"MAP-ზე უკეთესი" ანუ მწარე სიმართლე ნატოს შესახებ?! - კვირის პალიტრა

"MAP-ზე უკეთესი" ანუ მწარე სიმართლე ნატოს შესახებ?!

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გვითხრეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. გაიმართა 15 სამიტი. 15-ივე სამიტზე ისევ და ისევ გვეუბნებოდნენ - ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო. 15 წელი ქართული მხარე სვამს კითხვას - დაახლოებით თუ შეიძლება ითქვას, როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი? 15 წელი პასუხი იყო ერთი და იგივე­ - როცა ქვეყანა მზად იქნება!

ვილნიუსის სამიტიც ზემოხსენებული 15-წლიანი ტრადიციების გამგრძელებელი იყო. ოღონდ ამ სამიტზე დაგვიღეჭეს და ნათლად გვითხრეს - საქართველო ნატოში გაწევრდება მხოლოდ MAP-ით. საინტერესოა, რას იტყვიან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ყურში ჩაჰყვიროდნენ, თითქოს ოდესღაც "MAP-ზე უკეთესი მივიღეთ".

თუმცა მათ ამისთვის არ სცალიათ, დაკავებული არიან ამჟამინდელი ხელისუფლების დადანაშაულებით და აცხადებენ, რომ მთავრობის ბრალია უკეთესი შედეგის არქონა და ამიტომაც ვილნიუსის სამიტზე საქართველო უკრაინას დააშორეს. "ოცნება" კი დაკავებულია იმის მტკიცებით, რომ არც საქართველოსთვის შეცვლილა რამე და არც უკრაინისთვის.

შიდაპოლიტიკურ უსაგნო ალიაქოთს თავი დავანებოთ და ვთქვათ ის, რამდენად სამართლიანია, რომ უკრაინას MAP-ის ვალდებულება მოუხსნეს (თუმცა სერიოზული დათქმებით), საქართველოს კი დაუტოვეს. გასაგებია, რომ უკრაინა ომშია და ქართველი ხალხიც, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ქვეყანას გამარჯვებას უსურვებს ბარბაროს დამპყრობელთან, მაგრამ...

საქართველომ სამი ომი გადაიტანა­ რუსეთთან და სამივე ომს მოსკოვის მხრიდან ერთადერთი მიზანი ჰქონდა­ - თბილისი საბოლოოდ ჩამოშორებოდა­ რუსულ ორბიტას. 2008 წლის ომიც (ბუქარესტის სამიტის შემდეგ) ხომ იმას ისახავდა მიზნად, რომ კრემლს საქართველოსთვის კონკრეტულად ნატოსკენ მიმავალი გზები გადაეკეტა. პროდასავლური კურსი, რომელშიც ნატო საკვანძო საკითხია, ჩვენმა ქვეყანამ დიდი სისხლის ფასად შეინარჩუნა და არა მხოლოდ რუსეთთან ომებში - ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გმირობებზე დღემდე ლეგენდები დადის და აღარ შევახსენებთ, რამდენი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, დაიჭრა და დასახიჩრდა ნატოს მისიის ფარგლებში.

ხაზს ვუსვამთ - არც მოძმე უკრაინას ვედრებით და გვშურს და არც არავის­ არაფერს ვაყვედრით, უბრალოდ, როგორც ჩანს, თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ შევახსენეთ მეგობრებს და პარტნიორებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში გულხელდაკრეფილები ნამდვილად არ ვიჯექით, სხვა შემხსენებელი არ არის...

