკვე შემზადებულია. უკრაინის ხელისუფლება და ევროპარლამენტარების ნაწილი იტყვიან, რომ "პუტინის პატიმარი" სააკაშვილი, რომელსაც "კლავდნენ", "წამლავდნენ" და "აწამებდნენ", ხალხის მხარდაჭერით აწყობს "ვარდების რევოლუცია 2"-ს, უკრაინის ხელისუფლება კი რესურსებით დაეხმარება საკუთარ მოქალაქე "პუტინის პატიმარსა" და "მოძმე ქართველ ხალხს". ეს ყველაფერი კი რითი დასრულდება ჩვენი ქვეყნისთვის, წარმოდგენაც არ გვინდა. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ იხეირებს სამხედრო დამნაშავე პუტინი, რომელიც დაუძლურებულ და ქაოსში გახვეულ ქვეყანაში აუცილებლად შემოისეირნებს, თუნდაც საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით.
გიორგი კვიტაშვილი