გასაგებია, რომ უკრაინას მანამდე, სანამ რუსეთთან ომი არ დამთავრდება ნატოში არავინ მიიღებს და უპასუხისმგებლოა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, თითქოს კიევი ალიანსში რამდენიმე­ თვეში შევა. ეს როგორ წარმოუდგენიათ? ნატო უკრაინას მიიღებს შემადგენლობაში და რუსეთს შეუტევს? ან მიიღებს იმ დათქმით, რომ რუსეთის აგრესია ალიანსის ჯარებს არ ეხებათ, თორემ ისე "იყოს რა"?! ეს ხომ გეოპოლიტიკური კურიოზი იქნება?!

nato2-1689512701.jpg

უბრალოდ, ჩვენი აზრით, ვილნიუსის­ სამიტს უნდა მიეღო რაღაც გადაწყვეტილება, რომლის მთავარი ადრესატი­ უკრაინელი ხალხი იქნებოდა. და მოიფი­ქრეს ასეთი მექანიზმი - MAP-ი აღარ გჭირდება, სამაგიეროდ დათქმები გექნება (სააკაშვილის საავტორო უფლება დაირღვევა, თორემ ზელენსკიც იტყოდა MAP-ზე უკეთესი მოგვცესო). ანუ უკრაინელ ხალხს, მათი მორალური სულისკვეთების ამაღლების მიზნით, გაუგზავნეს სიგნალი, რომ ალიანსი მათ გვერდითაა.

თავად განსაჯეთ, იმსახურებდა თუ არა მსგავს სიგნალს ქართველი ხალხი? დეჟავიუს შეგრძნება არა გაქვთ, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რომ მიანიჭეს და საქართველოს არა?! კანდიდატის სტატუსი, ისე როგორც MAP-ი თუ "MAP-ზე უკეთესი" სიმბოლურია და ნატოსა და ევროკავშირში მიგვიღებენ მაშინ, როდესაც ბრიუსელში მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მოსახლეობისთვის, შეგრძნებისთვის, რომ დასავლეთისკენ წინ მიიწევ და უახლოვდები მიზანს. თუ პოზიტიური, თუნდაც სიმბოლური სიგნალები არ იქნება, ეს იწვევს­ ნიჰილიზმს და ხელ-ფეხი ეხსნება ცხვრის ტყავში გახვეულ რუსულ პროპაგანდას, რომელიც დაკავებულია ყოველგვარი დასავლურის დისკრედიტაციითა და ეჭვების დათესვით. თუმცა ეს სულ სხვა სტატიის თემაა...

საქართველოსაც და უკრაინასაც ნატოში გაწევრება იმიტომ სურს, რომ საკუთარი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება­ უზრუნველყოს. ორივე ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი. თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლომდე ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია. უკრაინა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, 40 მილიონიანმა ქვეყანამ უზარმაზარ რესურსებს მოუყარა თავი და ტოლსწორად ეომება რუსეთს. კიევს ეხმარება მთელი დასავლეთი არა მხოლოდ შეიარაღებით (მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისვე მტკიცებით, ეს საკმარისი არ არის), არამედ მილიარდობით დოლარითაც, რათა უკრაინის ეკონომიკის მდგრადობა შენარჩუნდეს.

საქართველო ამჟამად არ არის საომარ ვითარებაში, თუმცა მისი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსული ტანკები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგანან. უკრაინას აქვს იმის "ფუფუნება", რომ ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, 300-400 კილომეტრით დაიხიოს უკან (როგორც მოხდა 2022 წლის თებერვალში), დრო მოიგოს, მილიონზე მეტი ადამიანის მობილიზაცია­ მოახდინოს, მიიღოს დასავლეთისგან დახმარება და გადავიდეს კონტრშეტევაზე. ქართულმა ჯარმა კი 300-400 კილომეტრით უკან რომ დაიხიოს დამთავრებულია ყველაფერი.

შესაბამისად, ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამბედავი ხალხი რომ იჯდეს,­ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყო ალიანსის წევრი, რათა ამ ქვეყნის უსაფრთხოება მაინც ყოფილიყო დაცული. ნატოს წევრი ქვეყნების დაზვერვამ ხომ კარგად იცოდა, თუ რუსეთი უკრაინას ჩაყლაპავდა, დადგებოდა საქართველოს ჯერი. დაზვერვაც არ იყო საჭირო - რუსეთის ულტიმატუმში ალიანსისადმი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც არ უნდა გაწევრდეს ალიანსში.

ანუ სხვანაირად შევხედოთ საკითხს - იქნებ პრობლემა საქართველოში კი არა, ნატოშია? ხომ არ მოქმედებს შერჩევითობის პრინციპი უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით? ზემოთ ვახსენეთ, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ 15 წელი გავიდა. ამ 15 წელში, მშვიდობიანობის დროს, ნატოში­ გაწევრდნენ ალბანეთი (2009 წელი), ხორვატია (2009 წელი) და ჩერნოგორია (2017 წელი). ვაღიაროთ, ხორვატია ყველა პარამეტრით (სამხედრო რეფორმები, ეკონომიკა და ა.შ) ჩვენზე ყოველთვის წინ იყო, მაგრამ ჩერნოგორია? ალბანეთი (სადაც დღემდე ყვავის კორუფცია და ალბანური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ატერორებენ ევროპას)?

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნატოში სასწრაფოდ მიიღეს ფინეთი და შვედეთიც დღე-დღეზე გაწევრდება. ანუ ნატო მზად არის უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და თუ რუსეთი მათ თავს დაესხა, აამოქმედოს ლეგენდარული მე-5 მუხლი.

შესაბამისად, როდესაც თბილისიდან დაისმება კითხვა - როდის გაწევრდება საქართველო ნატოში, სჯობს გვიპასუხონ გულახდილად - როდესაც ალიანსი ამისთვის მზად იქნება. ისიც გულახდილად გვითხრან, რომ მიუხედავად ნატოს ხელმძღვანელობის დეკლარირებული განცხადებებისა, მაინც უწევენ ანგარიშს რუსეთს და ოფიციალურად სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს.

არადა, დასავლეთის ქვეყნებს და პირველ რიგში, აშშ-ს აქვს უნიკალური­ გეოპოლიტიკური შანსი - ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად დამარცხდეს და საბოლოოდ გადაიჭრას ის პრობლემა, რასაც­ რუსული იმპერიალიზმი ჰქვია. არის უნიკალური შანსი, დასავლეთის გავლენა გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც­ 2 წლის წინ ბრიუსელში თუ ვაშინგტონში არც დაესიზმრებოდათ, მაგრამ... თუმცა მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ნატო ზედმეტი სიფრთხილისა და მოსკოვისათვის ზედმეტი ანგარიშის გაწევის პოლიტიკას მანამდე მოეშვება, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა.

P.S. დასავლური მედიის ცნობით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს "ცივი ომის შემდეგ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმა", რომელიც მიზნად ისახავს უპასუხოს ორ მთავარ საფრთხეს: რუსეთს და ტერორიზმს. მედიის ცნობით, 4000-გვერდიანი პროგრამა არის გასაიდუმლოებული, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ზოგიერთი პუნქტის გასაჯაროება. ამრიგად, სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი უკავია სამ ძირითად მიმართულებას (პასუხისმგებლობის სფეროს: "ჩრდილოეთი" - მოიცავს ატლანტისა და ევროპის არქტიკას; "ცენტრი" - ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ცენტრალური ევროპიდან და ალპებამდე; "სამხრეთი" - ხმელთაშუა და შავი ზღვების დაცვა. ახალი გეგმის ფარგლებში, მოკავშირეები შექმნიან მაღალი მზადყოფნის თავდაცვით ძალებს დაახლოებით 300 000 ჯარისკაცისგან. გასაჯაროებულ პუნქტებში უკრაინის დახმარებაზეც არის საუბარი. საიდუმლო პუნქტებში საქართველოზე არის თუ არა საერთოდ რამე ნათქვამი, საკითხავი, აი, ეს არის.

გიორგი კვიტაშვილი